02 დეკ 2019 20:31 776

"სააკაშვილისგან გავიგე იმ ადამიანების ვინაობა, ვინც 15 წლის წინ ჩემს ლიკვიდაციას აპირებდა და ზოგიერთი დღეს მაღალ თანამდებობებზეც არის"

 

 

"მიშას ჩვენ არ ველაპარაკებოდით როგორც მისი ქვეშევრდომები და როგორც მისი პარტიის წევრები, რომლებიც ვერაფერს უბედავდნენ. წარსულიც გავიხსენეთ"

 

 

"ალია" გთავაზობთ ინტერვიუს კვირის სკანდალურ გმირთან, "გამარჯვებული საქართველოს" წევრთან, ვალერი გელბახიანთან, რომელმაც თავის მტერს მოსალაპარაკებლად, შვილთან ერთად, კიევში ჩააკითხა:

 

 – ბატონო ვალერი, მინდა ინტერვიუ დავიწყო კვირის სკანდალით -  ვალერი გელბახიანი, რომელიც სააკაშვილმა სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადა, ქვეყნიდან გააქცია, მერე დედის გარდაცვალების გამო დაბრუნებული, საზღვარზე დაიჭირა, ამ ადამიანს, მტერს, მოსალაპარაკებლად, თან შვილთან ერთად კიევში ეახლა. რა მოხდა? მიშა შეიცვალა თუ ვალერი გელბახიანი?

– არც მიშა შეცვლილა და არც ვალერი გელბახიანი...

– და, ეჭვი მაქვს, არც გუბაზ სანიკიძე...

– გუბაზ სანიკიძე და მე შევთანხმდით... საქმე იცით, რაშია? ეს არის წარსული, რომელიც დავიწყებას ვერ მიეცემა, მაგრამ უნდა გაირკვეს მანძილი წარსულიდან დღევანდელობამდე. ეგ ერთი, მეორე, საქართველოში არის ძალიან ცუდი სიტუაცია და მე ბუნებრივია, არა ვარ ის რიგითი მოქალაქე, რომელსაც ეს არ აინტერესებს და არ ადარდებს, რა ბედი ელის მომავალში. მე ნანახი მაქვს ჩემ ქვეყანაში ძალიან მძიმე სურათი, ნაომარიც მაქვს, ნაბრძოლიც მაქვს და ბუნებრივია, არ მინდა გამეორდეს რაღაც-რაღაცები ამ ქვეყანაში.

– ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ვართ რეალურად, ხომ?

– და ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს მაგაზე, რომ ვიღაცამ რაღაცა ფუნქცია შეასრულოს, ან შემაკავებელი, ან დამაჩქარებელი, რომ რაღაც უბედურება არ მოხდეს ამ ქვეყანაში. საქმე იცით, რაშია? „ნაციონალური მოძრაობა“ არის ცენტრალური ოპოზიცია, ასე ვთქვათ, დომინანტი პოლიტიკური მოძრაობა, რომელსაც, რა თქმა უნდა, აქვს თავისი რევანშისტული გეგმები, თუ რაც ჰქვია მაგას, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ამიტომ, წამყვან ფუნქციას, ის, ბუნებრივია, ვერ ჩამოშორდება. აქედან გამომდინარე, არიან საჭირო ადამიანები, რომლებიც ისაუბრებენ მათ ხელმძღვანელებთან, დაარწმუნებენ, რომ რაც აქამდე იყო შეცდომები, ქვეყანაში ის აღარ უნდა განმეორდეს არცერთი მიმართულებით. მე და გუბაზსაც გვქონდა ასეთი მისია, რომ ვინაიდან მთელი სახელისუფლო პროპაგანდა არის იქითკენ, რომ მთლიანი ოპოზიცია, ვისაც კრიტიკული აზრი გააჩნია, ყველა არის ნაცმოძრაობა და შეიქმნა ასეთი მითი, რომ ან ჩვენთან ხარ, ან იქნები „ნაცმოძრაობა“, ეს სლოგანი არ არის გამოგონებული იმისთვის, რომ საქართველოში გაუმჯობესდეს პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება. ეს იმისთვის არის, რომ შეინარჩუნონ არსებობა პოლიტიკურმა პარტიამ და თავისი ძალაუფლება. მე ეჭვი მეპარება, რომ რაიმე ჰქონდეთ პოზიტიური მოსაზრებები მმართველ პარტიას, რომ ქვეყანას წაადგეს. პირიქით, რასაც ვუსმინე ორი-სამი დღის წინ პარტიის თავმჯდომარეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ პარტიისგან არასდროს საქართველოში პოზიტივები და პროგრესი მოსალოდნელი არ არის. ამიტომ, ამის საწინააღმდეგოდ როცა ადამიანი ამბობს მე ძალაუფლებას არ ვთმობ არც არჩევნებით, არც მიტინგებით, არც მსოფლიოს აზრის გათვალისწინებით და სულ ვიქნები და ვიქნები, ფეხებზე მკიდიხართ ყველანი, ამას სჭირდება უკვე ტაქტიკურად სხვა პოზიციების გამომუშავება ისე, რომ ქვეყანამ რაიმე შფოთი და უბედურება არ მიიღოს. ამიტომ, ჩვენი წინადადება და საუბრის თემაც ეს იყო, რა კომპრომისზე შეუძლია „ნაცმოძრაობას“ წასვლა ისე, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის ინტერესები. მივიღეთ საკმაოდ დამამშვიდებელი პასუხი, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილს მიაჩნია, რომ არანაირი რევოლუცია არ უნდა მოხდეს, არეულობა არ უნდა მოხდეს და როგორმე ქვეყანა უნდა მივიდეს არჩევნებამდე და არჩევნების გზით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა, თორემ მისაცტ ფიქრობს, რომ ამით საქართველოს სახელმწიფოებრიობა დადგება დიდი ეჭვქვეშ.

– მესმის, თუმცა ეს არ არის ახსნა ხალხისთვის, რომელიც კითხულობს, რა უნდოდა გელბახიანს სააკაშვილთან?

– გეტყვით... მე გულგრილი არა ვარ ჩემი ქვეყნის მიმართ და ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია. გავიხსენოთ 2003 წელი, ამიტომ აღარავის გაუკვირდება, თუ სწორად მივაწოდებ ინფორმაციას. 2003 წელს სურათი იყო ანალოგიური არა, მაგრამ მსგავსი, გარეთ იდგა შეკრებილი ოპოზიცია და ხალხი, შიგნით იყო ჩაკეტილი შევარდნაძე და მისი გუნდი, როგორც ახლაა ჩაკეტილი ახლანდელი ხელისუფლება. 21 ნოემბერს, ანუ ორი დღით ადრე მე მივედი მათთან როგორც დეპუტატი, ახლადარჩეული ვიყავი საჩხერის დეპუტატად და შევარდნაძემ და მისმა გუნდმა რომ დამინახა, ზოგმა ცხვირი ჩამოუშვა და ერთ-ერთმა მაგალითად, ავთო ჯორბენაძემ ღიად თქვა, – აი, ბატონო ედუარდ, ხომ ხედავთ, ჩვენ ოპოზიციაც კი გვიჭერს მხარს და შემოგვიერთდაო, ანუ იმათ ეგონათ, რომ მე, ოპოზიციონერი დეპუტატი მივედი მათ მხარდასაჭერად.

– თქვენ მაშინ მგონი, ასლან აბაშიძის ბლოკიდან იყავით?

– არა, ბატონო, დამოუკიდებელი დეპუტატი ვიყავი. როგორც კი დასრულდა არჩევნები, მე მივედი პარლამენტის შენობაში, იქ იყო შევარდნაძე თავის გუნდთან ერთად და ვუთხარი, ბატონო ედუარდ, მე არ მოვსულვარ აქ იმ გაგებით, რასაც ჯორბენაძემ თქვა, თითქოს მხარდამჭერი ვარ და არიქა, ჩემი აზრი გაითვალისწინოთ. არა, ბატონო, ამისთვის აქ არ მოსულვარ, მე ვხედავ, რომ ქვეყნის ინტერესები დგას ძალიან დიდი რისკის ქვეშ და შეიძლება განვითარება მიიღოს ისე, რომ დაზიანდეს სახელმწიფო, თქვენ ხართ პრეზიდენტი და უმრავლესობის ხელმძღვანელი, თქვენ შეგიძლიათ მე, როგორც დეპუტატს ან მოქალაქეს მითხრათ, რომ შეძლებთ რაიმე გაუთვალისწინებელი შედეგების თავიდან აცილებას და ქვეყანაში დამყარდება კონსტიტუციური წესრიგი, ანუ პოლიტიკური წესრიგი. მე არ მქონია ხმამაღალი საუბარი. მან მითხრა, რომ მე ჯარიც მყავს, პოლიციაც და ყველა გამოწვევას თავისუფლად გავუმკლავდებიო, აი, ასეთი პასუხი მივიღე მისგან. მე ვუთხარი, რაღაც ეგეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებს-მეთქი და ამიტომ, თუ რესურსი არა გაქვთ, რომ დაალაგოთ ქვეყანაში ასეთი დაძაბული ვითარება, მაშინ თქვენ ვერ ატარებთ იმ ტვირთს, რასაც პრეზიდენტობა ჰქვია-მეთქი. გამიბრაზდა ამაზე, რისთვის მოხვედი, მითხარიო. მე ვუთხარი, თუ გაქვთ რესურსი ოდნავ მაინც იმისი, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდეს ოპოზიცია და ხელისუფლება, მე მათი გამოგზავნილი არა ვარ, ჩემი ინიციატივით მოვედი, მზად ვარ ახლავე ჩავიდე და დაველაპარაკო ამ ხალხს და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. მე კი ვარ ერთი ადამიანი, მაგრამ აზრის გამოთქმის საშუალება მაქვს ოპოზიციის წინაშე-თქო. მიყურა შევარდნაძემ, წამოწითლდა სახეზე, იქიდან დაიწყო ყბედობა უმრავლესობამ, როგორც იციან, წამომესივნენ, გააჩერა ყველა და უთხრა, რომ მაგაზე ნაფიქრი მაქვს და იცი, პასუხად რას გეტყვიო? მე ქუჩის ხალხს არ დაველაპარაკებიო. მე ვუთხარი, რატომ ქუჩის, იქ საპარლამენტო ოპოზიციაც დგას-მეთქი. მიუხედავად ამისა, არცერთს არ დაველაპარაკებიო. კარგი ბატონო, მაშინ წავედი, როგორც ჩანს, ჩემი ადგილი არც პარლამენტშია, ასეთ ვითარებაში არანაირი სურვილი არა მაქვს ვიყო დეპუტატი-თქო. იქიდან ისევ წამომესივნენ, რამდენიმემ რაღაც მომაძახეს კიდეც, მაგრამ მე ჩემი ვცადე. მაშინ არავინ დამიჯერა, მაგრამ მერე მოხდა რევოლუცია.

– კი ბატონო, ორ დღეში წავიდა სახლში.

– შეიძლებოდა ის რევოლუცია უარესობაში გადაზრდილიყო, არავინ იცოდა რა მოხდებოდა წინააღმდეგობის გაწევის დროს. ამიტომ, მე ჩემი ქვეყნის წინაშე მაშინ ვალი მოვიხედე კეთილსინდისიერად, შევეცადე ყველაფერს იმისათვის, რომ ის შედეგები არ დამდგარიყო, რაც დადგა, მაგრამ როცა არ გისმენს არავინ, ბუნებრივია ხდება ის, რასაც ვარაუდობ, რომ ასეთ ტიპის ადამიანებს მხოლოდ არეულობა შეუძლიათ და მეტი არაფერი. არავის არ უნდა დათმობა არც ხელისუფლების, არც კომპრომისებზე წასვლა, არც მოლაპარაკება, ეს სურათი იყო მაშინ და ეს სურათი არის ახლაც. ჯერჯერობით ფაზა არ არის ისე დამუხტული, როგორც მაშინ იყო, მაგრამ მივა ამ კონდიციამდე. ამიტომ, რომ არ განმეორდეს ის პროცესები საქართველოში, რაც ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, მე ვალი მოვიხადე და წავედი გუბაზ სანიკიძესთან ერთად. მიშას ჩვენ არ ველაპარაკებოდით როგორც მისი ქვეშევრდომები და როგორც მისი პარტიის წევრები, რომლებიც ვერაფერს უბედავდნენ. წარსულიც გავიხსენეთ, რა შეცდომები იყო დაშვებული და რატომ წააგეს მათ ხელისუფლება, ამავე დროს ვისაუბრეთ ამ თემაზეც, რომ ეს იყო ქვეყნისთვის უმწვავესი და ძალიან კრიტიკული სიტუაცია, როდესაც არავინ არ აღმოჩნდა ამის მთქმელი და დინებას მიჰყვება პროცესები, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს უსასრულო კატასტროფაში. მოვუსმინეთ ერთმანეთს და გვითხრა, რომ გეთანხმებით, ეგ არ არის უბრალო თემაო. ამ წუთში მას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე აქვს ინტერესი, მაგრამ ჩაერიოს და მონაწილეობა მიიღოს, მასეთ რამეს ის არ აპირებს, დღედღეზე უკრაინაში ელოდება მაღალ თანამდებობას და ცხადია პოზიციების გამაგრების თუ მომძლავრების მიზანი აქვს და არა, დავუშვათ, ახლა აქაურ პროცესებში ჩარევის. თუმცა თქვა, რომ კონტაქტები უნდა იყოს კონსულტაციების რეჟიმში ყველასთან, რომ ვინმემ არ შეცვალოს ის პოზიციები, რაც მოლაპარაკების დროს იყო ჩამოყალიბებული. გარდა ამისა, იყო მეორე ნაწილი ჩვენი საუბრის, საუბარი ოთხი საათი მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა მე მოვიკითხე ჩემი საკითხები, რომელიც 15 წლის წინ იყო, რაც მაინტერესებდა, ყველაფერზე ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივიღე. რა თქმა უნდა ისიც თვლის ამ ეტაპზე, რომ ეს წარსულია და ახლა არაფრის მომტანი არ არის ამაზე ლაპარაკი, იყო ორმხრივი შეცდომები და ფიქრობს, რომ ამოწურულია ჩემსა და მას შორის ის გაუგებრობები, რაც მაშინ მოხდა.

– რა ინფორმაციები მიიღეთ, ამის თქმა არ შეიძლება?

– გავიგე, თუ ვინ იყო დაინტერესებული, ჩემი დაჭერა არ იყო ძირითადი თემა, ეს მე ვიცოდი ადრეც, ჩემი ლიკვიდაციაც იყო ერთ-ერთი თემა და ვინც იყო ამის ორგანიზატორი და დამგეგმავი, იმ ადამიანების სახელი და გვარები გავიგე და მარტო გაქცეული ხალხი არ არის მაგ სიაში, მაღალ თანამდებობებზე ახლაც არის ზოგიერთი. მეტს ვერაფერს ვიტყვი.

– ბოლოს, დავით უსუფაშვილისა და ფიქრია ჩიხრაძის მამუკა ხაზარაძის „ლელოსთან“ გაერთიანებაზე უნდა გკითხოთ. ამ გაერთიანების შესახებ რას იტყვით, რა პერსპექტივას ხედავთ და რამდენად არის შესაძლებელი, გაძლიერდეს ხაზარაძე?

–ხაზარაძე ამბიციური ჩანს და მე არ მინდა პაატა ბურჭულაძის ბედი გაიზიაროს, მაგრამ ამის ნიშნებს ვხედავ იგივევს.

– უფრო დეტალურად?

– პოლიტიკას სჭირდება ცოტა მეტი დახვეწილი გამოცდილების ადამიანები. ხაზარაძე ბანკირია და ბანკირთან ძალიან ძნელია დიდი პოლიტიკა გააკეთო, ძალიან ძნელია. ბუნებრივია მე ხელს არ შევუშლი და არც გავაკრიტიკებ, რაც მეტი ჯანსაღი ოპოზიცია იქნება, მით უკეთესია ამ ქვეყნისთვის, მაგრამ ჩემი შეხედულებით, არა მგონია იქიდან რამე გამოვიდეს, სადაც რესურსები არ არსებობს. ამ პარტიებმა აღიარეს, რადგან ჩვენ ფული არა გვაქვს, ამიტომ ფულიან კაცთან მივალთო, მაგრამ მე ვიცი, რომ არც ხაზარაძეს აქვს დიდი სურვილი, რაიმე ფული დახარჯოს, რომ იცოდეთ... მეტი დარდი არა აქვს ხაზარაძეს, ფული ხარჯოს იმისთვის, რომ სხვები გახადოს დეპუტატები, ეს მისი მსოფლმხედველობისთვის მიუღებელია.

 

ლევან ჯავახიშვილი

ალია

№44