21 ოქტ 2019 00:41 824

რითი გვანან ერთმანეთს ბიძინას ზებრა და გენ.პროკურორი და რატომ არ იყიდა ივანიშვილმა დავით გარეჯი

 

 

 

 

 

საბიძინეთის ამბები

 

 

თქვენი ზებრა და ქვეყნის გენერალური პროკურორი რაღაცით ერთმანეთს ჰგვანან, ბატონო ბიძინა

 

ბატონო ბიძინა, გაუშომალეთ დავით გარეჯი აზერბაიჯანს?

რატომ, ვერ იყიდეთ, დავით გარეჯი, ბატონო ბიძინა?

 

 

თქვენი ზებრა და ქვეყნის გენერალური პროკურორი რაღაცით ერთმანეთს ჰგვანან, ბატონო ბიძინა. არც ზებრამ იცის, თეთრია და შავი ზოლები აქვს, თუ შავია და თეთრი ზოლები აქვს და ვერც თადუმაძე გვეუბნება, დიპლომი არა აქვს და ნიშნები აქვს, თუ ნიშნები არა აქვს და დიპლომი აქვს. ვერ არის, ბატონო მინისტრო, კარგი საქმე, ქალაქის მთავარი პროკურორი ზებრას რომ ჰგავს. ვერ არის კარგი ამბავი, ლაქი-ლუქა ლურტყები რომ გყავთ შეყრილი მთავრობაში, ბატონო ბიძინა. ამასობაში, თადუმაძემ, კი გააერთიანა ნაცი და ქოცი, პირველად, მგონი, 7 წლის მანძილზე, ნაციც და ქოციც შეთანხმდა და ერთი სიტყვით შეაფასა იურიდიული კომიტეტის სხდომის მიმდინარეობა:

- ეს იყო ფსკერი და წერტილი! - ამბობს ნაცი.

- ეს იყო ფსკერი და წერტილი! - ამბობს ქოცი.

ნაციონალებმა ოცნების წევრების კომენტარებს უწოდეს ფსკერი. ოცნებამ - ნაციონალების კითხვებს დაარქვა - ფსკერი. იდგა ფსკერივით გაფითრებული თადუმაძე და სიმწრის ღიმილი დასთამაშებდა უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარის სახეზე. ბატონო ბიძინა, ნოდარ დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი თქვენ იყიდეთ?

 

 

 

ბატონო ბიძინა, „დიდოსტატის მარჯვენა“ თქვენ წაიკითხეთ? ბატონო ბიძინა, ძერაც თქვენ მოკალით?

„ცა და მიწა იქცეოდა, ტურა ქორწილს მართავდაო“. ეახლა ქვეყნის პრემიერი და შს მინისტრი აზერბაიჯანს... არ ვიცი, რა გვითხრა აზერბაიჯანმა და რა ვუთხარით ჩვენ... სულხან-საბამაც კი ჩამოიტანა ამბავი საფრანგეთიდან, ამათ ვერ დააცდევინებ სიტყვას.

ლაქი-ლუქა ლურტყები რომ გყავთ შეყრილი მთავრობაში, მაგის ბრალია, მაგრამ...

მაინც ხომ გადავიხადეთ ქორწილი, მტრის ჯინაზე? მაინც ხომ ვაქეთ და ვადიდეთ დიდი გიორგი, დიდი გახარია, მოაგვარა აზერბაიჯანთან კონფლიქტი და დაგვიბრუნა დავით გარეჯიო... პატარა პრობლემაა ოღონდ, გზა გაიყვანა აზერბაიჯანმა, სამხედრო ბაზა ააგო და ზოგ ტაძარში უშვებს მღვდელმთავრებს. დიდი პრობლემაა კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ სამღვდელოების პირებს უშვებს ტაძრებში და მონასტრებში, ერთი მღვდელი იდგა და ელოდა შეშვებას, ერთი, ათასებიდან, ერთი!

დამილოცე უფალო, ის ერთი მამაო, დამილოცე და დამიფარე, უფალო, ის ერთი მამაო.

პატარა პრობლემაა კიდევ, დავით გარეჯთან აზერბაიჯანელები მუშაობენ, აგებენ გზებს და ბაზებს - ქართველები ვდგავართ და ვუყურებთ, პატარა პრობლემაა ოღონდ, დავით-გარეჯთან აზერბაიჯანის მთავრობის მაღალჩინოსნები ჩადიან და ქართველი მაღალჩინოსნები არა! გაუშომაულეთ დავით გარეჯი, აბა, აზერბაიჯანს და ამისთვის ვიყავით ჩასული? ბატონო ბიძინა, ჯვარი თქვენ იყიდეთ? თქვენ უყიდეთ ჯვარი სააკაშვილს და ბოკერიას, ბატონო ბიძინა?

ამბობენ, თავის დროზე, სააკაშვილი ბოკერიამ გაუშომაულა ბიძინასო და მართალია, ბატონო ბიძინა? რაღა თადუმაძის დიპლომი და რაღა ბოკერიას და სააკაშვილის ჯვრები. გვაჩვენონ საბუთი, რომელ წელს დაიკიდეს ჯვრები!

 

 

ამასობაში, 30 წლამდე ბიჭს, თორნიკე ტურიაშვილს, ისევ ის ტყვია აქვს სხეულში, რამდენიმე თვის წინ რომ ესროლა რეინჯერმა ბესიკ შუბითიძემ, არ უღებენ ცოცხალი თავით, იყოს, გქონდესო, რაში გიშლის ხელს, საჭმელს და სასმელს ხომ არ გთხოვსო, ეუბნებიან. გახარიამ სიტყვა თქვა, იმ დღესვე, რა დღესაც შუბითიძემ ახალგაზრდას ესროლა და თორნიკეს ბრაკონიერი უწოდა და ბესიკ შუბითიძეს გმირი! ახლა მისდევს იმ სიტყვას, იმიტომ რომ გახარიას სიტყვა კანონზე მაღლა დგას! ტყვია რომ ამოიღონ, რომ არ იყოს იმ იარაღიდან ნასროლი, რომელიც იარაღიც უნდა ჰქონოდა, ალაზანში, ნიფხვის ამარა მდგომ შუბითიძეს, როგორც სამსახურეობრივი იარაღი? რომ აღმოჩნდეს, რომ პირადი იარაღიდან ესროლა და პირადი მტრობა რომ დაუმტკიცდეს? მით უფრო, რომ ბრაკონიერობა ვერ დაუმტკიცა თორნიკეს პროკურატურამ.

ვერც ის ახსნა პროკურატურამ, რატომ იდგა ბესიკ შუბითიძე ალაზანში ნიფხვის ამარა, რავა, გასესილი იყო და ტანსაცმელი შემოასკდა? აბა, ნაყლურწი იყო და დაცხა? აბა, ახალი ფორმა აქვს რეინჯერებს?

მაგრამ, გახარიამ თქვა, შუბითიძე გმირია და თორნიკე, უპატრონო ბიჭი - დამნაშავეო.

 

 

 

იმას რატომ არ ახსენებთ, ბატონო ბიძინა, ნაცებს დავამთავრებო, რომ დაგპირდათ?

ანეკდოტი გამახსენდა მაგ ამბავზე:

ვიჩხუბე და რავარც მოვარტყი ერთი-ორი, გაიქცნენ, გავეკიდე, მევიხედე, მეწევა, მივსდევ - მევიხედე, მაინც მეწევა, დავეწიე და კიდევ ერთი ვხიე, აბა, ბატონო, თუ არ გჯერა - თავი მაქვს გახეთქილიო.

ნაცებს მისდევთ და ამთავრებთ, ნაცებს მისდევთ და ნაცებმა ჯერ ფარცხალაძის დიპლომი გადაგახიეს თავზე, მერე თადუმაძის, შუაში შოთაძე გაგაფუჭებინეს და გაგაგდებინეს, ნაცებს მისდევთ და ციხის ყველა უფროსი ნაცია, ნაცებს ამთავრებთ და იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ნაცების ხმა ისმის მარტო, რანაირადაა ეგ ამბავი, ხომ ვერ ამიხსნით?

მისდევდი და დაგეწიეს?

ხოო... გაავსეთ ამასობაში მთავრობა ლაქი-ლუქი ლურტყებით.

 

 

 

ბატონო ბიძინა, თქვენ იყიდეთ ტაქსი?

თეთრი ფერიც თქვენ იყიდეთ, ბატონო ბიძინა?

მახსოვს, კალაძის ინიციატივამ, მთავრობის წევრებმა შავი მანქანები გავყიდო და თეთრი ვიყიდოთო - არ იმუშავა.

რომელი მინისტრი ივლის არაშავი მანქანით? მინისტრი დადის შავი მანქანით, იმიტო რო მინისტრი კაი ბიჭია და კაი გოგოა, და კაი ბიჭის და კაი გოგოს გაგება გამოიხატება შავი ფერით! მარტო დედაქალაქის მერია თოვლივით უმწიკვლო ფერის მოყვარული.

ხოდა, მინისტრები და მისი მოადგილეები ვერ გადასვა თეთრ მანქანებზე და დაერია უბრალო ხალხს. ბატონო ბიძინა, იმერელი კაცი ხართ და გეცოდინებათ გამოთქმა, იღლიაში თუ 500 ლარიანი რედიკული გაქვს ამოჩრილი, ფეხზე მინიმუმ 1000 ლარიანი ფეხსაცმელი უნდა გეცვასო.

იყოს ტაქსი თეთრი, მაგრამ ჯერ ავტობუსი იყოს გამართული.

მეტრო იყოს მოწესრიგებული. იმ ტაქსის მძღოლებს, სოფლიდან რომ არიან ჩამოსულნი ორი კაპიკის საშოვნელად, სოფლის მეურნეობაში დაეხმარეთ ჯერ, სოფელში დაბრუნებაში დაეხმარეთ. ნუ ყიდულობენ ყურძენს 5 თეთრად და ვაშლს 7 თეთრად თქვენი ლაქი-ლუქი ლურტყები, ნუ შემოგაქვთ აზერბაიჯანიდან კარტოფილი ძვირად და ნუ ატანთ ჩვენს კარგ კარტოფილს აზერბაიჯანლებს იაფად და მერე გინდ ტაქსი გადაღებეთ და გინდ ქალაქის მერია.

 

 

 

ბატონო ბიძინა, თქვენ იყიდეთ ტყუილი?

თქვენ იყიდეთ ტყუილი, თუ კალაძე უთქვენოდ გვატყუებს?

ტაქსის რეგულაციამ კარგად ჩაიარა ამბობს.

მაშინ, როცა ნახევარმაც ვერ გადაღება მანქანა. რატომ ვერ გადაღება? ვინც ტაქსის ლიცენზია არ გააკეთა გასული წლის დეკემბრამდე, იმათ ვაუჩერი აღარ მისცა.

2019 წლის 1 იანვარს უკვე იცოდა, რომ მესამედმაც არ აიღო ლიცენზია და მესამედიც კი არ აიღებდა ვაუჩერს და მაინც, ჯიუტად იძახდა - წარმატებული რეგულაციააო, ჯიუტად არ გააგრძელა ვადა და არ მისცა ვაუჩერები იმ მძღოლებს, რომლებმაც ლიცენზია აიღეს იანვარში, მარტში, მაისში.

ჯერ კიდევ 2019 წლის 1 იანვრამდე ამბობდა, ტაქსი რომ გადაიღებება გაძვირდება კიდეცო.

რატომ გააძვირებდა უფასო გადაღებვა მგზავრობას?

იმიტომ, რომ უკვე იცოდა, მესამედმაც ვერ მოასწრო ლიცენზიის აღება და გადაუღებავს ტოვებდა მანქანებს! გადაუღებავი მანქანების ოდენობა ზრდის ტარიფს, თორემ, ფერი კი არა.

არის თუ არა ახლა ხელოვნური პრობლემა ეს, ბატონო ბიძინა?

რატომ ქმნის ქალაქის მერი პრობლემას ხელოვნურად?

ბატონო ბიძინა, თქვენ იყიდეთ ეს ხელოვნური პრობლემა?

ბატონო ბიძინა, ვისი ტაქსით გადაარჩენს ქალაქს და მოხსნის ხელოვნურ პრობლემას კალაძე?

 

 

 

 

ლაქი-ლუქი - მატყუარა

ლურტყი - თოთო

გასესვა - გამაძღრობა

ნაყლუწი - ნასვამი

გაუშომალა - გაურიგა

გადამქართულდა - გადამავიწყდა

 

 

 

ვერ არის კარგი ამბავი, ბატონო ბიძინა, თქვენი ზებრა რომ ქვეყნის მთავარ პროკურორს ჰგავს, ვერ არის კარგი ამბავი, ქალაქის მერი რომ გვატყუებს, ვერ არის კარგი ამბავი, პრემიერი რომ ჯიუტად არ ახელს თვალს, ვერ არის კარგი ამბავი, ტურის ქორწილს რომ ვიხდით, როცა ცა და მიწა თავზე გვექცევა.

ბატონო ბიძინა, გაუშომალეთ დავით გარეჯი აზერბაიჯანს?

რატომ, ვერ იყიდეთ, დავით გარეჯი, ბატონო ბიძინა?

დავით გარეჯის ყიდვას, ნოდარ დუმბაძის სახელობის უნივერსიტეტის ყიდვა ამჯობინეთ?

თქვენს ხელში, ბატონო ბიძინა, მიწა-წყალი გადაგვქართულდება, თქვენს ხელში, სამართალი გადაგვქართულდება, თქვენს ხელში, განათლება გადაგვქართულდება, თქვენს ხელში ქართული გადაგვქართულდება.

რაის ძერას მოკლავდით თქვენ, ბატონო ბიძინა, ვის ატყუებთ?

გამარჯობა ზებრა, შენ მოკალი ძერა?

 

 

 

 

თამო კეშელავა

ალია №37