21 ოქტ 2019 00:33 1912

"ესენი პირდაპირ გამზადებულნი არიან რაღაც უბედურებისთვის, კატასტროფისთვის"

 

 

 

 

 

 

"მაინტერსებს, ეს რა სიგიჟეა? ქალაქში დადის ყვითელი, ლურჯი და მწვანე ავტობუსები და კერძო ტაქსები, რომლებიც მერიას არ ეკუთვნის, რატომ უნდა იყოს მაინც და მაინც თეთრი?"

"ბარემ ნარკოტიკების რეკლამა განათავსონ ტაქსებზე, ჰეროინით სავსე შპრიცი"

 

ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების შესახებ, „ალიას“„ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება"

 

– ლევან, „ალიასთან“ ბოლო ინტერვიუში, შენ საკმაოდ ვრცლად  ისაუბრე  თბილისის მერიის მიერ ტაქსების ბიზნესში ჩატარებული ვითომ რეფორმის შესახებ, მაგრამ ეს თემა დღემდე აქტუალურია. ასევე, თბილისში ტაქსების გარდა, სხვა სატრანსპორტო პრობლემაც გაჩნდა – მეტროში აღარ  ჩაისვლება, ისეთი ამბავია. რას იტყვი მერიის სატრანსპორტო პოლიტიკაზე?

– სატრანსპორტო პოლიტიკა თბილისის მერიაში არ არსებობს. კალაძე და მისი გარემოცვიდან, რამდენიმე კაცი, თავის ნებზე წყვეტს ყველაფერს. იქ პარკინგი გააძვირა კონკრეტულ ლოკაციებზე, როდესაც ხალხს მის გაიაფებას პირდებოდა. ჯარიმების გაიაფებას ჰპირდებოდა ხალხს, „სითი–პარკი“ გავუშვათ და ჯარიმები გაიაფდებაო. გაუშვა „სითი–პარკი“ და არაფერი გაიაფებულა, ახლა უკვე მერია ყვლეფს ავტომფლობელებს „სითი–პარკის“ ნაცვლად. ტაქსების, ფაქტობრივად, კოლაფსი მოხდა ქალაქში, მოთხოვნა მეტია, ვიდრე მიწოდება.  უკვე  ჭირს  ტაქსის მოძებნა ქალაქში, გაორმაგდა ტაქსის ფასი. ადრე რომ ითხოვდნენ 7ლარს, ახლა იმავე ადგილზე რომ გაგიყვანოს, 14–15 ლარს ითხოვენ ტაქსის მძღოლები. მეტროში ჩამოდითო, კალაძემ ხალხს მოუწოდა და მეტროშიც კატასტროფაა. ადრე ხომ თქვა, მეტროში ელექტროენერგიის კაბელები და „შნურები“, სხვა გაყვანილობები უნდა შეცვალო, საბჭოთა კავშირის მერე არ შეცვლილაო. ამ დროს შედიხარ მეტროს ვაგონში და დიდი ასოებით აწერია, ვენტილაციის პრობლემაა მეტროში და ბოდიშს გიხდითო. მეტროში დაულაგებელია პრობლემები. დაიხუთები, შეიძლება გული წაგივიდეს მეტროში. იმ დღეს გავედი მეტროთი გლდანში და კინაღამ შემიწუხდა გული.

– არადა, მეტრო მომგებიანი კომპანიაა, უამრავ სარეკლამო ადგილს ჰყიდიან. სახელმწიფო სუბსიდირების გარეშეც შეუძლიათ ახალი ვაგონების ყიდვა, ნაწილის გამოცვლა მაინც. საბიუჯეტო დაფინანსებაც სოლიდური აქვს და რატომ არ ყიდულობენ ახალ ვაგონებს?

– წელიწადნახევარია საკრებულოს და სარევიზიო კომისიის წევრი ვარ და ვერ მოვიპოვე შპს „თბილისის ტრანსპორტის კომპანიაში“ მომუშავე ადამიანების სრული სია, მათი ხელფასებისა და მათზე გაცემულია პრემია–დანამატების შესახებ დოკუმენტები. ათასჯერ მივწერე, მაგრამ არ მაძლევენ. არადა, მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები მუშაობენ ამ კომპანიაში და საკმაოდ ბევრნი, არც არაფერს აკეთებენ იქ და სოლიდური ხელფასებიც აქვთ და არც პრემია–დანამატებსაც არ იკლებენ. ისიც მითხრეს, რომ ბევრი საერთოდ არ დადის სამსახურში, გაფორმებული ჰყავთ, ისე, უბრალოდ აძლევენ მაღალ ხელფასებს, რადგან ხელისუფლების გავლენიანი წარმომადგენლების ახლობლები არიან. ყოველთვიური დახმარება აქვთ რა, დანიშნული.

ბევრმა მათგანმა ისიც კი არ იცის, ეს კომპანია სად მდებარეობს, ნამყოფიც კი არ არის. მეტროში ვერ ჩახვალ, ტაქსები გაძვირდა, ავტობუსები ისეთ დღეშია, არ აისვლება, აი, პირდაპირ გამზადებულნი არიან რაღაც უბედურებისთვის, კატასტროფისთვის, ისეთი ავტობუსები დადის თბილისში და ასეულობით ასეთი ავტობუსია. ახლა იძახის კალაძე, ავტობუსები უნდა ვიყიდო და ავტოპარკი განვაახლოო, ავტობუსების რაღაც ნაწილი იყიდა მერიამ და ქალაქშიც გაუშვა ახალი მწვანე ავტობუსები. მაგრამ ეს ძალიან მცირეა. შე დალოცვილო, მოდი რა, ჯერ ავტობუსები იყიდე და სრულად განაახლე ავტოპარკი, მერე მეტროს ვაგონები შეცვალე და რემონტი ჩაუტარე ყველა მეტროსადგურს, მერე ადექი და მიხედე ამ ტაქსებს და გაატარე მართლა რეფორმა, ოღონდ ისეთი, ათეულ ათასობით ადამიანს ულუკმაპუროდ ნუ დატოვებ  და მგზავრებს ნუ გაუორმაგებ ტაქსის საფასურს. ისეთი რეფორმა ჩაატარე, ტაქსის მძღოლიც კმაყოფილი  დარჩეს და ხალხიც. კახი კალაძე  ჩამოყალიბდა ტაქსების დისპეტჩერად. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ავტობუსით უბილეთო მგზავრობა 5 ლარიდან გახადა 20 ლარი. თუ ადამიანს 20 და 50 თეთრი არ აქვს, რომ ბილეთი შეიძინოს, იმას რა ნამუსით აჯარიმებ 20 ლარით? სად არის აქ ლოგიკა? არ არის ეს ისედაც გაჭირვებული ხალხის დაკანონებული ძარცვა? აბა, რა არის?!

 

2017 წელს,  თბილისელებმა  ჯარიმებისა და საურავების სახით გადაიხადეს 27 მილიონი ლარი და 2019 წლის ბიუჯეტში, კალაძეს დაგეგმილი აქვს 40 მილიონი ლარი. ამ ჯარიმებიდან და საურავებიდან შემოსასვლელი თანხები. 2 წელიწადში 13 მილიონი ლარით მეტს ამოიღებს თბილისელებისგან, ჯიბიდან ამოაცლის ამ 40 მილიონს ამ გაჭირვებულ ხალხს მერია და ამ ფულს, ეჭვი არ შეგეპაროს, საკუთარ გრიალსა და დროსტარებას, კომფორტულ  ცხოვრებას მოახმარენ მერიის ჩინოვნიკები. ტაქსის ფერს რაც შეეხება, ამაზე მინდა ვთქვა. კალაძემ აიხირა, მხოლოდ ერთი, თეთრი ფერის ტაქსები უნდა იყოს მთელ ქალაქში და უზარმაზარი საბიუჯეტო ფული დახარჯა ამაზე. ამ დროს, ქალაქში დადიან ყვითელი და ლურჯი ავტობუსები და ახლა შემოიყვანა მწვანე ფერის ავტობუსები. სამი ფერის ავტობუსები დადიან ქალაქში. აი, მართლა გულწრფელად მაინტერსებს, ეს რა სიგიჟეა? ავტობუსები თავად მერიას შემოჰყავს და ისინი შეიძლება სამი ფერისა იყვნენ და კერძო ტაქსები, რომლებიც მერიას არ ეკუთვნის, რატომ უნდა იყოს მაინც და მაინც თეთრი? ეს მართლა ვერ გავიგე. თუმცა, იმ ხალხისას რას გაიგებ, არადეკვატურად რომ აზროვნებენ. თან იმასაც დავამატებ, რომ ეს ახალი, მწვანე ავტობუსები, ევროდიზელზე მუშაობენ, ევროპა მათ იშორებს რა ხანია და კალაძე მაინც და მაინც, მათ მიადგა. თითქოს შხამი და მავნე ნივთიერებები აკლია თბილისის ჰაერს, თითქოს ავტობუსები, მიკროავტობუსები, კერძო მანქანები ნაკლებ შხამს გამოყოფენ და ესეც დაუმატა. რამხელა ფული იშოვნეს ამ მწვანე ავტობუსებით, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. მარტივ კითხვას დავსვამ, 8 წელს თავს დავანებენ. 2 წლის წინ უფრო ნორმალურად მგზავრობდნენ საზოგადოებრივი ტრანპორტით და ტაქსებით თბილისელები თუ დღეს? რა თქმა უნდა, 2 წლის წინ, მეტროში ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო, ის ძველი, ყვითელი ავტობუსები, 2 წლით ახალი იყო, ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენდნენ და ისე არ დაჯაყჯაყებდნენ, როგორც დღეს. ტაქსების დეფიციტი და მგზავრობის ასეთი მაღალი გადასახადიც არ იყო. მოკლედ შეიძლება თქმა – რაც კახი კალაძე თბილისის მერი გადახდა, თბილისელებს მუნიციპალური ტრანსპორტითა და ტაქსებით მგზავრობის პირობები გაუუარესდათ. ასევე, გაუარესდა მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა და ამის აღიარება არ უნდათ. დავით ნარმანია იყო და არაფერს აკეთბდა, კახი კალაძე ვითომ აკათებს რაღაცას და რეალურად, აფუჭებს. რომელი სჯობს, უკვე არ ვიცი.

– ამ ტოტალიზატორების რეკლამა რომ უნდა განთავსდეს ტაქსებზე, ეს რაღა უბედურებაა? ხალხი ონლაინ–ტოტალიზატორებისა და საერთოდ, ტოტალიზატორების აკრძალვას ითხოვს და მათ შორის, „ქართული ოცნებისა“ და კახი კალაძის თავდადებული მომხრეებიც არიან. ტოტალიზატორებმა  და კაზინოებმა უამრავი ადამიანი გააუბედურეს, განსაკუთრებით, ახალგაზრდები. თვითმკლელობის შემთხვევევიც ბევრია წაგებული ფულის შემთხვევაში. კახი კალაძემ რატომ მისცა ტოტალიზატორებს რეკლამის, პროპაგანდის საშუალება მთელი თბილისის მასშტაბით, თან 24 საათის განმავლობაში, როდესაც ხალხი მათ საერთოდ აკრძალვას მოითხოვს?

– კი, ტოტალიზატორების „ევროპაბეთისა“ და „აჭარაბეთის“ რეკლამები განთავსდება ტაქსებზე, ჯერ ეს არის ცნობილი. ადრე კახი კალაძე იყო ტოტალიზატორ „მაქსიმუმის“ მეწილე, მერე თქვეს, წილი გაყიდა ამ ტოტალიზატორშიო. ამ ბიზნესთან ძალიან ახლოს არის კალაძე, ჩართული იყო ამ ბიზნესში. მე მაქვს ეჭვი, რომ ის ამ ტოტალიზატორების წილშია, მაგრამ ეს წილები სხვებზეა გადაფორმებული. კონკრეტულად, „ევროპაბეთსა“ და „აჭარაზე“ არ ვამბობ, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ორივეს ან, ერთ–ერთი მათგანის წილშია. იმიტომ მისცა მათ ნება, რეკლამა განათავსონ ტაქსებზე. კი, იძახის მათ მეტი გადაიხადეს რეკლამაშიო და ტოტალიზატორი ყველაზე მეტს რომ გადაიხდიდა, თუ ეს რეკლამა მას სჭირდება, არ იცოდა? რატომ მატენი თვალებში იმის რეკლამას, პროპაგანდას, რაც მავნეა? სუიციდის ფაქტების უმრავლესობა სათამაშო ბიზნესზე მოდის. გარდა მაგისა, რამდენი ოჯახი დაანგრია ამ ტოტალიზატორებმა, რამდენი წესიერი ადამიანი ააცდინა გზას და გადაჩეხა ვალებში, მათი უმეტესობა ახალგაზრდები არიან. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არის დაავადება, მას ჰქვია ლუდომანია და რას მირეკლამებს კალაძე? დაავადებას? რას მეუბნება ამ რეკლამით? ითამაშე ტოტალიზატორზე და დაავადდიო? ბარემ ნარკოტიკების რეკლამა განათავსონ ტაქსებზე, ჰეროინით სავსე შპრიცი, ტიპი როგორ შეიყნოსავს ოპიუმს ან, ტიპი განგრეულ კაიფში, ორივე ხელით სიფათს რომ იფხანს. ეს ერთი და იგივეა. ეს არის საზოგადოების აბუჩად აგდება, დაცინვა. ბოლო დროს რომ მოიმატა ბანკომატების გატეხვამ, ბანკების ძარცვამ, ტექნიკის მაღაზიების ქურდობამ, აქ რა, ლუდომანების ხელი არ ურევია? ურევია კი არა, დაზუსტებით ვიცი, რომ რამდენიმე ქურდობა და ძარცვა აზრტული თამაშების მიმდევრებმა ჩაიდინეს. შენც ხარ „ფეისბუკზე“ დარეგისტრირებული და მითხარი ალალად, რამდენჯერ მოგსვლია მესინჯერში თაღლითების თხოვნა, ვითომ დედა და და–ძმა ჰყავთ ავად და 10–20 ლარის ჩარიცხვას გთხოვენ, თან ტოტალიზატორის ანგარიშს ნომერს მოაყოლებენ, აქ ჩამირიცხეო. ვინ არიან ეს ადამიანები? ცხადია, ლუდომანები, რომლებიც თაღლითური გზით ცდილობენ ხალხის მოტყუებას და მათგან თანხის მითვისებას. ეს არის ხალხზე ზრუნვა? კალაძემ ამის გამო გადაღება ტაქესები თეთრად და ერთ დღეში, 25000 ტაქსი გააჩერა? იმ 25 000 ტაქსისტს მინიმუმ 3 სული ჰყავს შესანახი და 75 000 ადამიანი დატოვა ლუკმა–პურის გარეშე.

– ილია ჯიშკარიანის გარშემო ატეხილ სკანდალზე რას იტყვი?

– ილია ჯიშკარიანი ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი დეპუტატია და ამიტომ ჩაერთო მთელი სახელისუფლებო მანქანა, რომ გადაარჩინონ ციხეს და ეს საქმე, ჩაფარცხონ. კი, პროკურატურამ  ორი მუხლით  წაუყენა  ბრალი, მაგრამ ამისთვის 8 დღე დასჭირდათ, 5 დღე  არათუ დაკითხა,  არც გამოჰკითხა ჯიშკარიანი გამოძიებამ. მაგრამ იმდენი და ისეთი მტკიცებულებები არსებობს მის წინააღდეგ, რომ ბოლოს იძულებულნი გახდნენ, ბრალი წარედგინათ. ის დანაშაული, რასაც ედავებიან,  11–დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მძიმე კატეგორიის დანაშაულია. მაგრამ სასამართლომ 10 000 ლარი შეუფარდა გირაოს სახით და გაათავისუფლა, წინასწარ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ შეუფარდა. ესეც  მისი გადარჩენისთვის გაკეთდა, ეს ერთი ეტაპია. ეს 10 000 ლარი ილია ჯიშკარიანის 3 თვის ხელფასია. ამ ხელფასს ბრალდებული აიღებს, რადგან არ მოიხსნა საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილება. გადახდილი გირაოს თანხას, ხელფასიდან ამოიღებს. სასამართლო დასცინის საზოგადოებასაც და დაზარალებულ თამთა თოდაძესაც. ილია ჯიშკარიანს აეკრძალა მოწმეებზე ზეწოლა და სამსახურში სიარული არ აეკრძალა. და ვინ არიან ეს მოწმეები? ყველა მისი თანამშრომელია და ზოგი მათგანის უფროსია სამსახურში. რა გამოვიდა? ილია ჯიშკარიანმა უნდა იაროს სამსახურში და მოწმეებმა, მისმა თანამშრომლებმა არა? სასაცილოა, რომ  თანამშრომლებზე ზეწოლას, ზემოქმედებას ვერ მოახდენს ჯიშკარიანი.  მით უმეტეს ქვემდგომებზე,  რომელთა  სამსახურიდან დათხოვნა შეუძლია? ან სხვა სახის პრობლემები შეიძლება მათ შეუქმნას. თავის გადასარჩენად და 11–დან 15 წლამდე პატიმრობა რომ  აირიდოს, ამაზე არ წავა? გარდა მაგისა, ილია ჯიშკარიანის შვილი სუს–ში მუშაობს და ეს კიდევ დამატებითო ბერკეტია მოწმეებზე ზეწოლის მოსახდენად. ირაკლი ოქრუაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად  პატიმრობა რომ შეუფარდეს, სასამართლომ ეს იმით დაასაბუთა, რომ ოქრუაშვილი მოწმეებზე ზეწოლას მოახდენსო და ციხეში გაუშვა, გირაო არ შეუფარდა. ვინ არიან ოქრუაშვილის საქმეში მოწმეები? სპეცრაზმელები. რანაირად უნდა მოეხდინა ოქრუაშვილს სპეცრაზმელებზე ზეწოლა, ერთი მითხარი? რა გამოდის? ოქრუაშვილს შეეძლო სპეცრაზმელ მოწმეებზე ზეწოლის მოხდენა და ილია ჯიშკარიანს მოწმეებზე – საკუთარ თანამშრომლებზე, ხელქვეითებზე ზეწოლიას მოხდენა არ შეუძლია? აი, ეს არის ჩვენი სასამართლო, სამარცხვინო და უნამუსო მოსამართლეებით სავსე. ეს ქვეყანა არ არის, ეს არის ცირკი, მეტი არაფერი და ჩვენ პოლიტიკოსებად და ხელისუფლების წარმომადგენლებად წოდებულ ჯამბაზებს ვუცქერთ ყოველდღე.

 

ლევან ჯავახიშვილი

ალია №37