18 ივლისს, ლენჯერში, 13 წლის ილია სახლიდან ველოსიპედით გავიდა და დღემდე არ უპოვნიათ!
დღეს 18 აგვისტოა და მხოლოდ ფაქტებს შემოგთავაზებთ:
უამრავი ვერსია იყო, ერთი ვერსიით ბიჭს თბილისში უნდოდა წასვლა, მეორე ვერსიით – ბათუმში.
იყვნენ თვითმხილველები, რომლებმაც 18-19 ან 20 ივლისსაც კი, ილიას თანატოლი ბიჭი გზაზე შენიშნა შავი ფერის ველოსიპედით, თუმცა, ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ილიას ნათესავ ბავშვსაც იგივე ფერის ველოსიპედი ჰყავს და მასში ერეოდათ.
ილიას დედა, ქსენია ფილფანი, ყაზახეთის მოქალაქე, დუბაიდან ჩამოვიდა შვილის მოსაძებნად, იგი აცხადებდა რომ არ ენდობა გამოძიებას, ამბობდა, რომ მისი შვილის დაკარგვიდან რამდენიმე დღის შემდეგაც კი, გამოძიებას არა აქვს კამერების ჩანაწერები ამოღებული.
ქსენია ფილფანი საქართველოში ჩამოსვლისთანავე კარანტინში მოათავსეს, მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყნის სხვა მოქალაქეებს კარანტინში აღარ ათავსებენ.
10 აგვისტოს ზუსტად ის სოფელი, ლენჯერი და მესტიია ჩაიკეტა 12 დღით! ოფიციალური ინფორმაციით, სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულები იპოვნეს!
დღეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 21 აგვისტოდან შეიძლება გაიხსნას ყველა ადმინისტრაციულ ერთეული, მესტიის და ლენჯერის გარდა. იქვე თქვა, რომ მესტიასა და ლენჯერს შორის გაიხსნება გზა და მესტია და ლენჯერი ერთიანი ჩაკეტილი სივრცე იქნება.
“ალიასთვის” ცნობილი გახდა, რომ ილიას ბაბუა, წლების წინ, სახლიდან გავიდა და ქორწილში მიმავალი გზად დაიკარგა. დღემდე არავინ იცის რა მოუვიდა, არც ცოცხალი და არც მკვდარი იგი ოჯახს აღარ უნახავს!
ჰყავს თუ არა ოჯახს მტერი? – ამ კითხვაზე ოჯახის ახლობლებს პასუხი არა აქვთ.
“ალია” ოჯახის ორ ახლობელს ესაუბრა, ერთმა გვითხრა, რომ 10 აგვისტოს მერე, მას მერე რაც კორონავირუსის გამო მესტია ჩაიკეტა, ბიჭუნას ძებნა შეწყდა.
“ალია” დაუკავშირდა სამაშველო სამსახურს და შსს-ს, გვითხრეს, რომ ძებნა არ შეწყვეტილა და რომ მაშველები ახლაც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. კითხვაზე, ხომ არ არსებობს, რამე პროტოკოლი ვადის მხრივ და როდის შეიძლება შეწყდეს დაკარგული ადამიანის ძებნა, გვითხრეს, რომ ასეთი პროტოკოლი არ არსებობს და მანამდე გაგრძელდება ძებნა, სანამ საჭირო იქნება. კითხვაზე – ხომ არ შეხვედრია სამაშველო სამსახურს, ისეთი მიუდგომელი ადგილი, რომლის დათვალიერებასაც ფიზიკურად ვერ შეძლებდა – გვიპასუხეს, რომ არა, ჯერჯერობით ასეთი ადგილი არ გაუვლიათ. შსს-მ კი გვითხრა, რომ საქმე ისევ 143-ე მუხლითაა (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) აღძრული.
მეორე ახლობელი კი, რომელიც ამჟამადაც ლენჯერშია, გვიყვება, რომ ილიას მამას ნახულობს ხშირად, თუმცა, ახალი არაფერია. თავიდან მანაც იგივე გვითხრა, რომ ბიჭის ძებნა შეწყვეტილია, მას შემდეგ, რაც მოვუყევით, რა გვითხა “ალიას” შსს-მ და სამაშველო სამსახურმა, გვითხრა, რომ არ იცის, ახლო-მახლოდ მაშველები არ დაუნახავს და სხვა სოფლებში რა ხდება, პანდემიის და ჩაკეტვის გამო, უკვე არ იცის.
ეძებენ თუ არა სოფლის მაცხოვრებლები 13 წლის ბიჭს თავიანთი ძალებით? – ჯგუფებად აღარ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც გადიან და მაინც ეძებენ!
“ალიამ” იკითხა, რატომ აღარ გრძელდება განცხადებების გამოქვეყნება, რატომ აღარ ავრცელებენ მიმართვებს, რაზეც, ოჯახის ახლობელი გვპასუხობს, რომ ყველა სოფელი ინფორმირებულია უკვე. “გარდა ამისა, უამრავი ცრუ ინფორმაცია შემოდიოდა, ხან საიდან გვირეკავდნენ და ხან საიდან და ყველა ცრუ კვალი იყო.”
შსს-მ ერთადერთი ბრიფინგი მიუძღვნა ილია ფილფანის საქმეს, 5 აგვისტოს, სადაც ისაუბრა მეტწილად სამაშველო სამსახურის ნამუშევარზე და თქვა რამდენი სოფლის, რამდენი ხევის, რამდენი ტყის და რამდენი მდინარის დათვალიერება მოახერხეს 5 აგვისტოს მდგომარეობით. თუმცა, არ უთქვამს, რამდენი ადამიანი დაკითხა მიმდებარე სოფლებიდან, რამდენმა უცხო მანქანამ დატოვა სოფელი ლენჯერი იმ დღეებში, რამდენი კამერის ჩანაწერი იქნა ამოღებული და შემოწმებული.
რამდენიმე დღის წინ სოფელ ლენჯერში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა მურთაზ გულედანმა მედიასთან თქვა, რომ სოფელში განიხილავენ ორ ვერსიას – ხომ არ დაგლიჯა მხეცმა ბავშვი ტყეში და მეორე, ხომ არ გადავარდა ხევში. თუმცა, გულედანი თავად, იქვე ამბობს, რომ უკვე კარგა ხანია მხეცები არ გამოჩენილად და არც საქონლის დაგლეჯის ფაქტი ყოფილა. რაც შეეხება ხევს, ახლომდებარე ხევები სამაშველომ უკვე მოიარა და გვეუბნება, რომ მიუდგომელი ადგილი არ შეხვედრია – შესაბამისად, სადმე უნდა იყოს ბიჭის კვალი თუ არა, ველოსიპედის კვალი მაინც – ველოსიპედს ხომ ვერ შეჭამდა მხეცი?
ფაქტები რომ შევაჯამოთ, 13 წლის ბიჭი დაკარგულია უკვე 1 თვეა, გამქრალია მისი ველოსიპედიც, ბიჭის ბაბუაც გამქრალია თავის დროზე,
ფაქტები რომ შევაჯამოთ, ჯერ დედა გადაიყვანეს 14 დღიან კარანტინში, მაშინ, როცა შეეძლოთ, ყოველ 72 საათში ტესტირების მეთოდით გაეშვათ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე – მერე თავად სოფელი ლენჯერი ჩაიკეტა.
ახლა სამაშველო ღონისძიებები გრძელდება, ოღონდ არავინ იცის, სად და როგორ გრძელდება, რადგან ლენჯერიდან გასვლა აკრძალულია! მესტიაც ჩაკეტილია!
სად არის და რას აკეთებს შსს?
რატომ არ საუბრობს კამერებზე, ვერსიებზე, მით უფრო, რომ საქმე აღძრულია თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, გატაცების მუხლით – რას აკეთებ, შსს – რატომ არ გრძელდება მიმდებარე სოფლებში ადამიანების გამოკითხვა, ეზოების დათვალიერება? – აკეთონ მაშველებმა თავისი საქმე, ეს ხელს უშლის, გამოძიების მუშაობას?
არ თქვათ ახლა, რომ თქვენც საქმეს ხევში, მდინარეში და ტყეში იძიებთ!
ბოლოს და ბოლოს ყველა უცხო მანქანას, რომელმაც ლენჯერი და მიმდებარე სოფლები 18-20 ივლისს დატოვა ტრასოლოგიური და სხვა ტიპის ექპერტიზები ჩაუტარეთ?
აბა, როგორ ეძებთ? ხევში მაშველები ეძებენ – თქვენ როგორ ეძებთ, 143-ე მუხლით აღძრული საქმის პირობებში?
143-ე მუხლი, ხევში გადავარდნილის ძიების შესაფერი მუხლია? კი, ვიცი, რომ ასე აღძრავთ ხოლმე საქმეს, ისე, ზეპირად, ამ მუხლით – მაგრამ, ეს ის შემთხვევა არ არის, როცა უსაქმურობა გაგივათ, 1 თვე გავიდა უკვე! – ათასი ცრუ ზარი შემოვა? – ათასივე უნდა გადაამოწმოთ!
არ გამოვა ასე, რომ საზოგადოება 13 წლის ბიჭის დაკარგვას და ვერ პოვნას შეურიგდეს!
აქვე, კიდევ ერთხელ გავავრცელებთ, ილიას დედის, ქსენის ფილფანის მიმართვას შვილისადმი, რომელიც 26 ივლისაა ჩაწერილი:
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები