17 ივლ 2017 17:28 583

მეზობლების ინფორმაციით,მოკლული გოგონა დეიდის სახლში, ბიძაშვილ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა

19 წლის გოგონას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც საზოგადოებრივს ერთ-ერთმა მეზობელმა განუცხადა, გოგონა დეიდას ბინაში იმყოფებოდა. 

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილის დეიდა ამჟამად ფოთშია, ის გოგონას მთელი დღის განმავლობაში ტელეფონზე ურეკავდა და როდესაც ვერ დაუკავშირდა, მეზობელს სთხოვა, ბინაში მისულიყო და მისი დისშვილი მოენახულებინა. 

 

მეზობელი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, კარზე დაკაკუნების შემდეგ, ხმა არავინ გასცა. მისივე თქმით, მალევე გარდაცვლილის ორი მეგობარი მოვიდა, ერთ-ერთი მეორე სართულის ფანჯრიდან გადავიდა, ვინაიდან რკინის კარის შემტვრევა შეუძლებელი იყო. ამის შემდეგ რა მოხდა, მეზობელს ინფორმაცია არ აქვს. 

 

როგორც მეზობელმა აღნიშნა, გოგონა სტუდენტი იყო და დღეს უნივერსიტეტში გამოცდა უნდა ჩაებარებინა, თუმცა სასწავლებელში არ გამოცხადდა. 

 

თბილისში, უზნაძის ქუჩის ნომერ 117-ში 19 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. საზოგადოებრივს გარდაცვლილის მეზობლებმა განუცხადეს, რომ გოგონას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. 

 

საქმეზე შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

 

„მოამბის“ ჟურნალისტი იუწყება, რომ ადგილზე კრიმინალისტები და პროზექტურის წარმომადგენლები მივიდნენ.

 

 „ინტერპრესნიუსის“ ცნობით კი გოგონა ბინაში ბიძაშვილ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა. ბიჭს ახლობლები ამ დრომდე ვერ პოულობენ.

 

უზნაძის 117-ში მცხოვრებლები „ნიუპოსტს“ უცხადებენ, რომ გარდაცვლილი გოგონა ბიძაშვილის მეგობრებმა იპოვეს, რომლებიც ბიჭს ეძებნდნენ. ახალგაზრდები საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან გადაძვრნენ, ადგილზე გვამი დახვდათ. გარდაცვლილს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

 

რაც შეეხება მოკლულის დეიდაშვილს, მას ტელეფონი ამ დრომდე გამორთული აქვს.

 

"მობილურზე ურეკავდნენ, სატელეფონო ზარებს არცერთი მათგანი არ პასუხობდა. გოგონა აქ ცხოვრობდა"- განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

 

გარდაცვლილის ნაცნობი, ჯინა ერთ-ერთი იმათგანია, ვინც გოგონას ტელეფონზე ზარი განახორციელა.

 

"დეიდამ დამირეკა, მთხოვა გადადი, ანა არ მპასუხობს და გაარკვიე რა ხდებაო, მე ბიძაშვილს საერთოდ არ ვიცი, როგორც ჩემთვის ცნობილია ოჯახში კიდევ ერთი ადამიანი, სავარაუდოდ ძმისშვილი ცხოვრობდა"- აცხადებს კიდევ ერთი მეზობელი.