20 ნოე 2017 17:13 25561

20 ეპისკოპოსი, რომელიც ბრძოლას იწყებს ეკლესიისა და პატრიარქის დასაცავად!

მე როგორც ვატყობ, ბოლო ჟამი მართლა ახლოვდება, მალე მეორედ მოსვლა დაიწყება და ყველანი დავისვენებთ. აბა, სხვა რა ვიფიქრო ჰომოსექსუალთა ბოლოდროინდელი გააქტიურებისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავართა თითქმის საყოველთაო დუმილის შემდეგ?

რატომ არ იღებს ხმას ეკლესია, რატომ არ გააკეთა საპატრიარქომ ერთი განცხადება მაინც საკუთარი თავისა და მორწმუნე მრევლის დასაცავად, იმ საშინელებასთან დაკავშირებით, რაც ხდება და დღემდე გრძელდება? სად არის პატრიარქი და რატომ არ ამბობს არაფერს ამ უკვე ენით აუწერელ სიბინძურეზე? ამ კითხვებზე ჩვენი წყარო ასე პასუხობს: «ქართული ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი ძალების მთავარი მიზანი ეკლესიის ერთიანობის მოშლა, დასუსტება და პატარ-პატარა, მაგრამ ძლიერი ეპარქიების შექმნაა. მერე, შემდეგ ეტაპზე უკვე ამ ეპარქიებს შეუტევენ და მათაც დაშლიან. რასაკვირველია, ეს იციან საპატრიარქოში, იციან თავად ეპისკოპოსებმა და სინოდის სხვა წევრებმა, მაგრამ ჩუმად არიან. ხედავენ, რომ უკვე აღვირახსნილი შეტევა მიდის ეკლესიაზე და ხმას არ იღებენ. როგორ შეიძლება გაჩუმდე, როდესაც ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმის დაკანონების პროცესი ასე აშკარად, ღიად მიდის და მას არცთუ შეფარულად, ქვეყნის პრეზიდენტი მხარს უჭერს? თურმე, შეიძლება და ამის მიზეზებზე საპატრიარქოში საუბრობენ. პირადად ჩემთვის, გულისტკივილით არაერთ მაღალი თუ დაბალი რანგის სასულიერო პირს აქვს ნათქვამი. იმ ხალხს, ვინც გარედან ეკლესიის დაშლაში მონაწილეობს, კონტაქტი აქვთ კონკრეტული ეპარქიის მმართველებთან. ეპისკოპოსებს ეუბნებიან, რომ კარგი იქნება, თუ ზოგიერთი ეპარქია გაიყოფა და მერე ეს ეპარქიები უფრო მოძლიერდებიან, ამით ისინი უფრო მოგებულები დარჩებიან. ახლა ამ «მოძლიერებაში» რა შედის. ეუბნებიან, რომ ნაკლებად დამოკიდებულნი უნდა იყვნენ ცენტრზე - საპატრიარქოზე, მეტი ძალაუფლება უნდა ჰქონდეთ და ეს უნდა გამოითხოვონ პატრიარქისგან. ამას თუ მიაღწიეს, ეპისკოპოსები ეპარქიაში შემავალი ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ბატონ-პატრონები თავად იქნებიან, რადგან მათ წინააღმდეგობას არც გუბერნატორი გაუწევს, არც გამგებლები და არც პოლიციის უფროსები. არც გაუწევენ და ვერც გაუწევენ ამ წინააღმდეგობას, რადგან ხალხის ყველაზე დიდი მხარდაჭერა ისევ ეკლესიას ექნება. ამ ძალაუფლებას კი სხვა სარგებელიც მოჰყვება. ეს არის დიდი ფული. ამ ეპისკოპოსებს ეუბნებიან, რომ ეპარქიის მასშტაბით რა ბიზნესიც იარსებებს, ყველგან წილში იქნებიან. გარდა ამისა, თავადაც, შეფარულად, ნათესავებისა და სხვა ახლობლების სახელზე, ბიზნესს გააკეთებენ, ამაში კი ხელს შეუწყობენ. ამგვარი, სხვის სახელზე რეგისტრირებული ბიზნესი  ლამის ყველა ეპისკოპოსს აქვს საკუთარ ეპარქიაში და ზოგი ამასაც არ სჯერდება, სხვა რეგიონებშიც აქვს მათ ბიზნესს განშტოებები. ამის შესახებ არაერთხელ გავრცელდა მედიით კონკრეტული ფაქტები. მოკლედ, დიდი ძალაუფლება და დიდი ფული, ეს ის არის, რაზეც ეპისკოპოსებს ახარბებენ და ბევრი დახარბდება კიდეც. გარდა ეპისკოპოსებისა, ამავეს ჰპირდებიან იმ სასულიერო პირებს, რომლების გარკვეული გავლენით სარგებლობენ, ახალგაზრდები არიან, მაგრამ აქვთ მაღალი დონის სასულიერო ხარისხები, საპატრიარქოში თანამდებობები. მათაც ეუბნებიან, რომ სამომავლოდ, თუ ეპარქიის სათავეში მოხვდებიან, ქერის ორმოში ჩავარდებიან. ცხადია, მოქმედი ეპისკოპოსები არ შეაბერდებიან თავიანთ ეპარქიებს, მოკვდავები არიან და ზოგიერთი მათგანის შემცვლელის ვინაობა დღესვე ცნობილია, ზოგს კი, ახალგაზრდებს იმხელა წონა და დამსახურება აქვთ ეკლესიის წინაშე, რომ მომავალში მოაზრებიან მომავალ ეპისკოპოსებად. არ ვიცი, ვინ როგორ გაუძლებს ამგვარ ცდუნებას, მაგრამ ის ვიცი, რომ ბევრი მათგანისგან, მეტიც, უმეტესობისგან ამის გაძლების ნიშნები არ შეინიშნება, დღეს, ასეთი საფრთხის პირობებში, ყველა გაჩუმდა და მხოლოდ სამმა ეპისკოპოსმა დაგმო ის მარაზმი, რაც ქვეყანაში ხდება. ეპარქიების დაშლა, პატარა ეპარქიების შექმნა და გაძლიერება, მათი მაქსიმალური დამოუკიდებლობა საპატრიარქოსგან, ჩვენი ეკლესიის ერთიანობას ბოლოს მოუღებს. ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა, არ გაუჭირდება წმინდა სინოდში მნიშვნელოვანი უთანხმოების ჩამოგდება რაიმე საკითხზე, სადაც სინოდის წევრთა აზრი ორად გაიყოფა, დღეს ხდება ასე და მერე არ მოხდება? ამის ნიადაგზე კი შესაძლებელი გახდება საპატრიარქოსგან მაქსიმალური დამოუკიდებლობის მომხრე ეპისკოპოსთა ბუნტის მოწყობა, მათი გამოყოფა ეკლესიისგან, დამოუკიდებელი სინოდის შექმნა და შემდეგ, პატრიარქის არჩევა. ორი პატრიარქი ეყოლება ქვეყანას და შესაბამისად, მრევლი არა მარტო ორად გაიყოფა, არამედ ერთმანეთს გადაეკიდება. «დაყავი და იბატონეს» მარტივი პრინციპით მოქმედებენ. ეს თუ გააკეთეს, მერე უფრო გაუიოლდებათ ქართული   ეკლესიის მართვა, უფრო სწორად, რაც მისგან დარჩება.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ვინ სთავაზობს ამ წინადადებებს ეპისკოპოსებს, სხვა სასულიერო პირებს და რის საფუძველზე აძლევენ გარანტიებს, რომ ისინი იმეფებენ თავიანთ ეპარქიაში? რასაკვირველია, ის ულტრალიბერალური პოლიტიკური ძალები, რომლებიც მომავალში აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლასა და ქვეყნის მართვას. ეს გახლავთ გიგა ბოკერიას პოლიტიკური დაჯგუფება. რამდენადაც ვიცი, ეს ხალხი ამ მეუფეებს იმას არ ეუბნება, აუცილებლად ჩვენ ყველანი მოვალთ ხელისუფლებაში და გიგა ბოკერია იქნება ქვეყნის პირველი პირიო, მაგრამ იმას კი ეუბნებიან, რომ ეს ფსევდოლიბერალები მოვლენ და ბევრი მათგანი იქნება ხელისუფლებაში. «თავისუფლების ინსტიტუტი» ერთიერთში ცდილობს, თავისი დასავლელი პატრონების დავალებები შეასრულოს და ჯერჯერობით, კი ვხედავთ, კარგად გამოსდის. ეკლესია ჩუმად არის, როდესაც ჰომოსექსუალები მას უტევენ, მართლმადიდებელ მრევლს უტევენ და მაგათაც ეს უნდათ.

სასულიერო პირთა ერთი ნაწილი, ცხადია, მოწინააღმდეგეა ეკლესიის დაშლისა, ეწინააღმდეგებიან «თავისუფლების ინსტიტუტის», «სორისის ფონდის» და მათ მიერ დაფინანსებული ჯგუფების შემოტევას. ამ ჯგუფს, შეიძლება ითქვას, სათავეში უდგას ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობაშვილი). ცხადია, არ მომწონს, რომ ეს ხალხი ჩუმად არის დღეს, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ხმასაც ამოიღებენ და სხვა საშუალებებითაც იბრძოლებენ ეკლესიის დაშლის წინააღმდეგ. მეუფე იაკობის მხარეს არიან სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსი, მეუფე უიგუდიელი, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი, მეუფე მიქაელი, წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე, წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზოსიმე, აბბა-ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი, ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი, მანგლისისა და თეთრი წყაროს ეპისკოპოსი, მეუფე ანანია, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი, მუფე შიო, ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი, მეუფე სტეფანე, საჩხერისა და ჭიათურის ეპისკოპოსი, მეუფე დანიელი, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ლუკა, სხალთელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი, მეუფე სვიმეონი, გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ექვთიმე და მესტიისა და სვანეთის მიტროპოლიტი, მეუფე ილარიონი. რაც ამ ეტაპზე დაზუსტებით ვიცი, ეს 20 ეპისკოპოსი ნამდვილად აპირებს სერიოზულ ბრძოლას ეკლესიისა და პატრიარქის დასაცავად. იმას არ ვამბობ, რომ ეს რაღაც გასაიდუმლოებული ჯგუფია. არა, ყველა სინოდის წევრია და სხვებისგან განსხვავებით, სინოდის სხდომებზე ეს მეუფეები უფრო მეტ აქტიურობას მოითხოვენ, პატრიარქისგან დაჟინებით ითხოვენ კურთხევას, რომ  თავადაც, სხვა მღვდელმსახურებმაც ამბიონიდან შეუტიონ ეკლესიის მტრებს, დაიცვან მრევლი უღირსი სასულიერო პირებისგან, ფარისევლებისგან გაიწმინდოს ეკლესია და საეპისკოპოსოები არათუ კიდევ დაქუცმაცდეს, გაძლიერდეს, პირიქით, მართვის მეტი ბერკეტი გადაეცეს საპატრიარქოს, უშუალოდ პატრიარქს. ამ მეუფეებში ისეთებიც არიან, რომლებიც მზად არიან, საკუთარი ეპარქიები დათმონ, ისინი სხვებს შეუერთონ, გამსხვილდნენ ეპარქიები და თავად ეპისკოპოსის თანამდებობის გარეშე დარჩნენ. კი, საბედნიეროდ, ასეთი მღვდელმსახურები ჯერ კიდევ არიან ჩვენს ეკლესიაში, თორემ აქამდე  უკვე დაშლილიც იქნებოდა».

რამდენად რეალურია მედიითა და სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციები, რომ ქართულ ეკლესიაში არიან ჰომოსექსუალი მღვდელმთავრები და მათი «დამსახურებაცაა», რომ ეკლესია დღეს გაჩუმებულია? აი, რას ამბობს წყარო ამის შესახებ: «საუბედუროდ, ჩვენს ეკლესიაში არიან ჰომოსექსუალები, ბევრი მათგანის ვინაობა იციან თავად სასულიერო პირებმა, იცის პატრიარქმაც, მაგრამ მათი მოშორება ვერა და ვერ მოხერხდა დღემდე ეკლესიიდან. ზემოთ რომ ჩამოვთვალე, ის მეუფეები მათ მოკვეთასაც ითხოვენ ეკლესიიდან, ბევრი მათგანის შესახებ კონკრეტული მტკიცებულებებიც არსებობს, მაგრამ ისინი ისევ ეკლესიაში არიან და ბევრი მათგანი, მაღალი სასულიერო იერარქია. ისევ საპატრიარქოდან ვიცი, რომ ერთი ასეთი ეპისკოპოსია და წმინდა სინოდის წევრთა შორის, ერთ-ერთი უხნესია. მეტსაც გეტყვით. მე იმის შესახებაც ვიცი თავად სასულიერო პირებისგან, რომ იყო მონაზვნებსა და არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები, მაგრამ ვიღაცამ მოახერხა და ეს ჩაფარცხა, ოღონდ დროებით. ის ისეთი პრობლემაა, რომ არ დაიმალება, არ დაიმალება არც ჰომოსექსუალიზმის ფაქტები ეკლესიაში. უმჯობესია, ვინც ამ სიბინძურეშია, დროზე მოიშორონ, თორემ ეს ამბები თუ გასკდა, ეკლესიისკენ აღარავინ მოიხედავს, კათოლიკურ ეკლესიაში რომ გახმაურდა ამგვარი სკანდალები, რაც იმ ამბებს მოჰყვა, მონაგონი იქნება. ბევრ სასულიერო პირს სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც კი მისცემენ და ეს იქნება მართლა დასასრულის დასაწყისი - ხალხი ეკლესიისგან პირს იბრუნებს და მთავარი მიზანი მიღწეული იქნება. ეს რწმენაშერყეული ხალხი ლიბერალების საკბილო გახდება. ამიტომ, ვიდრე ეს არ მომხდარა, ეკლესიამ თავად უნდა მოიკვეთოს უღირსი მღვდელმსახურები», - განუცხადა წყარომ «ალიას».  

 

ლევან ჯავახიშვილი