02 დეკ 2019 20:56 395

კიდევ ერთი დაზიანებული თვალი - ამჯერად პიროტექნიკით

 

 

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ქართულ ოცნებასთან მომხდარი დაპირისპირებისას, 5 პირი დაშავდა. აქტივსიტები ამბობენ, რომ აგრესიული პირები მათ ესვრიან შუშხუნებს, რომელიც ერთ-ერთ აქტივისტს თვალში მოხვდა.

მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ მათთან პოლიციის წარმომადგენელი მივიდა და ტერიტორიის ყვითელი ავტობუსებით დატოვება შესთავაზა. მისი განცხადებით, ამაზე დათანხმებას არ აპირებენ.

მისივე თქმით, ირგვლივ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები დგანან და ელოდებიან, როდის დატოვებენ ისინი ტერიტორიას.

„ვიქნებით აქ ბოლომდე იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დადგეს პრეცედენტი, როცა პოლიცია დაიცავს და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და ამ უფლებას ბოლომდე დავიცავთ”

მისივე ინფორმაციით, აქციაზე 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. რამდენიმე დაზარალებული ადგილიდან გაიყვანეს. პოლიციას აგრესიული პირები ადგილიდან გაჰყავს, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებია. აქტივისტები მოუწოდებენ პოლიციას, რომ დააკავონ ეს პირები.

 

ონ.ჯი