02 დეკ 2019 21:01 961

რატომ თქვა ამდენი ტყუილი ერთ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა?

 

"დღეს "ნაცებისა" და "ოცნების" სახით, ბიძინას ფული ბიძინას ფულს ებრძვის"

 

„ალიას“ პოლიტიკური ექსპერტი, გია ხუხაშვილი ესაუბრება.

 

- ბატონო გია, ბიძინა ივანიშვილის ბოლო ტელე–ინტერვიუმ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი შოკში ჩააგდო. მოდით, ვიდრე უფრო დეტალურად ვისაუბრებდეთ იმ აბდა–უბდაზე, რასაც ინტერვიუ ჰქვია, ზოგად შეაფასეთ მისი ეს მორიგი სიცრუეთა და აბსურდთა კასკადი.

– ეს ინტერვიუც მისთვის დამახასიათებელი სცენარით ააგო ბიძინა ივანიშვილმა. თავიდან მოგვიყვა პრევენციის მიზნით, ვითომ მისი დიდი მონდომებისა და მხარდაჭერის მიუხედავად, პარლამენტის კენჭისყრაზე ჩავარდნილი პროპორციული არჩევნების შესახებ, რასაც ჩვენ არ ვჭამთ. თუმცა, თავად ფიქრობს და სხვებიც არწმუნებენ, რომ ჩვენ ამას ვჭამთ და ამით მთელ საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს. ილაპარაკა ბევრი, მე ვიტყოდი, აბსურდი, მაგრამ მთავარი მაინც ის ლეიტმოტივი იყო, რომელიც მთელ ამ ინტერვიუს გასდევდა, – ბრძოლა ბოროტსა და კეთილს შორის. კეთილი ძალაა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, ბოროტი ძალა კი სააკაშვილი და „ნაცმოძრაობაა“. სხვა, ამ სამყაროში არავინ არსებობს და თუ „ქართული ოცნების“ მომხრე არ ხარ, „ნაცი“ ანუ, ბოროტი ხარ. ცდილობს, ისევ გაკრიფოს შუა, რაც 2012 წელს დაიწყო და დღემდე აგრძელებს ამას. ბოლოს შეეცადა გაემხნევებინა თავისი შეფერთხილი მხარდამჭერები და ესეც ძალიან უხარისხოდ და არადამაჯერებლად გამოუვიდა. ფაქტიურად, მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ კვლავ მაღალი რეიტინგი აქვს. იყო იქ კიდევ ერთი პასაჟი ედუარდ შევარდნაძესთან დაკავშირებით. ვფიქრობ, შემთხვევით არ უხსენებია შევარდნაძე. ეშინია, რომ არ გაიზიაროს შევარდნაძის ბედი, ბევრჯერ გაიმეორა, შევარდნაძე არ ვარო, მაგრამ შევარდნაძის კომპლექსი, ის დასასრული, როგორც შევარდნაძემ დაასრულა, აშკარად აწუხებს.

– ეგ მეც მეუცნაურა. რაც პოლიტიკაშია ივანიშვილი, შევარდნაძე არ უხსენებია და ახლა გაახსენდა.

– კი, ახლა გაახსენდა და ამტკიცებდა, რომ შევარდნაძე არ ვარ და მისგან განვსხვავდებიო. შემიძლია დავაწყნარო, დავუდასტურო, რომ ის შევარდნაძისგან ნამდვილად განსხვავდება. უარესია თუ უკეთესი, ეს სხვაა, მაგრამ მისგან დიდად განსხვავდება.

– ყველაფერი შევასრულე, რაც შევპირდი ხალხსო, განაცხადა ივანიშვილმა. მე პირადად იმდენი შეუსრულებელი დაპირება მახსენდება, ერთი გაზეთი არ ეყოფა.

– გაკოტრებული როდესაც ხარ, აღარაფერი რომ არ გაქვს სათქმელი, უნდა თქვა რაღაც ზეუცნაურობა, რომ კამათის ხალისიც დააკარგინო ხალხს. მე ამას სხვანაირად შევუტრიალებდი. ერთი გაგვახსენოს, სისტემური, სერიოზული, ფუნდამენტური, რაც მან თქვა და შეასრულა. არც ერთი არ შეუსრულებია, არც ერთი კარდინალური ცვლილება არ განუხორციელებია. სისტემის დემონტაჟს მოვახდენო შეპირდა ხალხს და იგივე დატოვა მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სისტემებით დაწყებული, ნებისმიერი სხვა სფეროთი დამთავრებული. ბიზნესში ისევ უკონკურენტო და მონოპოლისტური მდგომარეობაა, არც ეს შესრულდა, საარჩევნო სისტემა არ შეცვალა. მოსმენების, თვალთვალის ინსტიტუტი ძველებურად დარჩა, სააკაშვილის დროს რომ დგებოდა მთელი ბიზნესი რიგში და „ნაცმოძრაობას“ ვითომ ნებაყოფლობით სწირავდნენ თანხებს, დღეს ეს ხალხი „ქართულ ოცნებას“ ურიცხავს ფულს და კაი დედმამიშვილები არიან, არ გადაურიცხონ. სახელმწიფო სტრუქტურებში შესყიდვებში ისევ მუშაობს „ატკატების“ სისტემა, ტენდერებს ისევ სახელისუფლებო ბიზნესმენები იგებენ. სოციალური მდგომარეობა გაუარესდა, ლარის კურსი კატასროფულად გაუფასურდა და ამან ცხოვრება უფრო გააძვირა და დაამძიმა, საშუალო ფენა მოსპობის, განადგურების პირას არის, რომელიც, სხვათა შორის, სააკაშვილის ხელისუფლების დროს შეიქმნა, ავად თუ კარგად, დემოგრაფიული მდგომარეობა გაუარესდა... ბოლოს ის გვითხრა ივანიშვილმა, მე თქვენი აქ დამსაქმებელი არ ვარ, სამუშაო ადგილებს ვერ შევქმნი საქართველოში, ხელს შეგიწყობთ, რომ უცხოეთში წახვიდეთ და იქ ლეგალურად დასაქმდეთო. აქ ხელობას გასწავლით და იქ იმუშავეთო. ეს იყო ცინიზმი, დაცინვა ხალხის.

– მსგავსი განცხადება გსმენიათ რომელიმე ქვეყნის სერიოზული პოლიტიკოსისგან?

– ცხადია, არ მსმენია, რადგან არაფერი მსგავსი არ უთქვამს არც ერთ სერიოზულ პოლიტიკოსს. ივანიშვილი ამ ქვეყნის დე ფაქტო მმართველია და ის დაინტერესებული უნდა იყოს, რომ საქართველოს მოქალაქეები საქართველოში დასაქმდნენ. ამას სამუშაო ადგილების შექმნა სჭირდება, რაც ხელისუფლების ხელშეწყობით, ადგილობრივმა და უცხოურმა ბიზნესმა უნდა გააკეთოს ინვესტიციებით. ხელისუფლებას ამის გაკეთების თავი არ აქვს, ეკონომიკა გააჩერა, ბიზნესი გააჩერა და ცხადია, არც ახალი ინვესტიციებია, უცხოურს ვინ ჩივის, ადგილობრივი ბიზნესია პასიური. ნებისმიერი ქვეყნის მმართველი, თუ ვერ აკეთებს, ცდილობს სამუშაო ადგილები შექმნას ქვეყანაში, დეკლარირებულად მაინც პირდება ხალხს, რომ დაასაქმებს საკუთარ სამშობლოში და ივანიშვილი უკვე ამასაც აღარ ამბობს. კაცი, რომელიც ერთ წელიწადში 100 ქარხნის აშენებას გვპირდებოდა, დღეს ხალხს უცხოეთში უშვებს სამუშაოდ.

– საქართველოდან „ტვინების გადინება“ შეუქცევადი პროცესი გახდა, ქვეყნის ინტელექტუალური რესურსი მინიმუმამდეა დასული და ახლა კვალიფიციური მუშახელი და მოსამსახურე პერსონალიც სანთლით საძებარი გაუხდება იმ ხალხს, ვინც აქ დარჩება.

– კი, აქეთკენ მიდის საქმე. ევროპული ბაზარი, ასევე, სხვა ქვეყნებისაც, ცხადია, მიიღებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, ვინც აქედან წავა, მართლა ყველა ხომ არ დასაქმდება ლეგალურად, საუკეთესოები დასაქმდებიან. დაბალი კვალიფიკაციისანი აქ დარჩებიან. მართლა მალე სანთლით საძებარი გახდება კარგი სპეციალისტები ამ ქვეყანაში. საერთოდ, მთელი მისი ეს ინტერვიუ იყო რა? არც ერთ სახელმწიფოებრივ პრობლემას არ შეხებია. გვითხრა, რა მაგარი ბიჭია თვითონ, რა ცუდები არიან „ნაცები“, მათ არჩევნებს მოვუგებთო. ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც იყო. როდესაც ივანიშვილი გვიმტკიცებდა, რომ მომხრე იყო პროპორციული არჩევნებისა, იქვე თქვა, რომ „ქართული ოცნება“ პროპორციულ არჩევნებსაც მოიგებსო. ამავე დროს მოაყოლა, პარლამენტში ჩვენ ვისთან უნდა შევკრათ კოალიცია, ასეთი პოლიტიკური ძალა არ არსებობსო. თუ კოალიციის შესაქმნელად გაგიხდა საქმე, ე.ი. ვერ მოიგე ხომ არჩევნები? არ გაქვს იმდენი მანდატი, რომ დააკომპლექტო უმრავლესობა. საკუთარ თავშიც ვერ ჩამოყალიბებულა ივანიშვილი, 2020 წლის არჩევნები თუ პროპორციული წესით ჩატარდა, იგებს თუ აგებს ამ არჩევნებს მისი პარტია. რაც ყველაზე შეურაცხმყოფელი იყო საზოგადოებისთვის, ეს ის გახლდათ, რომ მას რატომღაც მიაჩნია, რომ ამ დიდ ტყუილებს, ამ უხარისხოდ დაწერილ სცენარს დაიჯერებს, შეჭამს ხალხი. გარდა ამისა, თუ პოლიტექნოლოგიებზე ვისაუბრებთ, საკუთარი დაპირება და მერე ხალხის გადაგდება 2020–ის არჩევნების მხოლოდ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ცდილობდა ეს დაპირება დაევიწროვებინა „ნაცმოძრაობამდე“, მხოლოდ მათ ინტერესებამდე დაეყვანა. თითქოს პროპორციულ არჩევნებს ხალხი კი არ მოითხოვდა და ეს 20–21 ივნისის საპროტესტო აქციის ვანდალურად დარბევას არ მოჰყვა, არამედ ეს იყო „ნაცების“ ახირება და მარტო მათ უნდათ. ბოლოს დასკვნა გააკეთა, „ნაცები“ ხომ ბოროტი ძალაა და მათი „გადაგდება“ ცოდვა არ არისო.  არადა, „გადააგდო“ ხალხი. „ნაცები“ „გადაგდებულნი“ კი არ არიან, პირიქით, ძალიან კომფორტულად არიან იმის გამო და ამის შემდეგ რაც მოხდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა სიტყვა გატეხა. ივანიშვილმა „ნაცებს“ მისცა საფუძველი ხმაურისა, საპროტესტო აქციებისა, ეს არის მათი ბუნება და ხასიათი და მათაც ეს უნდოდათ. „გადაგდებული“ დატოვა მთელი ქართული საზოგადოება, ბოლოს და ბოლოს, ის ხალხი, ვისაც არც „ნაცები“ უნდა და არც „ქართული ოცნება“, მათ მოუსპო ალტერნატიული არჩევანის საშუალება. ივანიშვილს ერთადერთი საკითხი აწუხებს – ძალაუფლების შენარჩუნება, მეტი არაფერი. ბიძინა ივანიშვილმა სრულად დაკარგა სერიოზული, ანგარიშგასაწევი პოლიტიკოსის სახე. ძალზე ტრაგიკომიკური იყო მისი განცხადება ამერიკის ხელისუფლებისთვის გასაგზავნ წერილთან დაკავშირებით, ძალიან სასაცილო იყო. თურმე, ივანიშვილი მიხვდა, რომ „ენ–დი–აი“ და „აირაი“ მუშაობენ ამერიკის ხელისუფლების წინააღმდეგ. ბიძინა გვეუბნება, მე ვარ ამერიკა და ეს ამერიკული ორგანიზაციები ჩემს წინააღმდეგ მუშაობენ და შესაბამისად, მუშაობენ ამერიკის წინააღმდეგო. ახლა ამაზე კომენტარი როგორ გავაკეთო? ამაზე ანალიზის გაკეთება როგორ შეიძლება? ინტერვიუს შემდეგ, ძალიან სასაცილო იყო „ქართული ოცნების“ ელიტის კომენტარები. აუცილებლად უნდა ეხსენებინათ სამი სიტყვა ყველა კომენტარში –სიღრმისეული ანალიზი და გულწრფელი, ობიექტური კრიტერიუმით, ეს სამი ფრაზა არ მიესადაგებოდა ამ ინტერვიუს.

– ივანიშვილმა განაცხადა, სახელმწიფოსი არაფერი მიმითვისებიაო. სიმბოლურ ფასად რომ ყიდულობს სახელმწიფო ქონებას, ამაზე არაფერი უთქვამს. ხმა არ ამოუღია „ქართული ოცნების“ იმ პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებზე, რომელთაც გადაჭამეს ქვეყანა, მათ ქმედებებზე პასუხისმგებლობას არ იღებს, თითქოს მე მოვიყვანე ისინი ხელისუფლებაში და მე მივეცი ბიუჯეტის ყვლეფისა და სხვა უკანონობის უფლება.

– სიმართლე გითხრათ, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ივანიშვილი საქართველოში პირად სარგებელს ეძებდეს, თუმცა, საგანგაშოა, რომ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ კლანურ და კორუმპირებულ სისტემაზე, რომელიც შექმნა. ის თვლის, რომ ვინც მის გარშემოა. ვინც მისი ერთგულია, მათ ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე უნდა იშოვნონ ფული და ეს ახლა ნორმად მიაჩნდა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებას თავად სდებდა ბრალს ბიუჯეტის უკანონო ხარჯვაში. ბიუჯეტიდან თანხების მითვისებაში, სხვა და სხვა კორუფციულ სქემებში. ახლა ამ სქემებს მისი ხელისუფლების წევრები იყენებენ, ფულს იპარავენ ბიუჯეტიდან, ბიზნესმენები უზარმაზარ ფულს შოულობენ კარტერული გარიგებების შედეგად, მაგრამ ბიძინა გვეუბნება, რომ სააკაშვილის დროს ეს დანაშული იყო, ახლა ნორმაა, რადგან მთავარია, ეს ხალხი ჩემს უსაფრთხოებას იცავს, ჩემი ხელისუფლების გამყარებაზე ზრუნავსო. ძველი ელიტის ნაწილი შეიერთა, ახალი ელიტა გააჩინა და თვალს ხუჭავს ყველა უკანონობაზე, რაც ხდება ეკონომიკურ და ბიზნეს სივრცეში. ჩემთვის, ქვეყნისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ბიძინა მოიპარავს თუ მისი ზურგით სხვები მოიპარავენ? საბოლოოდ ქვეყანა და ხალხი ღარიბდება.

– ასეთი რაღაც თქვა, ბატონო გია, საქართველოში ბიზნესს იმდენი ფული არ აქვს, რომ ბევრი პარტია დააფინანსოს, 3 პარტიაზე მეტს ვერ გასწვდება ქართლი ბიზნესის ფული, „ქართულ ოცნებას“ მე ვაფინასებ და „ნაცმოძრაობას“ აფინანსებენო. მესამე პარტია არ უხსენებია, მაგრამ ხომ არ წამოსცდა ამით, მომავალი პარლამენტის მისეული კონფიგურაცია – „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ და მესამე, სხვა პარტია, როგორც ახლა არის.

– კი, ეს მისი გეგმაა, ეს ყველამ ვიცით. „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“, რეალურად თავად აფინანსებს. თავის დროზე აფინანსებდა „ნაცმოძრაობას“ და დღეს ბიძინას ფული ბიძინას ფულს ებრძვის. გასაგებია, რომ ჩვენი ბიზნესი იმ მოცულობისა არ არის. ათეულობით პარტია დააფინანსოს, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ მთელი ბიზნესი მისი კონტროლის ქვეშ არის, ბიზნესმენებს უფლება არ აქვთ, თავიანთი პოლიტიკური და სხვა გემოვნებების, ინტერესების შესაბამისად დააფინანსონ პარტიები. დააფინანსებენ „ქართული ოცნების“ კონკურენტ პარტიებს და შეექმნებათ პრობლემები ხელისუფლებისგან. ბიძინას ძალიან ეშინია თავისუფალი, უკონტროლო ფულის, ამიტომ მოახერხა და ფულის ნაკადი მოაქცია მის კონტროლქვეშ. ამას, ცხადია, უფრო მეტად შეჰყავს ჩიხში პოლიტიკური პროცესი. მას სურვილი რომ ჰქონდეს კონკურენტი პარტიები დააფინანსოს ბიზნესმა, მაშინ დააწესებდა ზედა ზღვარს, რომელიც შეიძლება პარტიამ მიიღოს შეწირულობის სახით, ბიზნესს მისცემდა უფლებას, რომ ნებისმიერი პარტია დაეფინანსებინა. თუმცა, ეს რომ ქნას, დაკარგავს ხელისუფლებას და გიჟია?

– მამუკა ხაზარაძემ დავით უსუფაშვილი და ფიქრია ჩიხრაძე დაიყენა გვერდით. რას მისცემენ ისინი ეს ხაზარაძეს? რამდენად გააძლიერებენ მის გუნდს?

– ფიქრია ჩიხრაძის ტესტირება გამიჭირდება, მაგრამ ხაზარაძე–უსუფაშვილის კოორდინირებაში ვხედავ გარკვეულ სინერგიას. რაში გამოიხატება ახლა ეს სინერგია. მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკური კომპონენტი სუსტი აქვს გუნდში, ამას ყველა ხედავს. თუმცა, ამ კომპონენტის გასაძლიერებელი რესურსი გააჩნია. ეს უსუფაშვილის მის გუნდში მისვლითაც გამოჩნდა. უსუფაშვილს მაღალი რეიტინგი არ გააჩნია, მაგრამ ავტორიტეტი აქვს. ზურაბ ჟვანია გავიხსენოთ, რომელსაც არ ჰყავდა ელექტორატი, ხმას არ აძლევდნენ  მის პარტიას, მაგრამ ის უდავოდ იყო პოლიტიკური ავტორიტეტი. ასეთია დღეს დავით უსუფაშვილი. შესაბამისად, ხაზარაძე–უსუფაშვილი კომბინაციამ მოგვცა სინერგია და ეს ერთობა  არ იქნება 1+1=2, ეს ტანდემი უფრო მეტს უდრის. რამდენს, ეს გამოჩნდება. ფაქტია, ხაზარაძე ძლიერდება და მესამე ალტერნატიული ცენტრი იქმნება. ეს კი იმით არის კარგი, რომ თუ მაჟორიტარული არჩევნები გაუქმდა, 2020 წელს, მამუკა ხაზარაძეს გარეშე პარლამენტში ვერც ერთი ძალა ვერ შექმნის უმრავლესობას.

– ბატონო გია, საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, დიპლომატიურმა კორპუსმა ხელისუფლება და ოპოზიცია დასვა მოსალაპარაკებლად, მაგრამ მოლაპარაკება ჩაიშალა, ხელისუფლება არ დასთანხმდა არჩევნების გერმანულ მოხდეს, ჩვენს კონტიტუციასთან შეუსაბამოაო. ოპოზიცია ისევ ქუჩაში აგრძელებს საპროტესტო აქციებს, თუმცა, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ გაგრძელდება. დათმობს ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს არსებულ საარჩევნო სისტემას, რომელიც 2020 წელს, მაჟორიტარების  ხარჯზე უეჭველად მოაგებინებს არჩევნებს?

– ეს არის კატათაგვობანას თამაში. ხელისუფლებას ძალაუფლების დაკარგვის ეშინია და ნებისმიერ სხვა საარჩევნო მოდელს იწუნებენ. თუმცა, ამას ფუთავენ, თითქოს გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება და სხვა ათას მიზეზებსაც იგონებენ. ხელისუფლება ხელზე იხვევს არგუმენტს და მეორე მხარის არგუმენტებს არც კი უსმენენ. ოპოზიცია ეუბნება, კი, ბატონო, ვერ ვთანხმდებით და მაშინ მივმართოთ არბიტრს, რომელიც გაარკვევს, ანტიკონსტიტუციურია თუ არა გერმანული მოდელი. ასეთი არბიტრია ვენეციის კომისიაა და ყველა ამგვარი სადავო საკითხი ამ ქვეყანაში დღემდე ამ კომისიის ჩარევით გვარდებოდა. ოპოზიცია იძახის, თქვენ გაუგზავნეთ ვენეციის კომისიას გერმანული მოდელი და კონსტიტუცია და ვნახოთ, რა დასკვნას დადებენ, იქნებ კანონთან შესაბამისობაშია ეს მოდელიო. არა, არ გავუგზავნით, რადგან უკვე ვიცით, რომ შეუსაბამოაო, თავს იკლავენ მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე. კი, მაგრამ რა იციან წინასწარ, ვენეციის კომისია რა დასკვნას დასდებს? აქ უკვე ხელისუფლების ლუსტრირება ხდება. მათი ტაქტიკაა, ყველაფერზე უარის თქმა, ყველაფერზე წასვლა, რომ არსებული საარჩევნო სისტემა, შესაბამისად, ძალაუფლება შეინარჩუნონ. ხელისუფლების ამოცანაა, როგორმე გამოიყვანოს ოპოზიცია წყობიდან, ააყვიროს, მათ დააბრალოს მოლაპარაკების ჩაშლა, რომ დესტრუქციულად იქცევიან და მათთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. თუ ოპოზიცია მეტ–ნაკლებად გონივრულად მოიქცევა, ამ წადილს არ შეუსრულებს ხელისუფლებას, მოუგებს. ქუჩაში უნდა დარჩნენ, საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს, ოღონდ მშვიდად და კანონიერების ფარგლებში. პარალელურად, განაგრძოს მოლაპარაკებები. ოპოზიციას ამ კონკრეტულ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოებისა და პოლიტიკის მხარდაჭერაც აქვს და თუ ეს ყველაფერი ეფექტურად გამოიყენეს, ისედაც კედელთან მიყენებულ ბიძინა ივანიშვილს აიძულებენ, მიიყვანოს პარლამენტში თავისი მართლა მონა–დეპუტატები და გერმანულ მოდელს დაუჭირონ მხარი. ცხადია, ამას წინ უნდა უძღოდეს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომ გერმანული მოდელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ვფიქრობ, ამგვარი დასკვნა იქნება. ოპოზიციამ ცალმხრივად გაუგზავნა სათანადო მასალები ვენეციის კომისიას ერთადერთი კითხვით – ეწინააღმდეგება თუ არა გერმანული საარჩევნო  მოდელი საქართველოს კონტიტუციას?

 

ლევან ჯავახიშვილი

ალია

№44