06 დეკ 2017 22:24 982

როგორ უნდა მოიქცეთ, ისრაელიდან რომ არ «დაგადეპორტონ»?

საქართველოს მოქალაქეთა ბოლოდროინდელი უშედეგო გამგზავრება ისრაელში და თვითმფრინავიდან ჩამოუსვლელად უკან დაბრუნება, ბევრ შეკითხვას ბადებს. ზოგიერთების აზრით, ამის მიზეზები არსებობს, სხვების აზრით - არანაირი გამართლება არ აქვს.

სოციალურ ქსელებში ემიგრანტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მრავალფეროვანია.

«ალია» ერთ-ერთ ემიგრანტს ესაუბრა.

-           ნანა, რით განსხვავება აქაური შრომა?

-           აქ შრომისგან დაღლა გაცილებით მეტია, ვიდრე თქვენთვის ცნობილი დაღლა. გადამეტებული ფიზიკური შრომისგან თითები გიბუჟდება და ხანდახან შეგრძნებასაც კარგავ. ყველა სახსარი ერთბაშად ტკივილით გახსენებს თავს... ღამით ეფერები და კოცნი საკუთარ თითებს და ეხვეწები, არ გიღალატოს... სამაგიეროდ, შენი შრომის ანაზღაურება დღეში ყველაზე ნაკლები 50-60 დოლარია. ადგილობრივებისთვის ეს თანხა ზღვაში წვეთია, ჩვენთვის - დიდი სტიმული, რადგან გამუდმებით გვახსოვს, რომ სამშობლოში, არანაკლებ მძიმე შრომის ანაზღაურება გაცილებით ნაკლები იყო... ის შეურაცხმყოფელი დღეები თითქოს შორს დარჩა, თუმცა ეს დაღლილობას ვერ კურნავს. ამასთან, თუ არალეგალურად ცხოვრობ, მუდმივი სატანჯველის, შიშისა და შფოთვისთვის ხარ გაწირული.

-           და მაინც, ჩვენი მოქალაქეები ყველა ღონეს მიმართავენ ამ ქვეყანაში მოსახვედრად.

-           რა გასაკვირია, როცა, სტატისტიკის მიხედვით საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე ვალებში იხრჩობა და ვერ გაუსტუმრებია. ბუნებრივია, ეძებენ გზას თავის გადასარჩენად.

 

ვიცი, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ისრაელში ჩამოვიდა და არალეგალად იქცა, ძალიან ბევრი საფრთხე უდარაჯებს. ამჟამად ისრაელში საქართველოს მოქალაქის ყოფნის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სწორად შევსებულ, მთავრობისთვის გადაცემულ და იქიდან მიღებულ დოკუმენტებზე. თუმცა, დადებითი პასუხის მიღების შემდეგაც, რაც უნდა «ლურჯი ფურცელი» გქონდეთ, დეპორტს ვერ გადარჩებით, თუ საკუთარ ყოფნას ისრაელში «მაჯისცემას» არ უსინჯავთ. შეიძლება დაუყოვნებლივ - უშუალოდ დეპორტის წინ გითხრან, «დატოვო ქვეყანა», დაელოდებით, გადმოგცემენ შტამპიან ქაღალდს გადმოფრენაზე და «მშვიდობით» ისრაელო.

ამაზე ფიქრმა იურისტებთან სასაუბროდ მიბიძგა. პირველად ბატონ მალხაზ (ფინქაზ) ბენაშვილს დავუსვი შეკითხვა:

-           ბატონო მალხაზ, როგორც იურისტი, რას ეტყოდით ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ისრაელში ჩამოსვლას გეგმავს, ან უკვე ჩამოვიდა და «არალეგალურად» ცხოვრობს?

-           ჩვენს თანამემამულეებს ვეტყვი, რომ პირველ რიგში უნდა შეცვალონ აზროვნება. არ გარისკონ ჩამოსვლა. ეს მეტად სახიფათოა, რადგან არალეგალური ყოფისთვის წირავენ თავს. რაც წინასწარ უნდა გააცნობიერონ. ეს აქ მოტყუებად ითვლება, რასაც არ პატიობენ.

-           და თუ მაინც ჩამოვიდნენ?

-           ყოველგვარი მოულოდნელობებისგან თავის დასაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს: თხოვნით მიმართონ ისრაელის მთავრობას და გახდნენ «ლეგალური მოქალაქეები»

-           მაგრამ, ბატონო მალხაზ, ენის, კანონებისა და სხვა ფაქტორების არცოდნა არ შეუშლით ამაში ხელს?

-           თუ ეჭვობენ, რომ დამოუკიდებლად ვერ დაამტკიცებენ მიზეზს, რისთვის სურთ იცხოვრონ ისრაელში, უნდა მიმართონ ადვოკატს.

-           ცნობილია, რომ ბევრი ასეთი მცდელობა კრახით დამთავრდა, რადგან ჩვენებს ძალიან ხშირად ატყუებენ იურისტებად «მონათლული» შარლატანები. ამასთან, ისრაელში ადვოკატების მომსახურების სიძვირეც საყოველთაოდ არის ცნობილი.

-           კი ბატონო, ვიცი, რომ ბევრმა ადგილობრივმა თუ უცხოელმა მოქალაქემ «საკუთარ ტყავზე» იწვნია საიმედო ადვოკატის მოძიების სირთულე. ჩემი რჩევაა: ეძებეთ იურისტი, ვისზე დაყრდნობაც შეიძლება, რადგან ფაქტია, რომ ისრაელში მთავრობასა და მოქალაქეთა შორის შედეგიანი «შუამავლობის» მრავალწლიანმა გამოცდილებამ ადვოკატებს საყოველთაო აღიარება და სრულიად დამსახურებული ნდობა მოუპოვა. მინდა საქართველოს მოქალაქეებმაც იცოდნენ, რაც ჩვენ, ადგილობრივებმა, კარგად ვიცით: ისრაელში უცხოელის მიერ ნებისმიერი სტატუსის მისაღების საქმე დროში იწელება, უამრავი ნიუანსი და სირთულეა, რომლის გადაწყვეტაც წარმოუდგენელია გამოცდილი, პროფესიონალი იურისტის გარეშე. დიახ, იურიდიული მომსახურება არ არის იაფი, მაგრამ შესაფერისი სტატუსის გარეშე ყოფნის გამო ქვეყნიდან გაძევებას, ან მის მისაღებად ბიუროკრატიულ კედელთან შეჯახებას და მრავალწლიან ჭიდაობას, ან ყალბი საბუთის გამო გასამართლებას - ბევრად სჯობს

ენდეთ ჩვენს გამოცდილებას: უცხოელი მოქალაქის ისრაელში ყოფნის ლეგალურობის სწორად წარმართვა მხოლოდ ადვოკატს შეუძლია.

 

რამდენიმე შეკითხვაზე გვპასუხობს ბატონი ეფრაემ ტანხილი - პროფესიონალი იურისტი, ცნობილი ადვოკატი.

- ბატონო ეფრაემ, ისრაელისა და საქართველოს სახელმწიფოებს არა აქვთ მიმოსვლის სავიზო რეჟიმი და მაინც, ჩვენს მოქალაქეებს ასე დიდი რაოდენობით, აეროპორტიდანვე უკან რატომ აბრუნებენ? ეს რაღაც პოლიტიკის გაგრძელება, ან ვინმეს ახირება ხომ არ არის?

- საკითხს პოლიტიკურზე მეტად იურიდიული ახსნა აქვს, რასაც ისრაელში ვინმეს ახირება კი არა, კანონი განსაზღვრავს. თავად განსაჯეთ: 2016 წელს ისრაელის მოსახლეობის რეგისტრაციისა და მიგრაციის სამმართველოს ცნობით, საქართველოდან ჩამოსული 117 ათასი ტურისტიდან დევნილის სტატუსის მიღების თხოვნით მიმართა 5500 მოქალაქემ. შედარებისთვის, 2015 წელს მსგავსი სათხოვარი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან 500 იყო, ხოლო 2013 წელს სულ რაღაც - 4. მაშინ, როცა 6 ათასი მოლდაველი ტურისტიდან 229, უკრაინიდან ჩამოსული 20 ათასიდან 3 069 ტურისტმა ითხოვა იგივე. სამმართველოში ასევე აღნიშნავენ, რომ განუხრელად იზრდება საქართველოდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა, რომლებიც არალეგალურად დარჩნენ ქვეყანაში. სწორედ ეს გახლავთ ძირითადი მიზეზი. არალეგალები რომელი ქვეყნისთვის იქნება სასურველი. ვიყოთ გულწრფელები, მოქალაქეები ხშირად შეცდომაში შეჰყავთ, თითქოს მათი შემოსავალი ორი ათას დოლარს გადააჭარბებს, თუმცა ადგილზე მოსულები რწმუნდებიან, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ხელს არ უშლით, უკან აღარ დაბრუნდნენ. ისრაელში, ზოგადად, შრომის ანაზღაურება დიდი არ არის, მაგრამ სხვა ქვეყნებში მუშების ხელფასთან შედარებით სოლიდურად გამოიყურება. ცნობილია, რომ საქართველოდანაც ამავე მიზეზით მოდიან და არცთუ იშვიათად, საზღვრის გვერდის ავლით ახერხებენ შემოღწევას. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, აქ მათი ლეგალურად ცხოვრების არანაირი შანსი არ არის და დეპორტისთვის არიან გაწირულები.

- ისრაელში საქართველოს მოქალაქის ლეგალურად ცხოვრება რა შემთხვევაშია შესაძლებელი?

- ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველომ მოქალაქეობისა და მუდმივი საცხოვრებლის არმქონეთა შესახებ გასული წლის შედეგები მიმდინარე წლის 2 მარტს შეაჯამა და გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც გასულ 2016 წელს სამმართველოში დევნილის სტატუსის მისანიჭებლად შესულია 15 000 სათხოვარი, რომელთა უმეტესობა უკრაინისა და საქართველოს  მოქალაქეებისგანაა. 2016 წელს საზღვრის გადმოკვეთაზე უარი მიიღო სულ 16.534 ჩამოსულმა, უმეტესწილად საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებმა.

-           ჩამოსვლის მიზეზად რა სახელდება?

-           სხვადასხვა. მაგალითად, უკრაინელების სათხოვარს საფუძვლად ძირითადად ის უდევს, რომ უმეტესობა მათგანს სამშობლოში დევნის ეშინია, იმის გამო, რომ არ სურთ ჯარში მსახური. ხოლო საქართველოდან ჩამოსული მოქალაქეები მიზეზად სამშობლოში ოპოზიციონერული მოძრაობისადმი თანაგრძნობის გამო დევნას აცხადებენ.

-           მაგრამ საქართველოდან ჩასულების დიდ ნაწილს უკან აბრუნებენ, რა კრიტერიუმებით სარგებლობენ ძალოვანი სტრუქტურები უკვე ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმისას?

-           საქმე ისაა, რომ ისრაელის სახელმწიფოში ამ საკითხისადმი მტკივნეული დამოკიდებულება ხანგამოშვებით იცვლება. იმ პირებისთვის, ვინც ისრაელის სახელმწიფოში საერთაშორისო სასაზღვრო გადასასვლელებით შემოდიან, ისრაელის მოსახლეობის რეგისტრაციისა და მიგრაციის სამმართველომ ინსტრუქციის შესწორებული ვარიანტი გამოაქვეყნა და ის ისრაელში შემომსვლელ ნებისმიერ მოქალაქეზე ვრცელდება. ინსტრუქციაში დასახელებულია 28 მიზეზი, რისთვის შეიძლება მოქალაქეს ისრაელში შემოსვლაზე უარი ეთქვას. მათ შორის უსაფრთხოების ხასიათის გარდა, დასახელებულია ტყუილი სასაზღვრო გადმოსასვლელზე, ეჭვი, რომ შემოსულია ისრაელში მუდმივად საცხოვრებლად, ჩამოსვლის გაუგებარი მიზანი, საზღვრის მუშაკებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, ისრაელში პირველი ხარისხის ნათესავების ყოლა, რომლებიც უცხოელ მუშებად ითვლებიან, ეჭვი, რომ ჩამოსული «მეტხორცი» იქნება სახელმწიფოსთვის, ეჭვი მისიონერულ საქმიანობაზე და სხვა. ამასთან, ინსტრუქციაში მითითებულია, რომ ჩამონათვალი არ არის საბოლოო, არსებობს სხვა მიზეზებიც, რასაც ადგილზე განსაზღვრავენ მესაზღვრეები და დაცვის სამსახურები.

-           ცნობილია, რომ ასევე ინსტრუქციის თანახმად, ისრაელში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ ჩამოსულს უნდა ეცნობოს მიზეზი, არის ეს სისხლის სამართლებრივი, საიმიგრაციო, თუ უსაფრთხოების სფეროდან და მხოლოდ ამის შემდეგ აბრუნებენ იქ, საიდანაც ჩამოვიდა, ან იქ, სადაც მას შეუძლია მიიღოს შესვლის უფლება. ისრაელიდან მიბრუნებული საქართველოს მოქალაქეების თქმით, მათთვის არავის არაფერი განუმარტავს.

-           ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია, რისი განზოგადებაც არ შეიძლება. ისრაელის შესაბამისი სამსახურები კანონიერების შესაბამისად წყვეტენ შემომსვლელთა საკითხს. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ისრაელში დაახლოებით 100 ათასი უცხოელია, რომელთაგან 85 ათასს მუშაობის უფლება აქვს და მათ შორის ბევრია საქართველოს მოქალაქე.

-           ადრე ჩამოსული დევნილები სარგებლობდნენ ჯერ .. «თეთრი», შემდეგ «ლურჯი საბუთებით», რომელიც თავიდან ლეგალურად ცხოვრების, შემდეგ მუშაობის უფლებას იძლეოდა და მათი მიღება არანაირ სირთულესთან, ან თანხებთან არ იყო დაკავშირებული. რამდენიმე თვის წინ ყველაფერი შეიცვალა და ამჟამად  საქართველოს მოქალაქეები თვით იურისტის ჩარევის შემთხვევაშიც, მისი მიღების საშუალებას მოკლებულნი არიან. რა სახის მომსახურებას სთავაზობთ ლეგალურად ცხოვრების მსურველებს, რომლებიც ბლომად არიან ისრაელში?

-           სტატუსი მრავალფეროვანია, შეიძლება იყოს დევნილის, ჰუმანიტარული მიზეზი და სხვა. სტატუსის შერჩევამდე აუცილებელია, მოქალაქე კარგად გაერკვეს საკმაოდ ბევრ საკითხში. იცოდეს, რომ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნისთვის საჭიროა, არსებობდეს ხელჩასაჭიდი რეალური საფუძველი, რომელსაც პრეტენდენტთან პირისპირ გასაუბრების დროს ვადგენთ და ვაკეთებთ არჩევანს.

-           რა იგულისხმება, როცა ამბობთ: «რეალური საფუძველიო»?

-           დამოკიდებულია ინდივიდზე, იმაზე როგორ იცხოვრა მანამდე, რატომ და როგორ სურსისრაელში ლეგალურად იცხოვროს. თუ გულწრფელია, მისი განვლილი ცხოვრების სტილი იძლევა საშუალებას, გავაკეთოთ განაცხადი ისრაელში ლეგალურად ყოფნაზე ეს «რეალური საფუძველია» და მასზე  დაყრდნობით ვაკეთებთ განაცხადს. ხოლო რამდენად მართალი ვიქნებით, მთავრობა გადაწყვეტს და გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ გვიპასუხებს. თუ პასუხი დადებითი იქნება, «რეალურ საფუძვლად» მიუჩნევიათ ჩვენი განაცხადი, თუ პასუხი უარყოფითი იქნება, მაშინ, უნდა ვიბრძოლოთ მის მისაღებად, ვამტკიცოთ, რომ მიზეზი რეალურია. უმთავრესია, რომ პერსონა ისრაელში უკანონოდ ყოფნას არ აპირებსცხოვრება ლეგალურად სურს, მზად არის მთავრობასთან სათანამშრომლოდ. როცა ადამიანს არ სურს ტყუილში ცხოვრება, ყოველთვის აქვს შანსი, დაანახოს მასპინძელ ქვეყანას, რომ დროებით აქ ყოფნის ღირსია.

-           საქმე რთულია?

-           დიახ, მაგრამ არა შეუძლებელი. იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ მათი დახმარება შეიძლება, ვინც კანონიერად შემოვიდა ქვეყანაში და შემდეგ იქცა არალეგალად. ქვეყნის კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, მსგავსებს, ვითარებიდან გამომდინარე, იურიდიულად გამართლება მოვუნახოთ. ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი ისტორია, რომელიც უნდა დავიცვათ, მოვითხოვოთ შესაფერისი სტატუსი.

-           კერძოდ, რომელი?

- ჩვენს შემთხვევაში რეალურია მოვითხოვოთ «დევნილობის» ან «ჰუმანიტარული მიზნით» სტატუსები, რომელიც მართალია, მუშაობის უფლებას არ იძლევა, მაგრამ  მისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა. დავუშვათ, «ჰუმანიტარული სტატუსი» კანონმდებლობაში შედარებით ახალი ცნებაა და «ლტოლვილის სტატუსის» ალტერნატივა გახლავთ, როცა ინდივიდს შეუძლია სახელმწიფოს მიმართოს, თუ დევნილად არა, ჰუმანური მოსაზრების გამო მისცეს უფლება, ლეგალურად იცხოვროს, რადგან მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება შეუძლებელია. ყოველი საქმე განიხილება ინდივიდუალურად, ეტაპობრივად და ნაბიჯ-ნაბიჯ.

-           დავუშვათ, ჰუმანიტარული მოსაზრებით ცხოვრებაზე უარი მიიღო. კიდევ არსებობს რამე გზა?

-           თუ უარი მიიღო, ჯერ აპელაციაზე შეიტანება საბუთები და გაპროტესტდება, ხოლო მისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დევნილის სტატუსის მიღებაზეც შეიძლება განაცხადის გაკეთება. ორივე შემთხვევაში პრეტენდენტი სახელმწიფო გადასახადს იხდის. მიღებულ პასუხში თვიდან საბუთების ჩაბარების დრო მიეთითება. პროფესიულ დონეზე გაკეთებული განაცხადისა და საჭირო დოკუმენტების დროულად ჩაბარების შემდეგ საკითხს განიხილავენ და გასაუბრების, .. «ინტერვიუს» დრო დაინიშნება, რომელიც  პრეტენდენტის კონკრეტული სტატუსით ისრაელში ლეგალურად ყოფნისა და მუშაობის უფლების მიღების ბედს გადაწყვეტს. საბოლოო პასუხის მიღებამდე მთელი დროის განმავლობაში, მართალია, პრეტენდენტს მუშაობის არა, მაგრამ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის უფლება აქვს.

-           ყველაფერ ამას მოქალაქე დამოუკიდებლად ვერ გააკეთებს?

-           რატომაც არა, თუმცა გაცილებით მეტი დრო დასჭირდება იმ მიზეზის დასამტკიცებლად, რომლის გამოც სამშობლოში ვერ ბრუნდება, არის ავად, ან ემუქრებიან, ან საკმაოდ კარგად არის ადაპტირებული ადგილზე და .. კანონის ვარირებით არის შესაძლებელი მიზნის მიღწევა, რაც პროფესიული იურიდიული განათლების გარეშე წარმოუდგენელია.

 

ქეთევან ჩემია, «ალიასთვის» ისრაელიდან