19 აგვ 2019 09:39 357

დღეს გიორგი ჭანტურია 60 წლის გახდებოდა

 

 

19 აგვისტოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ჭანტურიას დაბადების დღეა. მას 60 წელი შეუსრულდებოდა.

,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე გია ჭანტურია 1959 წლის 19 აგვისტოს დაიბადა. 70-იანი წლებიდან, ის საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ დისიდენტურ საქმიანობას ეწეოდა.
1981 წლის 8 თებერვალს გია ჭანტურიამ თანამოაზრეებთან ერთად "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" აღადგინა და 1994 წლის 3 დეკემბრამდე - მისი მკვლელობის დღემდე ედპ-ის თავმჯდომარე იყო.

1983 წელს გია ჭანტურია გეორგიევსკის ტრაქტათან დაკავშირებით გამართული დემონსტრაციის გამო დააპატიმრეს და რუსეთში გადაასახლეს.

გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, გიორგი ჭანტურია თანამოაზრეებთან ერთად აქტიურად ჩაერთო ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. გიორგი ჭანტურიას და ეროვნულ-დემოკრატების ინიციატივით გაიმართა 1988 წელს ნოემბრის ცნობილი, მრავალათასიანი აქცია, სადაც ჭანტურიამ პირველმა ღიად დააყენა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ეროვნულ დემოკრატიული პარტია ქვეყანაში ერთერთ ყველაზე პროგრესულ, თავისუფალ დასავლეთზე ორიენტირებულ პარტიად ჩამოყალიბდა. გიორგი ჭანტურია აქტიურად იბრძოდა საქართველოში სახელმწიფოებრივი აზროვნების, დემოკრატიული პრინციპებისა და სტრუქტურების დასამკვიდრებლად.

1992-94 წლებში გიორგი ჭანტურია მწვავედ დაუპირისპირდა კორუფციას და რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურას, რომელიც მოკალათებული იყო მართველობის უმაღლეს ეშელონებში.

1994 წლის ნოემბერში გიორგი ჭანტურია აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული ინტერნაციონალის გენერალურ მდივნად აირჩიეს.

გია ჭანტურიამ 1994 წელს, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაში მაშინდელი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგნელები იგორ გიორგაძე, ვარდიკო ნადიბაიძე და შოთა კვირაია ამხილა და სახელმწიფოს მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს მათი თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვა.

გია ჭანტურია 1994 წლის 3 დეკემბერს, ედპ-ის ყრილობის დახურვის დღეს, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ტერორისტული აქტის შედეგად მოკლეს.