17 ივლ 2017 15:10 493

ქურთისტანის სახელმწიფოს იდეა – მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი

40 მილიონიანი უსახელმწიფო ერის - ქურთების თვითგამორკვევის პროცესი და სახელმწიფოს შექმნის მცდელობა რეგიონის 4 დიდი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას გულისხმობს.

ქურთების ძირითადი ნაწილი თურქეთში, სირიაში, ერაყსა და ირანში ცხოვრებენ. მათი განსახლების ადგილები ისეა განაწილებული გეოგრაფიულად, რომ თუ ზემოხსენებული სახელმწიფოების საზღვრებს ვირტუალურად მოვშლით, ქურთისთანი ერთ მთლიან გეოგრაფიულ არეალს წარმოადგენს. ქურთების მცირე ნაწილი ასევე ცხოვრობს სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში. განსაკუთრებით მაღალია ქურთების პროცენტული მაჩვენებელი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელსაც ბაქოსთან სახმელეთო ადმინისტრაციული საზღვარი არ გააჩნია და სომხეთსა და ირანს შორისაა მოქცეული.


თბილისიდან იმ ტერიტორიამდე, სადაც ქურთები თავისი სახელმწიფოს დაარსებას აპირებენ, დაახლოებით 250 კილომეტრია, რაც სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მცირე მანძილია.


ქურთები საკუთარი პოლიტიკური უფლებების მოსაპოვებლად წლებია იბრძვიან. მაგალითად, თურქეთში, ოფიციალური ანკარას მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება 1984 წელს დაიწყო, როდესაც ადგილობრივმა ქურთებმა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების სურვილი გამოთქვეს. საომარი მოქმედებები მიმდინარეობს სირიაშიც, სადაც 2011 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის ფონზე ქურთებმა, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ, ფაქტობრივი დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ყველაზე მეტად ქურთებმა თავიანთი პოზიციები ერაყში გაიმყარეს, რადგან მათ საკუთარი ავტომიური რეგიონი შექმნეს. ერაყელ ქურთებს საკუთარი პარლამენტი, მთავრობა, შეიარაღებული ძალები და სრულყოფილი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ყველა ინსტიტუცია გააჩნიათ. სწორედ ეს რეგიონი მოიაზრება ერთიანი ქურთისტანის ძირითად ბირთვად. ერაყელი ქურთების ავტონომიის ლიდერების ინიციტივით, სექტემბერში პლებისციტი გაიმართება, სადაც გადაწყდება, რეგიონი ფართო ავტონომიას შეინარჩუნებს, თუ სუვერენული გახდება.


ერაყელი ქურთების ამ გადაწყვეტილებას თურქეთის ლიდერის, ერდოღანის მწვავე რეაქცია მოჰყვა, რაც მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ქურთების დამოუკიდებლობა ერაყში კიდევ უფრო გაამწვავებს თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონში ისედაც არასტაბილურ ვითარებას. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ტონი მეტად კატეგორიული იყო – ის არასოდეს დაუშვებს ქურთების სახელმწიფოს შექმნას.


გეოპოლიტიკურ მთავარ მოთამაშეებს, ქურთისტანის პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რეგიონში თავიანთი პოზიციები გააჩნიათ და, ფარულად თუ ღიად, თავის ფავორიტებს უჭერენ მხარს. მაგალითად, აშშ მფარველობს ერაყელ ქურთებს, ასევე იარაღით ამარაგებს მათ სირიელ ნათესავებს, რაც, თავის მხრივ, ანკარას გაღიზიანებას იწვევს, რადგან ერთიანი ქურთისტანის იდეა თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის. სწორედ ეს გახდა თურქეთის აშშ-თან დაპირისპირებისა და ანკარას მოსკოვისკენ „გახედვის“ მიზეზი. ვაშინგტონის მსგავსად, ჯერ კიდევ ყოფილი საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, მოსკოვსაც ჰყავს თავისი ფავორიტი - ქურთისტანის მუშათა პარტიის სახით, რომელსაც იარაღით ამარაგებს.


სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას აზრით, აშშ ერთიანი ქურთისტანის შექმნის იდეას იმიტომ უჭერს მხარს, რომ, საჭიროების შემთხვავაში, ქურთი მებრძოლები "ისლამური სახელმწიფოს", ასადის რეჟიმისა და ირანის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენოს.


"ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ვაშინგტონმა სირიელი ამბოხებულები გადაიბირა. სირიელ ქურთებს აშშ იმიტომ უჭერს მხარს, რომ მათ შეუძლიათ რეალური ბრძოლა "ისლამურ სახალიფოსთან". ასევე, ვაშინგტონი ცდილობს, ისინი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ გამოიყენოს, ფაქტობრივად, სირიის დიქტატორი დაამხონ და დამასკოში მოიპოვონ ის ძალა, რაც ამერიკის ადმინისტრაციის ინტერესებს შეესაბამება. როგორც ეს მოხდა ერაყში, სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ. ამერიკელებს ასევე უნდათ, რომ ქურთები გამოიყენონ ირანის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან თეირანზე დამატებითი ბერკეტი ჰქონდეთ ქურთების სახით", - განაცხადა "პირველთან" საუბარში მაისაიამ.


პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში ვითარების დაძაბვა რუსეთისთვის მომგებიანია, რადგან სპარსეთის ყურეში, რომელზეც მსოფლიოში არსებული ნავთობ რესურსების 66,4% მოდის, სიტუაციას გამწვავება ნავთობზე ფასების ზრდას გამოიწვევს, რაც ენერგომატარებლების იმპორტიორი ქვეყნების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.


"ეს შეიძლება აწყობდეს რუსეთს, რადგან ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტი შემცირდება, რაც პირდაპირ გამოიწვევს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდას და ამით ისევ რუსეთი მოითბობს ხელს", - უთხრა პოლიტოლოგმა "პირველს".


რაც შეეხება ქურთისტანის პრობლემატიკის გავლენას სამხრეთ კავკასიაზე, და შესაბამისად საქართველოზე, სავარაუდოდ, ის დესტაბილიზაციის გამომწვევი მიზეზი ვერ გახდება, რადგან რეგიონში ქურთების მცირე რაოდენობა ცხოვრობს, რომლებიც ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არიან აქტიურად ჩართული.


თუმცა, როგორც ნიკა ჩიტაძე აცხადებს, ერთიანი ქურთისტანის შექმნა საქართველოზე, ისევე როგორც უკრაინა-აზერბაიჯანზე და მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნეგატიურად აისახება.


ქურთისტანის პრობლემატიკიდან გამომდინარე პოლიტოლოგი საქართველოსთან მიმართებით 4 უარყოფით ირიბ ეფექტზე საუბრობს: 
1. ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის შემთხვევაში, ეს იქნება კიდევ ერთი პრეცედენტი კოსოვოს შემდეგ. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ერაყის, სირიის, ირანისა და თურქეთის ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბება თბილისისთვის არ არის ხელსაყრელი; 2. თბილისს ვითარების დაძაბვა არ აწყობს თურქეთში, რადგან ის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია; 3. ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციის შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, საქართველოს საზღვარს ათასობით ლტოლვილი მოაწყდეს; 4. სპარსეთის ყურეში ვითარების ესკალაცია მსოფლიოში ნავთობზე ფასების ზრდას გამოიწვევს, რაც საქართველოსთვის, როგორც ნავთობიმპორტიორი ქვეყნისთვის არასახარბიელო იქნება.


"პირველის" რესპონდეტების აზრით, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის გარკვეული შეთანხმებაც შეიძლება შედეგს, რის საფუძველზეც სირიის ტერიტორიაზე ქურთისტანის ავტონომია შეიქმნება. ისინი ნაკლებად ვარაუდობენ ირანში ქურთული ავტონომიის შექმნას, ხოლო თურქეთის ხელისუფლების მიერ მსგავს დათმობაზე წასვლას გამორიცხავენ.


დღეს ქურთისტანის ერთიანი სახელმწიფოს შექმნას ექსპერტები უტოპიის სფეროს მიაკუთვნებენ. თუმცა, მსოფლიოში მოვლენები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ შორეულ პერსპექტივაში დღევანდელი თურქეთის, სირიის, ერაყისა და ირანის ტერიტორიებზე ერთიანი ქურთისტანის შექმნა არ უნდა გამოვრიცხოთ. ახალი სახელმწიფოს შექმნა კი, ეჭვგარეშეა, უსისხლოდ არ ჩაივლის. შესაბამისად, საქრთველო ნებსით თუ უნებლიედ, ირიბად თუ პირდაპირ, ეს პროცესები აუცილებლად აისახება საქართველოზეც.

 
 
pia.ge