12 სექ 2019 14:47 5679

„სამარცხვინოდ გამოიყურებით, ბატონებო!“

 

 

"ახლა რას აპირებთ, აპატურაისაც ბურჯანაძის მაგავსად რუსეთის ინტერესების გამტარებელს უძახებთ თუ აღირებთ, რომ ქართველი ერის გარკვეული ნაწილი უცოდინარ, არაკომპეტენტურ და დროს უიმედოდ ჩამორჩენილ პოლიტიკოსებს არის აყოლილი?!" - ასე ეხმაურება ,,ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის ჯეიმს აპატურაის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე დისკუსიას აზრი არ აქვს, თუ კი ნატოს მე-5 მუხლი ორ რეგიონთან მიმართებაში არ გავრცელდება.

,,ყველა უბედურების სათავე უვიცობა და უთავმოყვარეობაა. საინტერსოა, რას უპასუხებენ დღეს ჯეიმს აპატურაის ამ განცხადებაზე უვიცი და უტიფარი პოლიტიკოსები.

გუშინ საქართველოში ლუსტრაცია მოხდა: ნათლად გამოიკვეთა, ვისთვისაა საქართველო და ეროვნული ინტერესები მთავარი, და ვისთვის ნატოში ინტეგრაციაზე დემაგოგიით როგორმე პოლიტიკაში დარჩენა! ნათლად გამოჩნდა, ვისთვისაა უმთავრესი ამოცანა ხელისუფლებაში მოსვლა, თუნდაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს სამუდამოდ დაკარგვის ფასადაც კი.

სწორედ, ამ უტიფარი პოლიტიკოსების დამსახურებაა, რომ ცხინვალში და სოხუმში დღეს რუსეთის ჯარი დგას! სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოება ასეთ ვაიპატრიოტიზმს ამოფარებულ უვიცებს ხმის ამოღების უფლებას აძლევს.

თქვენ ბატონებო, სწორედ თქვენ მიაყენეთ უდიდესი ზიანი ჩვენს ქვეყანას!

სწორედ თქვენ დაანახეთ მსოფლიოს, აფხაზებსა და ოსებს, რომ მზად ხართ ნატო-ს სანაცვლოდ საკუთარ მიწაზე - აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე თქვათ უარი! გარწმუნებთ, თქვენნაირ პოლიტიკოსებს და ექსპერტებს ბრიუსელშიც კი სერიოზულად არავინ აღიქვამს და ამას თავადაც ხედავთ. სწორედ ამიტომ გადახვედით ყველანაირ ზღვარს!

აი, რა არის ნებსით თუ უნებლიეთ ქვეყნის მტრობა!

თქვენ ხართ არშემდგარი პოლიტიკოსები, რომლებიც ქართველ ერს დაკარგული ტერიტორიების საბოოოდ ჩაბარების სანაცვლოდ ნატო-ს გარდა ვერაფერს სთავაზობს.

სამარცხვინოდ გამოიყურებით ბატონებო, საქართველოშიც და ქვეყნის გარეთაც, მოყვარესთანაც და მტერთანაც!

სირცხვილია! მართლა სირცხვილია!!!“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.