27 წლის მსჯავრდებული ლაზარე აროშვილის დედა, რუსიკო კობახიძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“სულ მინდოდა, დამეწერა ლაზარეზე, მაგრამ კალამი (კლავიატურა) არ მემორჩილებოდა. „ჩემი შვილი ასეთი არაა“/“ჩემი შვილი ამას არ იზამდა“ დედა არასდროს ვყოფილვარ, ამიტომ ვერც სხვას ვავალდებულებ, ბრმად ირწმუნოს მისი უდანაშაულობა.
13 წლის იყო, „მუშაობა“ რომ დაიწყო. მეზობლის ძაღლს ვასეირნებო. მე რომ შევიცხადე, მომიგო – ჩემი ფული მინდა მქონდესო.
სწავლა და წიგნების კითხვა არ უყვარდა (რაც ჩემთვის ტრაგედია იყო), მასწავლებელს სთხოვდა, გარეთ გამიშვი, რომ ვირბინოო და დარბოდა შეუჩერებლად. რომ ვეკითხებოდი, რატომ აკეთებ ამას-მეთქი – ვფიქრობ სირბილის დროსო.
ასე იყო ბოლომდე. სირბილით აღარ, მაგრამ სულ დადიოდა გაუჩერებლად – ვფიქრობო. მე სულ ვეხუმრებოდი: რას ფიქრობ ასე სტერილური ადამიანი, ვერ გამიგია-მეთქი (შვილებთან უკიდურესად კრიტიკული მიდგომა ჩემი ძლიერი მხარეა )
თინეიჯერი იყო, რომ სახლიდან საჭმელი გამატანეო, მთხოვა. ნანგრევებში ბავშვი ცხოვრობს და იმას უნდა მივუტანოო. სად პოულობდა ამ უპატრონო ან სახლიდან გამოქცეულ ბავშვს, არ ვიცი. ძაღლის გასეირნების „ხელფასიც“ ხშირად მიუცია. არასდროს უთქვამს, როგორ ეცოდებოდა, მაგრამ ვატყობდი, რომ შინაგანად ანგრევდა მათი მდგომარეობა და ის, რომ რეალური დახმარება არ შეეძლო.
როცა შევთავაზე, კულინარიის აკადემიაში ჩააბარე და ეს პროფესია ისწავლე-მეთქი, დამთანხმდა. მე დიდ იმედებს არ ვამყარებდი, სკოლის ისტორიები რომ მახსოვდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, სწავლა დაიწყო.
მეთქი, შვილო, მაგას რას წარმოვიდგენდი, ამ ბიოქიმიას თუ ისწავლიდი-მეთქი და „შენ და მამამ ფული გადაიხადეთ ჩემს სწავლაში და სხვანაირად არ შემიძლიაო“.
მართლა კარგი მზარეული დადგა. სამსახურის პოვნა არასდროს გასჭირვებია. გასაუბრებისთანავე აჰყავდათ. სამზარეულოს გულიაო – მეუბნებოდნენ მისი თანამშრომლები.
მართალია, ჩვენი დედა-შვილობა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა (და ალბათ არც მომავალში იქნება ), სულ ვებრძოდით ერთმანეთს (იმას ჩემი აქტიურობა უღონებდა გულს, მე მისი გაბნეულობა), მაგრამ მამშვიდებდა მისი ერთგულება ღირსების გრძნობის მიმართ. უღირსი საქციელის ჩადენა არ შეეძლო. ამისთვის ზედმეტად გულჩვილი და ზედმეტად თავმოყვარეა. სისულელემდე მისული ერთგულება ახასიათებს.
მას შემდეგ, რაც ასეთი საზიზღრობა დააბრალეს, ვერც მე და ვერც ის ვერ ვპოულობდით ამ ბინძური პოლიციელის მოტივაციას: კი, მაგრამ რა უნდოდათ მისგან? რატომ დადგეს ეს სპექტაკლი „გაძარცვული“ ტიპების მონაწილეობით? რატომ შეთითხნეს ეს ბრალდებები და ბოლოს, რატომ ჩააყუდეს? ადამიანი, რომელიც შრომობდა, თავის საქმეს აკეთებდა, სოციუმიდან ამოაგდეს და კრიმინალურ სამყაროში ჩააგდეს.
მე მაქვს ჩემი ვერსია.
ის ადგილი, სადაც „ინციდენტი“ მოხდა, უბნის ბირჟაა. აქ თითქმის ყოველ საღამოს იკრიბებიან უბნის ბიჭები, სვამენ, ლაპარაკობენ, საქმეებს არჩევენ.
ვფიქრობ, პოლიციელმა ჯონი კოშაძემ „სტატისტიკის შესავსებად“ ან სულაც ვინმე კონკრეტული ძველი ბიჭის (ან ბიჭების) მოსაჩანგლად გამოუშვა თავისი „ნასედკები“. როგორც მოწმეები ამბობენ, ისინი ამ ადგილას (რომელიც სრულიად არაკომფორტულია ლუდის სასმელად) წინა დღესაც იყვნენ, მაგრამ ვერ „ითევზავეს“.
როცა მეორე დღეს ბადეს თევზები ამოჰყვა (ჩხუბი გამოიწვიეს და იქ მყოფი ყველა პირი დააკავეს – 6 ადამიანი), განყოფილებაში მათ საქმეებს გადახედეს. არცერთი უბნის „ძველებიდან“ არ ყოფილა. ამ დროს კოშაძეს თვალში მოხვდა ლაზარე, რომელსაც 2 კვირის წინ „თანამშრომლობა“ სთხოვა და იმან უარი უთხრა. შეიყვანა ოთახში და გამომწვევად დაუწყო ლაპარაკი: „ბიჭო, იცოდე, რომ ამ უბანში ქურდი მე ვარ“, რაც ლაზარემ არ შეარჩინა და საკმაოდ უხეში პასუხი გასცა. შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ როცა ადამიანი პოლიციელს ასე ეუხეშება, იქ დანაშაულის ჩამდენიც შეიძლება ყოფილიყოო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. „ძველებს“ (მითუმეტეს დანაშაულზე აყვანილებს) პოლიციის მიმართ უხეშობა და „ნასტირნობა“ არ ახასიათებთ. პირიქით, ყველანაირად ცდილობენ, თავი დაიძვრინონ და კრავებივით იქცევიან.
ვფიქრობ, სწორედ ასეთი უპატივცემულობა ვერ აიტანა ბატონმა კოშაძემ, რომელიც მიჩვეულია, რომ მისაჩმორებლები ადვილად უნდა მიჩმორდნენ და მუხლებში ჩაუვარდნენ, ოღონდ „სროკი არ გაიჩალიჩონ“ და გადაწყვიტა, „ბრალდებულად“ სწორედ ლაზარე ექცია.
დანარჩენ აყვანილებში იყო სრულიად უწყინარი ადამიანიც – დათო აბრამიშვილი, რომელიც 2006 წელს იყო ნასამართლევი (კოშაძეს არ შეიძლება, არ სცოდნოდა, რომ დათო არათუ რამის დამშავებელი, ჭიანჭველასთვის ფეხის დამდგმელიც არ იყო, ისე გაანადგურა იმ პატიმრობამ, რომელშიც, სხვათა შორის, „ნულოვანი ტოლერანტობის“ კამპანიის ფარგლებში მოხვდა ასევე სრულიად უდანაშაულოდ და მას მერე მისი ხმამაღალი ხმაც არავის ახსოვდა, არათუ ჩხუბი და საქმეების რჩევა).
ყველა დანარჩენი გამოუშვეს. ლაზარე და დათო დაიტოვეს და „ბრალდებაც“ გამოაცხვეს. რა თქმა უნდა, არადამაჯერებელი იქნებოდა მხოლოდ ორი „დაზარალებულის“ ჩვენებებზე დაყრდნობით ემტკიცებინათ, რომ მარტო ლაზარემ „დააყაჩაღა“ ორი მასზე გაცილებით ძლიერი „მსხვერპლი“. ამიტომ დათოც გაიწირა, უკვე მეორედ.
მე არ ვიცი, ღამით როგორ სძინავთ ამ ადამიანებს. როგორ ეფერებიან შვილებს, როგორ გადასდით ყელში ლუკმა, როცა იციან, რომ უიღბლო „თევზაობისას“ გამოჭერილი ადამიანი მხოლოდ იმიტომ გაუშვი ციხეში, რომ გეუხეშა და მეორე უდანაშაულო ადამიანით საქმე გაამყარე, რომელსაც შენთვის ესეც კი არ „დაუშავებია“.
ამ ვერსიას ამყარებს ის ფაქტიც, რომ მთავარი „დაზარალებულის“ (გოგსაძის) დედა კოშაძესთან დაახლოებული პირია (ჩემი თვალით ვნახე, როგორ კითხულობდა განყოფილებაში „ჯონიკო არ მოსულა“?
ასევე, ნაცნობმა პოლიციელმა (რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს), იქვე გვითხრა, რომ ეს დედა-შვილი აქ ხშირად ჩივის.
„დაზარალებულს“ (გოგსაძეს, აი, იმას, კუნთები რომ ზედ ასკდება) საქმეში უწერია „ნასამართლევი“, რაც სასამართლოს სხდომაზე უარყო. თუმცა მას შემდეგ, რაც ჩემი პოსტი მრავალგზის გაზიარდა, არაერთმა ადამიანმა მომწერა, რომ ნასამართლევია, თანაც მკვლელობაზე.
მოსამართლე ამ ამბით არ დაინტერესებულა, რამდენად სანდო იყო იმ მომჩივნის ჩვენება, რომელიც უარყოფდა თავის ნასამართლობას. დაცვის მხარეს მის საქმეს არავინ მისცემდა, მაგრამ მოსამართლეს შეეძლო, გამოეთხოვა, მინიმუმ, ნასამართლობის ცნობა მოეთხოვა, მაგრამ ბრმად „ენდო“, „რადგან საეჭვო ვერაფერი დაინახა“.
ლაზარე ახლა ციხეშია. მას მერე, რაც „მონიტორს“ ინტერვიუ მისცა, პაემნის უფლება შეუზღუდეს. აღარ გვახვედრებენ.
შიში და ბრაზი მიპყრობს იმის წარმოდგენისას, რამდენი ადამიანი შეიძლება იჯდეს ასე, პოლიციელის ხუშტურის გამო (რამდენიმემ უკვე მომწერა, რომ ზუსტად ამიტომ იჯდა, რომ პოლიციელს ეუხეშა) და რამდენს კიდევ ჩასვამენ, რადგან აქ, ამ ქვეყანაში ყველა ბადეს ამოყოლილი „თევზისთვის“ ერთადერთი გამოსავალი ჩანს: ან გააფორმონ საპროცესო, ან „სამაჯურზე“ იჩალიჩონ, ან შეწყალებაზე. სამართლებრივი გზებით ბრძოლის აზრს ვერავინ ხედავს.
მე კი ვპირდები ამ უსამართლო სპექტაკლის ყველა აქტორს, ყველა ადამიანს, ვინც ყოფილი თუ მომავალი მსხვერპლია, ლაზარეს და დათოს და მთელ საზოგადოებას – „მაინც ამოვთხრი“!
სტუდია მონიტორის ინფორმაციით, 27 წლის მსჯავრდებული ლაზარე აროშვილი მისი დაპატიმრების მოტივაციად შსს-ის მაღალჩინოსანთან, ჯურხა კოშაძესთან უთანხმოებას ასახელებს.
ჯურხა (ჯონი) კოშაძე 2020-2021 წლებში ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის IV სამმართველოს უფროსი იყო. ზემოთ ხსენებული მსჯავრდებულის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს სწორედ კოშაძის განყოფილება იძიებდა.
კოშაძის წინააღმდეგ “ადვოკატთა ასოციაციამ” საჩივარი პირველად 2015 წელს შეიტანა. საქმე მოწმეებზე ზეწოლის მცდელობასა და უფლებამოსილების გადამეტებას ეხებოდა.
კომენტარები