12 ოქტ 2017 19:22 6577

«მიშა მესხი უახლოესი მეგობარი იყო... ბოლოს არაკაცი ხარ-მეთქი, ვუთხარი»

 

 ცოტა ხნის წინ, პოლიტპატიმარმა მელორ ვაჩნაძემ «ფეისბუკის» საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის მთავრობას მიმართავდა - ერთ დროს თანამებრძოლები და წლების მეგობრები რატომ გადაგვკიდეთ ერთმანეთსო? ამასთანავე, ახსენებდა თავის აწ უკვე ყოფილ მეგობარს, დღეს უკვე დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს, რომელთან ერთადაც «ნაციონალური მოძრაობის» მმართველობას ერთად ებრძოდნენ და ციხეშიც ერთად ისხდნენ, მაგრამ ჯაბა ჯიშკარიანის კანდიდატურის წარდგენისას გვერდიგვერდ ვიდექით და არც მომესალმაო...

«ალია» დეტალების გასარკვევად მელორ ვაჩნაძეს დაუკავშირდა.

- სანამ მაგ პოსტს დავწერდი, მანამდე ჯაბა ჯიშკარიანზე დავწერე, სადაც აღვნიშნე მისი კაცობა, ადამიანობა და ყველა ის კარგი თვისება, რომელიც მას აქვს. ჯაბა არის ადამიანი, რომელთანაც წლების მეგობრობა და ერთად ბრძოლა მაკავშირებს და ამ ყველაფერს ყოველთვის წინ აყენებს, არასდროს ივიწყებს, თუნდაც პოლიტიკურად სხვადასხვა შეხედულებები გვქონდეს რიგ საკითხებზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მის ადამიანობასა და კაცობაზე თავს დავდებ. მაგრამ იყვნენ ადამიანები, ვინც თავის თავში კარგი თვისებები დათრგუნეს. პირდაპირ ვიტყვი - როგორც ჯაბასთან მქონდა წლების მეგობრობა და ურთიერთობა, შეიძლება იმაზე მეტი მქონდა ლევან გოგიჩაიშვილთან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ციხემდე წლები ვებრძოდით რეჟიმს, ციხეში ერთ საკანში წლები გავატარეთ, ციხის მერეც, სანამ დეპუტატი გახდებოდა, 24 საათი ერთად ვიყავით... შეიძლება იმაზე მეტად გამიხარდა ლევანის დეპუტატობა, ვიდრე მე რომ გავმხდარიყავი. ზოგადად, ყველა ჩემი მეგობრის წარმატება მიხარია, მაგრამ არ მიხარია, როცა ადამიანები იცვლებიან. ჯაბას შემთხვევაში, მგონი, არც ეწყინება ახლა, ეს რომ ვთქვა - ის სხვებს ეხმარება და ამასობაში, წლებია, თავის ოჯახთან ერთად, დღემდე ნაქირავებ სახლში ცხოვრობს, საკუთარი სახლი არ აქვს. გოგიჩაიშვილი რაღაც სხვანაირად შეიცვალა და მარტო მასზე არ არის საუბარი, ბევრი შეიცვალა კიდევ. ჩემთვის შეიძლება რაღაცები დაუბრალებიათ ვიღაცებს, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მე როდესმე ვინმესთვის თანამდებობა, სკამი მეთხოვოს - არასდროს ყოფილა ასეთი რამ. თავად მე არასდროს ვასხვავებ მეგობრებს იმის მიხედვით, ვის რა თანამდებობა უკავია და საერთოდ ამპარტავნების ფაქტორს ვერ ვიტან. როცა ადამიანი მიღწეულის შემდეგ შეიცვლება და აღარ რჩება იმ ადამიანად, რომელიც იყო და რის გამოც ვემეგობრებოდი, ვაფასებდი - ეს არის ჩემთვის ძალიან საწყენი, ამის გამო კარგავ მერე იმ ადამიანს.

- რატომ ხდება ასე, სკამი და თანამდებობა რატომ ცვლის ასე ადამიანებს?

- მგონი, თვითონ მთავრობის პოლიტიკაა, რომ ადამიანებმა ის ურთიერთობები, რაც მათ თანამდებობების დაკავებამდე ჰქონდათ, შეწყვიტონ. მე პირადად, რამდენჯერმე ჩემი ყოფილი მეგობრის გამო შემრცხვა, თუნდაც ლევან გოგიჩაიშვილის გამო. კი, ბატონო, არც მე ვარ უშეცდომო, მაგრამ... მოკლედ, ამბავს გეტყვით: ანა დოლიძესთან, გოგოსთან, რომელიც წლების მანძილზე იბრძოდა «ნაციონალური მოძრაობის» წინააღმდეგ, რომლის ყოფილ ქმართანაც, ირაკლი კაკაბაძესთან ვმეგობრობ, რომელიც გოგიჩაიშვილს ყოველთვის იცავდა, ციხეში რომ ვიჯექით მე და ლევანი, ყოველთვის გვამხნევებდა და ცდილობდა, ჩვენი იქ ყოფა რაღაცით გაეუმჯობესებინა... ჰოდა, როცა ასეთ ადამიანს, 10-15 წლის მეგობარს, პარლამენტის თავმჯდომარესთან პოლიტიკური შეხლა-შემოხლა მოსდის, ის საჯაროდ არ უნდა გააკრიტიკო იმის გამო, რომ ამით შენი პარტიის ლიდერს ასიამოვნო. ლევანს პირდაპირ მივმართე - ანა დოლიძის შემთხვევაში ბოდიშს თუ არ მოიხდი, შენ ჩემი მეგობარი აღარ იქნები და მეც გაგაკრიტიკებ, რომ იგრძნო, როგორი მძიმეა, როდესაც მეგობარი ასე საჯაროდ გაკრიტიკებს-მეთქი. მთელ სამეგობროს დაგვწყდა გული, როცა ლევანმა ანა ასე გააკრიტიკა.

 (შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ვეტოს განხილვის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ანა დოლიძეს დარბაზში უთხრა, რომ მას პოლიტიკური შეფასებების გაკეთების უფლება არ აქვს. ამის შემდეგ ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობისთვის შეუფერებელი უწოდა. ლევან გოგიჩაიშვილმა კი მის დასაცავად ანა დოლიძე ასე გააკრიტიკა:

«დოლიძის განცხადება შეურაცხყოფაა არა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ, არამედ ინსტიტუტის მიმართ. ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ თანამშრომლობის რესურსს კიდევ უფრო ამცირებს. ამიტომ პრეზიდენტს ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწევს, რადგან ამ საპარლამენტო მდივნის ყოფნის პერიოდში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საუბრის რესურსს ვერ ვხედავ. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უმრავლესობას სურვილი არ აქვს, პრეზიდენტთან ამ წარმომადგენლის საშუალებით ითანამშრომლოს»)

 

- გამოეხმაურა ლევან გოგიჩაიშვილი შენს მიმართვას და მოიხადა ბოდიში?

- არაა. ბოლო-ბოლო, კრიტიკის სხვა ფორმა უნდა მოეძებნა, რა. თუ ასე წავიდა საქმე და საკუთარი პოლიტიკური კარიერა უნდა ააწყოს იმაზე, რომ მეგობრებს დაერიოს, მაშინ მეც მოვიხსნი მორიდებას და მეც ვიტყვი სიმართლეს - ძალიან არ მომწონდა მისი ქმედება და დღესდღეობით, ლევანი ჩემი მეგობარი არ არის და ვეღარ გახდება. არსებობს რაღაცები, რაც არ უნდა გადალახო. კიდევ ძალიან ბევრ ვინმეზე მწყდება გული. როდესაც ადამიანი არაფერს წარმოადგენდი, ყველანაირად შენ გვერდით ვიყავით, თუნდაც პირად პრობლემებში, თუ პოლიტიკურ ფლანგზე და უცებ... პირდაპირ ვიტყვი - მიშა მესხი, ადამიანი, რომელიც მართლა 24 საათი ჩემთან სახლში იყო, ყველანაირად გვერდში ვედექი... იმდენად ოჯახის წევრივით იყო, ცოლი რომ მოვიყვანე «თაფლობის თვეზეც» კი წავიყვანე, ხომ წარმოგიდგენია, რა დონის ურთიერთობა მქონდა მასთან? ბოლოს კი, მისი საქციელებიდან გამომდინარე, უკვე ისეთ დონეზე მივედი, არაკაცი ხარ-მეთქი, ვუთხარი. ელემენტარულად გაფართხალდა სადღაც და თავი კაცი ჰგონია. ამ ამბებში ერთი საინტერესო ფაქტორია: ერთმა თანამდებობის პირმა მითხრა, - მთავრობას აქვს ასეთი პოლიტიკაო, რომ ყველას ეუბნებიან, ყოფილ მეგობრებთან ურთიერთობა გაწყვიტეთო. ისეთმა ადამიანმა მითხრა ეს, რომ 99 პროცენტი დარწმუნებული ვარ, რომ მართლაც ასეთი პოლიტიკა აქვს დღეს მთავრობას. მე რომ თანამდებობაზე ვიყო და ვინმეს ასეთი რამ ეთქვა ჩემთვის, მეგობრებთან ურთიერთობა გაწყვიტეო, დავიხურავდი ქუდს და წამოვიდოდი იქიდან. ასეთი მიდგომებით ხელისუფლება ნაციონალებს გადაასწრებს ამ ფაქტორში, რადგან «ნაციონალურმა მოძრაობამაც» ვერ მოახერხა თავის დროზე ამ დიდი სამეგობროების დაშლა, მაშინ, როცა ხალხს ხმის ამოღებისა და ტელეფონზე საუბრის ეშინოდა. დღეს ვიღაცებმა თანამდებობებს რომ მიაღწიეს და თავი რაღაც ჰგონიათ, მათ მივმართავ - რაც ჩვენ «ნაციონალური მოძრაობის» მმართველობის წლებში გამოვიარეთ, მაგას რომ გამოივლიან, აი, მერე გადმომხედონ ზემოდან, რა. თუ ვინმემ რაღაც შეცვალა დღეს ქვეყანაში და სისტემური ძალადობა არ ხდება, მათში ერთ-ერთი მეც ვიყავი და ნამდვილად არ დავუშვებ, რომ ამ ქვეყანაში კიდევ ვიღაცამ დანერგოს ის დამღუპველი იდეოლოგია, რაც «ნაციონალების» დროს იყო. თუ ვინმე ამ იდეოლოგიას გააგრძელებს, პირველი ვიქნები, ვინც რეჟიმს შეებრძოლება.

- ისე, საინტერესოა, «ოცნების» ხელისუფლებას რაიმე თანამდებობა არასდროს შემოუთავაზებია შენთვის, მთელი ამ წლების განმავლობაში?

- სიმართლე გითხრა, არასდროს მქონია, ვინმეს კაბინეტთან დავმდგარიყავი, ან ლობისტები მეძებნა, იქნებ სადმე შევძვრე-მეთქი. პირდაპირ გეტყვი: სანდრო ბრეგაძემაც კი მითხრა ახლახან, მეც გავიგეო, რომ სიის შედგენის დროს განხილვა იყო, ძველი მებრძოლებიდან რამდენიმე ადამიანი ხომ არ შევიყვანოთ სიაშიო... აქვე გეტყვი - სერიოზული კონსულტაციები მქონია თუნდაც იმ დროს, როდესაც ჯაბა ჯიშკარიანი გავიდა. ხმები მომდიოდა, რომ ჩუღურეთის დეპუტატად უნდოდათ ჩემი კანდიდატურა. ეს არასდროს მითქვამს და ახლა თქვენ გეტყვით: რიმა ბერიძე 2014 წელს მირეკავს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. საერთოდ არ ვიცნობდი ამ ქალბატონს მაშინ. მირეკავს და მეუბნება: მე 2012 წლის არჩევნების დროს ჩუღურეთში შტაბის უფროსი ვიყავიო და ვიცი, რომ თქვენ იქნებით ახლა ჩუღურეთში მაჟორიტარი დეპუტატი და წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, თქვენი შტაბის უფროსი რომ გავხდეო? მსგავსი რამე არ გამიგია-მეთქი, ვუპასუხე. გადის ერთი კვირა და რიმა ბერიძე დაასახელეს ჩუღურეთის მაჟორიტარად... ახლაც ასეთი რაღაც მითხრეს: განხილვა იყო სიისო და ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ ბევრი წასულა, ვაჩნაძე ისეთი ტიპაჟია, მისი კონტროლი ძნელიაო. მართალია, ჩემი კონტროლი ძნელია, იმიტომ, რომ მონა არ ვარ, თუნდაც კენჭისყრაზე ხელი აწიე-ჩამოწიეო რომ დამიწყონ. ამ ყველაფრის გამო, მოძებნეს სხვა კანდიდატურა. რა თქმა უნდა, მიხარია, რომელი ჩემი მეგობრებიც დასახელებულები არიან დღეს, მათ შორის წარმატება მინდა ვუსურვო ძალიან მაგარ ადამიანს მიშა ამაშუკელს, თიკო ნიბლაშვილს - უაღრესად განათლებულ და წესიერ გოგოს... არ მინდა, ახლა ვინმე გამომრჩეს. ჩემი თუნდაც საჯარო გამოსვლებით ყოველთვის დავაფიქსირებ, რომ ეს ადამიანები არიან ღირსნი, იყვნენ საკრებულოშიც, პარლამენტშიც, წამყვან თანამდებობებზე... დაჩი ცაგურიაზეც მინდა ვთქვა, რომელიც სოციალურ ქსელში კომენტარით გამომეხმაურა, - ჩემი ერთი სკამი არ შემარგეთო, და რა, არ მეკუთვნოდაო? მინდა, დავაწყნარო, რომ ღმერთმა ხელი მოუმართოს. მე ვარ ამ ქვეყნის ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, უბრალოდ, მაქვს რაღაც პრინციპები და თუ ჩემი უფლებები დაირღვევა, არ აქვს მნიშვნელობა, ამ მთავრობის პირობებში თუ მომავალი მთავრობის - მანამ დავიცავ ჩემს უფლებებს, სანამ პირში სული მიდგას.

 

  „ალია“, ნინო ლაბარტყავა