17 ივლ 2017 18:03 217

ადამიანის დაჭრის ორი ფაქტი ლანჩხუთსა და ხონში

ლანჩხუთში 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს. მამაკაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ის მკურნალობას ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკაში გადის. ექიმების ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ახლობლებს შორის კონფლიქტის დროს მოხდა. ოჯახის ახლობლები მიზეზებზე არ საუბრობენ.

რაც შეეხება ეჭვმიტანილს, ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 მამაკაცის დაჭრის ფაქტი მოხდა  ხონშიც . როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცს ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული.
მათივე ინფორმაციით, მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.