02 დეკ 2017 20:47 46531

„გოგონებო, სამართლიანი ''ძველი ბიჭები'' შეიყვარეთ და არა მამიკოს ''თამასუქებით'' ნაყიდ X6-ზე მომჯდარი „პიონერები“

ამერიკაში მცხოვრები დავით მარდალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ძალიან რთულ თემას უნდა შევეხო:
ისევ ''დიდმა'' ქართველმა მწერლებმა, ლაშა ბუღაძემ და დავით ტურაშვილმა შთამაგონეს. დილაადრიან, დაგვეხატნენ, გუშინ მომხდარი ტრაგედია (მოსწავლის მკვლელობა) ''გააანალიზეს'', დაუფარავი ზიზღით ისაუბრეს ქუჩაზე და აღნიშნეს, რომ ეს საშინელი ტერმინი, რომელიც მარტო საქართველოშია - ''ქუჩის აკადემიაა'' ყველაფერში დამნაშავეო. გაიხსენეს, 90-იანი წლები, პარალელი გაავლეს გვანცა ღამბაშიძის მკვლელობასთან, გოგონებს მოუწოდეს, არ შეიყვაროთ ''ძველი ბიჭებიო''...
კიდევ ერთხელ, სცდებიან ძვირფასი ''მწერლები''. ასე როყიოდ, ზედაპირულად, პრობლემაზე ''ცეკას'' ინსტრუქტორი თუ ისაუბრებდა, მაგრამ ხელოვანს და მითუმეტეს, ''მწერლობაზე'' პრეტენზიის მქონეს, არ ეკადრება.
პირველ რიგში, მინდა ვუთხრა ''მწერლებს'', რომ 90-იან წლებში კი არა, ყიზილბაშების შემოსევისას არ ხდებოდა ასეთი სადისტური მკვლელობები. გვანცა ღამბაშიძე ბრმა ტყვიას ემსხვერპლა, გუშინ, კი, ორი მოზარდი ისე დაჩეხეს დანებით, რომ ''რესპუბლიკური'' საავადმყოფოს მთავარი ექიმი, თავზარდაცემული ყვიროდა, ასეთი სადიზმი, ცხოვრებაში არ მინახავსო.
90-იანი წლები, ომის წლები იყო და ანარქია, ქაოსი და ხალხში დაგროვებული, დიდი რაოდენობით იარაღი იყო მაშინდელი განუკითხაობის მიზეზი, თორემ მკერდის არეში, ათეულობით მიყენებული ჭრილობებით, ორი მოზარდის მკვლელობას მე კი არა, ვახტანგ რაზმაძეც კი ვერ გაიხსენებდა. ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობა სრულიად განსხვავდება, ცივი იარაღით ჩადენილისგან, რადგან დამნაშავე, რაც უნდა გათვითცნობიერებული იყოს იარაღებში, მაინც აბსტრაქტულად აღიქვამს გასროლილი ტყვიის შედეგს, ხოლო სადისტს, რომელიც დანის მრავალი დარტყმით ჰკლავს თანატოლს, სრულად აქვს გაცნობიერებული მოსალოდნელი შედეგი და სურს მისი დადგომა.
რაც შეეხება ''ქუჩას'': უცხოეთში, ''ქუჩის აკადემია'' ვერ ერქმევა, რადგან ''ქუჩა'', მხოლოდ ქართულადაა ''ქუჩა'' და ადამიანი, თუ სწორ იდეალებზეა გაზრდილი, ქუჩა კი არა, ტაიგა ვერ გადააგვარებს. რა შუაშია ''ძველბიჭობა"? არცერთი ''ძველი ბიჭი'' ამას არ ჩაიდენდა. ქუჩაში ცხოვრობდნენ გალაკტიონი, ფიროსმანი, სერვანტესი, შუკშინი და კიდევ მილიონი გენიოსი. 
''ქურდები'' და ''ძველი ბიჭები'' სტალინის და ბერიას შემოღებულია, სწორედ, იმიტომ, რომ ქუჩა გაეკონტროლებინათ და მშვენივრადაც ახერხებდნენ, ამას. რაც გუშინ მოხდა, ''ქუჩის აკადემიის'' და ''ძველბიჭობის'' კი არაა, ''ქუჩის აკადემიის'' აღარარსებობის და ''ძველი ბიჭობის'' ცნების გადაგვარების ბრალია. ...და რა თქმა უნდა, მთავარის - ახალგაზრდობის არასწორი იდეალებით, არასწორ ნაწარმოებებზე გაზრდით და მათში სიკეთის რწმენის არარსებობით. ეს კი, ყველა სფეროში გამეფებული სიყალბის ბრალია, რასაც ბავშვიც ამჩნევს და მოზარდიც: ყალბი ღიმილი, რომელიც დამშვიდობებისთანავე გაუქრებათ ხოლმე სახეზე, ყალბი სიკეთე, რომელიც ძირითადად, გამორჩენის მიზნითაა ჩადენილი, ყალბი იდეალები - ტოლერანტობა, ჰომოფობია, ქსენოფობია, გენდერული თანასწორობა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ყველაფერი უცხოურის ქება-დიდება, მარიხუანას ლეგალიზება, ყველანაირი იდეალის, ავტორიტეტის და რწმენის ნგრევა - მათი საყვარელი მომღერლები მორფინისტები ყოფილან, საყვარელი სპორტსმენები - ყაჩაღები, საყვარელი მწერლები - ჰომოსექსუალები. ასე აშიშვლებენ ყველაფერს, რასაც პლურალიზმით ამართლებენ, არადა, ახლაც, ვინახავ ჩემი საყვარელი ჯო დასენის ''ავადსახსენებელი'' ''კომუნისტების'' მიერ გამოშვებულ ვინილს, რომელსაც უკანა მხარეს ეწერა, ჯო დასენი ავტოავარიაში გარდაიცვალაო და მხოლოდ, რამდენიმე წელია გავიგე, რომ თურმე ''პერედოზით'' გარდაცვლილა! ახლა, გეკითხებით, რა შემმატა მე ამ ინფორმაციამ? ჩემდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ''კომუნისტები'' ბევრად უკეთ ზრუნავდნენ მოზარდი თაობის სწორად აღზრდაზე, ვიდრე დამოუკიდებელი საქართველოს დღევანდელი, თუ გუშინდელი ''ბელადები''! 
დღეს, მოზარდი, რომელსაც წიგნი არ უყვარს (სამწუხაროდ, უამრავია), განწირულია, რადგან თუ ჩემს ბავშვობაში, ის მულტფილმს, ან კინოს მაინც უყურებდა გემოვნებიანს და სწორ იდეალებზე გადაღებულს, დღეს, ''გრენდაიზერებს'' და ''ხერხს'' უყურებს და კომპიუტერში, პაოლო კოელიოს და ო'შოს უაზრო, ცარიელ სიტყვებს პოსტავს.
დავიჯერო, ''ქუჩის აკადემია'' ჰქონდათ გავლილი და ''ძველი ბიჭები'' იყვნენ, ძმები ახალაიები, მეგის ქარდავა, ალექსანდრე მუხაძე და გლდანის ციხის მთელი პერსონალი? ისინი სადისტები იყვნენ და არიან! ისეთივე სადისტები, როგორიც იყო ჰერმან გებელსი, ჩიკატილო, ბრეივიკი და გუშინდელი მკვლელობის ჩამდენნი. 
არ უშველის, ამას, არც სკოლის დირექტორის და მანდატურების მოხსნა და არც განათლების სისტემის გამკაცრება. 
გამოსავალი, მოზარდი თაობის სწორ, ჯანსაღ იდეალებზე აღზრდაშია, რასაც მოაზროვნე და ინტელექტუალ ადამიანთა გადაწყვეტილებები სჭირდება. 2003 წლის შემდეგ კი მე, ასეთს ვერ ვხედავ - რა თქმა უნდა, მათ შორის, ვისაც გადაწყვეტილების მიღება ხელეწიფება, თორემ, აგერ, ახლახანს გარდაცვლილი, ბატონი ბაჩანა ბრეგვაძე სულ გადასწონიდა საქართველოს ყველა დროის მთავრობების ''ინტელექტუალებს''!
...და გოგონებო, სამართლიანი ''ძველი ბიჭები'' და გამოუსწორებელი ფანტაზიორები შეიყვარეთ და არა, მამიკოს ''თამასუქებით'' ნაყიდ X6-ზე მომჯდარი, რძე და ''ბულკზე'' გაზრდილი ''პიონერები''!“