07 დეკ 2017 00:27 633

«ვანო და ბაჩო ისე მოაწყობდნენ ამ სპეცოპერაციას, არც არავინ დაიღუპებოდა და ვერც ვერავინ გაიგებდა, კორპუსში ტერორისტები იყვნენ თუ ვინ იყვნენ»

«ალია» «ნაციონალური მოძრაობის» მხარდამჭერს, «თავისუფალი ზონის» წევრს ბადრი შუბლაძეს ესაუბრა:

სპეცოპერაციაზე

- მე მაგალითად დარწმუნებული ვარ, რომ ოპერაციას, რომელიც თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, მიშას დროს, ვანო და ბაჩო ისე მოაწყობდნენ, რომ არც არავინ დაიღუპებოდა, ვერც ვერავინ გაიგებდა, კორპუსში ტერორისტები იყვნენ თუ ვინ იყვნენ... მე მგონი, ეს სპეცოპერაცია უფრო გააბუქეს და გააპიარეს. როგორ შეიძლებოდა, ერთ სადარბაზოში, ერთ ბინაში, ერთ ოთახში შეყუჟული ხალხი ვერ აეყვანათ. საჭირო გახდა მთელი სადარბაზოს ევაკუაცია, იმას აღარ ვამბობ, რა შეცდომები დაუშვეს, რომ ბავშვები ჯერ საბავშვო ბაღში შეუშვეს და მერე მოახდინეს ევაკუაცია, ეს კიდევ მეორე საკითხია... და კიდევ მესამე საკითხი ის, რომ ხან ერთ ბინაში იყვნენ, მერე მეორე ბინა გატეხეს, მერე მესამესა და მეოთხეში შევიდნენ. რაღაც საოცრება ხდებოდა, ვერ გავიგე, რატომ იყო საჭირო ამხელა ამბავი... და კიდევ, უამრავი საშუალება არსებობს, მაგალითად, გაზი გაეშვათ ბინაში, როგორც მოხდა «ნორდ-ოსტში», მთელი თეატრი დააძინეს, გათიშეს და მერე შევიდნენ. ხომ შეიძლებოდა უფრო მოხერხებულად გაეკეთებინათ, ისე შესულიყვნენ ბინაში, რომ მსხვერპლი არ ყოფილიყო, სპეცრაზმელი არ დაღუპულიყო. ტერორისტი აივანზე გამოდიოდა და ნუთუ სნაიპერმა ვერ დაინახა და პირდაპირ ვერ მოახდინა მისი ლიკვიდაცია?! ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა.

გაიპიარეს თავი და იმიტომ შექმნეს დაძაბული სიტუაცია, არიქა, ინგრევა ქვეყანა და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შველაო. არაფერი არ ინგრეოდა, მაგაზე რთული სიტუაცია იყო ლაფანყურში, იქ ბევრად უფრო შეიარაღებული იყვნენ, ათჯერ მეტი იყვნენ და მართლა საფრთხე იყო ქვეყნისთვის. იქიდან მოდის ის ჩატაევიც, ეგ ამათ გაათავისუფლეს გირაოს საფასურად, გამოიყვანეს. ესეც პიარია და შედეგი რა მივიღეთ? ამ კაცმა მოაწყო ტერაქტი თურქეთში, სტამბულში. საშინელ დღეში ჩააგდო ცივილიზებული სამყარო და ახლა აქ ასეთი ამბავი მოხდა.

ივანიშვილსა და ხელისუფლებაზე

-  ნომერ პირველი მოქალაქე გადასულია ხეების გლეჯაზე, გადატანა-გადმოტანით არის დაკავებული, 1 ლარად შეიძინა მთელი საქართველო, მთელი პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება მხოლოდ მაგაზე მუშაობს, არავინ არ არის ხალხსა და ხალხისთვის სასარგებლო კანონზე ორიენტირებული. 5 წელია, ხელისუფლებაში არიან, გავიდა ეს ხუთი წელი და ხალხს ცხოვრება უძვირდება. ის უსაფრთხოების წესები, რაც არ იყო დაცული «ლეოგრანდში»... ამაზე პასუხი უნდა აგოს იმ ხალხმა, ვინც ჩააბარა და ვინც ჩაიბარა. დღეს, როცა ასეა განვითარებული ტექნოლოგიები, არის სპეციალიზებული გაყვანილობა, რომელიც ეგრევე სიგნალს იძლევა, დავიჯერო, ამ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ ეს დაემონტაჟებინა?!. მაგრამ საქმე სწორედ ისაა, რომ ხელისუფლება და შესაბამისი უწყებები არ სთხოვდნენ არავის პასუხს არაფერზე. როდესაც სრული უკონტროლობაა, მაშინ ყველა ყველაფერს თავის ჭკუაზე აკეთებს. ვიცით, სტალინი გორში როგორ მოსწონთ, მაგრამ ამ დროს, სტალინი იყო დიქტაქტორი. მე კი ვარ მიშას მომხრე და «ნაციონალი», მაგრამ იმიტომ კი არა, რომ რაღაც გამორჩენა მქონდა, იმ დროს არც ვმუშაობდი რაიმე სტრუქტურაში, ჩემი ბიზნესი მქონდა და ოჯახს იმით ვინახავდი. მაგრამ მიშა საქმეს აკეთებდა და სხვისგანაც ითხოვდა საქმის კეთებას, ჰოდა თუ არ მოსთხოვ, სასტუმრო იქნება თუ სხვა ვინმე, ყოველთვის შეეცდება, იოლად გამოძვრეს. ის, რომ ხელისუფლებას ადამიანების ბედი არ აინტერესებს და მართლაც სულელური კანონპროექტებით არის დაკავებული, ეს კარგა ხანია ნათელია.

„ქართულ მარშზე“

- ეს ხელისუფლება ილუზიონისტს ემსგავსება, რომელიც სცენაზე მანიპულაციებს აკეთებს, რათა ხალხის ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს, სწორედ ამას ემსახურება ლგბტ- თემაზე ატეხილი აჟიოტაჟიც. გახადეს პრობლემა ის, რაც საერთოდ არ არის პრობლემა. ასეთი ადამიანები არსებობენ და მაგის გამო რაც ჩაიდინეს «ქართული მარშის» ბიჭებმა ქუთაისში, ეს დასაშვებია?! განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები ყოველთვის იყვნენ და მომავალშიც იქნებიან და მთელი ქვეყანა ამას უნდა განიხილავდეს?! თვითონ ეს «ქართული მარშის» წევრები სპეციალურად შემოგდებული არიან, რომ ამ თემაზე აპელირებით არ გამოჩნდეს ხელისუფლების ძირითადი ცოდვები. რაც ამ მარშის წევრებმა დანაშაული ჩაიდინეს, მსგავს დანაშაულებს ხელისუფლება ვინმეს პატიობს?! მე «თავისუფალი ზონის» წევრი ვარ, გახსოვთ, ალბათ, რაც მოხდა ბათუმში, მანქანები რომ დაწვეს, ამის გამო ჩვენი მეგობარი ირაკლი ჩხირკვია დააპატიმრეს, უნდათ ორგანიზება «შეტენონ», როცა რეალურად ასე არ ყოფილა. პარალელურად «ქართული მარშის» წევრები ერთ ამბავში არიან და მათ არავინ ეხებათ, არადა, უამრავ დანაშაულს სჩადიან. თუ ხელისუფლება თავისიანებად არ თვლის, მაშინ, ამ ხალხს რატომ არ სჯის?!. ჩვენ რაიმე პატარა მიზეზს მოგვდებენ და მაშინვე გვიჭერენ, ყველას შეიძლება არ გვყრიან ციხეში, მაგრამ სასამართლოზე მაინც დაგვათრევენ, არაფერს გვპატიობენ.

- ამათაც იჭერენ. არც ერთი აქცია ის არ ჩატარებულა, მათი წევრები ან არ დააკავონ, ან არ სცემონ

- ჩვენ რასაც გვიკეთებენ, იმასთან შედარებით, ამათ ხელისგულზე ატარებენ. ეს «მარშელები» მიდი-მოდიან, ყველაფერი მილეწ-მოლეწეს და თითქოს არაფერი!.. მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლებისგან ნებართვა აქვთ, თორემ რაც კაშიას გარშემო ამბავი ატეხეს, სხვა ვინმეს ასე შერჩებოდა?! იმ კაშიამაც სწორედ იმიტომ გაიკეთა ის სამკლავური, რომ ასეთი ჰომოფობიური ადამიანები არსებობენ. ასეთი მოძალადეები რომ არსებობენ, სწორედ იმიტომ არსებობს ისეთი თანადგომა. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჰომოსექსუალიზმი არ არის ეპიდემია, რომ ვინმეს გადაედოს, ასეთი რამ არ ხდება და რატომ დასდევენ ამ ხალხს?!. ნუ მიაქცევენ ყურადღებას, რადგან არსებობენ, იყვნენ თავისთვის. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, გერმანიაში ვიყავით და გავჩერდით მანქანის გასამართ სადგურზე, გაჩერდა ერთი მანქანა, გადმოვიდა ცოლ-ქმარი სამი ბავშვით, ბავშვებმა დაიწყეს თამაში, ერთობოდნენ, ცოლ-ქმარი მიეყუდა ამ მანქანას და ატეხეს ერთი ამბავი, ერთმანეთის მტლაშა-მტლუში. გერმანელი, ვინც მახლდა, იმას ვუთხარი, რას ჰგავს ეს, ხომ ულამაზოა-თქო და იცით, რა მიპასუხა, თუ არ მოგწონს, სხვა მხარეს გაიხედეო!.. ასეა, რადგან ეს ადამიანები ცხოვრობენ, იცხოვრონ თავისთვის, შენ ნუ მიაქცევ ყურადღებას. ისინი არიან უმცირესობაში და თუ შენ ყურადღებას არ მიაქცევ, ისინიც საერთოდ არ გამოჩნდებიან. კიდევ ერთხელ ვამბობ, აი, ამ თემებზე ხელისუფლება იმიტომ ამახვილებინებს ყურადღებას და სპეციალურად ჰყავს შემოგზავნილი ისეთი ადამიანები, რომ თავისი ბინძური საქმეები ამ ხმაურის ფონზე გადაფარონ და პარალელურად დაუბრკოლებლად აკეთონ. ეს არ უნდა «ჭამოს» საზოგადოებამ და სანამ მსგავს სცენებს აჰყვებიან, ამ თითქოსდა ტრადიციის დამცველ ავანტიურისტ ჯგუფებს, ჯერ კარგად გაახილონ თვალი და გაარკვიონ, რა ხდება ამ ყველაფრის უკან. როცა ქვეყანაში უამრავი სოციალური პრობლემაა, ვხედავთ, ლარი რა დღეშია, ყველაფერზე ფასები კატასტროფულად იზრდება, თითიდან გამოწოვილი პრობლემებისთვის მოსახლეობამ არ უნდა მოიცალოს, ხელისუფლებამ კი დროა, სპექტაკლებსა და პიარს თავი დაანებოს და ხალხს მიხედოს, თორემ ძვირად დაუჯდებათ ეს ავანტიურა.

 

მაკა დეკანოსიძე