19 ოქტ 2017 16:32 7797

მეუფე ანანია სკანდალში ეხვევა!

 

 „საქართველოს წმინდა მეფეების“ ხატის შექმნის იდეისა და კიდევ მრავალი საინტერესო პროექტების ავტორი ნინო ტარყაშვილი მანგლისისა და თეთრიწყაროს  ეპარქიის მიტროპოლიტ,  მეუფე ანანიას  (ჯაფარიძე) მისი პროექტის მითვისებას ედავება და პლაგიატში ამხელს. „ალიას“ დეტალებზე თავად ნინო  ტარყაშვილი ესაუბრება:

–2001 წელს მე ჩემს მეგობართან თეა პაიჭაძესთან ერთად გამოვეცი წიგნი: "ბრძოლებში სახელგანთქმული ბაგრატიონთა გვირგვინოსნები". მაშინ გაჩნდა იდეა მომეძიებინა მასალები მეფე წმინდანებზე, შემეკრიბა მათი ბიოგრაფია დამემუშავებინა და წიგნად გამომეცა, რათა საზოგადოებას სცოდნოდა მათი ღვაწლის შესახებ. უკვე 2002 წელს ეს წიგნი იყო მზად და მინდა ვთქვა, რომ იმ დროისათვის ამ თემაზე ჩემს გარშემო არავინ ფიქრობდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს იდეა ვინმემ მიკარნახა. პირიქით, ძალიან სერიოზული ადამიანებიც კი, წიგნის გამოსაცემად საჭირო ფინანსებს რომ ვეძებდი, მეუბნებოდნენ:"ეს თემა ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს, ჩვენ ბევრად სერიოზულ თემებზე ვმუშაობთო." ანუ, არაერთი ეკლესიური ადამიანისათვის იმ პერიოდში, ეს ნაკლებად სერიოზულ თემად ითვლებოდა. იმ პერიოდისთვის არ არსებობდა ჯერ საპატრიარქოს რეცენზირების დეპარტამენტი, ის ჩამოყალიბების სტადიაში იყო და ამიტომ წიგნმა საპატრიარქოს გრიფი, მოგვიანებით, ერთი წლის შემდეგ მიიღო. თუ დააკვირდებით ამ გრიფს, წიგნის რეგისტრაციის ნომერია "1". ანუ, ეს იყო პირველი წიგნი, რომლითაც საპატრიარქოს რეცენზირების დეპარტამენტმა დაიწყო მოღვაწეობა და ამ წიგნის რეცენზენტი იყო ბატონი სერგო ვარდოსანიძე. დღეს საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორი, რომლის რეცენზიაში, სხვათა შორის, აღნიშნული იყო, რომ ეს არის პირველი წიგნი, სადაც ერთადაა თავმოყრილი  წმიდა მეფეთა ბიოგრაფიები და ამით არის ის მნიშვნელოვანი." ანუ, რეცენზიაში, თავიდანვე აღინიშნა, რომ წიგნში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო იდეა და პროექტი. შემდგომ წიგნმა მიიღო განათლების სამინისტროს გრიფი და ზოგიერთ სკოლაში ის ისწავლებოდა. მაგალითად წიგნის გარკვეული ტირაჟი მახსოვს შეიძინა მამა პეტრე კვარაცხელიამ, რომელიც ამ პერიოდში დიღმის ერთ კერძო სკოლაში ასწავლიდა ისტორიას და ასევე სხვა სკოლებმაც შეიძინეს. თუმცა მასიურად წიგნის დიდი ტირაჟით გავრცელება ვერ მოხერხდა, რადგან ჩემი მცდელობის მიუხედავად, დახმარებაზე უარს მეუბნებოდნენ.

- საპატრიარქოს ფონდს თუ მიაკითხეთ?

დიახ, სამწუხაროდ, უარით გამომისტუმრეს. შემდეგ მრევლს მოეწონა ძალიან ეს იდეა და მითხრეს, წინასწარ დავდებთ წიგნის ფულს და რომ დაიბეჭდება, დაგვირიგეო. ნახევარი თანხა კიდევ ერთმა მრევლმა მასესხა და ასე გამოვიდა პირველი ტირაჟი. ეს პირველი ტირაჟი მალე გაიყიდა და ის ვალიც მალე გავისტუმრე.

– ნინო, არის ასეთი ხატიც, "საქართველოს წმინდა მეფენი." სამების დიდ ტაძარში არის დაბრძანებული, როგორც ვიცი, მისი იდეაც შენ გეკუთვნის.

– ბევრგან არის: სამების დიდ ტაძარში და სხვაგანაც. ისიც მინდა ვთქვა, რომ ფაქტობრივად, ეს ხატი აღმოჩნდა ძლიერი მოკარნახე ისეთი ხატების შესაქმნელადაც, როგორებიცაა: "საქართველოს წმინდა პატრიარქები" და "საქართველოს წმინდა დედოფლები".

წიგნი რომ იწერებოდა, ხატის იდეა მაშინვე მიტრიალებდა თავში. მინდოდა, უწმინდესთან ამ თემაზე საგანგებოდ საუბარი. ვფიქრობდი, როგორც კი წიგნი საპატრიარქოს გრიფს მიიღებს, უწმინდესს ხატის იდეაზეც დაველაპარაკები მეთქი. გრიფი წიგნმა მიიღო 2003 წლის 14 ნოემბერს და პოლიტიკური ვითარება, ამ დროს, გახსოვთ, ძალიან დაიძაბა. მახსოვს 23 ნოემბერი, გიორგობა, კვირა დღე იყო. თავისუფლების მოედანზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიტინგზე გამოდიოდა. სიონში პატრიარქი წირვას ატარებდა და ტაძრის ეზოც კი გადაჭედილი იყო ხალხით. სტიქაროსანს ვთხოვე რამენაირად გადაეწოდებინა უწმინდესისთვის ჩემი წერილი, სადაც ვთხოვდი შეექმნათ ამგვარი ხატი. მეფე წმინდანები, მჯერა, ახლა განსაკუთრებულად შეეწევიან საქართველოს მეთქი. ჩემი ვინაობაც მივუთითე, რა თქმა უნდა. წირვა, რომ დამთავრდა, მომიახლოვდა მეორე სტიქაროსანი და მითხრა: უწმინდესს თქვენი იდეა ძალიან მოეწონა, მალე შეიქმნება ასეთი ხატიო. ძალიან გახარებული ვიყავი და ახლაც მიხარია. თუმცა, გული მტკივა ზოგჯერ, როდესაც ამ ხატს წერენ, არც კი იძიებენ, ვინ არის იდეის ავტორი, იქნებ რაღაც კიდევ მაქვს სათქმელი. არავისი მშურს, მაგრამ აქ, დამეთანხმებით, უმთავრესი იდეა–პროექტია და თუ ხატმწერს რამოდენიმე ათას დოლარს უხდიან და აწერენ კიდეც მათ გვარ–სახელს, ნუთუ იდეა–პროექტის ავტორი ელემენტარულ ყურადღებას და მადლობას მაინც არ იმსახურებს? მადლიერებით შექმნილი ხატისგან, ხომ უფრო მეტ მადლს მივიღებთ?

 

კიდევ მნიშვნელოვანი დეტალი, ხატის შემქმნა გადაწყდა, მეფეთა წინამბრძოლის წმინდა გიორგის ხსენების დღეს. ამიტომ, ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა შექმნილიყო ამ ხატის ერთ–ერთი ვარიანტი, სადაც შუაში მეფეთა წინამბძოლი წმინდა გიორგი იქნებოდა გამოსახული. სამწუხაროდ, მე უკვე არავინ მიკავშირდება და მგონი თავად ხატმწერებმაც არ იციან, ვის იდეას ანხორციელებენ.

– ახლა რა მოხდა, იყო სოციალურ ქსელში, საუბარი, რომ მეუფე ანანიამ შენი იდეა მიითვისა, მართალია?

მეუფე ანანიას ძალიან დიდ პატივს ვცემ, სერიოზული ისტორიკოსი და არაერთი საეკლესიო წიგნის ავტორია.“საქართველოს წმინდა მეფენის“ პირველი გამოცემის ერთი  ეგზემპლარი მას ვაჩუქე, პირადად გადავეცი. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ვაივაგლახით გამოვეცი, ბევრს ვაჩუქე. მათ შორის, მეუფე ანანიასაც. სხვათაშორის,  წიგნის სათაურს რომ დახედა, მახსოვს, მითხრა: რა კარგი და საინტერესო იდეები მოგდისო.   სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ 2012 წელს, მეუფე ანანიას, ჩემს დაუკითხავად გამოუცია წიგნი იგივე სათაურით „საქართველოს წმინდა მეფენი“. სათაური იგივეა, პროექტი იგივეა და ანალოგიური პრინციპით არის შედგენილი. განსვავება ერთია: ეს არის წიგნი უფროსებისთვის. თუ მეუფეს სურდა ამ პროექტის განხორციელება, ელემენტარული ეთიკა ითხოვს, რომ უნდა ეკითხა ჩემთვის. დიდი მოძებნა მე არ მჭირდება, მეუფე  ანანიაც მიცნობს  და საპატრიარქოშიც ბევრი მიცნობს. მის წიგნს საკმაოდ ვრცელი შესავალი აქვს და შესავალში, მოხსენიებულიც კი არ არის, რომ ამგვარი წიგნი  უკვე ორჯერ გამოიცა, ზუსტად იგივე სათაურით. ვინც ჩემი წიგნის არსებობა არ იცის, იფიქრებს, რომ ეს მეუფე ანანიას ორიგინალური პროექტია.

–2012 წელს თუ გამოსცა წიგნი მეუფე ანანიამ, დღემდე როგორ ვერ გაიგე?

ჩემი წიგნი იყიდებოდა საეკლესიო მაღაზიების ქსელში, ამავე ქსელში მეუფე ანანიას წიგნებიც იყიდებოდა. სხვათა შორის, დამიკავშირდნენ ქსელიდან  და მითხრეს, ჩვენთან მეუფე ანანიას ეგ წიგნი არ შემოუტანია, თორემ რომ შემოეტანა, აუცილებლად გეტყოდითო.  აღვნიშნავ,რომ საეკლესიო მაღაზიათა ქსელში ძალიან კარგი წესები აქვთ: ერთი და იგივე სათურით სხვადასხვა ავტორის წიგნს არც იღებენ, ეთიკური პრობლემა რომ არ შეიქმნას. მეუფე ანანიამ, როგორც ჩანს, სხვა გზებით მოახდინა წიგნის რეალიზაცია.

ეს იყო ჩემთვის სრული შოკი, ამას ნამდვილად არ ველოდი. მეც მაქვს რაღაც სიხარული, რომელიც არ უნდა წამართვა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია, ბევრი რამ გადავიტანე საიმისოდ, რომ ეს წიგნი დამეწერა. სხვათა შორის, არაერთს უნდოდა ამ პროექტის მითვისება და რამდენიმე სხვა პროექტისაც. დიახ,  აქამდეც ზოგს არ სიამოვნებდა, ეს პროექტი მე რომ გავაკეთე. მეუბნებოდნენ პირდაპირ:  რატომ უნდა აკათებდე მარტო შენ ერთდროულად   ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორებიცაა „ქართველი წმინდანი მეფენი,“ ბაგრატიონი წმინდანები" და „ქართველ წმინდანთა პოეზიაო“. დალოცვილო, გაგეკეთებინა ჩემამდე, მე დაგიშალე?   მე როდესაც გავაკეთე, მერე გაგახსენდა, რომ საქართველოს წმინდა მეფეები ჰყავდა და ქართველი წმინდანთა შორის პოეტები იყვნენ? ამ  ადამიანებიდან ბევრთან დღეს ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ეტყობა, თავიდან ვერ გააცნობიერეს, რას მთხოვდნენ, მერე კი  მიხვდნენ, რომ მართალი ვიყავი და შეუძლებელს მთხოვდნენ, მე ეს პროექტები არც ლატარიაში მრგებია და არც ვინმემ რაიმეთი გამომარჩია. უფალმა ინება ასე. ვინმეს რომ ეთხოვა, დაეწეროს, რომ ეს შენი ორიგინალური პროექტია და უფრო ვრცელი წიგნი გავაკეთოთო, შეიძლებოდა, დავფიქრებულიყავი.ასეთ შემთხვევაში, პროექტს, ბუნებრივია, აუცილებლად უნდა დაეწეროს, პროექტის ავტორი. შესავალში მიეთითოს, რომ ეს პროექტი პირველად არ ხორციელდება და პროექტის ავტორის ფინანსურიც ინტერესებიც იქნეს გათვალისწინებული. რაც, ვფიქრობ, დაუწერელი კანონია. თუმცა, ეს არც თუ ისე იოლია. ყველას თავისი გემოვნება აქვს. თუნდაც ორი ავტორის გემოვნების შეჯერება, ურთულესი პროცესია.

– საავტორო უფლება თუ გაქვს ამ წიგნზე?

რა თქმა უნდა, საავტორო უფლება მაქვს.

ნინო, სასამართლოში ხომ არ აპირებ ჩივილს, შენი უფლებების დასაცავად?

-  არა. ვფიქრობ, გაირკვევა ყველაფერი. გრიფი საპატრიარქოს მიერ არის გაცემული და ჯერ მათ უნდა ვთხოვო დახმარება.

„ალია“, ლევან ჯავახიშვილი