17 ივლ 2017 17:58 110

ოცნება სამართალდამცველებს ნაციონალი კანდიდატის ცემის ფაქტზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს

"ქართული ოცნება" ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლისა და მისი ოჯახის ცევრების ცემის ფაქტზე, სამართალდამცველებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს. პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ვინც უნდა იყოს დაპირისპირების მხარე, ძალადობის ყოველგვარ ფაქტს კატეგორიულად გმობს. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სამართალდარღვევის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინონ. ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ", - წერია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ სოფელ ურაველში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს და მის ოჯახის წევრებს სცემეს. ის მომხდარში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსს, სამხარეო ადმინისტრაციისა და გამგეობის თანამშრომლებს ადანაშაულებს. ინფომაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.

 მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება უკვე  დაიწყო შსს-მ.

როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა რაც ძალადობას გულისხმობს.

 

 

imedinews.ge