13 აგვ 2017 00:49 256

სამონასტრო მედიცინის პროფესორი „ალიას“ უნიკალურ სამკურნალო რეცეპტებს უმხელს

 «რუის-ურბნისის ეპარქიაში და ურბნისში მოღვაწე იღუმენიას, დედა ნინოს გავანდე ჩემი გადაწყვეტილება და ასე შეიქმნა წამლები, რომლებიც უამრავ დაავადებას კურნავს»

 ტერმინი სამონასტრო მედიცინა ადამიანთა უმრავლესობისთვის უძველეს ფიტოთერაპიულ გამოცდილებასთან ასოცირდება, თუმცა დღესაც იღვწიან გამორჩეული ცოდნით აღჭურვილი ადამიანები მივიწყებული ცოდნის ასაღორძინებლად. ერთ-ერთი მათგანია პროფესიით პროვიზორი ქალბატონი, უამრავი საავტორო წამლის ავტორი, ფიტოთერაპევტი ლალი თავართქილაძე, რომელიც დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია და უძველეს უნიკალურ რეცეპტს უმხელს «ალიას» ერთგულ მკითხველს.

 - ქალბატონო ლალი, რა უპირატესობა აქვს სამონასტრო მედიცინას, ზოგადად, ფიტოთერაპიასთან და ერში მოღვაწე პროვიზორმა რატომ გადაწყვიტეთ, სამონასტრო მედიცინისთვის დაგეკავშირებინათ თქვენი პროფესიული საქმიანობა?

- როცა პატრიარქმა მოუწოდა სახალხო მკურნალებს, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება ეკლესია-მონასტრებისთვისაც გაეზიარებინათ, რატომღაც საკუთარ გაფრთხილებად ჩავთვალე და გადავწყვიტე, ქართული ეკლესია-მონასტრებისთვის მიმეწოდებინა ჩემი რეცეპტები, მათ შორის საავტორო მიგნებებიც. პირველად წავედი რუის-ურბნისის ეპარქიაში და ურბნისში მოღვაწე იღუმენიას, დედა ნინოს გავანდე ჩემი გადაწყვეტილება. დედა ნინო მადლიერებითა და სიხარულით შეხვდა ჩემს შეთავაზებას და უმოკლეს დროში შექმნა უამრავი სამკურნალო საშუალება, რომლებიც რთულად განსაკურნავ დაავადებებსაც სწრაფად და ეფექტურად კურნავს. რაც შეეხება სამონასტრო მედიცინის უნიკალურობას, მოგახსენებთ, რომ სიტყვა ზოგჯერ წამალია და ზოგჯერ საწამლავი, დიდი მნიშვნელობა აქვს სამკურნალო პროცესისთვის მკურნალის ფსიქოემოციურ ფონს და იმ მდგომარეობას, როცა ესა თუ ის სამკურნალო საშუალება მზადდება, ლოცვებით გაჯერებული წამლები კი სამკურნალო შესაძლებლობებს ასტიმულირებს. ყველა თქვენგანს საკუთარი თვალით უნახავს, რომ არ ძველდება ნაკურთხი წყალი, რადგან წყალი ლოცვების ღვთიური მადლით არის დამუხტული. სამონასტრო მედიცინის უპირატესობაც სწორედ ამ ტენდენციით არის განპირობებული. უჟმური ხასიათის ექიმი გენიოსიც რომ იყოს, ისეთ შედეგს ვერ მოუტანს პაციენტს, როგორც თბილი და გაწონასწორებული მკურნალი, რომელიც რწმენას შემატებს პაციენტს. გამოჯანმრთელების რწმენა და იმედი ყველა მედიკამენტზე ეფექტურია მკურნალობის პროცესში.

- ქალბატონო ლალი, პროვიზორობამ დაგაინტერესათ ფიტოთერაპიით, თუ ჯერ ფიტოთერაპიულმა კვლევა-ძიებამ გადაგაწყვეტინათ ფარმაცევტობა?

- მე ექიმიც ვარ და ფარმაცევტიც, მშობლების პროფესია ავირჩიე. მამა ექიმი მყავდა, დედა - პროვიზორი. შვილებიც მშობლების გზას გავყევით, ჩემი პროფესია აირჩია ჩემმა უფროსმა ქალიშვილმაც. ფიტოთერაპიით დაინტერესება კი გენეტიკურია, ჩემი ბებიებიც საუკეთესო დასტაქრები იყვნენ, მათგან მაქვს გადმოცემული უნიკალური უძველესი რეცეპტები, რასაც დღითი დღე ვამდიდრებ ჩემი ცოდნითა და აღმოჩენებით.

- რა დაავადებებს კურნავთ და რა მიგაჩნიათ თქვენი წარმატების მთავარ ფორმულად?

- უამრავ დაავადებას ვმკურნალობ, ყველა სეზონი რაღაც დაავადებას ართულებს, ახლა კი ვირუსული ინფექციებისა და ალერგიის სეზონია. ალერგიები განსაკუთრებით მწვავდება აგვისტო-სექტემბერში.

- რა არის ამ დაავადებათა პროვოცირების საფუძველი?

- დაავადების ძირითადი მიზეზი ქარით მტვერავი მცენარეებია, სწორედ ამიტომ ურჩევენ ექიმები ქრონიკული ალერგიული დაავადების მქონე ადამიანებს, შესაძლებლობისდაგვარად დაანებონ თავი ქარიან ამინდში ქუჩაში სიარულს, ან გასვლის წინ დაიცვან სასუნთქი გზები მტვრის ნაწილაკებისგან.

- რა ნიშნებით იწყება ალერგიული რეაქცია?

- ალერგიული რეაქცია იწყება ზოგადი სისუსტით, თავის ტკივილით, მისთვის დამახასიათებელია ალერგიული რინიტის მსგავსი სიმპტომები. ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, შეშუპება, ქავილი ლორწოსმაგვარი თხიერი გამონადენი, მრავლობითი და განმეორებითი ცემინება. ცხვირში სუნთქვის გაძნელება ერთ ან ორივე ნესტოში, როდესაც ცხვირით სუნთქვა ერთ მხარეზეა გაძნელებული, ეს ლორწოვანის ცალმხრივ დაზიანებას არ ნიშნავს. თვალის ლორწოვანი გარსის ანთება ალერგიის გამოვლენის ერთ-ერთი ფორმაა, ასევე, კონიუნქტივიტი, ყელში ფხაჭნის შეგრძნება და ხველა, იშვიათ შემთხვევაში სულისხუთვის შეტევები, დაღლილობა და გაღიზიანება. იშვიათად არის შესაძლებელი კანისმიერი გამოვლინებაც დერმატიტის სახით. ეს სიმპტომები ერთდროულად არ ვითარდება, ზოგიერთი შესაძლოა, საერთოდაც არ გამოვლინდეს, ამიტომაც პაციენტებს ხშირად ის ბანალური გაციება ან სურდო ჰგონიათ და დიდი ხნის განმავლობაში არ აკითხავენ სპეციალისტს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია სეზონურობა და ყვავილობა, რომელიც ალერგიული დაავადების - პოლინოზის პირდაპირი მაპროვოცირებელია.

- კიდევ რა იწვევს პოლინოზის გააქტიურებას?

- თხილი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, რძე, კენკრა, ნესვი, მარწყვი, ასევე, მწერთა პროდუქტები, თაფლი, ფუტკრის, კრაზანის, ჭიანჭველას შხამი, კოღოს, რწყილის, ტკიპის ნაკბენი, სახლის მტვერი, სოკოს სპორები, ცხოველთა ბეწვი, მცენარეთა მტვრის მარცვლები, მაგალითად, ჭადრის, ალვის ხის, თუთიის, იფნის, ტიმოთელას, თავაქასრას, ამბროზიის, წივანასი და სხვების. საკვები პროდუქტებიდან მსოფლიოსთვის «აქილევსის ქუსლია» არაქისი, რომლისგან ალერგიის გამოწვევის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ალერგიულ დაავადებათა გახშირება გამოწვეულია ეკოლოგიური ფაქტორებით, ასევე, გარემოს დაბინძურებით, მწვანე საფარის შემცირებით, თვითმკურნალობით და არასწორი მკურნალობის შემთხვევებით.

- რადგან ალერგია საშინელ დისკომფორტს იწვევს და უამრავი დაავადების პროვოცირებასაც უწყობს ხელს, იქნებ გვესაუბროთ პრევენციის მეთოდებზე?

- პირველ რიგში, აუცილებელია ცხვირის ღრუს საგულდაგულო გამორეცხვა. ამით ლორწოვანს, ერთი მხრივ, სცილდება ალერგიის ნაწილაკები, მეორე მხრივ კი, რბილდება ლორწოვანი გარსი. გამოიყენება ჩვეულებრივი სავლები საშუალებები, განსაკუთრებით ისეთები, რომელთაც, დამარბილებელი ეფექტის გარდა, შეშუპების შემამცირებელი თვისებაც აქვს. დაავადების მიძინების პერიოდში დადებითი ეფექტი აქვს ანტიალერგიულ იმუნოთერაპიას, ალერგიით გამოწვეული დაავადებების სიმპტომების შესამცირებლად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი წესები:

ჰაერში მტვრის კონცენტრაცია უფრო მაღალია დილით ადრე და მშრალ, ცხელ ამინდში. უმჯობესია, ასეთ დროს ქუჩაში სასეირნოდ არ გავიდეთ. შესაძლებლობისდაგვარად არ გავაღოთ ფანჯრები საღამომდე.

თავი ავარიდოთ ბუნების წიაღში გასვლას იმ პერიოდში, როდესაც ჰაერში მაღალია ჩვენთვის საშიში მცენარეული მტვრის კონცენტრაცია.

ქუჩაში გავიკეთოთ მუქი სათვალე.

პოლინოზის გამწვავებისას ხშირად მივიღოთ შხაპი მტვრის ჩამოსარეცხად.

ქალაქგარეთ გასვლისას პერმანენტულად დავხუროთ მანქანის ფანჯრები.

დასასვენებლად შევარჩიოთ ისეთი კურორტი, სადაც ჩვენთვის ზიანის მომტანი მცენარეები არ ხარობს.

შევისწავლოთ ჩვენი ალერგიის გამომწვევი საკვები პროდუქტები, ფიტოსაშუალებები, სამკურნალო პრეპარატები და ამოვიღოთ მოხმარებიდან. ასევე, დიდი ყურადღება მივაქციოთ პირად და იმ სივრცის ჰიგიენას, სადაც ვიმყოფებით. მშვიდი ძილი ორგანიზმის საუკეთესო წამალია, რადგან იმუნური სისტემა თავის დამცველობით ფუნქციებს ყველაზე უკეთ სწორედ ღამე დაძინებისას ავლენს.

ახლა კი დაპირებული რეცეპტები ბებიების უძველესი საოჯახო არქივებიდან.

ძვალსახსროვანი დაავადებით შეწუხებულ ადამიანებს შვებას მოგცემთ შემდეგი ფიტორეცეპტი:

ოროვანდას ფოთლები გარეცხეთ, გააშრეთ, დაჭერით წვრილად ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და წვენი გამოწურეთ. ეს წვენი შეურიეთ არაყს ან სპირტს 1X1 პროპორციებით. წამალი მზადაა, შეინახეთ მინის ქილაში ოთახის ტემპერატურაზე, გამოყენების წინ შეანჯღრიეთ და ძილის წინ შეიზილეთ მტკივან ადგილებში. თუ ცივი ამინდია, თბილად შეიზილეთ აღნიშნული ფიტოხსნარი. არ ჩამოუვარდება ძვირად ღირებულ მალამოებს, რასაც ძვალსახსროვან დაავადებათა მკურნალობისას იყენებენ.

შარდვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში შარდის ბუშტის ანთების დროს მოცხარის ფოთოლი დაგეხმარებათ. აიღეთ 5-6 კოვზი შავი მოცხარის წვრილად დაჭრილი ფოთოლი და დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, დადგით სითბოში არანაკლებ 1 საათი, მიიღეთ 1 ჩ/ჭ დღეში 5-6-ჯერ შეგიძლიათ დაუმატოთ 1 კოვზი თაფლი ან შაქარი.

„ალია“, მაია იასეშვილი