12 ივნ 2019 17:34 534

ზურა ხაჩიძის პირველი კომენტარი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ

 

 

მომღერალი, ზურა ხაჩიძე დღეს, 12 ივნისს, სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილედ დაინიშნა. ზურამ თავის გეგმებზე „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა:

 

- გუბერნატორს უამრავი პროექტი აქვს დაგეგმილი და ამ პროექტების განხორციელებაში გუნდს ვუერთდები. ჩემი ძირითადი მიმართულება იქნება კულტურა, სპორტი, განათლება, ტურისტული პოტენციალის მოზიდვა. ასევე, ღონისძიებების გამართვა. პოპულარიზაციაში ამ ლამაზ და ღირსშესანიშნავ კუთხეს მინდა ხელი შევუწყო, გამოვაცოცხლო და აქტივობებით დავტვირთო. მოდის ზაფხული, ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი. სადაც ჩემ ქვეყანას ვჭირდები, მეც იქ ვარ. 

- რაბათშია კონცერტი უკვე დაიგეგმა...

- ეს კონცერტი დაგეგმილი იყო. მასში „ქუჩის ბიჭები“, როგორც ჯგუფი, არ მონაწილეობენ, ცალკეულ სოლისტებად იმღერებენ გურამ ლომიძე, პაატა ხაჩიძე, ივანა მელაი, ასევე მსახიობი პაატა გულიაშვილი... მე დავესწრები როგორც გუბერნატორის მოადგილე. 

- რა გაქვს პირველად დაგეგმილი?

- ახლო მომავალში გავახმოვანებ. ჯერჯერობით გუბერნატორს დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში ვუერთდები. პირველად თქვენ გეუბნებით, საზაფხულოდ მინდა მუსიკალური ფესტივალის მოწყობა ბორჯომში, ვარძიაში... ბევრი კარგი პროექტია გეგმაში. მინდა ჩემი რეგიონის გამოცოცხლება. მოგეხსენებათ ბორჯომში დავიბადე, მისი საპატიო მოქალაქე ვარ. მინდა ჩემი გამოცდილება და ჯგუფში ჩადებული მენეჯმენტის ცოდნა გამოვიყენო. მგონია, რომ მმართველმა გუნდმა ჩემში სწორედ მენეჯმენტის კეთების უნარი დაინახა. ამიტომ ამ საქმეში უნდა გადავიტანო და მეტად პოპულარული გავხადო ტურისტულად მიმზიდველი კუთხე. 

- სად იცხოვრებ?

- მთელი ცხოვრება ვცდილობდი ბორჯომიდან წამოვსულიყავი და თავი თბილისში და მსოფლიოში დამემკვიდრებინა და ახლა, სიბერეში უკან ვუბრუნდები ჩემს ბორჯომს. 

- ოჯახი?

- ოჯახი თბილისში დარჩა. ჯერჯერობით არამგონია მათი ჩამოსვლის საჭიროება იდგეს. თუმცა ნებისმიერ დროს ჩამოვლენ ჩემთან.