12 სექ 2019 10:56 422

საქართველოს ნატო-ში ისე გაწევრიანების იდეა, რომ ორ რეგიონზე მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს, დღეს ალიანსის ინტერესს არ იწვევს - ჯეიმს აპატურაი

 

 

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი საქართველოს NATO-ში მე-5 მუხლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელების გარეშე გაწევრიანების იდეას ეხმაურება. მისი თქმით, ამ ეტაპზე მსგავს დისკუსიას აზრი არ აქვს.

 

 


„გავეცანი საქართველოში მიმდინარე მსჯელობას ალიანსში გაწევრიანების შესახებ, ისე, რომ მე-5 მუხლი არ შეეხოს ორ რეგიონს. ჩემი შეხედულებით, ახლა ამ დისკუსიას აზრი არ აქვს. მე ვერ ვხედავ NATO-ში მზაობას, რომ ეს განიხილოს, არც იმის მჯერა, რომ ეს იდეა დროულია საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების თვალსაზრისით. საქართველოს წარმომადგენლობა ნატოში აქტიურად უწყობს ხელს უფრო მეტ საქართველოს ნატოში და უფრო მეტ ნატოს საქართველოში, მკაფიო და კონკრეტული იდეებით. ეს არის სწორი მიდგომა, პოლიტიკურად და პრაქტიკულად. ნატო-ს ატლანტიკური საბჭო სულ მალე იქნება საქართველოში, რათა განიხილოს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების გზები, მათ შორის განიხილება საქართველოს დახმარება იმ რეფორმებში, რომელიც დაეხმარება საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მომზადებაში”- წერს აპატურაი.