17 ივლ 2017 17:48 4454

"ქართულ თხილში აფლატოქსინის საგანგაშო სურათზე განცხადებები გადაჭარბებულია"

სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე გადაჭარბებულს უწოდებს ტელეეთერით გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მოყვანილ თხილში აღმოჩენილი ნივთიერებას, ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მოტანა შეუძლია.

კალანდაძე "ნიუპოსტთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ "პირდაპირ, განცხადების გაკეთება - მკვლელი თხილი, არაობიექტურობაა".

"მაჩვენეთ საქართველოში მოყვანილი თხილის მიერ ერთი ადამიანი მკვდარი ან მოწამლული. მსგავსი ფაქტი არ არსებობს. ვადასტურებ, არის გარკვეული შემთხვევები, ევროკავშირის მხრიდან რამდენიმე პარტია თხილი მობრუნდა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს მსოფლიო პრაქტიკაა. თუ თურქეთის მაგალითზე ვისაუბრებთ, რომელიც თხილის ინდუსტრიაში პირველი ქვეყანაა, წელიწადში დაახლოებით 150 მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება, ანუ როცა ევროკავშირის ქვეყნებიდან პროდუქციის უკან გამობრუნება ხდება. თურქეთში, სადაც სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი კონტროლია დაწესებული, მაინც ფიქსირდება მსგავსი ფაქტები. ჩვენს სტატისტიკას რაც შეეხება 2016 წელს ევროკავშირიდან პროდუქციის მობრუნების მხოლოდ 9 შემთხვევა დაფიქსირდა, ამ შემთხვევაშიც აფლატოქსინის შემცველობა ნორმას ოდნავ აჭარბებდა. წელს კი სულ 2 შემთხვევა დაფიქსირდა. თუ ჩვენ ექსპორტირებული პარტიის მთელ მოცულობას ავიღებთ, ეს არის მხოლოდ 0,5 %, რომელიც მიზერული ციფრია"- განაცხადა სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსმა.

თენგიზ კალანდაძე "ნიუპოსტთან" საუბრისას განმარტავს, რომ აფლატოქსინი ობის სოკოს ცხოველმყოფელობის შედეგად გამოყოფილი ტოქსინია, რომელიც უხვი ნალექების შემდეგ, არასწორად მოკრეფის, შრობისა და შენახვის შედეგად წარმოიქმნება. 

მისი თქმით, სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტი ყოველი ექსპორტირებული თხილის მკაცრ კონტროლს აწარმოებს.

"ყოველი კილოგრამი მოწმდება. როდესაც მეწარმე მოახდენს ტვირთის ფორმირებას, ოფიციალურად მიიწვევს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორს, რომლის ზედამხედველობის ქვეშ ხდება ნიმუშების აღება ყოველი პალეტიდან. ამის შემდეგ ინსპექტორი ლუქავს ყოველ პალეტს, რათა ნიმუშის ჩანაცვლება არ მოხდეს. შემდეგ ნიმუშებზე ლაბორატორიული გამოკვლევა, რომ არ იყოს შერეული თხილი, ასევე მოწმდება ოთხივე სახის აფლატოქსინზე, რის შემდეგაც მეწარმე დეკლარაციას ოფიციალურად ავსებს, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამოიგზავნება, სადაც ზუსტი ინფორმაციაა ასახული, თუ რომელი გლეხიდან, რამდენი კილოგრამი თხილი შეისყიდა, სად გადამუშავდა, ანუ სრული მიკვლევადობის შემდეგ, სააგენტო უშვებს თხილს საბაჟოზე. ეს მიდგომა ბოლო ერთი წელია დაინერგა და რამაც დინამიკაში ფალსიფიცირებული თხილის ექსპორტის შემცირება გამოიწვია. ამასთან მომავალი წლიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება, 2018 წლიდან თხილის გადამამუშავებელ საწარმოებს სრული მიკვლევადობის დანერგვა და სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტის დანერგვა დაევალათ. ასევე თქვენ იცით, რომ სახელმწიფო დაავადებების პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, სერიოზულ თანხებს ხარჯავს"- განაცხადა კალანდაძემ.

რაც შეეხება დაავადებულ პროდუქციას, რომელიც ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში გამობრუნდა, თენგიზ კალანდაძე ამბობს, რომ ამ პროდუქციის გადაზავება ჯანსაღ თხილთან ხდება. თუ მაჩვენებლები ჩაჯდება ნორმაში თხილი ხელახალ ლაბორატორიულ შემოწმებას გაივლის და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემათ მეწარმეებს მათი რეალიზების საშუალება.

იმ შემთხვევაში კი თუ აფლატოქსინის მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას საგრძნობლად აჭარბებს, აღნიშნული თხილისგან ზეთის გამოხდა ხდება.

"ეს მსოფლიო პრაქტიკაა, ამ შემთხვევაში მისი გაფილტვრა და აფლატოქსინის განეიტრალება ხდება. ამიტომ მინდა დავამშვიდო ყველა, რომ განცხადებები ქართული თხილში აღმოჩენილი აფლატოქსინის საგანგაშო სურათზე განცხადებები რბილად რომ ვთქვათ გადაჭარბებულია"- უთხრა "ნიუპოსტს" კალანდაძემ.