შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმის დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, ვაკის სამმართველოში იკითხებიან შპს გრინსერვის პლუსის დირექტორი, დამფუძნებლები და სხვა თანამშრომლები. ასევე გამოიკითხებიან ის პირებიც, ვინც დასრულებულ ობიექტს ექსპერტიზა ჩაუტარა.
“საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს და გაგრძელდება თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, მათ შორის თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლების გამოკითხვა. ასევე, გამოძიება დეტალურად შეისწავლის საპროექტო სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციას, საექსპერტო დასკვნებსა და მიღება-ჩაბარების აქტებს. გარდა ამისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანთა მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს შემთხვევის დროს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მყოფი არასრულწლოვნების, თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების, პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების გამოკითხვა”. – განაცხადებს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.
გუშინ, 12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა. მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.
მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია. ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაობის ჩათვლით, 33 000 000 ლარს შეადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები