18 ივლ 2017 01:51 72959

ცნობილია, ვინ დაწვა „სამება“ და რომელმა სასულიერო პირებმა გადაინაწილეს განძი!!! - სკანდალური ინტერვიუ

„ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია - სასულიერო პირი ირწმუნება, რომ სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი შეგნებულად გააჩინეს.
მამა გიორგი მამალაძემ ადვოკატს უთხრა, რომ ტაძარი ძვირფასი ნივთებისა და ოქროს მოპარვის მიზნით, განგებ დაწვეს.

ხანძარი სამებაში პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობსა და დაკავებულ დეკანოზ შორის ურთიერთბრალდებების ახალი მიზეზი გახდა. ე.წ. ციანიდის საქმის ბოლო სხდომაზე პროკურორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნახანძრალის აღდგენისა და რემონტისთვის გამოყოფილი 2 მილიონი ლარის მითვისებას, ციხეში მყოფი მამა გიორგი ცდილობდა. სარემონტო და აღდგენითი სამუშაოების თითქმის 80 პროცენტი დასრულებულია. უახლოეს მომავალში საბერძნეთიდან ბრები და მარმარილოს ფილები ჩამოვა, რადგან ხანძარმა კედლები და ჭერი სრულად გაანადგურა.“ - ეს არის გუშინ გავრცელებული ინფორმაცია. ამ თემაზე დაახლოებით ერთი თვის წინ „ალიას“ სკანდალური ინტერვიუ მისცა ადვოკატმა ზურაბ ჯორბენაძემ, რომელსაც ახლა უცვლელად გთავაზობთ:

 ზურაბ ჯორბენაძე:

- გავბედავ და ვიტყვი იმას, რაც დღეს საპატრიარქოს ფარდის მიღმაა და სცენაზე არ ჩანს. ერთი ძველი გამონათქვამია - უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენო და ასე ხდება ახლაც. განვმარტავ. საპატრიარქოში მიმდინარეობს ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის და ეს არის ღია ბრძოლა და ამ ბრძოლაში ჩაბმული არიან სახელისუფლებო სხვადასხვა შტოები, მათ შორის პროკურატურა, მთავრობის მაღალი იერარქიის წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, საპატრიარქოს მაღალი იერარქიის წარმომადგენლები - მეუფეები, ის პირები, რომლებიც საპატრიარქოს შიგნით გადაწყვეტილებებს იღებენ.

- დააკონკრეტეთ...

- ესეც მძიმე სათქმელია, თუმცა გეტყვით შეძლებისდაგვარად - როგორც ხელისუფლებებშია, კლანები რომ არსებობენ, რომლებსაც ბიზნესინტერესები აქვთ გადანაწილებული, სამწუხაროდ, ზუსტად ასეა საპატრიარქოშიც ახლა - გადანაწილებულია ბიზნესის სფეროები, გადანაწილებულია ფულის კეთების მექანიზმები და არსებობენ კლანები, რომლებიც სხვადასხვა სფეროების ხელში ჩასაგდებად იბრძვიან. ერთ ფრთას მიეკუთვნება მეუფე პეტრე, რომელიც ცნობილია, როგორც მიშას პირადი მეუფე და «ნაცების» დიდი გულშემატკივარი, სანდრა რულოვსის მოძღვარი და ა.შ. ასევე, ფოთის მიტროპოლიტიც, ამავე კლანის წევრად მოიაზრება მეუფე კალისტრატე - მიშას მეხოტბე. გამოიკვეთა, რომ ამავე კლანის მხარდამჭერია ბათუმის მიტროპოლიტი. ამათთან არიან ის სასულიერო პირებიც, რომლებსაც აწყობთ ამ ფრთის გაძლიერება და პატრიარქის ტახტზე მეუფის ძმისშვილის აყვანა. მეორე ფრთას მიეკუთვნებიან პატრიარქის მდივან-რეფერანტი, მეუფე იაკობი და მათი მხარდამჭერები, მათ შორის ალავერდელი მიტროპოლიტი. მამა გიორგი მამალაძე სწორედ ამ კლანებს შორის დაპირისპირების მსხვერპლია. საინტერესოა ის, რომ მას მერე, რაც მამა გიორგი მამალაძე დაკავებულია, სინოდის არც ერთ სხდომაზე არ განხილულა მამა გიორგის კანონიკის საკითხი. კანონიკის მიხედვით, სინოდს უნდა ემსჯელა, დაარღვია თუ არა მამა გიორგიმ კანონიკის ძირითადი დებულებები და უღალატა თუ არა წმინდა ეკლესიას, პატრიარქს, მით უმეტეს, როცა არც პროკურატურისა და არც პრემიერის განცხადება, რომ პატრიარქის მკვლელობა იქნა აცილებული, არ ყოფილა უარყოფილი. ანუ საეკლესიო სამართლის მიხედვით არ უნდა დალოდებოდა გამოძიებას საპატრიარქო და ისე უნდა მომხდარიყო განხილვა და საზოგადოებას უნდა ცნობებოდა ამ გადაწყვეტილების თაობაზე. ვიდრე არ არის სინოდალური მოკვლევა ჩატარებული ამ საკითხის ირგვლივ, მანამდე ყველაფერი, რაც ამ თემას შეეხება, არის ფალსიფიცირებული. არ უნდა უყურებდეს, წესით, პროკურატურას საპატრიარქო, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ვისაც ეს უნდა გაეკეთებინა, არ არიან მაღალი სულიერების მქონე პირები. ისინი არიან ფულზე, სიმდიდრესა და ჯიპებზე ორიენტირებული «მეშჩანები». საპატრიარქოში არსებობს შიდა დაპირისპირებები საეკლესიო სანთლებისა და ნივთების თემების ირგვლივ. მაღალი და უფრო მაღალ იერარქიებზე მყოფ სასულიერო პირებს აქვთ გახსნილი «ცეხები», სადაც მზადდება საეკლესიო ნივთები, ხატები და ა.შ. ასევე, გახსნილი აქვთ საეკლესიო სანთლების «ცეხები». ვინმემ იცის, რა სანთლებს ვანთებთ ეკლესიებში? ეკლესიებში დღეს ვერ შეხვდებით ნამდვილ თაფლის სანთლებს, საერთოდ ამოღებულია გამოყენებიდან თაფლის სანთელი და ის სანთლები, რომლებსაც ჩვენ ვყიდულობთ ეკლესიებში, დამზადებულია ნავთობპროდუქტებისგან დამზადებული პარაფინისგან და რომლებსაც თაფლის სუნი მიცემული აქვს ხელოვნური ქიმიური სითხეებით. აი, ამ ზემოხსენებული ბიზნესების გამო წყვეტენ ერთმანეთს დღეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, ვერ იყოფენ, რომელ ეკლესიაში ვისი ნივთები უნდა გაიყიდოს და ვისი ნივთები რომელ მაღაზიაში უნდა გაიყიდოს.

- მაღალი სასულიერო პირების ცხოვრების წესი ახსენეთ. რას გულისხმობდით?

- ბევრ მაღალი იერარქიის პირთან მაქვს ახლო ნაცნობობა და ამაზრზენია ის, რასაც მათი საუბრების დროს ვისმენ - ერთმანეთს დასცინიან ზურგსუკან, რომ რომელიღაც მამაო მექალთანეა და დადის ქალებში, ზოგი ჩვეულებრივ ჭორაობს, რომ გარკვეული სასულიერო პირები არიან მამათმავლები და ეს გრძელდება უსასრულოდ. ამას პირში ვერავინ ვერავის ვერ ეუბნება, ვერ საუბრობენ ამაზე საჯაროდ და ეს ყველაფერი ასე გრძელდება. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ვიცი, რომელთა სახელებისა და გვარების დასახელება არ იქნება ჩემი მხრიდან მართებული, რომლებიც მარხვის პერიოდში, ჩვეულებრივ ჭამენ ხაშლამას, ხაპავენ ღვინოს და მერე ქადაგებენ მარხვაზე. აი, ამას ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი, რომ უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენ. წმინდა ეკლესიაში დღეს მარტო ოქრო დარჩა.

საუბრის დასაწყისში მკითხეთ, ვინ არის ედიშერ ქარჩავა - ცოტა უხერხულია ამის თქმა, მაგრამ  საპატრიარქოში დანიშნული და დასანიშნი პირების მოკვლევას და მათ სანდოობას ამოწმებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ცოტა ხნის წინ სოსო ოხანაშვილი რომ ჩამოაშორეს პატრიარქის დაცვის უფროსის პოსტს, უკან მოაყოლეს ყველა მისი კადრი. ყველა ეს პირი ჩაანაცვლა სუს-ის დაცვამ. ანუ ასეა - ყველა, ვინც საპატრიარქოში ინიშნება გადაწყვეტილების მიმღებთან მიახლოებულ პოსტზეც კი, ინიშნება სუს-ის გავლით. შესაბამისად, ბატონი ედიშერ ქარჩავა, სუს-ის ამ შემოწმებაგავლილი კაცია. დასასრულ კი, მინდა გაგახსენოთ ერთი საქმე, რომელიც ეხება სამებაში გაჩენილ ხანძარს. ამ საქმეზეც არავინ დასჯილა. საერთოდ, არც დადგენილა - როგორ გაჩნდა ხანძარი და როგორ იქნა განადგურებული ის განძსაცავი, სადაც უამრავი ძვირფასი ნივთი იდო და მათ შორის პატრიარქისთვის ნაჩუქარი სამკილოიანი ოქროს შანდალი და უამრავი ძვირფასი ნივთი. ცნობილია იმ სასულიერო პირების ვინაობა, ვინც ეს განძი «გაიტანეს» და მერე სამების ახალგაზრდულ ცენტრში, კვალის წაშლის მიზნით ცეცხლი გააჩინეს.

- ვისზეა საუბარი?

- საუბარია ძალიან მაღალი იერარქიის სასულიერო პირებზე, რომლებიც პატრიარქს კვირაში ერთხელ მაინც ემთხვევიან ხელზე. არაერთხელ მომისმენია სასულიერო პირებთან პირად საუბრებში, ვინ გააკეთა ეს ყველაფერი, მაგრამ გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას ვერავინ ბედავს.

- რატომ?

- იმიტომ რომ ბევრი მათგანი, ვინც იმ საქმეშია გარეული, დღესაც იარაღით დადის და ქურდული მენტალობის ხალხთან აქვს ყოველდღიური შეხება. ვის აქვს ორი თავი?! ყველას ეშინია. შუბლს გაგვიხვრეტენ, რამე რომ ვთქვათო, სასულიერო პირები ამბობენ პირად საუბრებში.

- მეუფე იაკობზეა საუბარი?

- სხვაზე ბევრზეც. წვრილფეხობაზეც, შემსრულებლები სხვები არიან, რა თქმა უნდა, თუმცა ერთი წრეა. ისიც კი ვიცი, ვისთან აქვთ ნანახი ის ოქროს შანდალი.

- ვინ აფარებს ამ ამბავს ხელს და რის სანაცვლოდ?

- დიდძალი სიმდიდრის და თან, ეს რომ გახმაურდეს, ვიღაცების სიკვდილით დასრულდება ეს ამბავი. ასევე, მანდ განადგურდა უნიკალური წიგნსაცავი. დაახლოებით 3 ათასამდე უნიკალური, უძველესი ბიბლია და ხელნაწერი ინახებოდა. თუმცა ვერ დავიჯერებ, ვინც ოქრო გაიტანა, იმან ეს უნიკალური განძი დატოვა. სხვათა შორის, მაშინ დარჩენილი, ცეცხლისგან განადგურებული მასალები დახვეტეს, შეაგროვეს და დიდ თხრილში ჩამარხეს. ფაქტობრივად, ფაქტები თხრილში ჩაყარეს და ზედ მიწა მიაყარეს.

- თქვენ რას აპირებთ?

- ჩემთვის ცნობილია იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც უნდა დაიკითხონ სამებაში ხანძრის გაჩენაზე და იმ პირებზე, რომლებიც უნდა მიეცნენ პასუხისგებაში. დაინტერესების შემთხვევაში, მე მივცემ ჩვენებას ყველაფერ ამაზე. ასევე, ჩემთვის ცნობილია იმ სასულიერო პირების ვინაობის შესახებ, რომლებიც ქურდულ სამყაროსთან არიან ახლო კავშირში, მათგან იღებენ მატერიალურ შემოსავალს - მათ შორის ბევრი ყოველთვიურადაც. დადიან მათი ნაჩუქარი ძვირად ღირებული ავტომობილებით და ამ სასულიერო პირებს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნიათ ნაქურდალი და ნაყაჩაღარი ფულით სარგებლობა. თუკი პროკურატურა დაინტერესდება, აუცილებლად მივაწვდი ინფორმაციას. ასე ვერ ვასახელებ, რადგან ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. თუკი სახელმწიფო დამიცავს, აუცილებლად დავასახელებ ამ პირებს და ქურდულ სამყაროსთან მათ კავშირებზეც ღიად ვისაუბრებ.

 

,,ალია”, დიანა ლიპარტელიანი