27 ნოე 2019 18:41 11532

"ოლიგარქი დიპლომატებს, მისივე რეზიდენციაში თავს დაესხა, უყვირა და "მიშისტები" ეძახა"

 

 

ბიძინა ივანიშვილს ნერვებმა უმტყუნა, ოლიგარქი იმდენად გაღიზიანებულია, რომ ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატებს, მისივე რეზიდენციაში თავს დაესხა, უყვირა და "მიშისტები" ეძახა - აღნიშნული ინფორმაცია "ნიუპოსტს" ორმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა გავლენიანმა წყარომ დაუდასტურა.

საუბარია როსტომ მეფის სასახლეში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე, რომელიც წინა კვირას გაიმართა. წყარო "ქართული ოცნებიდან" ჰყვება, რომ დიპლომატებმა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ახსნა-განმარტება მოსთხოვეს, რატომ ჩავარდა პროპორციული არჩევნები.

"ელჩებმა ბიძინას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საჯაროდ დადებული პირობა შეახსენეს, უთხრეს, რომ ის საკუთარი სიტყვის წინააღმდეგ წავიდა და ქუჩაში მიმდინარე პროცესიც ლეგიტიმურია, რამაც ივანიშვილი წყობიდან გამოიყვანა. ხელებს იქნევდა და დიპლომატებს უყვიროდა, რომ ისინი ნაციონალების მხარეს არინ და საქართველოში სააკაშვილის დაბრუნებას ცდილობენ.

მას შემდეგ კი რაც ელჩებმა პროტესტის ნიშნად შეხვედრის დატოვება სცადეს, ივანიშვილი თითქოს გონს მოეგო და დიპლომატებს უთხრა, რომ ის პარლამენტის დეპუტატების გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა, კანონპროექტის ჩაგდება კი ე.წ. ამბოხებულ დეპუტატებს გადააბრალა. საქართველოში გასაოცარი დემოკრატიაა, დეპუტატები პარლამენტში ღილაკზე თითის დამჭერები არ არიან, როგორც ეს სააკაშვილის დროს ხდებოდაო" - აცხადებს ანონიმური წყარო "ნიუპოსტთან".

ამასთან როგორც გავარკვიეთ, სკანდალური შეხვედრის დეტალების შესახებ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებმა უკვე აცნობეს მათ მარწმუნებლებს.

​ელჩები გაგზავნილ წერილში დიპლომატიურ ენაზე წერენ, რომ "ქართული ცნების" გაღიზიანებულ თავმჯდომარეს ვერ აწყნარებდნენ.

ამავე დროს, ელჩებთან შეხვედრამ გავლენა მოახდინა თავად ოლიგარქის ემოციურ მდგომარეობაზეც. როგორც "ნიუპოსტს" კიდევ ერთმა წყარომ დაუდასტურა, ელჩებთან შეხვედრის შემდგომ დღეებში ივანიშვილს წნევის უეცარი მატება აღენიშნებოდა, თუმცა, მან ამას ყურადღება მხოლოდ ორი დღის შემდეგ, ანუ მას შემდეგ მიაქცია, რაც ჰიპერტენზიამ სერიოზულად შეაწუხა. საბოლოოდ, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ივანიშვილის ბიზნესცენტრში მედიკოსები იყვნენ მობილიზებული და ადგილზე რამდენჯერმე მივიდა თავად ჯანდაცვის მინისტრიც.

 

ნიუპოსტი