05 ნოე 2019 20:34 7615

საქართველო ბანკროტად გამოცხადდება? - კატასტროფა გველოდება

 

 

კიდევ რომელ პროდუქტებზე გაიზრდება ფასები, რა ელის დაბეჩავებულ ლარს და რატომ ჩართო "სამტრედიის აღორძინების" საქმეში ივანიშვილმა რუსული კომპანია?

 

 

"ზოგადად ასეა, როცა რამეს დაწერ და გამართლდება, გიხარია. ეს ის შემთხვევაა, როცა დაწერ, გამართლდება და არ გიხარია, გირჩევნია ტყუილი იყოს. ზუსტად ასე ვართ ახლა. ცოტა ხნის წინ დავწერეთ, რომ ოქტომბრის ბოლოს სიგარეტი ისევ გაძვირდებოდა და ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, როგორც ეს ახდა. თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ არის ბოლო გაძვირება, ახალ წლამდე სიგარეტი ისევ მოიმატებს, გაზაფხულზე ისევ და გაძვირდება მანამ, სანა თითო კოლოფის ფასი მინიმუმ 7 ლარი არ გახდება, ნორმალური სიგარეტი კი 10 ლარი ეღირება. 

ისევ სამწუხარო ინფორმაციით გავაგრძელოთ - წელს, ანუ უახლოეს ორ თვეში კვლავ მოიმატებს ფასები პურ-პროდუქტებზე და გაძვირდება ლუდიც. წესითა და რიგით, ზამთარში ლუდი არ უნდა ძვირდებოდეს, მაგრამ... ლუდის დასამზადებელი პროდუქციის უდიდესი ნაწილი შემოდის და შესაბამისად, შემოდიოდა რუსეთიდან. ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან კი ურთიერთობა გაფუჭებულია, საჰაერო ფრენები დასრულებული და აგერ ბატონო, ლუდიც გვიძვირდება. შესაძლოა ეს კატასტროფულად არ აღიქვას მომხმარებელმა, მაგრამ ზაფხულის სეზონზე ლუდის მოყვარულები აუცილებლად იგრძნობენ სხვაობას.

ეროვნული ვალუტა ჯიუტად დგას ერთ ადგილზე და მხოლოდ უმნიშვნელო რყევებს განიცდის. ანუ, ხელისუფლება ისევ მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ლარი 3.0-იან ნიშნულამდე არ მივიდეს, თუმცა ამის გაკეთება ნაახალწლევს გაუჭირდება. ანუ, ახალი წლის წინ ლარი ისედაც მყარდება, რადგან მოთხოვნადი ხდება, როგორც კი საახალწლო ორომტრიალი ჩაივლის, ეროვნული ვალუტა უფასურდება და ახალი დარტყმა სწორედ ამ პერიოდზე მოვა. ამისათვის ხელისუფლებას მოუწევს ახალი რამ მოიფიქროს და ეს „ახალი“ კარგად დავიწყებული ძველია. ეროვნული ბანკი ახალი წლის წინა დღეებში ბაზარზე 50 მილიონამდე დოლარის გაშვებას აპირებს, რომ დარტყმა შეარბილოს, მაგრამ...

„ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო დონის ექსპერტებს შეხვდა. ყველამ ერთი და იგივე პასუხი გასცა - ვალუტის სიმყარეს მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განაპირობებს, ეს კი ამ ეტაპზე გამორიცხულია. დაძრულია წყალტუბოს პროექტი და უკვე გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ 22 სასტუმროსა და 9 აბანოს შეძენას ივანიშვილი დოლარებში აპირებს. ეს ინვესტიციად ჩაითვლება და რასაც ახლა ეტყვით, არსად არავის არ უთქვამს. პარტნიორებად ივანიშვილს რუსული კომპანია ჰყავს და ძირითად სამუშაოებსაც სწორედ რუსული კომპანიები შეასრულებენ. ზოგადად, წყალტუბო რუსებისთვის უფრო ნაცნობი და მიღებულია, ვიდრე ევროპისთვის. სანამ ევროპელები ამ კურორტს გაიცნობენ, 2-3 წელი გავა, დრო კი არ ითმენს. ამიტომ, გათვლა და დათვლა სწორედ რუს მომხმარებელზეა და რუსული კომპანია ამის პოპულარიზაციას მოახდენს“, - გვეუბნება ექსპერტი, რომელიც „ოცნებაზე“ აგერ უკვე წელიწადზე მეტია, მუშაობს.

ის, რომ წყალტუბოს გამოსყიდვისა და დასასვენებელ ზონად ქცევის საქმეში რუსული კომპანიაა ჩართული, სხვა წყარომაც დაგვიდასტურა. რაც მთავარია, ხელისუფლება ამის დამალვას არ აპირებს და როგორც კი საქმე დაიძვრება, მაშინვე იტყვიან, რომ საქმეში რუსებიც არიან. თუმცა, საეჭვოა, ოპოზიციამ ამაზე ბევრი იყვიროს, რადგან მთავარი ინვესტორები თავის დროზეც რუსები იყვნენ და ზოგადად, რუსული კაპიტალი ყველაზე მასობრივია ქართულ სინამდვილეში.

ამას წინათ საქართველოში ახალი ჰესების მშენებლობა დავაანონსეთ. აღნიშნულ პროექტზე მუშაობა უკვე სრული სვლით მიმდინარეობს და ხელისუფლება ინიციატივას აუცილებლად დააყენებს. საქმე ისაა, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, საქართველოში მასშტაბურ პროექტებს არავინ ანხორციელებს. კარს მომდგარი ანაკლიის პროექტიც პრაქტიკულად ჩავარდნილია და თუ ეს თემა არ დაიძვრება, გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც კატასტროფა გველოდება. კატასტროფაში კი ქვეყნის ბანკროტად გამოცხადებას ვგულისხმობთ, ანუ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებენ დასკვნას, რომ საქართველო ვერ აწარმოებს ისეთი მასშტაბებით ვერაფერს, რომ თავი ირჩინოს, ვერ აინტერესებს ინვესტორებს, ვერ იხდის საგარეო ვალებს (ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია) და დაგვემართება ის, რაც საბერძნეთს.

რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა და იმედია, ხელისუფლება მანამდე გამოსავალს იპოვის. ჩვენ კი ის ვთქვათ, რაც უახლოეს მომავალში გველოდება.

„მოსახლეობას ასე თუ ისე, წინასაარჩევნოდ შემოსავალი გაუჩნდება. უკვე ფუნქციონირებს პრაქტიკულად ყველა შტაბი, ივანიშვილის შეხვედრებს აქტივთან უკვალოდ არ ჩაუვლია. ბატონი ბიძინა მათ უკეთეს მომავალს დაპირდა და შტაბში დასაქმებულები ხელფასს უკვე იღებენ. ანუ,  უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, აქტივი ხელფასს პრაქტიკულად არაფერში მიიღებს. ამიტომ, უახლოეს მომავალში „ოცნებას“ ბიზნესმენები შემოწირულობებს გაუკეთებენ რათა პარტიამ აქტივისთვის ხელფასის გადახდა შეძლოს, რომელიც თვეში მილიონ ლარზე მეტი უჯდება.

„ადგილებზე მოქმედი შტაბები აუცილებელია, რადგან ნებისმიერ დროს შეგიძლია, ეს აქტივი კონკრეტულ ადგილზე მიიყვანო. მაგალითად, თითო შტაბიდან ასი კაცის მობილიზება შესაძლებელია დაახლოებით ნახევარ საათში, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, 10 ათასი კაცი უცებ შეიკრიბება. ამის გაკეთებას კი ჩვენს გარდა ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს და ეს უდიდეს უპირატესობას გვაძლევს“, - გვეუბნება „ოცნების“ დეპუტატი.

ასე ოპერატიულად ხალხის შეკრება კი მმართველ გუნდს შესაძლოა გაზაფხულზევე დასჭირდეს, ანუ მაშინ, როცა სააკაშვილის ახალგაზრდული ფრთა გააქტიურდება და პატარ-პატარა, მაგრამ ინტენსიურ აქციებს დაიწყებს რეგიონებში. კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში უკვე გამოჩდნენ ჯგუფები, რომლებიც სოფლებში კარდაკარ დადიან, ამბობენ, რომ მათ არ სჭირდებათ ამომრჩევლის ხმა და უბრალოდ პრობლემებს სწავლობენ. ამის გამო, მათ მიმართ ნდობა ჩნდება, აქაოდა, თუ ხმა არ უნდათ, ე.ი. მართლა ჩვენი ბედი აღელვებთო და შემდეგ, ეს შესწავლილი პრობლემები თავს „მთავარის“ საინფორმაციო სამსახურში იყრის და უმწვავესი სიუჟეტებიც კეთდება.

სხვათა შორის, ხელისუფლების შიგნით უკმაყოფილებას არ მალავენ „რუსთავი-2“-ის მუშაობით. ყველას ეგონა, რომ არხიდან ნიკა გვარამიას წასვლის შემდეგ, „რუსთავი-2“ „იმედის“ რელსებზე გადავიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. აღნიშნულის შესახებ უკვე უთხრეს ტელეკომპანიის საინფორმაციოს ხელმძღვანელსა და დირექტორს, თუმცა ისინი ბოიკოტითა და სკანდალით წასვლით დაიმუქრნენ. ახლა კი ამ თემის აგორება და იმის დადასტურება, რომ ტელეკომპანიისთვის ლაგამის ამოდება სურთ, ხარაკირის ტოლფასია.

ამის მიუხედავად, მმართველი გუნდის რამდენიმე ლიდერი კატეგორიულად ითხოვს „რუსთავი-2“-ის საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლას და როგორც ჩვენ გვითხრეს, ამის თაობაზე ქიბარ ხალვაშსაც კი ესაუბრნენ, თუმცა ჯერჯერობით გამოსავალი არ ჩანს. ამ ეტაპზე ხმაურის ატეხვა არავის სურს და რაც მთავარია, არც არავის აწყობს.

 

 

ანი დვალიშვილი

ალია №40