21 ოქტ 2019 11:57 573

“ირაკლი დეკანოიძემ ცოლის მკვლელობამდე სხვა ადამიანი მოკლა და რუსეთში გადაიმალა“

 

 

ხაშურში ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის, ნათია გოგალაძის დამ, ირმა გოგალაძემ  „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მისი თქმით, მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეს ეხება. 

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჩემმა ყოფილმა სიძემ, ირაკლი დეკანოიძემ ჩემი დის, ნათიას მკვლელობამდე ახალციხის რაიონის სოფელ აგარაში თანასოფლელი, დავით მეტრეველი მოკლა. მან სასჯელს თავი რუსეთში გადამალვით აარიდა. მის ნაცვლად, სასჯელი მამამისმა მოიხადა. მაშინ ირაკლი 17 წლის ყოფილა. დეკანოიძეების ოჯახმა მკვლელობის ღამესვე დატოვეს სოფელი და ცხოვრება ხაშურში, ქირით დაიწყეს. ამის შესახებ თავად მოკლულის დედამ დაწერა.

„ეს ჩემი შვილი დავით მეტრეველია, რომელიც რამდენიმე წლის წინ, მერაბ და ირაკლი დეკანოიძეებმა ახალციხის სოფელ აგარაში, ავტომატით მომიკლეს. ეს ლამაზი ღიმილი სამუდამოდ წაართვეს და გაუყინეს. ოჯახი სამუდამო ტანჯვაში ჩაგვაგდეს და 2 წლის ბავშვი ობლად დაუტოვეს. ირაკლი დეკანოიძე გადამალეს , ხოლო მერაბ დეკანოიძეს 14 წელი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ ვადაზე ადრე გამოვიდა ციხიდან, რატომ?, ირაკლი დეკანოიძემ ახლა ხაშურში ჩაიდინა მკვლელობა და მკვლელი მამა მკვლელი შვილის გამართლებას ცდილობს. მე შვილმოკლული დედა დეკანოიძის ადვოკატებს თხოვნით მივმართავ, ვიდრე ასეთ მკვლელების დაცვას გადაწყვეტენ, შვილმკვდარი მშობლების თვალით შეხედონ და მკვლელის დაცვის სურვილი გაუქრებათ სამუდამოდ. მე ვითხოვ ირაკლი დეკანოიძე უმკაცრესად დაისაჯოს“ - წერს მოკლული დავით მეტრეველის დედა.