11 სექ 2019 15:16 198

აცერით ბავშვები წითელაზე - დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მიმართავს

 

 

2019 წელს საქართველოში წითელას 3 910 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან ორი ლეტალურად დასრულდა. თუ სკოლაში შემსვლელი ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, მიიყვანონ ბავშვი პოლიკლინიკაში და აცრან“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გარდაცვალების ორივე შემთხვევა ბავშვებში დაფიქსირდა და არც ერთ მათგანს აცრა არ ჰქონდა გაკეთებული.

„წითელას ეპიდაფეთქება დამშვიდებისკენ წამოვიდა უკვე სამი თვეა და მეტი, დღევანდელი მონაცემებით, ერთეული შემთხვევები გვაქვს კვირაში, მაგრამ მაინც არის. ეს ვერ შეედრება იმას, რაც გვქონდა იანვარში, თებერვალში, მარტში, თუმცა დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ქვეყანაში წითელას საწინააღმდეგო ე.წ. იმუნური ფენა მაინც დაბალი რჩება მიუხედავად იმისა, რომ წელს 150 ათასი დამატებით ავცერით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას მოუწოდებს, ბავშვის აცრების კალენდარი გადაამოწმონ და თუ სკოლაში შესვლამდე ორჯერ არ აქვს წითელას აცრა გაკეთებული, აცრან.

„შესაძლებელია შემოდგომაზე, ზამთარში წითელამ ისევ იფეთქოს, რადგან ჩვენს ირგვლივ 2018 და 2019 წლებში წითელამ შეაწუხა თითქმის ყველა ქვეყანა ევროპაში, ასევე გლობალურად მთელ მსოფლიოში. მოგეხსენებათ, იყო ევროპაში სიკვდილობის შემთხვევები. ჩვენთანაც იყო ორი შემთხვევა. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ სასწავლო პროცესი იწყება მომდევნო კვირიდან და შევახსენოთ მოსახლეობას, გადაამოწმონ თითოეული ბავშვის აცრის კალენდარი. ბავშვი იცრება ორჯერ: ერთი და ხუთი წლის ასაკში. თუ სკოლაში შემსვლელი ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, ვთხოვოთ მის მშობელს თუ, რა თქმა უნდა, აბსოლუტური წინააღმდეგობა აცრის არ არის, მიიყვანონ ბავშვი პოლიკლინიკაში და აცრან“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.