15 ოქტ 2017 01:31 13208

„ლიკა რომ ვახსენე, ხმა ჩამაგდებინეს, "ნარკომანია" და "აფრენს, საწყალი"-ო“

 

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია ლიკა ქავჟარაძეზე საინტერესო ისტორიას ყვება:

„ვიფიქრე, არაფერს დავწერთქო ლიკა ქავჟარაძეზე, მაგრამ არ შემიძლია. ვეხმიანები საზოგადოებას, რომელმაც ვითომ შეიყვარა "მარიტა" და მთელი ცხოვრება ტალახს ესროდა ლიკას. არაფერი, წარმოგიდგენიათ?! არაფერი კარგი არასდროს არ გამიგია ლიკაზე. 
ა რ ა ს დ რ ო ს !

როცა პირველად მოვიკითხე, ვინ იყო ეს არაჩვეულებრივი მსახიობი, მაშინვე თავზარი დამცეს და ხმა ჩამაგდებინეს. მითხრეს, რომ ის "ნარკომანია" და "აფრენს, საწყალი". ორი უშველებელი სტიგმა... ჩვენი ავადმყოფური დამოკიდებულება ორი დაავადების მიმართ. ამ ქვეყანაში დღემდე ღრმად სწამთ, რომ ნივთიერებაზე დამოკიდებულება და ფსიქიკური პრობლემა პიროვნული ნაკლია. ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ნარკოდამოკიდებულებს ციხეებში ვამწყვდევთ, ფსიქიატრიული დაავადების მქონე ხალხი გვინდა "საგიჟეთში" ჩავკეტოთ, ან სხვაგვარად განვდევნოთ ჩვენი ცხოვრებიდან. მე არ ვიცი, რეალურად რა პრობლემები ჰქონდა ლიკას. რა არის მართალი და რა მონაჭორი. მე ვიცი, რომ უსაშველო სიძულვილოთ მოიხსენიებდნენ მას, მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ იყო მარიტა, მხოლოდ იმიტომ რომ ისიც დაბერდა ჩვენსავით, მხოლოდ იმიტომ რომ მან მოინდომა ჰქონოდა პირადი ცხოვრება და სამსახიობო კარიერა იმ ერთი ფილმის მერე და წმინდანობა არ აურჩევია.

ბოლოს, როდესაც ლიკა ჩემთან ახსენეს, ისევ თავზარდამცემი გამოცდილება მივიღე. ერთი კაცი იხსენებდა მას, როგორ ცდილობდა მის "შეკერვას". შემძრა იმის წარმოდგენამ, რომ უამრავი კაცი მასზე უფროსიც და ბევრად უმცროსიც ისევ "ეჩალიჩებოდა" "მარიტას" და არა ლიკას.

ამ ქვეყანაში არც "მარიტა" არ უყვართ, ხალხო. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ის კინო სიკვდილით არ სრულდებოდეს. ვინ იქნებოდა მარიტა? რას იტყოდა ქართველი მაყურებელი მასზე? შეიყვარებდა ქალს, რომელმაც ქმარს უღალატა, თუ ფეხქვეშ გათელავდა მას? 
ჩვენ მხოლოდ ლამაზ, გულუბრყვილო და მოკლულ ქალებს ვუთანაგრძნობთ და არა ცოცხლებს, საკუთარი ბედნიერებისთვის მებრძოლებს.“