10 ოქტ 2019 12:00 847

„ნაზი ჯანეზაშვილმაც ის უნივერსიტეტი დაამთავრა, სადაც შალვა თადუმაძე სწავლობდა“

 

 

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნაზი ჯანეზაშვილმა იგივე უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, რომელიც შალვა თადუმაძემ. ამის შესახებ მდინარაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს უსმენენ.

მამუკა მდინარაძის თქმით, ინსტიტუტს, რომელშიც შალვა თადუმაძე სწავლობდა, 2003 წლიდან ნოდარ დუმბაძის სახელი მიენიჭა.

"გენერალურ პროკურორს თაღლითიც კი უწოდეს. ჩვენ მოვიძიეთ და კურსდამთავრებული, რომელმაც 2003 წლამდე დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი ნაზი ჯანეზაშვილია, მის დიპლომში დამთავრების თარიღად 2002 წელი ფიქსირდება. ქალბატონმა ნაზი ჯანეზაშვილმა, რომლის კვალიფიკაციასა და დიპლომის ნამდვილობაში არ გვეპარება ეჭვი, მან ეს დიპლომი წარმოადგინა მაშინ, როდესაც იყო კანდიდატი და მხარდაჭერილი საქართველოს პარლამენტის მიერ და მას ჩვენმა ოპონენტებმაც დაუჭირეს მხარი, იგივე ინსტიტუტი დაამთავრა. შესაბამისად, არგუმენტი,რომლის მიხედვითაც შეუძლებელი იყო 2003 წლამდე ნოდარ დუმბაძის სახელის მითითება ამ უნივერსიტეტის დასახელებაში, შეგვიძლია გადავდოთ გვერდით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტში ხმაურიანი განხილვის შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება.

გუშინ გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის მოსმენა 9 საათს გაგრძელდა. ერთ-ერთი მთავარი თემა, რის შესახებაც კითხვები დაისვა გენერალური პროკურორის დიპლომია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ მან დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა, მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი მომდევნო წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის ცნობით, შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც.

საკომიტეტო მოსმენის დროს შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ წელიწადნახევარია, ადამიანთა ჯგუფი ცდილობს, შექმნას ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს უდიპლომო გენერალური პროკურორი, ახლა არის მცდელობა, შექმნან ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ეყოლება უდიპლომო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.