“ელენე ასანიძეს, რომელიც წელს 100 წლის გახდა, კორონავირუსი 2021 წლის პირველ აგვისტოს დაუდასტურდა და იმდენად სუსტად იყო, რომ მეორე დღესვე საავადმყოფოში გადაიყვანეს“,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო, Qartli.ge ავრცელებს.
როგორც ქალის შვილი, ნაილი ტაბატაძე იხსენებს, ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა და იგი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებდა.
“თავიდან ჩემს დას შეხვდა, რომელთან ერთადაც დედა სურამში ცხოვრობს. 31 ივლისს ჩემს დას დაუდასტურდა. 1 აგვისტოს დედაჩემს. 2-ში უკვე დედა „გორმედში’’ გადაიყვანეს.
მაღალი სიცხეები დაეწყო. ახველებდა. ძალა აღარ ჰქონდა. მოწყვეტილი იყო. საკაცით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ,,კა-ტე’’ არ გადააღებინა. არ ჩერდებოდა, მაგრამ რენტგენზე ფილტვების დაზიანება მაინც გამოჩნდა.
მინდა ვთქვა, რომ იქ ძალიან კარგად უვლიდნენ. მე ვკითხე საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ და სწორედ ასე მითხრა. თავისი ხელით აჭმევდნენ ექთნები. ეს იქიდანაც ჩანს რომ 12 დღე იყო საავადმყოფოში და ნაწოლები არ გასჩენია.
12 აგვისტოს გამოწერეს. ხველა ისევ აქვს, მაგრამ უკეთესად არის. დანიშნულებაც გამოგვატანეს. წამლებს ვასმევთ, საჭმელს კარგად ჭამს, ყველანაირად ხელს ვუწყობთ.
საერთოდ, დიდად არ გვეკონტაქტება, ძირითადად წევს. ზოგადი სისუსტე აქვს. დედაჩემს კოვიდამდე არაფერი აწუხებდა, ძალიან ჯანმრთელი ქალია, ერთ წამალსაც კი არ სვამდა.’’ – იხსენებს ნაილი ტაბატაძე.
100 წლის ელენე ასანიძე მეუღლე 2005 წელს 86 წლის ასაკში ინსულტით გარდაეცვალა. ჰყავს 4 ქალიშვილი. კოვიდთან შეხვედრამდე ერთ-ერთ ქალიშვილთან სურამში ცხოვრობდა. თუმცა ახლა, როცა მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, მისი ოთხივე ქალიშვილი მასთან ერთად არის.
კომენტარები