„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, გია კორკოტაშვილი.
– ბატონო გია, „ფეისბუკში“ თქვენი პოსტები წავიკითხე და ძალიან გაბრაზებული ხართ ამ ხელისუფლებაზე, რომ ხალხის დიდი ნაწილი, რომელთაც არაფრით ეხმარებიან, ულუკმაპუროდ დატოვეს, ფაქტობრივად, საშიმშილოდ გაწირეს. ვისაც ეხმარებიან და მცირედით, ბევრი თვეში 200 ლარიანი და ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარებით თავს მართლა ვერ გაიტანს.
– დითირამბები არასდროს არავისთვის მიმიძღვნია. თუ გასამხნევებელია ჩვენი ხელისუფლება ამ ჟამიანობისას და ჩემი გვერდში დგომა სჭირდება, დავუდგები გვერდით. თუმცა, ვერ ვატყობ, რომ ესენი გვერდში დგომის ღირსები იყვნენ. არ ვგულისხმობ სამედიცინო საზოგადოებას, ჩვენ ექიმებს, რომელთაც უდიდეს პატივისცემასაც ყოველთვის ვუდასტურებ და დღეს მათ განსაკუთრებულად სჭირდებათ გამხნევება და თანადგომა. თუმცა, პოლიტიკური დაკვეთები არც მათ უნდა შეასრულონ, რაც უკვე გააკეთეს ზოგიერთებმა. თავის დროზე, ჩვენ მოვიყვანეთ ეს ხელისუფლება, მე და ჩემმა თანამებრძოლებმა. სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლაში ბევრი უბედურება გადავიტანეთ. ეს გრძელდებოდა წლები. მერე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, დიდი ფულით და ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ ბრძოლაში. ბიძინა დაგვიდგა გვერდით, ჩვენ მას დავუდექით და სააკაშვილი ერთად მოვიშორეთ.
ვიმეორებ, ბიძინამ და მისმა ფინანსებმა დიდი საქმე გააკეთეს, მაგრამ ახლა ისე ნუ წარმოაჩენენ, რომ ბიძინა მოვიდა და მარტომ მოგვაშორა მიშა, ან ის რომ არ გამოჩენილიყო, დღესაც სააკაშვილი იქნებოდა. ბიძინა ალექსანდრე მაკედონელი არ არის, ბიძინა რომ გამოჩნდა, სააკაშვილის რეჟიმი უკვე მორყეული იყო, დასავლეთიდან, მისი პატრონებისგან წითელი ჰქონდა ანთებული. ბიძინა რომ არ გამოჩენილიყო, კი, შესაძლოა, მცირე ხანს დარჩენილიყვნენ „ნაცები“ ხელისუფლებაში, მაგრამ მაინც მალე მოვაშორებდით. ხალხში საპროტესტო განწყობა მაგ დროს პიკზე იყო და არც ჩაცხრებოდა. მოკლედ, ბიძინამ და ხალხმა ერთად დაამთავრა მიშას რეჟიმი. მოვიდა ეს „ქართული ოცნება“ და რას ვითხოვდით მისგან? მაღალ–მაღალი პოსტები დაგვირიგე ყველას ვინც ვიბრძოდით–თქო? ეგ არავის მოუთხოვია. კომპეტენტური და პატრიოტი ხალხი გვინდოდა მოეყვანათ ხელისუფლებაში. მერე ამ ხალხს სამართლიანობა უნდა აღედგინა ქვეყანაში, ხალხისთვის ღირსება აღედგინა, „ნაცების“ წართმეული ქონება დაებრუნებინა ხალხისთვის, დამნაშავე „ნაცები“ დაესაჯა, ის ხალხი დაესაქმებინა, ვინც პოლიტიკური ნიშნით გაყარეს სამსახურებიდან. დაესაქმებინა ის პატრიოტი ადამიანები, ვინც წლები ებრძოდა „ნაცებს“, კომპეტენციისა და პროფესიონალიზმის მიხედვით. ეს იყო კიდევ ბიძინას წინასაარჩევნო დაპირება. და რა გააკეთა ამის ნაცვლად? ისევ „ნაცები“ დატოვა ხელისუფლების ყველა შტოში, თან კაი მაღალ–მაღალ პოსტებზე. ოპოზიცია ჩაკლა ქვეყანაში, ყველანაირი ბინძური მეთოდით ებრძვის იმ ხალხს, ვინც მისი თანამებრძოლები იყვნენ, ვინც აკრიტიკებს და ოპოზიციაში დატოვა „ნაცები“, პარლამენტში კრიმინალები სხედან დღესაც. კი, ეს ერთის მხრივ დასავლეთის ზეწოლით გააკეთა, მაგრამ თავადაც სჭირდებოდა, რომ „ნაცების“ დაბრუნების საფრთხის მუდმივობა შეენარჩუნებინა. სხვა რესურსი ხელისუფლების შენარჩუნებისა არ გააჩნია „ქართულ ოცნებას“. თავად ბიძინა ივანიშვილმაც თქვა, თუ არ აირჩევთ „ქართულ ოცნებას“, მაშინ მოვლენ „ნაცები“ და მიშა და რა დღეშიც ჩაგვაგდებენ, მაგას ვნახავთო. ეს მუდმივი საფრთხობელა, „ნაცები დაბრუნდებიან“, რაღაც დონეზე სულ მუშაობს. „ნაციონალებიც“ მშვენივრად თამაშობენ ამ თამაშს, მუდმივი ადგილი აქვთ პარლამენტშიც და აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაშიც, ყველგან, სადაც სჭირდებათ რომ იყვნენ.
მე მეუბნებიან ეს „ოცნების“ პოლიტიკოსები და მაგათი მომხრეები, ჩვენ რომ გვაკრიტიკებ, ჩვენზე ცუდს რომ ამბობ, „ნაცების“ წისქვილზე ასხამ წყალს, ჩასაფრებული ხარო. კარგი არაფერი გაუკეთებიათ და როგორ შევაქო? მე მამუნათებენ, ჩვენი კრიტიკით „ნაცების“ საქმეს აკეთებო და თვითონ არიან გადაფსკვნილები „ნაცებს“ ეს ვირთხები, ერთმანეთს ტლიკავენ და ერთი ჯამიდან ჭამენ. გარეწრები და უნამუსოები არიან, ვინც ამას მეუბნება და ვინც ასე ფიქრობს.
რა გამოვიდა მაგათი ჩახუტებიდან? ეკონომიკა დანგრეულია, საშუალო ფენა მოსპეს, რაც დარჩენილი იყო, ამ პანდემიის დროს მოისპო, ქვეყნის მოსახლეობის 5 პროცენტი მილიონერია და დანარჩენი 95 პროცენტი ან შიმშილობს, ან სამსახური არ აქვს, ან მარტო იმისთვის მუშაობს, რომ ოჯახი გამოკვებოს და სხვა ელემენტარული აუცილებლობით უზრუნველყოს. ვინ შოულობს დიდ ფულს, ვინც არიან ამ 5 პროცენტში? ბიძინასთან, მის გარემოცვასთან დაახლოებული ბიზნესმენები, ბიზნესმენებად გადაქცეული ჩინოვნიკები და დეპუტატები, გაღორებული ხალხი, ფულის იქით, არაფერი რომ აინტერესებთ. ეს სისტემა, რაც შექმნეს „ნაცებმა“ და „ოცნებამ“ ჯერ მუშაობს, მაგრამ ცოტა ხანში, აღარ იმუშავებს. ხალხი უკვე ყოვლად გაუსაძლის მდგომარეობაშია. ამ კორონამ დააჩქარა ის, რაც ადრე თუ გვიან მოხდებოდა ამ ქვეყანაში. კი, კორონა არის, არსებობს და ეს ფაქტია, რაღაც ღონისძიებები, აკრძალვები იყო საჭირო, მაგრამ ნამეტანი მოუვიდათ. ქვეყნის ეკონომიკა ისეთ ჩიხში შეიყვანეს, იქიდან ვეღარ გამოიყვანენ. ეს ისედაც უქონელი, გაღარიბებული ხალხი ისეთ დღეში ჩააგდეს, აღარც რესურსი დარჩა ქვეყანაში, რომ ეს მდგომარეობა გამოასწორონ. თუ თავიანთი ფულები არ ამოიღეს, არ დადეს, ხალხი არ დააპურეს, აქედან, ამ ორმოდან, ვერ ამოვლენ ეს ღორები, ეს გაზულუქებული არარაობები. ისტორია ამათ ჩემზე კარგად იციან, მაგრამ მაინც შევახსენებ, რუსეთში როგორ დაიწყო რევოლუცია 1917 წელს. ბოლშევიკებმა 2 დღე გადაკეტეს პეტერბურგი, რომ ფქვილი აღარ შესულიყო ქალაქში, 2 დღე პური არ გამოცხვა პეტერბურგში, გამოვიდა უკმაყოფილო და მშიერი ხალხი ქუჩაში და ბევრმა კი არა, ოცმა კაცმა აიღო ზამთრის სასახლე. მერე აყვა და აყვა ხალხი, დაიწყო რევოლუცია და დაამხეს ხელისუფლება მთელ რუსეთში.
მე ბევრჯერ გავაფრთხილე ესენი. შვილი რომ მშიერი ჰყავს ადამიანს, იმას უკვე კანონებითა და აკრძალვებით ვერ დაელაპარაკები. გამოვა გარეთ და ყველა საშუალებით ეცდება, რომ შვილს პური მიუტანოს. გამოკეტეს ხალხი სახლებში, ვისაც არ ჰქონდა ფული, კაი, ისედაც არ ჰქონდა და ვისაც შემოსავალი ჰქონდა, ისინიც დატოვეს იმ შემოსავლის გარეშე. ათასობით ადამიანზე ვლაპარაკობ. მერე, როდესაც ეს კარანტინი მორჩება, ბიზნესი ამუშავდება, ეგრე სწრაფად არ მოხდება რესტარტი, როგორც ამათ ჰგონიათ. ბევრი დატოვეს უმუშევარი და მათ არაფერს აძლევენ, ამ თვითდასაქმებულებს, 700 000 კაცს არაფრით ეხმარებიან, უმუშევრად დარჩენილებს 200 ლარს მისცემენ თვეში და რამდენს ჰქონდა აქედან 1500–2000 ლარი ხელფასი? თვეში 200 ლარი როგორ იკმაროს ხალხმა? ან ის ერთჯერადი 300 ლარი სადამდე გაწვდებათ? 12 სული ვართ ოჯახში და რაც დახმარებები გამოიყო, არაფერი არ შეგვეხო არც ერთს. ათასში ერთხელ შეიძლება რაღაც ბიზნესი გამოხტეს და ჩავერთო, რაღაც მივიტანო ოჯახში, სალომე სიმღერით, კონცერტებით შოულობს ჰონორარს… დღეს ესეც არ არის. რა უნდა ვქნათ თორმეტმა სულმა? მე ხალხი ვიცი, უკვე შერყეული აქვს ფსიქიკა. ბევრი ვერ უძლებენ თან სახლში გამოკეტვას და თან ამ კარს მომდგარ შიმშილს და ზოგი უკვე შიმშილობს. ეს ხალხი გამოვა გარეთ და ვერც პოლიციით გააჩერებ და ვერც ჯარით. აფექტის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, ვერაფრით გააჩერებ. ჩემს ოჯახში არ მოვა ეს ხალხი, იმ გაღორებულ მილიონერებს მიადგებიან სახლებში და მოსთხოვენ ბიუჯეტიდან მოპარულ ფულებს.
– ეს საფრთხე რეალურია, დარწმუნებული ვარ, მას ხელისუფლებაც აცნობიერებს, მაგრამ ბევრი უაზრო შეზღუდვის მოხსნას არ აპირებენ. რის იმედად არიან? რატომ არიან ერთი შეხედვით მშვიდად?
– მაგათ თუ ჰგონიათ, რომ იმ გასიებულ უკანალებს ისევ ჩასდებენ იმ სავარძლებში, ტყულად აქვთ მაგის იმედი. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც არც ერთი მიმართულება არ აქვთ, არც კონსერვატიული, არც ლიბერალური, არც სოციალური, არც არაფერი. რაღაც სიმბიოზია ყველაფრისა ეს საქართველო თავის ხელისუფლებიანად. ამერიკა, ამერიკას გაიძახიან და ამერიკის პრეზიდენტი, ტრამპი რასაც ამბობს, იმის საწინააღმდეგოს აკეთებენ დღენიადაგ. ჰო, წინასააღდგომოდ რომ გვაფრთხილებდნენ, გვაშინებდნენ, ბევრი ხალხი დაინფიცირდება, თუ ხალხი ეკლესიებში წავა და ეზიარებაო… ხალხი წავიდა ეკლესიებში, ათასობით ადამიანი, ეზიარა და აბა, სად არის ეკლესიის კლასტერი? ხომ გავიდა უკვე 2 კვირა, რაც ამ კორონავირუსს აქვს საინკუბაციო პერიოდი? ერთი ადამიანიც არ გამოჩენილა ისეთი, რომელიც აღდგომას ეკლესიაში დაავადდა. დედები იტირეს იმ დღებში ეკლესიასთან ბრძოლით.
რისი იმედი აქვთ, არც მე ვიცი. ბიძინას იმედი აქვთ. ღმერთი ამათ არ სწამთ, ღმერთის იმედად რომ იყვნენ. ამ ხელისუფლებაში კერძო ინიციატივა დასჯადია, ყველაფერი ბიძინასთან უნდა შეათანხმო. ბიძინაა თავი და თავი ყველაფრისა. ბიძინა არის გუნდის თავკაციც, ბიძინა არის შემკვეთიც, ბიძინა არის შემსრულებელი. თუ რაიმე კარგი ხდება ამ ქვეყანაში, ბიძინას დამსახურებაა და თუ ცუდი ხდება, მისი ბრალია. ბიძინა არის ყველაზე დიდი „ნაციც“ და ლიბერალიც. მაგის ჯიბეში სხედან ეს ლიბერალები, ქვეყანა დაქცევის პირას რომ მიიყვანეს. ფული აქვს ამ კაცს, თავისი ფულის შენარჩუნება უნდა და რაში სჭირდება „კორკოტა“ და „კორკოტასნაირი“ ხმაურიანი ხალხი? გვარს–სახელს ვერ დავასახელებ, მაგრამ როდესაც არჩევნები გამიყალბეს, „ოცნების“ ერთ–ერთმა გავლენიანმა წარმომადგენელმა თქვა, „კორკოტა“ გუნდური მოთამაშე არ არის, გუნდური თამაში არ იცისო. ჩვენ თუ რაღაცას ვიტყვით, შეიძლება არ დაგვიჯეროს, არ დაგვეთანხმოსო.
– დამჯერი რომ ყოფილიყავით, საკუთარი აზრი რომ არ გაგაჩნდეთ და საჯაროდ არ აფიქსირებდეთ, „ქართულ ოცნებაში“ თქვენთვის ადგილი მოიძებნებოდა? ასე არ გამოდის?
– კი, ეგრე გამოდის. რაც მე, ჩემნაირ ხალხს, რომლებიც ღირსებას ყველაზე მაღლა ვაყენებთ, რაღაც თუ არ მოგვეწონა, უნდა გავჩუმდეთ მინიმუმ, ზოგჯერ თანხმობის ნიშნად თავი მაინც უნდა დავუკრათ იმ კრეტინობებზე, რასაც აკეთებენ. მოკლედ, მონა რომ არ ვარ, დამოუკიდებელი აზროვნება გამაჩნია, შესაბამისად, დამოუკიდებლადაც ვმოქმედებ, ვაკეთებ იმას, რასაც ჩემი ღირსება, გული, ხალხის ინტერესები მკარნახობს, „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი ვყოფილვარ. არა, ამ ამაზრზენი პირფერობით რომ კეთდებოდეს რაიმე, ხალხს და ქვეყანას სიკეთე რომ დაატყონ, კიდევ ჯანდაბას, ვინ მამაძაღლი, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ თვალსა და ხელა შუა დააქციეს ქვეყანა. ეკონომიკა ხომ მოსპეს და მოსპეს ტრადიციები, ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, დაანგრიეს და დააქციეს განათლება, კულტურა, მეცნიერება… რაც სააკაშვილს გადაურჩა დასანგრევი, ამათ ბოლომდე დაანგრიეს.
– ხალხი თუ დაიმშა, „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე მიაღწევს?
– არა, რას მიაღწევენ? აგერ ნახეთ თქვენ, 22 მაისს რომ გააუქმებენ ამ საგანგებო მდგომარეობას, ქართველი კაცი რომ გამოვა გარეთ, რას გააკეთებს? ჯერ ამდენი სამუშაოა დაკარგული და ყველაფერი ამ ღორებისა და ვირთაგვების სუპერმარკეტების ხელშია. ეკლესიაში 2 მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვა და იმ მარკეტებში ხალხის ზედახორაა. გამოვა მშიერი ხალხი, საქართველო ინდოეთი არ არის, მუდმივ სიღატაკეს შეაჩვიო ხალხი. მოშივდება ხალხს, მიუკაკუნებენ ამ ღორებს და ოფშორებში რომ აქვთ გადამალული ფულები, იმ ფულებს სულ „პილასოსით“ გამოაწოვინებენ. აბა, რა ჰგონიათ? ხალხი ამათ მონობაში დაიხოცება? მაგას ვერ ეღირსებიან. თუმცა ძალიან კი უნდათ. ქართველების თავში მოხდება ერთი „ზამეკანია“ და დამთავრდება ამათი საქმე, იმ ხალხის დამჭერი აღარავინ იქნება.
– თუ გამოვიდა მართლა ხალხი, თქვენ იქნებით იმ ხალხთან ერთად? არა როგორც ლიდერი, როგორც რიგითი ქართველი.
– უეჭველი ვიქნები, როგორც რიგითი მოქალაქე, რიგითი ქართველი. გამოვა ხალხი და გამოვალ მეც, აბა, რას ვიზამ? ამათი ზღაპრების აღარავის სჯერა, ახლა რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რასაც არ უნდა დაპირდნენ ხალხს, გარეთ გამოსულ ხალხს, უკან ვეღარ შეაბრუნებენ. დაალაგონ ქვეყანაში სიტუაცია, ხალხს მისცენ სამუშაო… ჩვენც გვინდა ცხოვრება და დაალაგონ და ხმას არავინ ამოიღებს.
თავხედები ხართ, თქვენთვის 5 ათასები, 10 ათასები და ჩვენ არაფერი? თქვენს შვილებს გრიალი უნდათ და ჩვენსას ლუკმაც არ უნდა მისცე? ეგ ხალხის ბიუჯეტია, თქვენი კი არ არის? წაგგლეჯთ, აბა, რას ვიზამთ? – აი, ამას ვეტყვი ბოლოს „ალიას“ მეშვეობით „ქართულ ოცნებას“.
ლევან ჯავახიშვილი
ალია, №14
კომენტარები