სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემი ხმა” საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე არჩევნების პროცესის დაკვირვების შედეგების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
სხვა ქვეყნებში შექმნილ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობას სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ 48 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა 158 დამკვირვებლის მეშვეობით, რომლებმაც სათანადო მომზადება/ტრენინგი წინასწარ გაიარეს.
“ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზების მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციამ, საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე – სიების შედგენის დროს, საარჩევნო უბნების შექმნისას და კენჭისყრის დღეს – შექმნა ამომრჩევლისთვის დაუძლეველი და გაუმართლებელი ბარიერები, რამაც ათასობით საქართველოს მოქალაქეს შეუზღუდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
წინასაარჩევნო პერიოდში საზღვარგარეთ ემიგრანტების რაოდენობასთან შეუსაბამოდ მცირე საარჩევნო უბნებმა და შემდგომ, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნების არასათანადო მოწყობამ დაარღვია არჩევნების საყოველთაობის კონსტიტუციური პრინციპი. ამომრჩევლები, რომლებსაც არ შეეძლოთ შეუსაბამოდ შორ მანძილზე გადაადგილება, დარჩნენ ხმის უფლების გარეშე.
კენჭისყრის დღეს ევროკავშირის არაერთ სახელმწიფოსა და აშშ-ში გახსნილ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი ხელმისაწვდომობისა და საყოველთაოობის პრინციპის უხეში დარღვევებით წარიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა ამომრჩეველთა რაოდენობა, მათი მხრიდან მოსალოდნელი აქტივობა და არ უზრუნველყო საარჩევნო უბნებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსი, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა და რისკის ქვეშ დააყენა ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობა. ამ უბნებზე არჩევნების ჩატარება ფაქტობრივად ამომრჩეველთა და დამკვირვებელთა ძალისხმევით მოხერხდა.
დაკვირვების შედეგად, საზღვარგარეთ გახსნილ პრობლემურ საარჩევნო უბნებზე გამოიკვეთა შემდეგი სერიოზული დარღვევები:
საარჩევნო უბნებისთვის გათვალისწინებული ფართი არ შეესაბამებოდა ამომრჩეველთა რაოდენობას;
კენჭისყრისთვის არ იყო მოწყობილი სათანადო ინფრასტრუქტურა. არ იყო გამოყოფილი საჭირო რაოდენობის რეგისტრატორი კომისიის წევრები, რამაც შექმნა მრავალათასიანი და მრავალსაათიანი რიგები. კერძოდ, დამკვირვებელთა ინფორმაციით, 1500 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული იყო მხოლოდ ერთი ფარული კენჭისყრის კაბინა და 1000 ამომრჩევლისთვის მხოლოდ ერთი რეგისტრატორი კომისიის წევრი. შედარებისთვის, საქართველოში იმავე წესით ჩატარებული არჩევნებისთვის 300 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს სულ ცოტა 1 რეგისტრატორი კომისიის წევრი, ხოლო 500 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს 1 ფარული კენჭისყრის კაბინა;
კენჭისყრის შენობისთვის შეუფერებელი ინფრასტრუქტურის გამო იყო ხმის ფარულობის დარღვევის მაღალი რისკი. დამკვირვებელთა ინფორმაციით, უბნების დიდ ნაწილზე, კენჭისყრის შენობის ფართის სიმცირესთან ერთად, კენჭისყრის კაბინები უხარისხო და არამდგრადი იყო, რის გამოც პროცესში კაბინების ნაწილი იქცეოდა, დაზიანდა და საფრთხეს უქმნიდა ხმის მიცემის ფარულობას;
საარჩევნო უბნებთან იქმნებოდა ქაოსი და ამომრჩევლების, დამკვირვებლებისა და კომისიის წევრების ჯანმრთელობისთვის სახიფათო გარემო;
ხანგრძლივ რიგებში დგომის შემდეგ, უბანზე შესული მოქალაქეები რეგისტრატორთა სამაგიდე სიებში არ იძებნებოდნენ. ზოგიერთი მათგანი აღმოჩნდა სხვა ქვეყნის საკონსულოში გახსნილი საარჩევნო უბნების სიებში;
რიგ შემთხვევებში კედელზე გაკრული ამომრჩეველთა სია არ ემთხვეოდა რეგისტრატორთა სამაგიდე სიებს;
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს არ ჰქონდათ გავლილი შესაბამისი ტრენინგი და ისინი სათანადოდ ვერ ართმევდნენ თავს კენჭისყრის პროცედურებს;
მრავალსაათიანი რიგების პირობებში ამომრჩეველთა ნაწილმა ხმის მიცემა საერთოდ ვერ შეძლო.
ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ნიუ-იორკის, მადრიდის, რომის, პარიზის, ბარსელონას, ფრანკფურტის, ბერლინის, პრაღის, მილანის, ათენის, ლონდონის საარჩევნო უბნებზე.
საარჩევნო სიებში არსებული პრობლემები:
მილანში 50-მდე მოქალაქე, რომლებიც ამომრჩეველთა ერთიან სიაში იყვნენ შეყვანილი, საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის აქტიური სტატუსის მიუხედავად, საუბნო კომისიის სამაგიდე სიებში ვერ მოიძებნა. შესაბამისად, მათ ვერ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ბერლინში, ლონდონში, რომში, მადრიდში, სტამბოლში, შტუტგარტში და ვენაში.
არაუფლებამოსილი პირები საარჩევნო უბანზე:
დამკვირვებელთა ინფორმაციით, ადგილობრივი კონსულები სტატუსის გარეშე გადაადგილდებოდნენ კენჭისყრის შენობაში. ასეთი ფაქტები დაფიქსირდა ტალინში, ბარსელონაში, ფრანკფურტში, რიგაში, ჰელსინკიში, შტუტგარტში, პრაღაში, ბრიუსელში შექმნილ საარჩევნო უბნებზე.
ფრანკფურტის საარჩევნო უბანზე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ კალანდაძემ დამკვირვებლებსა და ამომრჩევლებს მიაყენა მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა.”
კომენტარები