05 ნოე 2019 15:30 15021

სკანდალური წერილები - მღვდელმსახურები ილია მეორეს მამათმავლებთან ბრძოლას სთხოვდნენ და ვინაობებს უსახელებდნენ!!!

 

 

"მამათმავლობის შავი სატანა დააბიჯებს ეპარქიებში... მამათმავლობენ და მერე ვინ? მიტროპოლიტები, მთავარეპისკოპოსები, არქიმანდრიტები..."

 

 

ზუსტად ათი წლის წინ, 2009 წელს, გაზეთ "ალიაში" მწერალ თამაზ ალავიძესთან ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის სკანდალური ინტერვიუების სერია იბეჭდებოდა. ნიჭიერი კაცი, თამაზ ალავიძე საერო და სასულიერო ხელისუფლებამ ისეთ გაუსაძლის დღეში მოაქცია, რომ მას სხვა გზა აღარ დაუტოვეს და წლებია ემიგრაციაშია წასული... ის და არქიმანდრიტი გრიგოლი (აბაშიძე) "ალიასთან" საპატრიარქოში ჩაბუდებულ მომაკვდინებელ ცოდვებზე საუბრობდნენ და ფაქტობრივად, სააშკარაოზე გამოაიტანეს ყველა ის სიბინძურე, რომელიც ეკლესიაში იყო და არის ჩაბუდებული. მაშინ, ისევე როგორც ნებისმიერ ამ სახის მამხილებელ სტატიას, ამ ინტერვიუებსაც უდიდესი რეზონანსი მოჰყვა. იყო რედაქციაში მოვარდნაც, მუქარაც, დაშინებაც, თუმცა, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ ინტერვიუების სრული ციკლი დაიბეჭდა და ათი ათასობით ადამიანმა ეს ყველაფერი წაიკითხა... დღეს მხოლოდ იმ პატარა მონაკვეთს გავახსენებთ "ალიას" მკითხველს, რომელიც უშუალოდ მამათმავლობას ეხება და დასახელებულები არიან მაღალი იერარქიის სასულიერო პირები. ეს გახლავთ ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც თამაზ ალავიძემ გვიყვება იმ საზარელ ამბავზე, რომელიც უშუალოდ მას გადახდა თავს მონასტერში ყოფნისას და გვაწვდის სკანდალურ დოკუმენტებს, რომელსაც არანაკლები სკანდალური განმარტებაც ახლავს.

 

 

 

ხელწერილი

1988 წლის 13 დეკემბერს სამუდამოდ ვტოვებ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის თანამდებობას. თანახმად აღნიშნული სასწავლებლის (თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის) სტუდენტთა მოთხოვნისა.

თუ აღნიშნული ხელწერილი იქნება დარღვეული, მიცემულ ვიქნე სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

 

ხელწერილი ჩემ მიერაა დაწერილი, რასაც ვამოწმებ.

ზოსიმე

 

 

 

ასლი ეპ. ქრისტეფორეს

ახსნა-განმარტება

(მიმართვა ქართველი ერისადმი)

 

მიმდინარე წელს ჩავირიცხე თბილისის სასულიერო სემინარიაში. ჩემი ეს არჩევანი გამოწვეული იყო, პირველ ყოვლისა, ღვთის რწმენით. ზურგი ვაქციე ამა ქვეყნის სიბინძურეს და ამაოებას, რომ ეკლესიაში მეპოვნა სიწმინდე და სიყვარული, მაგრამ ჩემი აქ სწავლის პერიოდში დავინახე იმდენი უსამართლობა, რომ იძულებული ვარ, დავტოვო სასწავლებელი.

სემინარიის რექტორი დაგვპირდა, რომ თვითონ დატოვებდა ხელმძღვანლის პოსტს, რაც სამართლიან მოქმედებად მიაჩნია სტუდენტთა მოთხოვნის გამო, მაგრამ ამ დანაპირების უგულებელყოფისთვის პროტესტის ნიშნად ვწყვეტ სწავლას.

(თუ რა დავინახეთ ჩვენი აქ სწავლისას, ეს დიდი და რთული ასახსნელია, რაც შესაბამისი ფაქტობრივი მასალით და არგუმენტაციით გამოქვეყნდება შესაბამის დროს, რაზეც ახლა შეგნებულად ვიკავებთ თავს).

სასწავლებელში მიმდინარეობს მოსწავლეთა ზნეობრივი და ფიზიკური გახრწნა, ამიტომ შეუძლებელია ამაზე თვალის დახუჭვა.

ვითხოვთ სემინარიიდან განთავისუფლებას პროტესტის ნიშნად.

მალხაზ აკაკის ძე სხილაძე, მცხოვრები ქ. ზესტაფონში, წულუკიძის ქ. #29-ში

 

 

 

მის ყოვლად უსამღვდელოესობას, მარგვეთის ეპარქიის ეპისკოპოსს ქრისტეფორეს!

თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტთა (ფერაძე, ნიქაბაძე, სხილაძე, ყუთაძე) ერთობლივი

თხოვნა:

თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ, ღვთის მადლით და თქვენი რეკომენდაციით ჩავირიცხეთ თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც ვირიცხებით პირველი კურსის სტუდენტებად, ვსწავლობთ და ვემსახურებით ქართულ ეკლესიას მთელი ჩვენი შესაძლებლობით, ვცდილობთ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმით რამე წვლილი შევიტანოთ ქართული სამოციქულო ეკლესიის უფრორე აღდგინება-აღორძინებაში, მაგრამ ჩვენს გვერდით, ჩვენს სასულიერო სასწავლებელში, სადაც აბსოლუტური სიწმინდე უნდა იყოს, მოხდა საშინელი ინციდენტი (ჩვენს მეგობარს, რევაზ კალაძეს, აღნიშნული სასწავლებლის რექტორმა შესთავაზა ისეთი არაზნეობრივი აქტის შესრულება, რომელიც მიუღებელია არა თუ მორწმუნისთვის, არამედ ნებისმიერი სულით ჯანსაღი ადამიანისთვის).

ჩვენ იძულებულნი ვართ, დავტოვოთ თბილისის სასულიერო სემინარია, რახან იქ ქრისტიან ადამიანებს არ დაედგომებათ.

გთხოვთ, როგორც ჩვენი ეპარქიის ქართველმა და სულიერმა მამამ, მოგვცეთ რჩევა, თუ როგორ მოვიქცეთ. ჩვენი იქ ყოფნა უკვე აუტანელი ხდება, პასუხს დაუყოვნებლივ ველით.

თბილსიის სასულიერო სემინარიის სტუდენტები:

ფერაძე ოთარ, ნიქაბაძე თეიმურაზ, კალაძე რევაზ, სხილაძე მალხაზ.

 

 

 

მის ყოვლად უსამღვდელოესობას, მარგვეთის ეპარქიის ეპისკოპოს ქრისტეფორეს!

 

თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტთა (ფერაძე, ნიქაბაძე, კალაძე, სხილაძე) 1988 წლის 20 დეკემბრის ერთობლივი თხოვნის

პასუხის პასუხი:

 

თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ, დიდად მადლობელი ვართ თქვენგან მოცემული უაღრესად მამაშვილურ რჩევა-დარიგებისთვის, მართალი სიტყვისათვის, მაგრამ რომ გვგონია, გაცილებით რთულად არის მდგომარეობა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიასა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში. ჩვენს თხოვნაში აღნიშნულ საშინელ ინციდენტთან დაკავშირებით თქვენ გვირჩიეთ, რომ მიგვემართა ზემოხსენებული სასწავლებლების რექტორისთვის და უარეს შემთხვევაში, კათალიკოსისთვის. თქვენი რჩევა იყო წმინდა სახარებისეული და ძალზედ ჰუმანური, ჩვენც თქვენი რჩევა ღმერთისგან მოწვდილ სიტყვად მიგვაჩნია და დაუფიქრებლადაც შევასრულეთ.

შევხვდით რექტორს ამ ინციდენტის გასარკვევად და საკვირველების მოწმენი გავხდით: რექტორმა თავი დამნაშავედ სცნო ღმრთისა და ერის წინაშე, აღიარა თავის სისუსტე და წერილობითი აღთქმაც გადმოგვცა საპატრიარქო ბეჭდით დადასტურებული. ჩვენ გაოგნებულნი მივაკითხეთ პატრიარქს, მაგრამ ქალაქში არ იმყოფებოდა. რექტორი ორი დღე არ გამოჩენილა და თითქოს აღთქმა შეასრულა, მაგრამ ჩვენს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ამ ამბით ინფორმირებულმა პატრიარქმა იგი თანამდებობას დაუბრუნა და ჩვენ, როგორც უღირსთ, სემინარიიდან გარიცხვას გვიპირებს. მომხდარის გამო სხვა დასკვნა ვერ გამოვიტანეთ რა, გარდა პატრიარქისგან უღირსი და ჩვენი ერის შეგნებული თუ შეუგნებელი მტრის აშკარა მფარველობისა. კიდევ ერთხელ გთხოვთ, მოგვცეთ რჩევა, როგორც ჩვენმა სულიერმა მამამ, თუ როგორ წარვმართოთ ჩვენი შემდგომი სასულიერო ცხოვრება?

 

თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტები: ფერაძე ოთარ, ნიქაბაძე თეიმურაზ, კალაძე რევაზ, სხილაძე მალხაზ.

 

 

 

უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია I I-ს

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მღვდელმთავრებისგან

თხოვნა

 

ვასრულებთ რა ჩვენს მოვალეობას, ვიყოთ გულწრფელნი და გულმართალნი, მაღალი ღვთისა და თქვენი უწმინდესობის წინაშე მოგახსენებთ შემდეგს:

კულმინაციას მიაღწია საქვეყნოდ ცნობილი მამათმავლების, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, ნიკოლოზის (მახარაძე), ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსის, იოანეს (ანანიაშვილი) და ახალციხელი ეპისკოპოსის, ანანიას (ჯაფარიძე) გარყვნილებამ. მამათმავლობას ეწევა, აგრეთვე, სიონის არქიმანდრიტი, ექვთიმე კოჭლამაზაშვილი. ამ გარყვნილებათა შესახებ არის საკმარისზე მეტი მამხილებელი მასალა.

ზემოთ დასახელებულ პირთა გარყვნილების შედეგად, საქართველოში თვალდათვალ დაეცა ისედაც დამდაბლებული სარწმუნოება, მთელი ქართველი ხალხის მსჯელობის საგანი გახდა ეს სამარცხვინო მოვლენა, ხალხი ჩამოშორდა ეკლესიას და ამ აშკარა უბედურების წინაშე თვალის დახუჭვა ყოველგვარად თვალის მოტყუებაა და დიდი ბოროტება.

ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერელ მღვდელმთავრებს აღარ შეგვიძლია, რომ გულდამშვიდებულად ვუყუროთ ამ ყოვლად საზიზღარ მოვლენას. ხომ ცნობილია, რომ წმიდა ბიბლიის ძველი აღთქმის კანონით ეს ცოდვა სიკვდილით ისჯებოდა? მოგახსენებთ რა ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გასცეთ ბრძანება და ლოცვა-კურთხევა წმიდა სინოდის დაუყოვნებლივ მოწვევის შესახებ. ამ საკითხთა გადაწყვეტას მოუთმენლად ელოდებიან ქართველი ქრისტიანები.

 

(ცერცვაძე) ალავერდელი მიტროპოლიტი 

(ავალიშვილი) ბათუმ-შემოქმედი მიტროპოლიტი

(იორამაშვილი) მანგლელი მთავარეპისკოპოსი

(ჭკადუა) ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი

(ჩახვაშვილი) ბოდბელი მთავარეპისკოპოსი 

(ქათამაძე) ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი

(წამალაიძე) მარგველი ეპისკოპოსი

(ახვლედიანი) აგარაკ-წალკელი ეპისკოპოსი

 

10/12 დეკემბერი 1982 წელი

 

 

 

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, დიმიტრი ქართველიშვილს

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მღვდელმთავრებისგან

 

თხოვნა

გირდგენთ რა ამასთან ერთად იმ თხოვნის ასლს, რომელთაც ჩვენ მივმართეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, მოგახსენებთ შემდეგს. ჩვენ ვიცით, რომ თქვენი მაღალი მოვალეობა ჩვენ არ უნდა შევაწუხოთ ამ საკითხის გამო, მაგრამ ვინაიდან იგი სხვა დონეზე ვერ გადაიჭრა, უკანასკნელმა იმედმა მოგვიყვანა თქვენამდე.

მოგმართავთ მიტომ, რომ სამწუხარო ამბები ხდება, საქართველოს ეკლესია განსაცდელშია.

ბოროტება და სიბილწე გადაეფარა ჩვენს წმიდა ტაძრებს... მორწმუნე ხალხის გრძნობებს იპყრობს სინანული და აღშფოთება... დიდი ხანია, ეკლესიაში შემოიტანეს ბილწი სენი, სამარცხვინო და სავალალო... მამათმავლობის შავი სატანა დააბიჯებს ეპარქიებში... მამათმავლობენ და მერე ვინ? ქუთათელი მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი იოანე, ახალციხელი ეპისკოპოსი ანანია და არქიმანდრიტი ექვთიმე.

დიდხანს ვდუმდით ამ საქმის გამო, წლების მანძილზე არ ვამხელდით ამ ბედშავ ამბავს... გვეუბნებოდნენ, რომ სირცხვილიაო, ჩვენი ნაკლის გარედ გატანა... მაგრამ როდესაც კულმინაციას მიაღწია მამათმავალთა გარყვნილებამ და თავხედობამ, როდესაც ვეღარ იმალებოდა შუბი ხალთაში და შეურაცხყოფილ წმიდა ტაძრებს ოფლი აწვიმდათ სირცხვილის, ჩვენ, რამდენიმე მღვდელმთავარმა, გავბედეთ და ხმა ამოვიღეთ. ამას არ ჰქვია მხილება, ვინაიდან მამათმავლებმა თავად ამხილეს ყოველივე, თავიანთი უტიფრობით და ძირითადად, რაც ეკლესიაში ხდებოდა და ალბათ, აოცებდათ ჩვენი სიჩუმე... ხომ ცნობილია, რომ ნაკლის მხილება და მისი წარმომშობი მიზეზების უმხურვალეს შანთით ამოწვა ბრძენთა შორის ქებული არის და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართეთ თხოვნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ამ საქმის გამო, მაგრამ შედეგი? დაპირება... დაფიქრება... დროის გაყვანა და აბობოქრდნენ შურისძიებისთვის ეკლესიისა და ადამიანთა ღირსების წინაშე საშინელი დამნაშავენი... ენა ვერ გამოთქვამს იმ სიძულვილსა და მრისხანებას, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ ანთხევენ ეკლესიის მტრები და მფარველნი მათი. ზღვარი აღარ აქვს მტრულ აქციებს, ჩვენს წინააღმდეგ აზვირთებულა ბოროტება და მძიმე ცოდვა, სიწმინდის მტერი... ჩვენ ვითხოვეთ სრულიად მარტივი და აბსოლუტურად სამართლიანი რამ: საქართველოს საეკლესიო დებულების მე-19 მუხლის თანახმად, წმიდა სინოდზე განეხილათ ჩვენი თხოვნა, მაგრამ არ მოჰყვა სამართლიანი შედეგი ჩვენს ოთხგზის თხოვნას. უარი გვითხრეს წმიდა სინოდზე განეხილათ ჩვენი თხოვნა, ისევ და ისევ იმ მიზეზით, რომ სირცხვილიაო ამ საკითხის გახმაურება. ვაი, სირცხვილო, საშინელო!.. სამარცხვინოს ხელს აფარებენ და მის აღმოფხვრას აცხადებენ ნამდვილ სირცხვილად... სინამდვილეში ხდება ის, რომ გაურბიან კანონს და განსჯას. შემცოდავ ადამს ეშინია მაღალი ღვთისა და ლეღვის ფოთლებს აფარებს სხეულს, მაგრამ ფოთლები ვერ დაჰფარავს იმის სიშიშვლეს...

ჩვენ ეს საკითხი მთელი პატიოსნებისა და სიმართლის დაცვით აღვძარით. ჩვენ ისე მოვიქეცით, როგორც გვასწავლის მთავარმოციქული პავლე: „და რომელნი იგი სცოდვიდენ წინაშე ყოველთასა ამხილე, რათა სხვათა მათ ეშინოდის“ (ტიმოთე 5,20). ჩვენ, თუმცა დაგვიანებით, მაგრამ მაინც ვამხილეთ ცოდვილნი არა „წინაშე ყოველთასა“, არამედ კათოლიკოს-პატრიარქისა და წმიდა სინოდის წინაშე, მაგრამ ვინაიდან ჩვენი დევნა და ცილისწამება მოჰყვა ამ მხილებას, გადავწყვიტეთ. რომ გვემხილებინა სოდომური ცოდვის ჩამდენნი „წინაშე ყოველთასა“, ე. ი. მთელი ქართველი ხალხის წინაშე.

ჩვენ ასე გვწამს და ასე გვჯერა, ეკლესიას პატივს უნდა სცემდეს ყოველი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რელიგიურია იგი თუ ათეისტი, ყველა თანაბრად უნდა მოითხოვდეს ეკლესიაში მსახურთაგან აუცილებელ სიწმინდეს და პატიოსნებას... და რადგანაც ეს ყოველივე უსაზიზღრეს ფორმებშია დარღვეული ჩვენს ეკლესიაში, ამისთვის მიგვაჩნია, რომ ამ ვითარებით შეურაცხყოფილია ყველა ქართველი ადამიანი, შეურაცხყოფილია ყოველივე, რითაც კი ძვირფასია ჩვენი სამშობლო... ასეთი აზრებით და ასეთი შეგნებით დატვირთული გრძნობებით ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ მამათმავლების გვერდით სინოდსა და ეკლესიაში. სხვა ვარიანტი ამ საკითხის გადაჭრისა არ არსებობს... საქართველოს ეკლესიაში სიმშვიდე და წესიერება ვერ დამყარდება, ვიდრე იქ ბობოქრობენ და პროვოკაციებს აწყობენ მამათმავლები... თვენახევარია, ჭიანურდება ჩვენ მიერ აღძრული ამ საკითხის გადაჭრა და ვერ გადაიჭრა... სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ, ამისთვის გავკადნიერდით და მოგმართავთ თქვენ, გთხოვთ, დაეხმაროთ ჩვენი სამშობლოს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და თქვენი მაღალი მდგომარეობით იხსნათ იგი უწმინდური მღვდელმთავრების თარეშისგან. თუ თქვენგანაც ვერ მივიღებთ ამ სანუკვარ დახმარებას, ჩვენ საბოლოოდ დაგვრჩება, რომ გავიხადოთ ჩვენი სამღვდელო შესამოსელი და ვაუწყოთ ქართველ ხალხს მიზეზი ჩვენი ასეთი მოქმედებისა.

 

(ავალიშვილი) ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი

(ქათამაძე) ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი

(წამალაიძე) მარგვეთელი ეპისკოპოსი

 

1982 წ.

 

 

 

 

 

 

_ ეს იყო 1982 წლის საბედისწერო გაზაფხული. დრო, რომელიც ჩემი ცხოვრების უბედურებად იქცა _ დამაკარგვინა მრწამსი და ადამიანური ღირებულების ძებნა ჩემს გონებაში უტოპიად წარმომიდგინა. იდგა 82 წელი. აღდგომის დღეები ახალი გადავლილი იყო. მე მქონდა მცირე მონასტრული ცხოვრების გამოცდილება და საქართველოს პატრიარქის ინიციატივით, საბერო ყმაწვილი მის გვერდით ვტრიალებდი. მიხდებოდა პატრიარქთან ერთად სადილზე ყოფნა, ყოველთვის ვიჯექი მის მარცხნივ და `მამაო ჩვენოს~ ლოცვის წაკითხვა მე მევალებოდა. წარმოიდგინეთ დღესაც კი ვთვლი, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების საინტერესო მონაკვეთი, მიუხედავად მას შემდეგ განვითარებული მოვლენებისა. ერთ დილას საპატრიარქოში მოვიდა ჭყონდიდელი მთავარი ეპისკოპოსი იოანე ანანიაშვილი, რომელიც მანამდე არ მენახა. იგი ქორეპისკოპოს კონსტანტინეს კაბინეტში გამეცნო და ერთმანეთთან 15-წუთიანი გასაუბრების შემდეგ აღფრთოვანებული (ეს გამოხატა) ოთახიდან გავიდა. ერთი საათიც არ იყო გასული, ის კვლავ დამეკონტაქტა და მითხრა: მე პატრიარქს ვთხოვე, ცოტა ხნით დასასვენებლად ჩემს სახლში მენჯში წაგიყვანო, რაზეც თანხმობა მივიღეო.

 

ბუნებრივია, წუთის წინ გაცნობილ კაცთან სახლში "დასასვენებლად" წასვლა, რა იერარქიისაც არ უნდა ყოფილიყო ის, ცოტა უცნაურად მომეჩვენა და პატრიარქთან ავედი. როცა მას ვუთხარი, რომ ასეთი რამ მითხრა მთავარეპისკოპოსმა იოანემ და რა ვქნა-მეთქი, მან მშვიდად მომიგო, რომ ჩემი ნება იყო ამის გადაწყვეტა, თუ სურვილი მქონდა, წავსულიყავი, თუ არა, მასთან დავრჩენილიყავი. ჩემთვის იმ ასაკში კი არა (მაშინ 21 წლის ვიყავი), ახლაც კი ძნელი იქნებოდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება და მართალი გითხრათ, დავიბენი. როცა გაოგნებული დაბლა ჩამოვედი, იოანე შემეგება და მითხრა: ორი ბილეთი უკვე შევუკვეთე მატარებელზე და ამაღამ მივდივართო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, იძულებით გავემზადე წასასვლელად.

 

 

 

ამ პროცესში საპატრიარქოს კართან შემხვდა ჩემი ახლად შეძენილი მეგობარი, რომელმაც ჭიათურის მაცხოვრის მონასტერში მნახა და მირჩია, თბილისში პატრიარქთან ჩამოვსულიყავი. სწორედ მან მითხრა, იოანე ანანიაშვილთან ფრთხილად იყავიო. დღეს ეს კაცი მოქმედი ეპისკოპოსია და როცა ტელეფონით შევეხმიანე, ამნეზია დაემართა, ვეღარ გამიხსენა. ასე რომ, მე მაინც ვერ გავართვი თავი მანამდე ჩემთვის გაუგებარ ამ სირთულეს და დილით უკვე იოანეს სახლში ვიყავი. ისეთ დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები, მანამდე რა მოხდა, უფრო ძირითად მომენტებზე გავამახვილებ ყურადღებას. იოანემ მომატარა სხვადასხვა ადგილები, მათ შორის თეკლათისა და შუშანიის მონასტრები. ერთ საღამოს მას რამდენიმე სასულიერო პირი ესტუმრა, მათთან ერთად მაგიდასთან მეც ვიჯექი. ისინი შამპანურს სვამდნენ (იოანეს გარდა, ყველა) და რატომღაც ინტიმურ თემებზე ლაპარაკობდნენ, რომელიც ძირითადად კაცებს ეხებოდა. ჩემთვის ეს ახლაც კი წარმოუდგენელია, სასულიერო პირი ასეთ თემებს იხილავდეს და გამოვთქვი პროტესტი, რაზეც იოანემ დამამშვიდა - შენ ჯერ ბევრი რამ არ იციო. მე მივატოვე ისინი და დასაძინებლად ავედი.

 

 

შუაღამისას გავიგონე იოანეს ხმა, მასაჟს მთავაზობდა... მე ვიწექი "ზალაში", საიდანაც მთავარეპისკოპოსის საძინებელი ოთახი პირდაპირ მოჩანდა. როცა თავი წამოვწიე, მკრთალი აბაჟურის შუქზე დავინახე, როგორ ეჯდა ზემოდან პირქვე დაწოლილ მთავარეპისკოპოს იოანეს ერთი ჩაფსკვნილი, გაბურძგნული, აქოშინებული ბერი, რომელიც, ალბათ, "მასაჟს" უკეთებდა. ელვისებურად წამოვფრინდი საწოლიდან, სახლიდანაც სწრაფად გამოვედი და თეკლათის მონასტრისკენ ავიღე გეზი, რადგან იქ ერთი მოხუცებული, ბრწყინვალე ბერი, მამა კონსტანტინე მეგულებოდა.

 

 

შუაღამისას შევუდექი მონასტრის გზას, სასაფლაოსთან ერთი ბიჭი გადამიდგა, რომელმაც მთხოვა: მამა ახალი გარდაცვლილი მყავს და ერთი ჭიქით შემეწიეო. როცა ზრდილობიანი უარი ვუთხარი, მეორე ახალგაზრდაც გამოვიდა ბნელიდან და როდესაც უკვე ხელი მომკიდეს შიგნით შესაყვანად, უმალ დარწმუნდნენ, რომ ვერ მომერეოდნენ. სწორედ იმ მომენტში ბნელიდან გადმოხტა ის ბერი, რომელიც იოანეს ზურგზე ეჯდა და სიტუაცია განმუხტა. შევამოკლებ სათქმელს... უკვე მონასტრის გზაზე მიმავალს დამედევნა ავტობუსი, სადაც იმ ორ ახალგაზრდასთან ერთად თხუთმეტიოდე კაცი იყო. ბევრი უსიამოვნო ხიფათის შემდეგ, როცა ტყეზე გამავალი გზა საერთოდ არ ვიცოდი, ორიენტაციით, დიდი ხეტიალის შემდეგ გარიჟრაჟზე ისევ იოანეს სახლს მივადექი, სადაც მისი მისაღები ოთახიდან შუქი გამოდიოდა. მე იქ ჩემი ჩანთა მეგულებოდა და იმის გულისთვის მივედი. ფეხაკრეფით გავიარე კორიდორი და კარი შევაღე. იოანე სამუშაო მაგიდასთან იჯდა, ხოლო ის ორი ახალგაზრდა - მის წინ. როცა მათ ჩემკენ გამოიწიეს, იოანემ დააწყნარათ: გაჩერდით, თქვენ თამაზს ვერ მოერევით და აქ რამე უბედურება არ მოხდესო. ამის შემდეგ ავიღე ჩემი ჩანთა და მისი სახლიდან მენჯის ტრასამდე ოღროჩოღრო გზა დიდი სისწრაფით ჩამოვირბინე იმის შიშით, რომ არავინ ყოფილიყო ჩასაფრებული და ჩემთვის არ ესროლათ. ბედზე ტაქსი შემხვდა და ჩემს ახლობელთან ჩხოროწყუში წავედი. სამი დღის შემდეგ ჩამოვედი თბილისში და პატრიარქს მოვახსენე ყველაფერი. ცოდვა გამხელილი სჯობსო და მართალი გითხრათ, პატრიარქის დამოკიდებულება ამ საქმისადმი ცოტა უცნაურად მეჩვენა. ამის გამო მე ის უჩუმრად მივატოვე და აქედან გადავიხვეწე. დიდი ხანია, ვწვალობ და მაინტერესებს, იცოდა თუ არა მანამდე ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა?

 

- რასაც თქვენ იხსენებთ, საშინელებაა და თავზარდამცემი. ბატონო თამაზ, რატომ არ იღონეთ არაფერი იმის გასარკვევად, იცოდა თუ არა ამ მთავარეპისკოპოსის მამათმავლობის შესახებ პატრიარქმა?

 

-2001 წელს მეორე ოპერაცია ახალი გაკეთებული მქონდა და მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. მაშინ შევხვდი უწმინდესს, რომელმაც დახმარება აღმითქვა, თუმცა ვეღარ მივაღწიე მასთან. 2008 წლის ნოემბრის ბოლოს, ამოდენა ოპერაციების შემდეგ კვლავ გამისკდა კუჭის წყლული და პირიდან სისხლს ვარწყევდი... მომაკვდავმა დავუწერე პატრიარქს წერილი, სადაც ბოლოს ვწერდი, რომ მრავალჭირგამოვლილი ძე დავუბრუნდი, მე იქ აღვნიშნავდი, რა მჭირდებოდა და რა გამომიყვანდა მდგომარეობიდან, რაც ჩემთვის ერთგვარი ტესტიც იყო. პატრიარქმა რამდენჯერმე გამიწია დახმარება, რამაც ცოტა ხნით წინ წამწია, მაგრამ ჩემი ძირითადი თხოვნა მაინც უარყოფილი იქნა, თუმცა თითქოს მისგან წამოსული ხმები გარკვეულ ხანს ამაოდ მაიმედებდა.

 

- დარწმუნებული ვარ და წყალი არ გაუვა იმას, რომ იმ საშინელების შემსწრე 21 წლის ჭაბუკი შეიძლება აპათიაში ჩავარდეს ან ეს ცხოვრება სამარადჟამოდ დასწყევლოს და საზოგადოებისგან გაიქცეს. ესე იგი, ეს გახდა მიზეზი თქვენი შემდგომი ასეთი ცხოვრებისა?

 

-მე ინტერნატში გავიზარდე, სადაც ერთი შესანიშნავი მასწავლებელი მყავდა, ანიკო ბადალაშვილი. ადრე გარდაიცვალა ცხონებული, ის მეუბნებოდა: საზოგადოება კარგია, ხალხი თბილია, შენ ნახავ, აქედან რომ წახვალ, ისინი გულში ჩაგიკრავენო. ასე მესახებოდა თავისუფალი სამყარო და ვოცნებობდი მეც მასზე, მაგრამ რა მივიღე მისგან? სიცივე და დახშული კარი, რომელშიც ჩემნაირი უპატრონო ადამიანებისთვის ძალიან ძნელი ყოფილა შეღწევა. რადგან ეს ღირებულებები ვერ ვიპოვნე, გადავწყვიტე, `იოლი~ გზით მიმეგნო მისთვის და ასე აღმოვჩნდი მონასტერში, ვფიქრობდი, რომ ყველაზე აღმატებული ადამიანური სული იქ უნდა ყოფილიყო. როცა იქ ის ვნახე, რაც ზემოთ მოგახსენეთ, შეიძლებოდა, იქიდან წამოსვლის შემდეგ სადმე მეძებნა რამე? ამის გამო ადამიანი ჩემთვის საშიში გახდა და ყოველი მათგანი ჩემში ეჭვს იწვევდა. აი, ჭეშმარიტი მიზეზი ჩემი დღევანდელი მდგომარეობისა, რომელიც კოშმარი გახდა უკვე ჩემთვის. 

 

- ბატონო თამაზ, ყოველივე ამის გამგონეს, ქართული ანდაზა მახსენდება `ერთმა ბინძურმა ღორმა ასი ღორი გასვარაო~... ეს ყველაფერი საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტს ალესილი ნაჯახივით ხომ არ ურტყამს?

 

-როცა ქართული ეკლესიის სახეზე ასეთ კონტექსტში მიხდება საუბარი, ბოდიშს ვუხდი იმ პატიოსან და ვაჟკაც სასულიერო პირებს, რომლებსაც ჩემი ცხოვრების მანძილზე შევხვედრივარ და კაცთმოყვარეობის მეტი არაფერი შემინიშნავს მათში, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ამინდს ვერ ქმნიან ერში. ეს რეალობაა და თუ ვინმეს ჰგონია, ქვეყანას ერთეული პოლიტიკოსები ღუპავენ, ძალიან ცდება, რადგან ისტორიაში საქართველოს ყველაზე დიდი აღზევება ეკლესიიდან მამათმავლების გამოყრის შემდეგ დაიწყო. წარმოიდგინეთ, დავითს რომ თანამედროვე ტიპის ექსპერტიზა ჰყოლოდა, რარიგ გაუადვილდებოდა მამათმავალი სასულიერო პირების მხილება, ჩვენ კი რა გვჭირს? კაცი აღარ დარჩა, ქვეყანაზე, არც პოლიტიკაში და არც ინტელიგენციაში რომ ხმა ამოიღოს? თუ ჩემნაირ გიჟებს ელოდებით, რომ ესენი ვამხილო და მერე სიამოვნებით მიყუროთ, როგორ ჩამქოლავენ პედერასტები? გადაშალეთ ბიბლია, წაიკითხეთ, რატომ დაიღუპა სოდომი და გომორი და მიხვდებით, რატომ იღუპება ჩვენი სამშობლო ასე უმოწყალოდ. მე, მწერალი თამაზ ალავიძე, თავს ვწირავ, როცა ამას ვაცხადებ და თუ ამჯერად კაცი ან ქალი ვერ გამოვა შიშით და სოლიდარობას მაინც არ გამომიცხადებს ამ ბრძოლაში, მაშინ მზად იყავით ხვალ იმისთვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენი ვაჟი ან შვილიშვილი წარგიდგებათ თავშლითა და უკანალის ქნევით და გეტყვით, რომ გათხოვებას აპირებს. მე კი სიამოვნებით წავალ აქედან, თუნდაც სიკვდილით და ვიტყვი, რომ ლაჩრების ქვეყანაში არაფერი მესაქმება...

 

-ბატონო თამაზ, როცა ეს დოკუმენტები პირველად ვნახე, სიმართლე გითხრათ, აპათიაში ჩავვარდი, საიდან ეს დოკუმენტები?

 

-უფალი ამბობს, _ არა არს დაფარული, რომელიც არ გამჟღავნდეს!.. ასე რომ, ყველაფერი, რაც კი რამ მოხდება, ის იქნება გამჟღავნებული. ხალხის, საზოგადოების აზრი ჩვენი წინა ინტერვიუების გაცნობის შემდეგ, ძირითადად, ასე ჩამოყალიბდა, _ თითქოს, ჩვენ არ გვაქვს არავითარი დოკუმენტები, ვლაპარაკობთ ჰაერზე და ა. შ. საუბედუროდ ასე არ არის. ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, რომლებითაც, საქართველოს წმინდა სინოდია ეს თუ წმინდა ბუნაგი, ძალიან შეირყევა(!!!) შეირყევა თვითონ ის სინოდი და არ არის გამორიცხული, რომ პატრიარქი დარჩეს 7-8 კაცის ამარა. ბოლოს ისე არ გახადონ საქმე, რომ მთავარ არტერიას მივადგეთ. საზოგადოებრივი აზრი ასე ჩამოყალიბდა, _ ეკლესიური საკითხები გაირჩეს ეკლესიაში! ვარ მაგის მომხრე, კი ბატონო, გაირჩეს ეკლესიაში, მაგრამ ეს საკითხები გაარჩიოს იმ ხელმძღვანელმა, რომელიც მამაძაღლობებში არ არის შემჩნეული. ახლა რაც შეეხება ამ დოკუმენტებს. ჩვენ ვდებთ პირველ დოკუმენტს მთავარეპისკოპოს ზოსიმესთან (შიოშვილი) დაკავშირებით. მთავარეპისკოპოსი ზოსიმე, ჩემო ბატონო, გახლავთ წილკნის ეპარქიის მმართველი. 1625 წლის ივლისში მოხდა მარაბდის ბრძოლა. ქართველ ერს არ უნდა დაავიწყდეს, რომ მარაბდის ბრძოლის წინ წილკნის ეპისკოპოსმა ქართული ლაშქარი აზიარა და შემდეგ ჯვრითა და ხმლით ხელში წაუძღვა წინ ლაშქარს. როცა ომი დამთავრდა, უამრავ დაღუპულ ქართველს შორის ამოიცნეს წილკნის ეპისკოპოსი, რომელიც, დაახლოებით, 26 ისრით იყო განგმირული. ამ დოკუმენტის მიხედვით, წილკნის იმ სულმნათ ეპისკოპოსს წილკნის დღევანდელ მთავარეპისკოპოს მეუფე ზოსიმეს თუ შევადარებთ, დასკვნა კატასტროფული იქნება. დააკვირდით დოკუმენტს, ცოდვაში ჩავარდნილი ზოსიმე შიოშვილი, გახმაურებული სკანდალის გამო, რასაც სტუდენტების პროტესტი მოჰყვა, თავის ნებით ტოვებს სასულიერო აკადემიის რექტორობას, მიდის ეკლესიიდან, მაგრამ... პატრიარქმა ის თანამდებობაზე დააბრუნა და საეკლესიო ხარისხი მოუმატა, _ მთავარეპისკოპოსი გახადა(!!!).

 

- საიდან ეს დოკუმენტები?

 

- ჩვენ ეს დოკუმენტები მოგვაწოდეს რიგმა სასულიერო პირებმა. ზოგიერთი კი აბჟუტურებულები არიან და ჩვენზე იძახიან, რას ამბობენ და რას ლაპარაკობენო? მაგრამ იჟრიამულონ ცოტა ხანი, ადრე თუ გვიან, თავისი სახელი დაერქმევა, ჯერ ამ პედერასტებს მივხედავთ და მერე მათ მფარველებსაც გავცემთ პასუხს, ასე ვთქვათ... აქ, იცით, რა ხდება? მე მინდა საპატრიარქოსა და პატრიარქს ვკითხო: ყველას კარგად მოეხსენება მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალული ბერი გაბრიელის საფლავის შესახებ (ინტერვიუ ჩაწერილია 2009 წელს, როდესაც წმინდა გაბრიელის საფლავი ჯერ კიდევ მცხეთის დედათა მონასტერში იყო – რედ.). მის საფლავთან ყველაზე ახლოს დასაფლავებულია იოანე ანანიაშვილი, კაცი, რომლის შესახებაც ჩემს პირველ ინტერვიუში ვსაუბრობდი. კაცი, რომელიც მამათმავლობისთვის განკვეთილი და გაგდებული იყო ეკლესიიდან, მთავარეპისკოპოსის ხარისხში სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში, გაბრიელ ბერის გვერდით განისვენებს. ერთმა სასულიერო პირმა ისიც კი იხუმრა, ბებიაჩემი და ბაბუაჩემიც კი არ არიან ისე ახლოს დასაფლავებულნი, როგორც ბერი გაბრიელი და იოანე ანანიაშვილიო... ეს კაცი არ იყო აღდგენილი მთავარეპისკოპოსის ხარისხში, იყო განკვეთილი და რატომ დაასაფლავეს სამთვროს დედათა მონასტრის ეზოში? ციხე ჰქონდა, კაცო, მამათმავლობისთვის მოხდილი, ორწელიწადნახევარი თუ სამი წელი იჯდა. ახლა მეორე საკითხზე მოგახსენებთ, ჩემო ბატონო... ვარანცოვზე, როგორც მოგეხსენებათ, არის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. საკუთრხევლის წინ, გარეთ, ეკლესიის ეზოში დაკრძალულია "დეიდა კოლად“ წოდებული მიტროპოლიტი ნიკოლოზი (მახარაძე).

 

- ბატონო თამაზ, ახლა ჭკუიდან შევიშლები, რა უბედურებაა "დეიდა კოლა“?

 

- მას ასე დაარქვეს სასულიერო პირებმა,  - "დეიდა კოლა“... ესეც ასევე მამათმავლობისთვის იყო განკვეთილი ეკლესიიდან, მაგრამ მიტროპოლიტის ხარისხში საკურთხევლის გვერდით არის დაკრძალული, მაშინ, როდესაც ამ ეკლესიის აღმდგენელი, პატიოსანი მღვდელი მამა გრიგოლი (გოცირიძე) საერთოდ დაკარგეს იქიდან და მისი საფლავი სადღაც საერო სასაფლაოზე გადაკარგეს. თუკი რამე საზოგადოებრივ ამბავში საპატრიარქო აღმოჩნდება გარეული, რა ვიცი, მდივან-მემანქანეებიანად ყველანი ერთმანეთს ასწრებენ გამოსვლას ტელევიზიით, _ არიქა, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ჩვენ ასე ვართ, ჩვენ ისე ვართ და რატომ დუმს საპატრიარქო ამ საქმეებზე? იოანე ანანიაშვილმა სასამართლოზე ასეთი რამ თქვა: `სულელნი ვითომდა სიმართლეს მეტყველებენ, ხოლო ბრძენთა ჰქმნეს დუმილიო!“ და სასამართლომ მას, მგონი, ორწელიწადნახევარი ციხე გადაუწყვიტა... ე. წ. წმინდა სინოდსა და საპატრიარქოსაც ასე ხომ არ მოუწევს? ეგ მოხდება და ერი ყველას გამოუტანს განაჩენს. გამცენ პასუხი და საზოგადოებას გასცენ პასუხი, რატომ მოხდა ეს ფაქტები?

 

- თქვენ აქ მეორე დოკუმენტიც გაქვთ წარმოდგენილი...

 

- დიახ, ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ხუთი მღვდელმთავარი აწერს ხელს მაშინ, როცა სინოდში იმ დროს 12 მღვდელმთავარი იმყოფებოდა. შეძლება საზოგადოებამ იფიქროს, რომ იმ დარჩენილი 7 მღვდელმთავრიდან ორმა თუ თავი შეიკავა, დანარჩენი ხუთი ხომ ცალკე ნაპირზე იდგაო? მაგრამ ასე არ ყოფილა, _ ცალკე ნაპირზე კი არ იდგა, იმ დარჩენილ ხუთ კაცში მოიაზრებიან მიტროპოლიტი ნიკოლოზი (მახარაძე), მთავარეპისკოპოსი იოანე (ანანიაშვილი) და დღევანდელი მოქმედი მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), რომელთა განკვეთის საკითხი იდგა. მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) შესახებ მამხილებელი საბუთები რომ ჰქონდათ მღვდელმთავრებს, ეს დაფიქსირებულია მეუფე შიოს (ავალიშვილი) წერილებში და ასე შემდეგ... რატომღაც, მოხდა ისე, რომ ანანია გადარჩა, ხოლო მახარაძე და ანანიაშვილი გამოაბუნძულეს. ჩვენ ის დოკუმენტიც გვაქვს ილია II-ის ხელმოწერით, სადაც იგი მღვდელმთავრებს მოუწოდებს, რომ აღადგინონ განკვეთილი მახარაძე, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა.

 

 

ალია