03 დეკ 2019 20:08 1179

რას ვერ იყოფენ ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე?

 

ივანიშვილის სასახლის კულუარული ამბები

 

სანამ ხელისუფლება და ოპოზიცია „პინგ-პონგს“ თამაშობს, მანამ მმართველი გუნდის შიგნით დიდი ამბებია. ყველასთვის მოულოდნელად, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან წასული ირაკლი კობახიძე პრაქტიკულად რუხი კარდინალი გახდა და გუნდის შიგნით პროცესებს სწორედ ის მართავს. ანუ, კობახიძეს იმაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს ჰქონდა და ეს ყველაზე მეტად ირაკლი ღარიბაშვილს არ მოსწონს. არავინ მალავს, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია, ისევე როგორც გომელაური და ჩუბინიძე, მაგრამ სწორედ ამ უახლოეს გარემოცვას არ სურს, რომ ბატონი ბიძინას კარზე კობახიძეს გავლენა გაძლიერდეს, რადგან ისინი ამ საქმეში კალაძის ხელს ხედავენ, კალაძე კი ივანიშვილის უახლოეს გარემოცვაში ყველაზე დიდ საფრთხედ აღიქმება, როგორც მომავალში შესაძლო ლიდერი და საკუთარი გუნდის ჩამომყალიბებელი პირი. ცოტა შორიდან დავიწყოთ და დღევანდელ „ომამდეც“ მივალთ.

საქართველში რიგითი მოქალაქეებისთვის  ფულის შოვნის ერთ-ერთი ცნობილი და აპრობირებული გზა მანქანების შემიყვანა და გაყიდვაა. მითუმეტეს ახლა, როცა უზბეკეთისა და სომხეთის მოქალაქეებს, ყოველდღიურად ათასობით მანქანა მიჰყავთ და განუბაჟებლად ყიდულობენ. სხვათა შორის, სახელმწიფო ამისგან, შემოსავალს ვერ იღებს, რადგან საქართველო პრაქტიკულად სატრანზიტო გამტარია, ანუ შემოჰყავთ მანქანა ქართველებს და გაჰყავთ სომხებს, შემოყვანა-გაყვანაზე კი გადასახადი არ არის და მხოლოდ გადაფორმების 72 ლარია გადასახდელი. თუმცა, არის ერთი სპეციფიური რამ - სომხები და უზბეკები არავითარ შემთხვევაში არ ყიდულობენ მარჯვენასაჭიან ავტომობილებს და მხოლოდ მარცხენასაჭიანი მიჰყავთ. ზოგადად, საქართველოში მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ისედაც ნაკლებად სწყალობენ, რადგან მათი განბაჟება გაორმაგდა და შემოყვანაც შემცირდა. თავის დროზე, ხელისუფლებამ ეს ყველაფერი ავტოავარიების გაზრდილ რიცხვს დააბრალა და ლამის საერთოდ აპირებდა მარჯვენასაჭიანი მანქანების არათუ შემოყვანას, არამედ ყოლასაც, მაგრამ საბოლოოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გადასახადი გაეზარდათ და ამით მათი რიცხვი შეემცირებინათ, რამაც შედეგი აშკარად გამოიღო. საქართველოში შემოყვანილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ხვედრითი წილი დღეისათვის უმნიშვნელოა და ეს მაშინ, როცა გაძვირებამდე ლამის 50%-იანი ნიშა ეკავა. და მაინც, რა მოხდა რეალურად, რატომ ჩაერია საქმეში საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია და ვის ინტერესში იყო მარჯვენასაჭიანი ავტმობილების აკრძალვა... ერთადერთი მიზეზით - მათი 99% იაპონური წარმოების იყო.

„როცა ხელისუფლება შეიცვალა, მაშინვე დაიწყო სფეროების გადანაწილებები. რა თქმა უნდა, ახლებს სურდათ ბიზნესებში ძველები ჩაენაცვლებინათ და ამის გამო ლამის ხელჩართული ჩხუბიც კი იმართებოდა. იყო რამდენიმე ადამიანი, რომელსაც არჩევანის თავისუფლება ჰქონდათ, რადგან ივანიშვილისგან ჰქონდათ მწვანე და მათ შორის ერთ-ერთი იყო ირაკლი ღარიბაშვილიც. მას ურჩიეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ ავტომობილების ნაწილების კონტროლს აიღებდა საკუთარ ხელში. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ გარდა იმისა, რა მანქანებიც საქართველოში იმტვრევა და ელიავასა თუ მეორადი ნაწილების სხვა ბაზრობაზე მიდის, არის კიდევ უზარმაზარი ბაზარი, რაც ევროპიდან მეორადი მანქანების შემოტანას გულისხმობს. მათ არ სჭირდებათ განბაჟება, მოაქვთ პირდაპირ ევროპული ავტომობილების სასაფლაოდან და შედარებისთვის გეტყვით - 50 ათასი ევროს მეორადი ნაწილები შესაძლოა 1000 ევროდ იყიდო. სწორედ ეს ბაზარი დაითრია ღარიბაშვილმა, რის შემდეგაც ვერცერთ ბაზრობაზე ვერ შედიოდა ევროპული მეორადი ნაწილები მისი ხალხის ნებართვის გარეშე. საქართველოში ძალიან ცოტა ყიდულობს ახალ ნაწილებს, შესაბამისად, ეს ბაზარი კარგად მუშაობს. მაგრამ, მერე აღმოჩნდა, რომ იაპონური მანქანების ბუმი დაიწყო, მათ კი ღარიბაშვილისთვის ორი „მინუსი“ ჰქონდათ - არ ფუჭდებოდნენ და თუ ფუჭდებოდნენ, იაპონიიდან იწერდნენ მფლობელები და ეს ბევრად იაფი უჯდებოდათ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო რეგულაციებზე საუბარი და მოხდა უპრეცედენტო რამ - მარჯვენასაჭიანი მძღოლები გაერთიანდნენ, შექმნეს საზოგადოება და წერილი მისწერეს საერთაშორისო ფედერაციას, საიდანაც მთავრობას საგანგაშო შეტყობინება მიუვიდა - იმ შემთხვევაში, თუ საქართვლოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილები მარცხენასაჭიანის რიცხვს გადააჭარბებდა (რისი ნიშნებიც იყო), მაშინ ხელისუფლებას აკრძალვაზე კი არა, მოძრაობის მიმართულების შეცვლაზე უნდა ემსჯელა, ანუ გადავსულიყავით იაპონურ ან ბრიტანულ მოდელზე. სწორედ ამის შემდეგ გაიზარდა საბაჟო გადასახადი არანორმალურად, რამაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რიცხვი უბრალოდ მინიმუმამდე დაიყვანა“, - გვიყვება „ოცნების“ ერთ-ერთი წევრი, რომელსაც სხვა ბიზნესში აქვს „თათი“ ჩაყოფილი.

 

მართალია, პრემიერმინისტრობიდან წასვლის შემდეგ ღარიბაშვილის პოზიციების შესუსტდა, მაგრამ მას ეს ბიზნესი მაინც შერჩა, თუმცა იმ პირობით, რომ მას მონოპოლია არ ჰქონდა და სუნთქვის საშუალება სხვებსაც მიეცათ, თუმცა, მინისტრთა კაბინეტში დაბრუნებულმა ღარიბაშვილმა მარწუხებს კვლავ მოუჭირა და ამის ბრალია, ბოლო დროს მეორადი ნაწილები ისევ რომ გაძვირდა.

 

ახლა რაც შეეხება კობახიძეს. ივანიშვილმა ძალიან სწორად გათვალა და ირაკლის იმაზე მეტი თავისუფლება მისცა, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს ჰქონდა. თანაც, ახლა კობახიძე აღარ არის სპიკერი და არ აქვს ვალდებულება მოზომილი განცხადებები აკეთოს. ამიტომ, ის არის ძალიან ხისტი, უხეში და ოპოზიციას არც თუ იშვიათად, ემუქრება კიდეც. სხვათა შორის, სწორედ კობახიძის სიუხეშის და რადიკალური განცხადებების შემდეგ გამოურია ფრაზებში რადიკალიზმი კალაძემ. თუ თბილისის მერი აქამდე მხოლოდ „ხუმრობებით“ ცდილობდა ოპოზიციის წაკბენას, ახლა რადიკალურ განცხადებებს აკეთებს და მუქარა მის ხმაშიც ისმის. როგორც გვეუბნებიან, კახას მისმა პირადმა პიარშკებმა ურჩიეს ასე მოქცევა, რადგან ჰგონიათ, რომ კობახიძესთვის ეს რაღაც ივანიშვილმა მოიფიქრა, ანუ ბიძინას მოსწონს და კალაძეც ცდილობს პარტიის თავმჯდომარეს აამოს, მაგრამ...

 

„საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გუნდის ლიდერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი კანდიდატურების გატანა ხდება. ეს კი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ გუნდის შიგნით სერიოზული დაძაბულობაა. არის გახარია, რომელიც დარწმუნებულია, რომ მინიმუმ 20-კაციანი კვოტა ექნება, ამდენივეს იმედი აქვს ღარიბაშვილს, იგივე სურს კობახიძეს, იგივე უნდა კალაძეს და რაღა თქმა უნდა, მინიმუმ იგივე უნდა უჩა მამაცაშვილს. თანაც, არ არის გამორიცხული, მამაცაშვილის და გახარიას კანდიდატურები ერთმანეთს დიდწილად დაემთხვეს, ხოლო კალაძე-კობახიძეს ერთი გუნდი ჰყავდეს. ჯარში დაწყებული დიდი რეფორმების მიუხედავად, ღარიბაშვილი არ მალავს, რომ მომავალში პარლამენტის თავმჯდომარეობა სურს, ზუსტად ისე, როგორც... ირაკლი კობახიძეს. დიახ, ექს-სპიკერს პოსტზე დაბრუნება უნდა და საამისოდ ყველაფერს აკეთებს. რაც შეეხება არჩილ თალაკვაძეს, მას შემდეგ არჩევნებში თავმჯდომარეობა კი არა, დეპუტატობა გაუჭირდება და დიდი ალბათობით, სადმე ან ელჩად გაუშვებენ, ან რომელიმე სამინისტროს მოადგილეობას ჩააბარებენ“, - გვეუბნება „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი.

 

ანი დვალიშვილი

ალია

№44