19 აგვ 2019 14:16 259

გორის მერი გუგუტიანთკარში ჩავიდა

 

 

შვებულებიდან დაბრუნებული გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა, სადაც ოკუპანტებმა უკანონო საზღვირის გავლების პროცესი დღეს ისევ განაახლეს. კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ ის ოკუპანტებს შეხვდა თუმცა ისინი არ დაელაპარაკნენ და ზურგი აქციეს.

„ჩემთვის ემოციურად ძალიან რთული იყო სიტუცაიის ყურება როდესაც ჩვენს მიწაზე იმყოფებიან.  მე მათთან მივედი და ველაპარაკე, რატომ აკეთებენ ასეთ რამეს ჩვენს მიწაზეთქო,  მაგრამ ამაზე მათ პასუხი არ გამცეს და ზურგი შემაქციეს. უბრალოდ ჩემი მოწოდება ის იყო რომ გაეჩერებინათ ახლავე და უკან წაეღოთ რასაც აკეთებენ, მაგრამ ისევ ვიმეორებ, მათ პასუხი არ გამცეს ერთადერთი ის თქვეს რომ ჩვენ ვასრულებთ ბრძანებასო.“-ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი

მოსახლეობის უკმაყოფილებაზე, რატომ არ შეწყვიტა გონიოს სანაპიროზე დასვენება მერმა, თავზარაშვილი ამბობს:

„მე მთლიანად საქმის კურსში ვიყავი და ვფლობდი სიტუაციას. აქ არიან მერიის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრი, არიან სპეციალისტები და ყველანაირი ინფორმაცია მქონდა. დავბრუნდი და შევუდექი ახლა ცემს საქმიანობას.“

სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ღობის მშენებლობა განახლდა. რუსმა ოკუპანტებმა სატვირთო მანქანებით ადგილზე რკინის ბოძები და სამშენებლო მასალები მიიტანეს.

საოკუპაციო ხაზთან მუშაობენ ტელეკომპანიების ჟურნალისტები. პრესისა და ონლაინ მედიის წარმომადგენლებს ადგილზე მუშაობის უფლებას არ აძლევენ.

გუგუტიანთკარში ოკუპანტი სამხედროების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი 7 აგვისტოს დაიწყო. მავთულხლართების  მიღმა მოექცა სამი სახლი და სახნავ-სათესი მიწა.