13 ოქტ 2017 17:41 7852

«კრედოს» თანამშრომელი დამემუქრა, «დედაშენს იარაღს დაადებენ შუბლზეო...»

ცოტა ხნის წინ «ალიას» სააქციო საზოგადოება «კრედო ბანკის» სათავო ოფისის სისტემების მხარდაჭერის განყოფილების ყოფილი უფროსი თამარ კაჭარავა დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ის «კრედო ბანკმა» სამსახურიდან გამოუშვა, თან «კრიმინალი» ეძახეს და დაემუქრნენ, «დედაშენს იარაღს დაადებენ შუბლზეო...»

 

 

- ერთ მშვენიერ დღეს, ჩვეულებრივად მივედი სამსახურში და მაგიდაზე არ დამხვდა ჩემი ლეპტოპი. როდესაც მოვიკითხე, მითხრეს. - შენმა უშუალო უფროსმა ბექა ურუშაძემ წაიღოო. ავედი ბექასთან, რომელიც აიტი-მენეჯერია და ვკითხე, რაში იყო საქმე. მან მიპასუხა: შენ ხარ კრიმინალი, ძალიან ცუდი რაღაცები გაქვს «კრედოში» გაკეთებული და მოდი, ჯობია, თავად ისაუბრო ამასთან დაკავშირებითო. თუ არადა, შესაბამისი სამსახურები გაიგებენ და ციხეში გაგიშვებენო.

- კონკრეტულად როდის მოხდა ეს ამბავი?

- ამა წლის 10 აპრილს. როდესაც ვკითხე, რაშია საქმე, რატომ მეუბნები ასეთ რამეს-მეთქი? მიპასუხა: შენი ახლობლის, კერძოდ, დედაშენის ანგარიშზე (რომელიც «კრედოს» კლიენტია სამი წლის განმავლობაში) 300 ლარი გაქვს გადარიცხულიო. საერთოდ, «კრედოს» ძალიან დიდი პროცენტები აქვს და ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ჩემმა ახლობლებმა თუ ნათესავებმა, «კრედოდან» სესხი არ გაიტანონ. დედაჩემი კეთილსინდისიერი კლიენტი იყო, განვადებებზე ყოველთვის დროულად იხდიდა ფულს და თვითონ ეხვეწებოდნენ, მოდი, წაიღე რამეო. იმ 300 ლარს დედაჩემი ვერც გაიტანდა, საერთოდ, ვერც ერთი კლიენტი ვერ გაიტანს თანხას, რადგან «კრედოს» არტიჯიესემი არ აქვს, შესაბამისად, არ აქვს ისეთი ანგარიშები, როგორიც ბანკებს აქვთ - ვგულისხმობ მრავალციფრიან, გრძელ ანგარიშის ნომრებს, რომ ზედ გადარიცხვა გააკეთო, ან თანხა გაიტანო, ან ბარათი გქონდეს, რომ თანხა ბანკომატიდან გაიტანო. «კრედოს», როგორც სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, აქვს ვირტუალური, რამდენიმეციფრიანი ანგარიშები, სადაც კონკრეტულ სესხს სვამენ, იქ ხდება თანხის ჩამოჭრა და ..

- უშუალოდ უფროსთან საუბარი როგორ გაგრძელდა?

- მე ვუთხარი: ან ვიღაცამ გამიჩალიჩა ეს, ან მე შემეშალა-მეთქი და ვუთხარი, აუდიტებმა გადამამოწმონ-მეთქი და შვებულებაში გამიშვეს. «კრედოს» ათი წლის თანამშრომელი ვიყავი, პირველი ოთხი წელი საერთოდ შვებულების გარეშე ვმუშაობდი, 15 ფილიალს ვუვლიდი მარტო, დღეს ამ ფილიალების რაოდენობა 65-ია. ოთხი წლის მერე ვთქვი, - საერთოდ წავალ სამსახურიდან, რადგან ასე აღარ შემიძლია-მეთქი. ყოველდღე ღამის 10 საათამდე ვიჯექი, ძალიან ბევრ ისეთ საქმეს მაკეთებინებდნენ, რისი გაკეთებაც არ შედიოდა ჩემს მოვალეობებში, მაგრამ მაინც ვაკეთებდი, განვვითარდები, დამაწინაურებენ-მეთქი. მპირდებოდნენ კიდეც, - შენ თუ ამას გააკეთებ, დაგაწინაურებთო, ხელფასს მოგიმატებთო, მაგრამ ეს ყველაფერი დაპირებად დარჩა. მუშაობის მეხუთე წელს ამიყვანეს ერთი დამხმარე, მერე - მეორე და ბოლოს უკვე ხუთი დამხმარე მყავდა... ისევ თემას დავუბრუნდები - დედაჩემის ანგარიშზე რა გადარიცხვა იყო განხორციელებული, თვალით არ მქონდა ნანახი, არ მაჩვენეს მანამ, სანამ სარჩელი არ შევიტანე სასამართლოში და შესაგებელი არ გამომიგზავნეს.

- არც აუდიტის დასკვნა გაჩვენეს?

- არა. გამოვითხოვე ეს დასკვნა და არც ეგ მომცეს. ვიჯექი და ვფიქრობდი, ნეტა რა მოხდა-მეთქი. ამ ყველაფრის მერე, ორი კვირის განმავლობაში ძალიან ვნერვიულობდი, ნევროპათოლოგისგან ცუდი დიაგნოზი მქონდა დასმული და ანტიდეპრესანტი დამინიშნეს, რომელსაც იმ პერიოდში ვსვამდი, როცა ეს შეცდომა მოხდა. სამსახურიდან გაშვების შემდეგ, ისევ მივედი ექიმთან, გადავამოწმე ჩემი მდგომარეობა და შფოთვითი აშლილობა დამიდგინეს. მაქვს, ასევე, ძვლის სიმკვრივის დაქვეითება, რადგან სულ ოფისში ვიჯექი. დღეს არ მაქვს არც სამსახური, სახლი ისედაც არ მქონდა, ჩემს დასთან ვცხოვრობ და ამ ეტაპზე, ვერ ვმკურნალობ... ოთხჯერ დამიბარეს სამსახურში, აუდიტმა გადაამოწმა, დადო დასკვნა, რომელიც მერე ვნახე და მასში წერია: «კრედოს» ნული ზიანი მიადგა ამ შეცდომით, უბრალოდ, ტრანზაქცია არასწორია და უნდა გააუქმოთო, სხვა არაფერი უწერია აუდიტს ამ ფაქტთან დაკავშირებით. ასეთი არასწორი გატარებები ძალიან ხშირად ხდებოდა «კრედოში», რომელსაც ვასწორებდი ხოლმე მე, ჩემი განყოფილება იყო იმისთვის, რომ მსგავსი არასწორი გატარებები გაგვესწორებინა და ამას გარდა, კიდევ ძალიან ბევრი რამის კეთება მევალებოდა.

- თავად როგორ თვლით, რა მოხდა?

- არ გამოვრიცხავ იმას, რომ ვინმემ შეგნებულად გამიკეთა ასეთი რამ, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ტექნიკურად შემშლოდა, რადგან ჩვენ ყოველი თვის ბოლოს გარდაცვლილ კლიენტებს ვფარავთ ხოლმე და შემოსავლებიდან თანხებს ვატრიალებთ. აი, ზუსტად იგივე ტრანზაქციებს ვაკეთებთ, რასაც ისინი მედავებიან და არ არის გამორიცხული, «ქოფი-ფეისტის» გამო მექანიკურად შემშლოდა. ასეთი შეცდომა ძალიან ბევრი მომხდარა, ჩემს დაქვემდებარებულებსაც შეშლიათ და სხვის ანგარიშზე დაუსვიათ თანხები.

- იმ ათი წლის განმავლობაში, რაც თქვენ «კრედოში» მუშაობდით, მოგსვლიათ რაიმე ასეთი, ან სხვა ტიპის შეცდომა?

- არა, ნინო.

- მაშინ რაში უნდა აწყობდეს «კრედოს» მენეჯმენტს ისეთი ადამიანის სამსახურიდან გაშვება, რომელსაც შეცდომები არ დაუშვია და რომელსაც მუშაობის ათწლიანი სტაჟი აქვს? რა ინტერესი უნდა ჰქონდეს?

- მე ვფიქრობ, ჩემი სამსახურიდან გაშვება ამ შეცდომის გამო არ მომხდარა, რადგან მათ უფრო სხვა მიზნები ამოძრავებდათ საამისოდ. მე ბევრი თანამშრომელი ვიცი, რომელიც რეალურად «კრედოდან» გასაგდებია, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას: ვიცი, ვის რა აქვს ნაკეთები და როგორც ჩანს, არ უნდოდათ ხმამაღლა მესაუბრა ამ თემებზე. ჩემი დამხმარეებიდან ოთხი ბიჭია, ერთი არის მარკეტინგის მენეჯერის დეიდაშვილი და ასევე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ძმაკაცი; ამ ბიჭს მართლა ისეთი დანაშაული ჰქონდა საქმიანობაში ჩადენილი, რომ მართლა ზიანი მიადგა «კრედოს» ამით. ამის მიუხედავად, მას მხოლოდ საყვედური მისცეს და დატოვეს სამსახურში, თამარ კაჭარავას კი არც საყვედური მისცეს, არც გაფრთხილება (ზოგადად, არასდროს არ მიმიღია მუშაობის დროს ასეთი რამე) და პირდაპირ სამსახურიდან გამიშვეს. ოთხჯერ რომ შემხვდნენ, პირველივე შეხვედრა მუქარით დაიწყეს, - დედაშენს იარაღს დაადებენ შუბლზეო...

- ვინ ამბობდა ამას?

- ბექა ურუშაძე. ამას ამბობდა იმიტომ, რომ თითქოს მე და დედაჩემი მორიგებულები ვიყავით და ის 300 ლარი იმიტომ დავურიცხე თურმე დედაჩემს... გენერალური დირექტორის სახელით, მე გამათავისუფლეს სხვა ადამიანებმა «კრედოში». გენდირექტორს ოფიციალური წერილიც მივწერე, სკაიპშიც მივწერე, მაილზეც და ათი წლის თანამშრომელს ხუთი წუთიც კი არ დამითმო, რომ დამლაპარაკებოდა. საბოლოო ჯამში, მე სამსახურიდან გამიშვა «კრედო ბანკის» დირექტორმა ბანკად ტრანსფორმაციის საკითხებში სანდრო ქუმსიაშვილმა, რომელიც სტიქაროსანია და ოთხჯერ შეხვედრის პერიოდში ძალიან დიდი შეურაცხყოფა მომაყენა. ასეთი კითხვა დამისვა: რატომ გაქვს ვალიო? როგორც აღმოჩნდა, ამათ დაიწყეს ჩემი პირადი ცხოვრების გამოქექვა, დაიწყეს თანამშრომლების გამოკითხვა, ვინ რა იცოდა ჩემთან დაკავშირებით.

- ვალი «კრედო ბანკში» გქონდათ?

- არა, სხვაგან. ადამიანი მაჩვენეთ საქართველოში, ვისაც ვალი არ აქვს აღებული. დაიწყეს საუბარი, რატომ მაქვს მე ვალი? სანდროს ადამიანურად ვუთხარი: ჩემს ირგვლივ ყველა ნათესავს ვეხმარები-მეთქი, ბებიას მე ვუვლი, დედ-მამა ცალკე ცხოვრობს და იმათაც ვეხმარები, ჩემს დას, რომელთანაც ახლა ვცხოვრობ, სამი შვილი ჰყავს და ბავშვებსაც ცოტ-ცოტას მეც ვუვლი, რითაც შემიძლია. სანდროსთან ჩემს საუბარს ესწრებოდა ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსი ნათია მიხანაშვილი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი კოტე იოლაშვილი. ამ სამმა ადამიანმა, ასე ვთქვათ, მომიწყვდია, ყვირილ-წივილით დამიწყეს საუბარი, საუბარს არ მაცლიდნენ, ისე მეჩხუბებოდნენ, - შენ ხარ ნარკომანიო, ლოთიო, ან საყვარლები გყავს და ფულს იმათ აძლევ, ამიტომაც გაქვს ვალიო, ან კიდევ კაზინოში დადიხარ და თამაშობო... წარმოიდგინეთ, ეს ჩემთვის რამხელა სტრესი და შეურაცხყოფა იყო... ამასთან ერთად, დამაბრალა, რომ თითქოს, რამდენიმე თანამშრომლის ვალი მქონდა «კრედოში» და არ ვუხდიდი. დავურეკე იმ ორ ადამიანს, ხმამაღალზე ჩავრთე ტელეფონი და მოვასმენინე ყველას მათი ნათქვამი, - არანაირი ვალი არ გაქვს ჩვენთანო, რომ თქვეს და ლარიანი არ გითხოვია არასდროს ჩვენგანო. ახლა ბევრ თანამშრომელს დააწერინეს, რომ მე ვალი მქონდა ბანკში და ამის გამო ვწუწუნებდი.

- თავად გამოგიშვეს სამსახურიდან, თუ განცხადება დაწერეთ?

- მითხრეს, დაწერე განცხადება წასვლის თაობაზე, მოგცემთ ორი თვის კომპენსაციას, საქმე არ გაგიფუჭდება, სხვა სამსახურში რეკომენდაციებს მოგცემთ და .. თუ არადა, გაგაგდებთო. ვუთხარი, რომ უსამართლობა იყო ამ ფაქტის გამო ჩემი გაშვება და შევთავაზე, საყვედური მომეცით, ან გაფრთხილება, ბოლო-ბოლო, დამაქვეითეთ და ნუ გამაგდებთ სამსახურიდან-მეთქი. ის ფინანსური ვალდებულებები მაქვს დასაფარი, თან ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და, ფაქტობრივად, ჰაერში ვრჩებოდი. მაინც გამომიშვეს... იცოდნენ, რომ სასამართლოში სარჩელს აუცილებლად შევიტანდი და ერთ-ერთ სახინკლეში იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოგო შემხვდა და გაჩერების სანაცვლოდ შემომთავაზა ექვსი თვის ხელფასი. მოველაპარაკები დირექტორატს და რადგან კარგი თანამშრომელი იყავი და ძალიან გვიყვარხარ და იმ 6 თვის ხელფასთან ერთად, ერთწლიან დაზღვევას გაგიკეთებთო. ამასთანავე, თანამშრომლებთან მივიწერებით, თუ თურქეთში წასვლა დაგჭირდება გამოკვლევებზე, ფულსაც აგიგროვებთ და მოგცემთო... ეს ხალხი იმდენად შეეხო ჩემს ღირსებას, იმხელა შეურაცხყოფა მომაყენეს და ისე დამამცირეს, რომ ამ შემოთავაზებას ვერანაირად ვერ დავთანხმდებოდი. ან სამსახურში დამაბრუნეთ, ან სასამართლოთი ვიდავებ აუცილებლად-მეთქი, ვუთხარი. არ გავჩერდები, აქ რომ ყველა ინსტანცია წავაგო, სტრასბურგში წავალ და ჩემს უფლებებს აუცილებლად ბოლომდე დავიცავ!

- სასამართლოში შეტანილი სარჩელით კონკრეტულად რას ითხოვთ?

- ვითხოვ განაცდურის ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას...

 უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილი:

- მოგვმართა ამ ადამიანმა, გაგვაცნო საქმის არსი და ვფიქრობთ, რომ ნამდვილად დარღვეულია მისი სამსახურიდან განთავისუფლების ნორმები. საქმეშია, ასევე, დისკრიმინაციის ნიშნებიც. ამის გამო, ჩავერთეთ საქმეში და ვაპირებთ, ყველა სასამართლო პროცესს დავესწროთ. მიგვაჩნია, რომ თამარ კაჭარავა აუცილებლად უნდა აღდგეს სამსახურში და ვაპირებთ, აქცია გავმართოთ «კრედოსთან», რომ ხალხმა გაიგოს, თამარისნაირ თანამშრომლებს ასე ექცევიან და აბსოლუტურად არარეალური მიზეზებით ათავისუფლებენ სამსახურებიდან. კანონიც და მორალიც თამარის მხარესაა და ჩვენ, ჩვენი მხრივ, გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ მთელმა ქვეყანამ გაიგოს, რა ხდება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია «კრედო ბანკში».

 «ალია» კომენტარისთვის სანდრო ქუმსიაშვილს 30 სექტემბერს დაუკავშირდა, რა დროსაც ის ტაძარში იმყოფებოდა და კომენტარი იმ მომენტში ვერ გააკეთა. გაზეთი გამოსასვლელად თითქმის მზად იყო, თუმცა ვინაიდან ბატონ სანდროსთან საუბარი ვერ მოხერხდა, ამიტომ აღნიშნული მასალის გამოქვეყნება შემდეგი ნომრისთვის გადავდეთ. პირველი ზარიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 5 ოქტომბერს, მას ისევ შევეხმიანეთ, თუმცა ამჯერად იგი ბერლინში იმყოფებოდა. , სანდრო ქუმსიაშვილმა გვითხრა, 11 ოქტომბერს არის სხდომა ჩანიშნული და იქამდე კომენტარს ვერ გავაკეთებო. თუმცა, 11 ოქტომბერს სხდომა 8 ნოემბრამდე გადაიდო.

 

 „ალია“, ნინო ლაბარტყავა