03 დეკ 2019 20:37 2878

შენ, მილიარდელი ივანიშვილი, ჩემი დაქირავებული რომ ხარ, რას აკეთებ? ან შენ ან შენი ბონძღი მინისტრები?

 

საბიძინეთის ამბები

 

 

შენი ინტერვიუ ვნახე, ბიძინა ბატონო. წინა წერილში, დაწვრილებით ავხსენი, რატომ მოგმართავ შენობით, ხომ გახსოვს? იმიტომ რომ ეს ჩვენ დაგიქირავეთ შენ 2012 წელს, მომავლის შესაცვლელად და შენ, ბიძინა ივანიშვილი, მოგწონს თუ არა, ჩვენი დაქირავებული ხარ!

ხოდა, კაცო, ვნახე შენი ინტერვიუ. გაფიცებ, ვინ მოამზადა კითხვები? კითხვებიც ნამეტანი ბონძღი იყო და ინტერვიუც.

არ დაიწყოთ ახლა, რა სიტყვაა ბონძღიო, იმერული სიტყვაა და ავხსნი ბოლოს, როგორ ბრაზილიურ სერიალებში იტყვიან, ეს ის არაა, რაც გგონიათ.

ხოდა, ვინ დაწერა ეს ბონძღობა კითხვები და პასუხები?

ჟურნალისტიც რა ბონძღურად გელაქუცებოდათ.

სულ შეიშალეთ, წიგნებზეც კი ილაპარაკეთ და ვაჟა გაფრინდაშვილი როგორ არ ახსენეთ, ეს კითხვა როგორ არ ჩაასმევინე სასტოული კითხვების სიაში?

გინდა გითხრა, ვინ არის ვაჟა გაფრინდაშვილი? არ იცი, როგორც ჩანს და მე გეტყვი - ეს არის ექიმი, რომელიც ხშირად გადადიოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელსაც გადაჰქონდა მედიკამენტები და მკურნალობდა, კი, შენმა სუსმა უეჭველად იცოდა ამის შესახებ, თუ არ იცოდა, მთელი სუსი გასაშვებია!

კი, შენი სუსიდან გადაჰყავდა ვიღაცას, ვიღაცის დავალებით და ეს ვიღაცა შენ თუ არ ხარ, არაფერი შენ არ გცოდნია და შეგძლებია და ბაღის და პარკის გამშენებელი რომ გვდომებოდა, მებაღეს ავირჩევდით.

ახლა იმას გეტყვი, რატომ გადაჰყავდათ ვაჟა გაფრინდაშვილი, იმიტომ რომ შენს უმაქნის მინისტრებს, ისიც არ შეუძლია ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართველი ავადმყოფის გადმოყვანა უზრუნველყოს - აი, ოსი და აფხაზი - იცოცხლე, თბილისში გადმოგვყავს და უფასოდ ვმკურნალობთ.

შენმა ბონძღმა მინისტრებმა, მაგალითად შერიგების მინისტრმა, ციხელაშვილმა, ისიც არ იცის, რომ ცხელი ხაზი არა აქვს არც ერთ სამინისტროს სპეციფიკური, სპეციალურად ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოსული ზარებისთვის.

ხოდა, რაკი ქართველი ავადმყოფები ვერ გადმოჰყავთ, ექიმის გადაყვანა მოიფიქრეს იქეთ, გადაიყვანეს და 9 ნოემბერს დაკავებულ ექიმზე პირველი კომენტარი ექვსი დღის მერე გააკეთეს.

როგორც „ალიას“ მოაწოდეს ინფორმაცია, ვაჟა გაფრინდაშვილის ახლობლები დაუკავშირდნენ ლატვიის ყოფილ პრეზიდენტს ვალდის ზატლერს, რომელიც ექიმია და ზუსტად ზატლერმა ატეხა ხმაური, ვის აღარ დაურეკა საქართველოში, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ჩათვლით.

ამ დროს, ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი და შენი სტომატოლოგი, შენთან დარბის და პირში გიყურებს, უნდა რომ მიხვდეს, წნევამ ხომ არ აგიწია და არ იზომება წნევა კბილებიდან, არა, უთხრას ვინმემ.

ამ დროს შენი ჯანდაცვის მინისტრი არ დგას და არ ითხოვს გაფრინდაშვილის გათავისუფლებას.

ამ დროს შენი ჯანდაცვის მინისტრი, გაჭირვებულ მოსახლეობას სოციალურ დახმარებებს უხსნის.

17 ნოემბერს, შერიგების მინისტრმა ციხელაშვილმა გააკეთა განცახდება, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გამოუშვებენ!

რას ნიშნავს რამდენიმე დღე? რამდენია რამდენიმე დღე? – 17 დღე გავიდა ამ განცხადებიდან - 17 დღე - რამდენიმე დღეა? კარგი, გავიდა რამდენიმე დღე, დღეს გამოუშვებენ ვაჟა გაფრინდაშვილს?

ტროლებს რომ დააფრიალებთ აქეთ-იქეთ, ჟურნალისტების სახით, მე ვიცი, რომ ხმა არ უნდა ამოიღოთ, რუსეთი გაღიზიანდებაო, ეს უკვე ბონძღობა აღარ არის, ეს უსინდისობაა.

ამდენი გადამგდები ერთად როგორ შეიკრიბეთ? ციხელაშვილიც გადამგდები მინისტრია და მინისტრსაც აქვს პასუხისმგებლობა - თუ არ იცის, არ უნდა თქვას, მაგრამ არა, სპეციალურად თქვა, სპეციალურად ათქმევინეს და ბოდიში მომითხოვია და, გონება უნდა მიაყოლო მინისტრმა, სანამ სხვის შემოგდებულ ინფორმაციას გააჟღერებ, კი შემოგდებულს, რადგან, ციხელაშვილი მაგას ვერ მოიფიქრებდა - გეგმა კი ასეთია, მოდი, ვეტყვით, რომ მალე გამოუშვებენ ვაჟა გაფრინდაშვილს და ამ ცხელ გულზე, ჩაცხრებიან, მერე რომ ჩაცხრება მათი წყრომა, მაქსიმუმ პოსტები წერონ ფეისბუქზე და ისიც დაავიწყდებათო - ეს იყო გეგმა და ეს გეგმა სულ მუშაობდა საქართველოში.

ახლა არ იმუშავებს. გპირდები.

რას აკეთებ? აი, მითხარი, შენ, მილიარდელი ივანიშვილი, ჩემი დაქირავებული რომ ხარ, უკეთესი მომავლისთვის, რას აკეთებ?

ზურაბ აბაშიძეს უშვებ კარასინის სანახავად? აი, ეს კი არის ბონძღობა.

ვინ არის კარასინი? - არავინ. რა ფასი აქვს მის სიტყვას - არანაირი. ვუყურებ ხოლმე, როგორ აქვეყნებს ქართული მედია კარასინის სიტყვებს, არ გვაქვს სხვა გზა, მეტი არც არავინ არაფერს ამბობს  - და მეცინება, ვინ არის კარასინი, ადრე იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ახლა ეგაც აღარაა, მინისტრის ყოფილი მოადგილეა ახლა, რა გვესაქმება არაოფიციალურ პირთან? ექსპერტია? დაქირავებულია? ჩვენზე მუშაობს კარასინი? აბა? ოფიციალურად რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელიც კი არ არის და უბრალოდ კაი ტიპი კარასინია?

კარასინი იმას რომ ამბობდეს, აი, რუსეთის ხელისუფლებამ ესა და ეს დამაბარაო - კიდევ ექნებოდა მის სიტყვას ფასი, არა, კარასინი, მისი, ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლის სახელით საუბრობს, იცი, რას ნიშნავს, ყოფილი, ბიძინა ბატონო?

მაგალითად, ადრე შენ ხომ აფინანსებდი მიშა სააკაშვილის ხელისუფლებას, ხომ მოგწონდა ადრე მიშა სააკაშვილის ხელისუფლება? ხოდა, ახლა შენ ხარ მიშას ყოფილი დამფინანსებელი და მომწონებელი, ამიტომ არც შენს სიტყვას აქვს ფასი, მაგრამ ვაი, რომ შენ დაგიქირავე და არ იქნა შენი ჩამოქირავება.

ხომ ხარ კაცო, შენ მილიარდელი? ეგ მილიარდები ხომ წამოიღე რუსეთიდან? ხომ გყავს სანაცნობო რუსეთში, გადაიხადე საჩუქრები, ბოდიში, კონიაკი აღარ ჭრის, ცოტა მეტად გაიკარი ჯიბეზე ხელი და მოაწყობინე შეხვედრები, ხო, იყიდე შეხვედრები რუს მაღალჩინოსნებთან და ელაპარაკე, რა ენაზე და რა ენაზეც გინდა იმ ენაზე ელაპარაკე, ფულის ენაზე ელაპარაკე, ხომ ესმოდათ ფული ენა? ახლაც ეხსომებათ.

ახლა გაიღიმებ და თავსაც გადააქნევ, ჩემი ფული რატომ გადავიხადოო, იმიტომ რომ ჩემს ფულს წლებია ამ ბონძღ მინისტრებში მაყრევინებ!

რას აკეთებს სუსი? გვატყუებს? მოიცა, სუსმა არ იცოდა, რომ რამდენიმე დღეში არ გამოუშვებდნენ ვაჟა გაფრინდაშვილს? აბა, გვატყუებს? ვკითხულობთ.

იმდენი ძალაც არა აქვს სუსს, რომ კავშირები გამოიყენოს და გაიგოს, როდის იგეგმება და იგეგმება თუ არა გაფრინდაშვილის გამოშვება?

კარასინმა, იმ არავინ კარასინმა, ძალიან მნიშვნელოვანი წინადადება თქვა: „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კონტაქტები სხვადასხვა ხაზით შედგა!“

ყველამ დააკოპირა ეს ტექსტი და დადო - დავიჯერო, არ კითხულობთ, მედიავ?

რას ამბობს კარასინი? საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ვაჟა გაფრინდაშვილის. რამდენი ადამიანია სინამდვილეში, ამ მომენტისათვის ცხინვალის იზოლატორში. მივმართე ამ კითხვით, ციხელაშვილის უწყებას, გადამამისამართეს სუსთან, რა ვიცი, როცა ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გამოუშვებენო, მიმტკიცებდა, მაშინ, არ უფიქრია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, გარდა ამისა, ციხელაშვილის უწყებამ მითხრა, რომ მათი ინფორმაციით, მხოლოდ ვაჟა გაფრინდაშვილია დაკავებული ცხინვალში.

ჰოი, საოცრებავ, ამ პასუხიდან ერთ საათში, დე ფატქო ოსეთიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს შეუფარდეს წინასწარ პატიმრობად ორი თვე.

აკი, მხოლოდ ერთიაო?

მივმართე სუსს, სუსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, უკვე მეორედ გვპირდება პასუხებს კითხვებზე და მერე არც კი გვპასუხობს.

სუსიც გადამგდებია? სად შეიკრიბეთ ამდენი გადამგდები? რა ბონძღობაა?

პასუხი არ გაქვს? პასუხს ვერ მცემ? - დამირეკე და ეგ მაინც მითხარი, ვერ გაძლევ პასუხს, არ გაძლევ პასუხს, ეს იგნორი რა არის? თუ სუსი ბიუჯეტიდან არ ფინანსდება?

გადავხედო მედიებს? ჩამოვთვალი, რამდენ მედიას აძლევთ ინფორმაციებს?  იმას აძლევთ ინფორმაციას, ვისაც იყენებთ? ვინც თქვენიანია? ამიტომ არის „ალია“ თქვენ შავ სიაში?

ქალბატონო, რედაქტორო, გთხოვთ, მომცეთ საშუალება, ამ ადგილას ჩავსვათ შავი ჩარჩო და დავაწეროთ, აქ უნდა ყოფილიყო სუსის დაპირებული პასუხი.

 

 

ციხელაშვილს რომ ჩვენი თავი მოატყუებინე, მერე კარასინი და აბაშიძე ალაპარაკე, იმათაც მოაცემინე დაპირება, ბიძინა ბატონო, რომ მალე გამოუშვებენ გაფრინდაშვილს, მაგრამ - დე ფაქტო ოსეთი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მალე ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო გაიმართება და მისი დანაშაული ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ასევე, ამბობენ, რომ გაფრინდაშვილის საკითხზე, კიდევ ერთხელ იმსჯელებენ ჟენევის დისკუსიებში 11 დეკემბერს.

11 დეკემბერს უნდა იმსჯელონ, რა მიუსაჯონ - რამე ეტყობათ, რომ რამდენიმე დღეში გამოშვებას უპირებენ?

 

ამ სტატიას კვირას ვწერ, 2 დეკემბერს, დღეს ორი წელი გავიდა დათუნა სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობიდან და მშვენივრად ვიცი, ბიძინა ბატონო, როგორ და რა წვალებით მიაღწია სარალიძემ იმასაც კი, რომ კალანდია დაგეჭირათ და სასამართლო პროცესები დაგეწყო, კი, ის ამბავიც ვიცი და როცა დრო და საჭიროება იქნება, გავახმოვანებ კიდეც, ეჭვი არ შეგეპაროს.

ორი წელი გავიდა და ის პროკურორები, რომლებმაც, მთელმა საქართველომ ნახა, როგორ შეკერეს საქმე - ადექი და დააწინაურე?

ესეც აღარ არის ბონძღობა, ესეც სირცხვილია.

ორი წელი გავიდა და მატყუარა გახარია, რომელმაც ხორავას ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, მთელ საქართველოს უთხრა ტყუილი, რომ საქმე უკვე გამოძიებულ;ია - დააწინაურე?

კი, ასეთი ხალხი გჭირდება შენ - ის ვინც მატყუარაა, ის ვინც გადამგდებია - გჭირდება და იმიტომ გყავს, თორემ, კაცმა ზღვა შემოღობე და მატყუარა კადრს ვერ გაუშვებდი?

 

დღეს ინტერნეტში ვრცელდება არჩილ თალაკვაძის სოციალური გვერდის სქრინი, სადაც ჩანს, რომ მას მეგობრებში გიგა მაქარაშვილი ჰყავს, ის გიგა მაქარაშვილი, რომელიც შენი და შენი გუნდის ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებს.

აპრილის დასაწყისში, რეზო ჩარკვიანი გახდა პრემიერის მრჩეველი ახალგაზრდობის საკითხებში.

ხოდა, რეზო ჩარკვიანი, თავს იმართლებს სოციალურ ქსელში, კერძოდ, წერს: ხალხნო, გაჩნდა კითხვები, რატომ მივიღე გადაწყვეტილება პრემიერის მრჩევლობაზე ახალგაზრდობის საკითხებში...

რეზო ჩარკვიანი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, იმ აქციისა, რომელიც ბასიანის დარბევის შემდეგ გაიმართა, რომელ აქციასაც ბოდიში მოუხადა გახარიამ და ისე დაშალა. მართალია, დაპირებული ნარკოპოლიტიკის შეცვლა დაიწყო და არ დასრულებულა, მაგრამ ბოდიში ხომ მოიხადა?

რეზო ჩარკვიანს 23 ივნისს - ნუ მაბრმავებ - ფოტოსაც აქვეყნებს.

ვინ აბრმავებდა, ვის გულისხმობდა რეზო ჩარკვიანი? გახარიას არ გულისხმობდა შემთხვევით? და მერე გახარია რომ პრემიერი გახდა - გააპროტესტა? - არა, რა თქმა უნდა, ისევ პრემიერთან მუშაობს, ახალგაზრდული სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა, რომელიც უშუალოდ გახარიას ექვემდებარება.

არც გახარიას ადარდებს, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი პირი ის ადამიანია, რომელსაც „ბასიანის“ დარბევის გამო ბოდიში მოუხადა და რომელიც მას, დამბრმავებელს ეძახის სოციალური ქსელიდან.

ეს ხართ სულ, ბონძღობაც აღარ არის ეს.

ეს ხართ სულ, უთავმოყვაროები, უპრინციპოები!

ის ცნობილი ფაქტი გამახსენდა, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ის პოეტი რომ მიიწვიეს, რომელმაც ლექსად დაწყევლა ზურაბიშვილი.

რამე ახალი თამაში? - ახლობლები აგინებთ ერთმანეთს და ტაშს ელოდებით?

კი, თამაშია, ნაც-ქოცური თამაში და კაცს, რომელიც მიშას ყოფილი დამფინანსებელი და მომწონებელია, მეტი არც უნდა მოსთხოვო.

როდესმე გიფიქრია, ბიძინა ბატონო, აგირჩევდათ ვინმე თუ არა, მილიონები რომ არ გქონოდათ? ოდესმე გიფიქრია, ვინ იქნებოდი, რომ არ გქონოდა მილიონები?

შენი ბონძღი მინისტრები გადათვალე ხოლმე, ხშირად გადათვალე, აბა, ხომ არიან იმდენნი რამდენიც შენს სულ და გულს გაურდება?

ბონძღი იმერული სიტყვაა და სასაცილოს ნიშნავს.

 

 

 

თამო კეშელავა

ალია

№44