სამოქალაქო აქტივისტი, პოეტი, გრინ ბარეტი, წერს:
“რაღაც ბუნდოვანი ეჭვები მღრღნის და… გავჩუმდები მეთქი, მაგრამ არ მამაგრდება ენაზე და რა გავაკეთო… :/
საერთაშორისო ტურიზმისთვის ქვეყნის საზღვრების გახსნაზე მაქვს საუბარი…
წესით ჩემზე მეტად ვის უნდა გაუხარდეს ეს ამბავი, იმხელა ტურისტული კრედიტის ქვეშ და ზღვის სეზონზე დამოკიდებული ვარ, მაგრამ გარდა იმისა რომ მეტნაკლებად კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეიძლება რადიკალურად შეგვეცვალოს, – რეალურად ვუყურებ სურათს და რაღაც ძნელად თუ წარმომიდგენია მეზობელი ქვეყნებიდან და გინდაც ჩვენი დედაქალაქიდან მოზღვავებული ტურისტები, რომლებიც ერთის მხრივ თავადაც ადამიანები არიან და ეშინიათ, და მეორეც: დიდი ალბათობით არც მათ ექნებათ ამ ზაფხულისთვის ეკონომიკურად დალხინებული ცხოვრება.
ხოლო რაც შეეხება ეჭვებს, – სწორედ იმ სეზონურ კრედიტებს უკავშირდება, სარფიდან ანაკლიის ჩათვლით თითქმის ყველა ობიექტის მეპატრონეს თუ არენდატორს რომ აქვს აღებული და მისი გრაფიკით დაფარვის ერთადერთი წყარო, სეზონზე მიღებული შემოსავალია, რომელიც სავარაუდოთ არ იქნება…
ანუ ხო ხვდებით, ხელების დაბანის პოლიტიკაა… ბანკები თავისას ითხოვენ, სახელმწიფოს იმის ერთი ადგილი არა აქვს, რომ მათი მოთხოვნები თავად დააკმაყოფილოს ან აიძულოს ისინი ერთი წლით გადაუდონ ხალხს ვალდებულებების შესრულება და ეს, ვიტყოდი რომ საკმაოდ გონებამახვილური, თუმცა მეტად მზაკვრული გეგმა მოიფიქრა, – აჰა ბატონო, გაგიხსენით სეზონი, გზა, ფრენები, ობიექტები… – კეთილ ინებეთ და ვალები გადაიხადეთო…
მოკლედ ბევრი რომ არ ვიბოდიალო, თუ ეს ჩემი ცუდი ვარაუდი გამართლდა, შემოდგომისთვის მივიღებთ ბევრად უფრო მეტ “გაშავებულ”-გაკოტრებულ მეწარმე-მოქალაქეს, ვიდრე ცოტა ხნის წინ მთავრობის დეკრეტით იქნა ამნისტირებული, თუმცა იმათგან განსხვავებით (მაინც რომ არაფრის გადახდას არ აპირებდნენ) ეს ის პასუხისმგებლიანი კატეგორია იქნება, ვინც რეალურად და საკმაოდ წარმატებულად აკეთებდა საქმეს, მაგრამ ეპიდემიამ და სახელმწიფომ ერთობლივად გასწირა…
და თუ რა უნდა უყოს მერე სახელმწიფომ ამ ხალხს, მხოლოდ მან და ეშმაკმა უწყის, მე კი, – გამოგიტყდებით და – ფანტაზია აღარ მყოფნის.
/გრინ ბარეტი/”
კომენტარები