04 ნოე 2019 16:23 485

"ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მკაფიო ნიშნებს"

 

 

 

 

სახალხო დამცველმა შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს:

 

"სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მიზანი არ არის პროცესის რომელიმე მონაწილის, მათ შორის, ბრალდებულის მხარდაჭერა, არამედ, მისი დანიშნულებაა დაეხმაროს სასამართლოს განსახილველი სამართლებრივი საკითხის სათანადოდ შეფასებაში.

 

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მითითებულია, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს დასახელებულ გარემოებებზე და წარმოადგინოს დასაბუთებული პოზიცია განსახილველ საკითხებზე, ვინაიდან ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებული გარემოებების გადაწყვეტა უშუალო გავლენას ახდენს როგორც ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე.

 

შესაბამისად, ვინაიდან სახალხო დამცველის მოსაზრებით, პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნების, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სიღრმისეულად უნდა იმსჯელოს და შეაფასოს რამდენად წარმოადგენს სადავო ქმედება სისხლისსამართლებრივ დანაშაულს თუ ის განხილული უნდა იყოს საკორპორაციო-სამართლებრივ ჭრილში.

 

საქმის შესწავლა საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წლის 29 აგვისტოს, საკუთარი ინიციატივით დაიწყო; აპარატმა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები სრულად გააანალიზა"