თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებთან (“მილენიუმ ბილდერს გრუპი” და “ერ ტე დე”) ხელშეკრულებები გაწყვიტა. მერიის თქმით, კონტრაქტორებმა არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები, რამაც პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადდა გამარტივებული შესყიდვა, რომლის ღირებულებაც 17.7 მილიონი ლარია.
ინსპექტირების აქტებით დადასტურდა სამუშაოების არ წარმოების შემთხვევები, გრაფიკთან ჩამორჩენა. “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის” წერილით კი ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ.
თბილისის მერიას იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ევალებოდათ და რომლებთანაც ხელშეკრულებები გაწყვიტა, ჯამში 11 მილიონ ლარზე მეტი [11 613 964] აქვს გადახდილი. ხელშეკრულებებში, ჯამში 23 ცვლილებაა შესული.
კერძოდ, ინსპექტირების აქტებით დადასტურებულია სამუშაოების არ წარმოების შემთხვევები, წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკთან მიმართებით ჩამორჩენა. ტექნიკური ზედამხედველის ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წერილებით ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ პროექტთან შეუსაბამოდ. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე,
შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ცალმხრივად შეეწყვიტა 2023 წლის 27 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ერ ტე დე“-ს (ს/ნ: 406102550), ასევე შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპ“-თან (ს/ნ: 400118047) დადებული ხელშეკრულებები (ხელშეკრულებები: N01.01.01/30/84, N01.01.01/30/85 და N01.01.01/30/86).
ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში, კომპანიების მხრიდან, ობიექტზე შეფერხებით სრულდებოდა სამუშაოები, რაც დასტურდება სამუშაოების დროს განხორციელებული ინსპექტირებებით და გატარებული სანქციებით. გარდა იმისა, რომ ფეხით მოსიარულეებს და საავტომობილო მძღოლებს მუდმივად ექმნებათ პრობლემები, აქამდე შესრულებულ სამუშაოების ნაწილი ზიანდება მექანიკური ზემოქმედებით, რის გამოც დამატებითი რესურსები ხდება საჭირო მათ გამოსასწორებლად, რაც კიდევ უფრო ზრდის ობიექტის დასრულების ვადას”, – ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის მაისში დაიწყო და მერიის განცხადებით, 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს. ის სამ ლოტად მიმდინარეობს. მათგან ორ ლოტზე (ღირებულებით 22.2 მილიონი ლარი) სამუშაოებს “მილენიუმ ბილდერს გრუპი” ახორციელებდა, ხოლო კომპანია “ერ ტე დე” ერთ ლოტზე მუშაობდა, რომლის ღირებულებაც 9 მილიონი ლარი იყო.
გამარტივებული შესყიდვაში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ახალმა კონტრაქტორმა პროექტი 31 იანვრის ბოლომდე უნდა დაასრულოს.
თბილისის მერია ამტკიცებს, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა ვადებზე არ იმოქმედებს და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება.
მთავარი არხის ცნობით, ახალი კონტრაქტორი კომპანია შპს “პარმაა”, რომლის დამფუძნებელს, დავით თოფურიას მჭიდრო კავშირი აქვს ბერა ივანიშვილთან.
სამუშაოებს წერეთელზე ამჟამად უკვე ახალი კომპანია, “პარმა” აგრძელებს.
უკვე არაერთი თვეა მოქალაქეები წერენ, რომ რეაბილიტაციის პირობებში, მუშაობენ კომპანიები დაზიანებული ტექნიკით, ერთი და იგივე მონაკვეთს აკეთებენ რამდენჯერმე, რადგან, ერთი დეტალის გაკეთებისას, აზიანებენ მეორეს, არ მუშაობენ ინტენსიურად, არღვევენ სამშენებლო ნორმებს და ა.შ. მეტიც, როცა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ჩემი ქალაქი მკლავს” განაცხადა, რომ რეაბილიტაცია ვერ დასრულდებოდა იანვრის ბოლომდე, თბილისის მერიამ ორგანიზაცია ტყუილში დაადანაშაულა, თუმცა, ფაქტია უკვე, რომ არსებული კომპანიები, არსებული გრაფიკით ვერ დაასრულებდნენ სამუშაოებს და ორგანიზაცია არ სტყუოდა. თბილისის მერიამ ყველას დასდო ბრალი, ცხადია, საკუთარი თავის გარდა, რატომ არ აკონტროლა სამუშაოები და რატომ მიიყვანა ხელშეკრულების გაწყვეტა სამუშაოების დასრულების ბოლო ეტაპამდე, ამაზე მერია არ საუბრობს.
თბილისის მერიის გვერდზე სოციალურ ქსელში მოქალაქეები მერიის განცხადებებს ხშირად ეხმაურებიან ხოლმე, და მათ კომენტარებს “ალია” უცვლელად გთავაზობდათ, თბილისის მერიას წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ ახალი ინფორმაცია, სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე ამ ეტაპისთვის არ განუთავსებია.
კომენტარები