21 ოქტ 2019 14:43 692

"იდგა, ჩუმად ტიროდა, საჭმელს ვერ ვიყიდი და გაზს ჩამიჭრიანო" - რატომ არ ჩაირიცხა სოციალური დახმარება?

 

 

 

 

ჟურნალისტმა, შორენა მარსაგიშვილმა, ამ წუთებში, მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ სოციალურად დაუცველებს, ჯერ კიდევ არ ჩარიცხვიათ, კუთვნილი თანხა:

 

სოციალურად დაუცველებს დახმარება ყოველი თვის 20 რიცხვში ერიცხებათ. ბევრისთვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა. სოციალურად დაუცველების ნაწილი გაზის კომპანიასთან შეთანხმებული არიან, რომ ბუნებრივი აირის გადახდის თარიღი 20 რიცხვამდე გადაუწიონ. ამ თვეში 20 რიცხვი კვირას მოვიდა და კვირა დღეს თანხას არავინ ჩაურიცხავდათ.

 

 

ყველა ელოდა 21 ოქტომბერს, მაგრამ ამაოდ... ამ მომენტისთვის 14.00 საათია, როცა ამ პოსტს ვწერ, თანხა კიდევ არა აქვთ ჩარიცხული. კარფურში რამდენიმე ადამიანი ვნახე მოლარეს ამოწმებინებდნენ, იყო თუ არა მათ ბარათზე თანხა ჩარიცხული.

 

 

ერთი ქალი დიდი ხანი იდგა იქ და ელოდა, როდის ჩაერიცხებოდა თანხა, რომ საჭმელი ეყიდა. მერე ტირილი დაიწყო, ჩუმად ამბობდა, რა მეშველება, დღეს რომ თანხა არ გადავიხადო, გაზს ჩამიჭრიანო. შეიძლება შიოდა კიდევაც, მაგრამ ამაზე სიტყვა არ დასცდენია.

 

 

დარჩა და ელოდა როდის ჩაერიცხებოდა დახმარება, რომ გაზის ფული გადაეხადა და საჭმელი ეყიდა. სხვები წავიდნენ, იქნებ საღამოსთვის ჩაგვერიცხოს დახმარებაო. ძალიან ნაღვლიანები იყვნენ. არც უყვირიათ, არც ქოქოლა დაუყრიათ ვინმესთვის. უბრალოდ წავიდნენ. მხოლოდ ერთი ქალი დარჩა...

 

 

ახლა 14.20 წუთია, ჩემს მეზობლად მცხოვრებ სოციალურად დაუცველს შევეხმიანე და მითხრა, ჯერ არ ჩარიცხულაო. ის ქალი ალბათ ისევ იქ დგას და ელოდება... ჯანდაცვის სამინისტრომ ნამუსი და სინდისი საერთოდ დაკარგა. აღარ იციან როგორ გაძღნენ და გასკდნენ და სულ ფეხებზე ჰკიდიათ რომ სოციალურად დაუცველებს შიმშილით სული სძვრებათ.

 

თავისუფლად შეიძლებოდა დილიდანვე ჩაერიცხათ თანხა, მაგრამ არ ქნეს. რატომ? - ეს მარტო მათ ეცოდინებათ.

 

 

"ალია" დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს, დაგვპირდნენ პასუხის გაცემას და როგორც კი გვიპასუხებენ, კომენტარს მოგაწვდით.