17 ივლ 2017 17:37 321

„შეიძლება რუსულმა პრესამ იმსჯელოს, რომ ჩვენ რუსეთისკენ რაღაც გზებს ვაშენებთ“

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაღესტნის რესპუბლიკის გზების მშენებლობის სააგენტოს მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე კომენტარს აკეთებს. ვიდეოში აღბეჭდილია გზის გასაყვანად ჩატარებული ის სამუშაოები, რომელიც ვანტლიაშევსკის უღელტეხილზე მიმდინარეობს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  ე.წ. ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობას გამორიცხავს. ინფორმაციას სააგენტო„ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

"ჩვენი მხრიდან, მამისონის მიმართულებით, გამომდინარე იქიდან, რომ იქ ჩვენ საკმაოდ სტრატეგიული ტურისტული ობიექტები გვაქვს, ვაკეთებთ რეაბილიტაციას გზისა, რომელიც პირდაპირ რუსეთის საზღვრამდე მიდის; ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდს გზა გაჰყავს როშკიდან არხოტამდე, რომელიც პირდაპირ რუსეთის საზღვრამდე მიდის; ასევე, ვაპროექტებთ ახალ გზას ომალოს მიმართულებით. ასეთივე ლოგიკით, შეიძლება რუსულმა პრესამ იმსჯელოს, რომ ჩვენ რუსეთისკენ რაღაც გზებს ვაშენებთ. რაიმე ტრანსნაციონალურ პროექტზე საუბარი არასდროს ყოფილა და არც იგეგმება. ერთადერთ მარშრუტი, რომელიც ჩვენ ამ დროისთვის რუსეთთან გვაკავშირებს ლეგალურად, არის ლარსის გამშვები პუნქტი და ამ მიმართულებით მთავრობას დაგეგმილი აქვს ასობით მილიონი ლარის დახარჯვა 3-4 წელიწადში. ეს არის და იქნება რუსეთთან დამაკავშირებელი ძირითადი არტერია. ჩვენ ამ ეტაპზე ვაკეთებთ დევდორაკის გვირაბს, რაც დაახლოებით 50 მილიონი აშშ დოლარი ჯდება. ვაპროექტებთ ჯვრის უღელტეხილის ქვემოთ გვირაბს, რომელიც დაახლოებით 250 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება და ასევე, მიმდინარეობს პროექტირება იმისთვის, რომ ჟინვალიდიან ქვეშეთამდე და კობიდან ლარსამდე საგზაო ინფრასტურქტურა გაუმჯობესდეს. რაც შეეხება ავარეთ-კახეთის დამაკავშირებელ გზას, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ამ გზის შესახებ ჭორის დონეზეც კი ჩვენთვის ცნობილი არ არის", - განაცხადა გიორგი სეთურიძემ.

სეთურიძის განმარტებით, მისთვის და უწყებისთვის რისთვის აკეთებს ამას რუსული მხარე.

"ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ტრანსნაციონალური ავტომაგისტრალის მშენებლობა ჩვენს შემთხვევაში გამორიცხულია", - აცხადებს სეთურიძე.

გზის მშენებლობის შესახებ პროექტს ხელი 2014 წელს მოეწერა. გზის მშენებლობის იდეას საქართველოში აზრთა სხცვადასხვაობა მოჰყვა. ხელისუფლებისთვის პროექტის განხორციელება  ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიცია კი მასში საფრთხეებს ხედავს, მათ შორის - სამხედრო საფრთხესაც.