06 დეკ 2017 18:35 566

ტერაქტების რა გეგმას გამოაქვეყნებს სუს-ი?

 

«ალიას» ინფორმაციით, ამ დღეებში სუს- აპირებს, გაასაჯაროოს ტერაქტის გეგმა, რომელიც ვითომ ჯიბეში უპოვეს ერთ-ერთ მოკლულ ტერორისტს, სადაც კონკრეტულად არის მითითებული, სად და რომელ დღეს, საათზე უნდა მომხდარიყო ტერაქტი თბილისში, ცხადია, ხალხმრავალ ადგილას და ხალხს მოუყვებიან, რომ საქართველო დიდ უბედურებას გადარჩა, ასეულობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა სუს-მა ამ სპეცოპერაციითა და ტერორისტების განეიტრალებით. ასეთი რუკის შედგენა კონტრტერორისტულ დეპარტამენტს არ შეეშლება, მაგრამ მას «ისლამური სახელმწიფოს» ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი რომ აწერდეს ხელს  და მისი ბეჭედიც ერტყას, მის ნამდვილობას მაინც არ დავიჯერებ. ჩემთვის სარწმუნო ის ვერსიაა, რომ ახმედ ჩატაევი თბილისში იმიტომ ჩამოვიდა, რომ პანკისში გადასულიყო, ამ თბილისში გამოეზამთრებინა. არ მჯერა, რომ ტერაქტის მოწყობას აპირებდა ის ხალხი, ვინც 22 საათი ბერი გაბრიელს სალოსის ქუჩაზე  ერთ სადარბაზოში იყო გამომწყვდეული. ტერორისტები მძევლებს აიყვანდნენ და  მოლაპარაკებებს გამართავდნენ ხელისუფლებასთან, ამით დროს მოიგებდნენ, შესაძლოა, რაღაც პერსპექტივა გასჩენოდათ. ერთი მძევალი არ აუყვანიათ, როდესაც საამისოდ 4-5 საათი ჰქონდათ, დიახ, ამდენი დრო დასჭირდა იმ სადარბაზოს დაცლას, რომლის ერთ ბინაშიც ტერორისტები იყვნენ გამაგრებულნი და ორმხრივი სროლა მიმდინარეობდა. ბოლოს და ბოლოს, თუ ტერორისტები ტერაქტის მოწყობას აპირებდნენ თბილისში, მაგრამ ხაფანგში გაებნენ, რეალური სასიკვდილო საფრთხის წინაშე დადგნენ. ასეთ დროს აიყვანდნენ მძევლებს და დახოცავდნენ. მუსლიმანი ტერორისტისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ბომბის აფეთქების შედეგად დაიხოცებოდნენ უდანაშაულო ქრისტიანები თუ თავად  დაცხრილავდნენ სადარბაზოში ან ბინაში? ასევე, დახოცავდნენ იმ  კორპუსის და მისი მიმდებარე სხვა კორპუსების ეზოებში მყოფ ხალხს, რომლებიც 22 ნოემბერს, დღის 11-12 საათზე, ჯერ ისევ ეზოში ტრიალებდნენ, იხვეწებოდნენ, გაგვიყვანეთ აქედანო, როდესაც სპეცოპერაცია 21 ივნისს, ღამის 10 საათზე დაიწყო. ერთი კი არა, რამდენიმე ან რამდენიმე ათეული   ადამიანის მოკვლაც კი შეეძლოთ. ასევე, შეეძლოთ, კორპუსის მიმდებარე სამ საბავშვო ბაღში, სადაც სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, ბავშვებსა და პედაგოგებზე მიეტანათ იერიში. მათ ხელთ არსებული იარაღით, სამივე საბავშვო ბაღს მისწვდებოდნენ, მით უფრო, რომ ერთი მათგანი, სულ რაღაც, 300-400 მეტრით იყო დაშორებული კორპუსიდან. ეს ამდენი ხალხი რომ დაეხოცათ, ტერაქტი იქნებოდა, აბა, რა იქნებოდა? რა მნიშვნელობა აქვს, სად და როგორ დახოცავ ხალხს? ამის შემდეგ შეეძლოთ, ერთხმად დაეძახათ «ალლაჰ აკბარ» და თავი აეფეთქებინათ. მათი მისია უკვე შესრულებული იქნებოდა, შეიძლება ითქვას, მინიმალური და იძულებითი მისია, ვითარებიდან გამომდინარე.

კარგი, დავუშვათ, მე მართალი ვარ და ტერორისტები თბილისში  მართლა არ აპირებდნენ ტერაქტის მოწყობას, მაგრამ ამ ხალხს ხომ 3 კვირა უთვალთვალებდა სუს-, ხომ იცოდნენ, რომ მათ შორის ჩატაევი იყო, რა უნდა ექნათ, არ ჩაეტარებინათ ეს სპეცოპერაცია? არ უნდა ეცადათ მათი აყვანა, რასაც ტერორისტთა ლიკვიდაცია მოჰყვამით უფრო, რომ, სავარაუდოდ, ტერორისტებმა იცოდნენ, რომ მათ უთვალთვალებდნენ და შეეცდებოდნენ, იმ ბინიდან თავის დაღწევას. გაეშვათ საქართველოდან საერთაშორისო ტერორისტი? ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხები არ მაქვს, რადგან არ ვიცი ის დეტალური ინფორმაცია, რაც სპეცოპერაციის დაწყებამდე ჰქონდა კონტრტერორისტულ დეპარტამენტს. ერთის თქმა შემიძლია. ალბათ, უკეთესი იყო, ჩვენს სპეცსამსახურებს დასახმარებლად კონტრტერორისტული კოალიციის წევრი ქვეყნებისთვის მიემართათ და რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურებს ერთად ჩაეტარებინათ ისანში სპეცოპერაცია. ამის პრაქტიკა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში არსებობს.

იმაში ეჭვი არავის შეეპაროთ, რომ ოპერაცია ბევრად ხარისხიანად ჩატარდებოდა და შესაძლოა, არც ქართველი სპეცრაზმელი დაღუპულიყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაციაში თურქეთის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ, მაგრამ ეს თურქულ მხარეს არ დაუდასტურებია.

რა შეიძლება მოჰყვეს ახმედ ჩატაევის, «ისლამური სახელმწიფოს» ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო მეთაურის თბილისში მკვლელობას? რა მნიშვნელობა აქვს, მოკლეს თუ თავი აიფეთქა, ჩატაევი ისლამისტი ტერორისტებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერაა მოკლული. ბევრი ფიქრობს, არც არაფერი მოხდება, «ისლამური სახელმწიფო» გაანადგურეს და ტერორიზმის საფრთხე ბევრად განეიტრალდა, საქართველოსთვის არავის სცალია ახლაო. ჯერ ერთი, «ისლამური სახელმწიფო», საერთაშორისო ტერორიზმის ყველაზე დიდი გაერთიანება კოლუმბიური «სახალხო არმიის» შემდეგ, საერთოდ არ არსებობდა და ტერორიზმის საფრთხე არ აკლდა მსოფლიოს. მეორეც, თავის დროზე «ალ-ქაიდაც» გაანადგურა ნატომ, მისი ლიდერი, ბინ ლადენი მოკლეს ამერიკელებმა, მაგრამ «ალ-ქაიდადან» «ისლამურ სახელმწიფომდე» პერიოდში არ ხდებოდა ტერაქტები? ხდებოდა და ასეულობით ადამიანი დაიღუპა იმ წლებში. ახლაც ასე იქნება, დროებით დაქსაქსული ტერორისტები არ შეწყვეტენ ტერაქტებს, თუნდაც იმის ნიშნად, მსოფლიოსა და თანამოაზრეებს დაანახონ, რომ საბოლოოდ არ დამარცხებულან. საამისოდ მათ არ აკლიათ არაფერი - ფული, იარაღი, კონტაქტები და ფანატიკოსი ტერორისტები, მსოფლიოს არც ერთ კუთხეში და სამწუხაროდ, არც საქართველოში. ყველაფერს თავი დავანებოთ, პანკისის ხეობიდან, წალკისა და სხვა რაიონებიდან, ათეულობით ადამიანი წავიდა სირიაში და «ისლამური სახელმწიფოს» მხარდამხარ იბრძოდა, ბევრი მათგანი უკან დაბრუნდება და დაბრუნდება ისე, როგორც ახმედ ჩატაევი და ინკოგნიტო ბინაში დაბინავდება, ვიდრე კონკრეტულ დავალებას არ მიიღებს. თუ მიიღო თბილისში თუ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში ტერაქტის მოწყობის ბრძანება, ამის ორგანიზება არ გაუჭირდება - მოაწყობს. «ისლამური სახელმწიფო» რომ არ განადგურებულიყო და ერთი 3 წელი კიდევ ებრძოლათ, ამ 3 წელიწადში საქართველოდან არაერთი ადამიანი შეუერთდებოდა მის რიგებს ერთადერთი მიზნით - ქრისტიანთა დევნა-ამოწყვეტისთვის. და ის ხალხი, პოტენციური ტერორისტები, დღეს საქართველოში არიან, ზოგი სად და ზოგი სად. რაც შეეხება იარაღს, საქართველოში ძალიან ბევრი უკონტროლო იარაღია, მათ შორის, მუსლიმანებით დასახლებულ რეგიონებში. პანკისში კი იმდენი მარტო ასაფეთქებელი საშუალებაა, ერთად რომ აფეთქდეს, პანკისი კი არაშეიძლება მთელი კახეთი აწიოს ჰაერში. პანკისში ჩასვლა, სახლებისა, მეჩეთების, მედრესეების ჩხრეკა ჩვენს სამართალდამცველებს არ შეუძლიათ, ამის ნებას არ რთავენ ადგილობრივები და თუ არაფერი გაქვს დასამალი, რატომ არ აძლევ ჩხრეკის ნებას? იქ ლამის იმდაგვარი სიტუაციაა ისევ, რაც 90-იან წლებში იყო.

ახლა საკითხავი ის არის, ახმედ ჩატაევის მკვლელობისთვის როგორ იძიებენ შურს ისლამისტი ტერორისტები? ვერ ვიხსენებ ერთ შემთხვევასაც კი, მეტ-ნაკლებად გავლენიანი ტერორისტი მოეკლათ რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურებს, თუნდაც ანტიტერორისტული ოპერაციის დროს და ტერორისტებს შური არ ეძიათ, კონკრეტულ ქვეყანაში ტერაქტი არ მოეწყოთ. თუ ტერორისტებმა ჩატაევის გამო შურისძიება გადაწყვიტეს, მაშინ ძალიან ცუდად არის ჩვენი საქმე - მას მოაწყობენ. დიახ, მათ წინ ვერავინ დაუდგება, რადგან ვინც მათ წინ უნდა დაუდგეს, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია, რომელიც არაპროფესიონალებით არის სავსე, მას არაკომპეტენტური ადამიანები ხელმძღვანელობენ. თუნდაც სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და მისი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი ავიღოთ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თევზი თავიდან ყარსროდესაც ქვეყნის უპირველესი სპეცსამსახური ასეთი ხალხის ხელშია, იმის იმედი ნამდვილად არ მაქვს, რომ სუს- გამოცდილი  ტერორისტების მიერ დაგეგმილ ტერაქტს აღკვეთს.

ლევან ჯავახიშვილი