11 აგვ 2019 21:48 5249

«ეს იყო მუქარა - თუ არ გავჩერდებოდი, სესიაშვილი მათ ჩემი ლიკვიდაციის ნებას მისცემდა!»

 

ხელისუფლება ყველა იმ ადამიანს სხვა და სხვა ფორმით დევნის, ვინც მცირე დისკომფორტს მაინც უქმნიან მის წარმომადგენლებს. ეს იმისთვის კეთდება, რომ თავად იცხოვრონ კომფორტულად, საზოგადოებამ არ შეიტყოს იმ დანაშაულებების შესახებ, რასაც ისინი სჩადიოდნენ წლების მანძილზე და დღემდე აგრძელებენ. „არმიიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, დავით ნემსაძე არ ეპუებოდა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას, გენერალური შტაბის უფროსს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს. კვირა არ გავიდოდა, მიტინგი არ გაემართათ ამ ორგანიზაციის წევრებს და არ ემხილებინათ ეს და სხვა ბატონები შეიარაღებული ძალების მიზანმიმართულ ნგრევაში, კორუფციაში, ნეპოტიზმსა და სხვა დანაშაულებებში და ამის დამადასტურებელ კონკრეტულ ფაქტებს ასახელებდნენ. დავით ნემსაძე იმავეს აკეთებდა სხვა და სხვა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში და სოციალური ქსელით. შედეგად ის მიიღო, რომ მას არაერთი პროვოკაცია მოუწყეს, ბოლოს მოკვლითაც დაემუქრნენ და იძულებული გახადეს, ოჯახის უსაფრთხოების მიზნით, უცხოეთში წასულიყო. დიახ, მეუღლისა და შვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ვერ დააყენა საფრთხის ქვეშ და იმიტომ წავიდა. ცოლ–შვილი რომ არ მყავდეს და მათაც არ ემუქრებოდეთ საფრთხე, არც კი ვიფიქრებდი საქართველოდან წასვლას, სამხედრო ვარ და სიკვდილისთვისაც ჩამიხედავს თვალებში, მაგრამ ოჯახით ამ ბანდიტებთან და ყველაფრის მკადრებელ ხალხთან ბრძოლას ვერ გავრისკავო, მითხრა წასვლამდე. ამჟამად დავით ნემსაძე საფრანგეთშია და ხელისუფლებასთან ბრძოლას იქიდან აგრძელებს. „არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ხელმძღვანელად რჩება და ამ ორგანიზაციას ემიგრაციიდან უხელმძღვანელებს.

 

„ალია“ საფრანგეთში დაუკავშირდა დავით ნემსაძეს:

 

– დათო, ხელისუფლებამ იძულებული გაგხადათ, ემიგრაციაში წასულიყავით. ჩემთან ინტერვიუშიც ორჯერ თქვით, რომ ემიგრაციის გარდა, სხვა გზას აღარ გიტოვებდათ ხელისუფლება, მაგრამ ვფიქრობდი, გაუძლებდით ზეწოლას და ისე გააგრძელებდით ბრძოლას.

– მეტი გზა აღარ დამიტოვეს, თორემ ნამდვილად არ გადავდგამდი ამ უკიდურეს ნაბიჯს. ჩემი ლიკვიდაციის მცდელობა იყო, ეს იყო ბოლო წვეთი ჩემს მოთმინების ფიალაში. ოჯახს გავუფრთხილდი, ამის გამო გავხდი იძულებული, დამეტოვებინა საქართველო. ოჯახი ჩემი სიძლიერეც არის და ჩემი სისუსტეც. ახლა პირდაპირ ვასახელებ სახელს და გვარს. ბოლოს, გოდერძი ორმოცაძის მეშვეობით გამაფრთხილეს, რომ თუ არ გავჩერდებოდი, მომკლავდნენ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დაიბარა ორმოცაძე და უთხრა ჩემზე - ჩემი ხალხი მზად არის, ეგ ტიპი მოცელონ ფეხებში, ამ ხალხს ვაჩერებ, რადგან თანამდებობაზე ვარ, რაც დაემართა დავით ნემსაძეს, თუ ჭკუა აქვს, უნდა გაიაზროს, რა  დაემართება შემდგომშიო. ეს არ იყო მხოლოდ გაფრთხილება, ეს იყო აღიარება იმისა, რაც შემემთხვა, დიახ, სწორედ მათ   დამმართეს  და ეს იყო მუქარა, რომ თუ არ გავჩერდებოდი, არც სესიაშვილის ხალხი გაჩერდებოდა და სესიაშვილი მათ ჩემი ლიკვიდაციის ნებას მისცემდა. ნემსაძე ჩემი თანამოაზრე იყო, მერე ჩემი კრიტიკა დაიწყო და ეს მიუტევებელია ჩემთვისო, ესეც უთხრა სესიაშვილმა ორმოცაძეს. სესიაშვილს ავიწყდება, რომ არასამთავრობოს ხელმძღვანელი არ არის და პარლამენტის უმნიშვნელოვანესი კომიტეტის თავმჯდომარეა. იმის გამო, რომ ვიცნობდი და მასთან ახლო ურთიერთობა მქონდა, ეს არ ნიშნავს, რომ მის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს თვალს დავუხუჭავდი. მაგის ფეშენებელური სახლის აშენება, შვილის დაუმსახურებლად დასაქმება სუს–ში, თავდაცვის სამინისტროს გარყვნა, რაც თავდაცვის მინისტრის, სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების ქონებაში აისახა, შეიარაღებული ძალების საბრძოლო სულისკვეთების დაქვეითება, პრორუსული კადრების შეგზავნა თავდაცვის სამინისტროში... ირაკლი სესიაშვილს კომიტეტში, „ნდობის ჯგუფში“ ჰყავს პიროვნება, რომელიც რუსეთის ჯარში მსახურობდა და ამ მოტივით, სხვებს სდევნიდნენ. ამ პიროვნების გვარ–სახელის დასახელებისგან ჯერ თავს შევიკავებ. მიპასუხოს სესიაშვილმა, რა უნდა რუსეთის მოქალაქეს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და „ნდობის ჯგუფში“? გარდა ამისა, მე ვფლობდი სხვა და სხვა ინფორმაციას ხელისუფლებისა და „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი ურთიერთობის შესახებ, ეს ინფორმაცია ეტაპობრივად გავასაჯაროვე და ძალიან არ მოეწონათ არც სესიაშვილსა და არც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს, ვინც ამ დანაშაულში ვამხილე.   თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ჩემს მიმართ არაერთხელ განახორციელა მუქარის სატელეფონო ზარი, მწერდა მესიჯებს, რომ მე რუსეთის აგენტი ვიყავი. რუსეთის აგენტი რომ ვყოფილიყავი, დემოკრატიულ საფრანგეთს კი არ ვთხოვდი თავშესაფარს, ვთხოვდი მოსკოვს. ჩაჩიბაიას პრესსამსახურის უფროსია ქალბატონი, რომლის მეუღლეც ჭიპით არის მიბმული რუსეთს და იქიდან მირეკავდა, როდესაც სამინისტროს პრესამსახურის კრიტიკა დავიწყე. ჩაჩიბაია იყო პერსონა, რომელმაც არაერთხელ მითხრა, თუ გავაგრძელებდი მისი და თავდაცვის მინისტრის კრიტიკას, გამისწორდებოდნენ, გამიხვრეტდა მუხლებს და ამ ფაქტის მოწმე და თვითმხილველიც არსებობს. დიახ, არსებობს მოწმე, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩაჩიბაიამ ეს მითხრა. ამასთან დაკავშირებით, ჩაჩიბაიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლოს საქმე დახურეს და მერე გამნიმარტეს, თითქოს მე არ მქონდა მოთხოვნა, რომ გამოძიება გაგრძელებულიყო. ჯერ ერთი, ეს ჩემთვის არავის უკითხავს და მეორეც, კანონი მოითხოვს, პირის დანაშაული ან, უდანაშაულობა დაადგინოს და თუ დამნაშავეა დასაჯოს. მე რა შუაში ვარ? რაც შეეხება იზორიას, ვამხილე იზორიას მეუღლე, რომელიც გაზისა და ნავთობის კორპორაციაშია დასაქმებული. ქალბატონი ნანა მანჯგალაძე მხოლოდ იმიტომ მუშაობს ამ კორპორაციის უსაფრთხოების სამსახურში, რომ იზორიას მეუღლეა, შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნია. ამ კორპორაციის ხელმძღვანელი გახლავთ გივი ბახტაძე, პრემიერ მამუკა ბახტაძის ნათესავი, მისი წყალობით დასაქმდა იქ. „შეიარაღებული ძალების კონტროლის ჯგუფის“ სახელით მივმართე თავდაცვის სამინისტროს, უშუალოდ, ლევან იზორიას, ნავთობისა და გაზის კორპორაციას. თუ ასე თავისუფლად დასაქმდა თავდაცვის მინისტრის მეუღლე ამ სამსახურში, რატომ არ შეუძლიათ იგივე, შეიარაღებული ძალებიდან იზორიას მიერ უსამართლოდ დათხოვნილი ოფიცრების მეუღლეები დაასაქმოთ?  იზორიას სახლები და მრავალმილიონი ქონება კიდევ ცალკე თემა და ცალკე შესასწავლია. ეს კაცი დასაჭერია, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ეს არ მოხდება. ლევან იზორიამ პირადად უზრუნველყო ჩემზე მოწყობილი პროვოკაციული თავდასხმა, რომელიც ჩემს პროვოცირებას ისახავდა მიზნად, რათა კონტროლი დამეკარგა საკუთარ თავზე, ფიზიკური დაზიანება მიმეყენებინა თავდამსხმელისთვის და მერე გამიშვებდნენ ციხეში. გამანეიტრალებდნენ და ამასთან, ჩემს სახელს და ავტორიტეტს მოკლავდნენ. არადა, ამერიკული დანა. ე.წ. კასტეტი დამარტყა სახეში თავდამსხმელმა რეზო ნაცარაშვილმა და ეს დაფიქსირებული აქვს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ დაზიანება მომაყენეს მკვრივი, ბლაგვი საგნით და მის გასამართლებლად აგორებული პიარი, რომელშიც ტელეკომპანია „იმედია“ ჩართული, რომ ვითომ ნაცარაშვილს ჩემს საზეზე შემთხვევით ხელი მოუხვდა, არის სისულელე. ხელი არ არის მკვრივი და ბლაგვი საგანი. ლევან იზორიამ შეარჩია „ღამის შოუს“ სტუდიიდან პერსონები და მათ დაკვეთა შეასრულეს. თუმცა, ვერ მიიღეს შედეგი, ვერ გამომიყვანეს მწყობრიდან. ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ეს ვითომ მსახიობი დავით ბარბაქაძე, მისი ნახევარძმა, რეზო ნაცარაშვილი, მათი მეგობრები, შალვა რამიშვილის „პოსტ–ტი–ვი–ს“ ე.წ. ჟურნალისტი, მაკა ნიკოლაიშვილი და დედამისი, ადვოკატი. მე სამხედრო ოფიცერი ვარ, სამხედრო პოლიციაში ვმუშაობდი და კარგად ვიცი, რასაც ვამბობ. ეს არ გამოუვიდათ და ამის შემდეგ, გადმოვიდნენ ჩემზე ღია მუქარაზე, ორმოცაძის მოგზავნაც ამას მოჰყვა, ანალოგიურ დევნას განიცდიან „არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის წევრები“ სახელმწიფოს მხრიდან, აიძულებენ მათ, დატოვონ ეს ორგანიზაცია და გაწყვიტონ ჩემთან კონტაქტი. თუმცა, იმედი მაქვს, გაუძლებენ ამას და ბოლომდე იბრძოლებენ იმ უმსგავსობების წინააღდეგ, რაც ლევან იზორიამ დანერგა შეიარაღებულ ძალებში, ბოლომდე აღუდგებიან წინ მის ნგრევას.

– დავით, თქვენ გაასაჯაროვეთ შეიარაღებისა და ტექნიკის სამხედრო–სარემონტო ბაზაზე ჯარისკაცთა და  ოფიცერთა მიერ ბავშვების წამების დამადასტურებელი ფაქტები. კერძოდ, თავად ბავშვების აღიარებითი ჩვენებების ვიდეო ჩანაწერები, როგორ აწამებდნენ მათ. რა მოჰყვება ამ სკანდალური ჩანაწერების გასაჯაროებას და ვინ შეიძლება გადაჰყვეს ამ ამბავს?

– ეს არის სერიოზული დანაშაული, რომელიც, სხვათაშორის, პირველად თქვენი და „ალიას“ მეშვეობით გავასაჯაროვე და დიდად მადლობელი ვარ ამისთვის. ეს დანაშაული მოხდა შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზაზე, ამ ბავშვების წამებაში მონაწილეობდნენ კონკრეტული სამხედრო მოსამსახურეები.  მათ ხელი დააფარა ჯერ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, შემდეგ მისმა შემცვლელმა, ლევან იზორიამ და კიდევ სხვა მაღალმა თანამდებობის პირებმა თავდაცვის სამინისტროდან. რეჟიმი, რომელიც ბავშვებს აწამებს, უნდა დაინგრეს და უნდა გასამართლდეს! ინტერნაციონალური მიდგომები არ მახასიათებს, ეროვნული მოტივებით ვხელმძღვანელობ ყოველთვის, მაგრამ ინტერნაციანალური, საერთაშორისო სამართალი ჩემთვის არის უზენაესი და დაცული უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში, რადგან შეერთებული ვართ იმ საერთაშორისო კონვენციებს, რომლებიც აღიარებენ და იცავენ, ადამიანის, ბავშვთა უფლებებს და გმობენ მათ დარღვევას. ეს უფლებები დეკლარირებული აქვს, მაგალითად, იმ ორგანიზაციას, რომელსაც გურამ ფალავანდიშვილი ხელმძღვანელობს, რომ ჰკითხო, ის იცავს ბავშვთა უფლებებს და ერთი სიტყვა არ დასცდენია ფალავანდიშვილს, მისი ორგანიზაციის სხვა წევრებს ბავშვთა წამების იმ ფაქტებზე, რომლებიც მე გავასაჯაროვე. ლევან ჩაჩუაც ხშირად არის ამ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ არც მისი აქტიურობა მინახავს ამ საკითხზე. არც „ქართული იდეის“ ლიდერებს ამოუღიათ ხმა, არც „პატრიოტთა ალიანსს“ ამოუღია ხმა, საწუხაროდ. წყლით სავსე კასრში რომ ბავშვს თავით ჩაკიდებ, ბავშვებს „ბულკებში“ მდოგვს რომ ჩაუსხამ და ისე ჩაატენი პირში, შეშის ღუმელიდან ნაცარს გამოიღებ და სხეულზე წაუსვამ, შემდეგ დენის გამათბობელზე დასვამ და ელექტროსკამის იმიტაციას გაუკეთებ, ეს ბავშვების დარღვეული უფლებები არაა? ეს წამება არაა? არ თქვათ ახლა, ჩვენ არაფერი არ გვინახავსო. სხვადასხვა გვერდებზე 20 000 კაცმა ნახა ეს ვიდეო, ბავშვთა აღიარებები და თქვენ ვერ ნახეთ? რა იყო, სათქვენო ხურდას ვერ იჭერთ და სხვისი ჭირი ღობეს ჩხირია ხომ?ივანიშვილს სინდის-ნამუსი არ ყოფნის და პირში წყალჩაგუბებულებო რითი ხართ მასზე უკეთესი? ზოგადად, „პატრიოტთა“ ალიანსზე“ იმასაც ვიყავი, რომ საზოგადოების ოპოზიციური განწყობას შთანთქავს. დროა,  წამოვიდეს ახალი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც რეალობაში გაიზიარებს საზოგადოების განცდებს. უნდა შეიქმნეს ახალი პოლიტიკური ძალა ეროვნული ღირსებით, რომელიც ქვეყანაში დაიცავს ყველა ჩაგრულს და უმწეოს. უნდა შეიქმნეს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელმაც უნდა დაასამაროს ეს ივანიშვილის მიერ დაფინანსებული ფსევდო რაინდები და ფსევდო პოლიტიკოსები. მე ვიყავი ასეთი, ჩანასახში მყოფი  პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრი და კონსულტაციას ვუწევდი როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე, შეიარაღებული ძალების და რეგიონული უსაფრთხოების კუთხით. სექტემბერში შეიქმნება ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც დაწმენდს ამ ყველაფერს, ყველა პოლიტიკურ ძალას მიუჩენს კუთვნილ ადგილს და ყველას და ყველაფერს საკუთარ სახელს დაარქმევს. ჯერ ვერ ვიტყვი, ვინ არიან ამ პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრები.

– დათო, მოდით, ბავშვთა წამების ფაქტებს დავუბრუნდეთ. მაინტერესებს, ჰააგის ტრიბუნალს გადაეცით უკვე ეს მასალები? რადგან ეს არის სამხედრო პირების მიერ ჩადენილი დანაშაული და ჩემი აზრით, ჰააგის ტრიბუნალის კომპეტენციაა. ზოგადად, ამ კუთხით რას აკეთებთ და ხელისუფლების რომელ წარმომადგენლებს ელით სასჯელი ბავშვთა წამებების დაფარვასა და მწამებელთა ხელის დაფარებაში?

– ჰააგის სასამართლოსაც გადავცემ ამ ფაქტებს, სტრასბურგის სასამართლოსაც და გაერო–ს ბავშვთა ცენტრსაც. ცხადია, ბავშვთა უფლებების დამცველ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. ეს პროცესი უკვე დაწყებული მაქვს. ექსკლუზივად გეტყვი, რომ იმ ვიდეოკადრების საფუძველზე, რომელიც გავასაჯაროვე, ფრანგულ მხარეს უკვე დაწყებული აქვს გამოძიება. აქ, ევროპაში დასრულდება ეს საქმე, რასაც ჩემს ქვეყანაში, ჩემი ქვეყნის მტრებისგან ხელის შეშლის გამო ვერ მივაღწიე. ვის დასჯის ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლო, ამას ვერ ვიწინასწარმეტყველებ, მაგრამ ბავშვთა წამებაში მონაწილე სამხედროებს სასჯელი არ ასცდებათ, არ მათ, ვინც ან დანაშაულის ჩაფარცხვაში მონაწილეობდნენ. თინა ხიდაშელს, ლევან იზორიას და თავდაცვის სამინისტროს სხვა ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს დიდი თავისტკივილი ელით, ეს ნამდვილად ვიცი. აქვე, ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც ემიგრაციაში მყოფ ქართველებს ეხებათ. საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, დავით სუჯაშვილი ივანიშვილის რუსული ვალდებულებათა ნაწილია. მან საქართველოს ეროვნული ბიუჯეტიდან ინაშვილის, თარხან– მოურავის და ლომიას საპარლამენტო მხარდაჭერით საგარეო დაზვერვის ბიუჯეტი თორმეტ მილიონამდე გაზარდა. ქვეყანაში სადაც ბავშვები შიმშილობენ და მოხუცები ღია ცისქვეშ იზამთრებენ ეს ნაძირლები გაჭირვებულთა ლუკმა-პურის ფულს პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალში ფლანგავენ. საქართველოდან პოლიტიკურ დევნაში მყოფი პირების ე.წ. ინტერვიუ ე.წ. ქართველი თარჯიმნების მეშვეობით იგზავნება სუჯაშვილის უწყებაში ამ ე.წ. აგენტებს, რომელსაც უცხოეთის საემიგრაციო სამსახური უხდის, დამატებით კონსპირაციულ ფულს აძლევს საქართველოს საგარეო დაზვერვაც. ისინი დამუშავებული სქემით ფულს სძალავენ ინტერესთა ობიექტებს. ევროპის მასშტაბით შექმნილია თაღლითური სქემა პოლიტიკური შინაარსის ინფორმაციის მოსაპოვებლად. ამას აკეთებს დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოს სახელით მოსარგებლე გარყვნილი ხელისუფლება. ემიგრაციაში მყოფ ქართველებს ჩვენს ხელისუფლებაზე დიდი მტერი არ გვყავს. ეს არის ფაქტი და ამის დასტურად, სამომავლოდ კიდევ არაერთ ფაქტს და არგუმენტს დავდებ. მე აქ, საფრანგეთში ტყუილად არ ვიმყოფები. მე მიკავშირდებიან ევროპის მასშტაბით გაფანტული ქართველი სამხედროები, რომლებიც გამოაქციეს ქვეყნიდან და მათი უმეტესობა დევნილია. ისინი მთხოვენ, მოვახდონოთ  ევროპული იდეის,  ემიგრაციაში მყოფი ქართველი სამხედროების კონსოლიდაცია და ჩავუდგე ამ ყველაფერს სათავეში. ჯერ ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიმიღია. არ ვიცი, მე ჩავუდგები თუ არა სათავეში ორგანიზაციას, რომლის დაფუძნებასაც ერთად ვაპირებთ. თუმცა, ორგანიზაციის  შექმნასა და მის საქმიანობაში, ცხადია, მივიღებ მონაწილეობას. ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფი, უკვე მუშაობს და ეს ძალიან კარგია, რაც უფრო მალე დაფუძნდება და ამუშავდება ეს ორგანიზაცია, მით უკეთესი იქნება ქართველი სამხედროებისა და ჩვენი  შეიარაღებული ძალებისთვის. ეს ორგანიზაცია გამოვა ევროპული ღირებულებებიდან და მათგან საუკეთესოს ავიღებთ, რაც ჩვენს შეიარაღებულ ძალებს გამოადგებათ. ჩვენ, ემიგრაციაში მყოფი სამხედროები, არ ვართ არც ფულზე გაყიდულები, არც კონკრეტული სამხედრო ჩინების მსახურები და „ხელის ბიჭები“ ვყოფილვართ და ოფიცრის ღირსება შეგვიბღალავს. მე, პირადად, ერთი შორტისა და ერთი მაისურიას ამარა გამოვიქეცი საფრანგეთში. რაც არ მებადა, თან რა უნდა წამომეღო? უმეტესობა ასეა აქ ჩამოსული, სამხედროებს ვგულისხმობ. სხვებმა რა ქნეს მანდ? ზოგიერთები, თავის დროზე, თანამებრძოლებადაც რომ მეგულებოდნენ, ვეტერანთა დეპარტამენტში შეიყუჟნენ, დასხდნენ ბიუჯეტის რესურსზე, თავად არ იკლებენ არაფერს და სერიოზული ბრალი მიუძღვით იმ უბედურებებში, რაც დღეს ქართულ ჯარში ხდება. ევროპული ღირებულებები და ევროპული პრინციპები რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც საქართველოში ევროპის სახელით გვტენიან. აქ, საფრანგეთში ყოველდღე მეორე მსოფლიო ომის ვეტარანთა მემორიალებს ყვავილებით ამკობენ მერიიის, პრეფექტურისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ხაზს ვუსვამ, ეს ხდება ყოველდღე, წინა დღით მიტანილ ვარდებს დაჭკნობას არ აცდიან. აი, ასე უნდა ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანების დაფასება, ომის ვეტერანების დაფასება. საქართველოში რა ხდება? გმირთა მოედანზე ომის გმირთა მემორიალი შებღალულია, წარწერებია გადაშლილი, ზოგიერთის გვარი საერთოდ არ იკითხება.  საძმო სასაფლაოებზე, ძალიან ბევრი ომში დაღუპული მებრძოლის საფლავი შავ დღეშია და ყურადღებას არ აქცევენ. მანდ, 2008 წლის ომის მონაწილეს, სამგზავრო ბარათი არ მაღირსეს და ბევრია ჩემს დღეში. აქ, 4 დღეში, სამგზავრო ბარათი მომცეს, დაზღვევაც გამიკეთეს და ბატონობით მელაპარაკებიან. როდესაც აქ, იმ ხალხს, ვისთანაც შეხება მაქვს, ვუყვები იმ პრობლემების შესახებ, რაც მე მქონდა საქართველოში, ზოგადად, რა სახის პოლიტიკური და სხვა სახის პრობლემების ქვეყანაში, არა მხოლოდ ამ ხალხის აღშფოთებულ სახეებს, მათ ემოციებს ვხედავ... არა, ვხედავ, რომ რეალურად სტკივათ ეს ყველაფერი და განიცდიან. ეს არის შოკი ჩემთვის, როდესაც ვგრძნობ, რომ ჩემი ქვეყნის სატკივარი, უცხოელს, ფრანგს უფრო სტკივა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ხელისუფალთ. მე აქ იმიტომ არ ვარ, სამშობლო გამოვიცვალო, აქ იმიტომ ვარ, რომ ვიბრძოლო და ჩემი სამშობლო გავაძლიერო.

 

  

„ალია“ #29, ლევან ჯავახიშვილი