უკრაინამ აზოვსტალის 144 მცველი ტყვეობიდან გაათავისუფლა.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს ინფორმაციას.
“სამხედრო ტყვეთა მორიგი გაცვლა მოხდა, რომლის წყალობითაც 144 უკრაინელი მცველი სახლში დაბრუნდა. ეს არის ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. გათავისუფლებული 144 ადამიანიდან 95 აზოვსტალის მცველია. მათ შორის, 43 აზოვის პოლკის სამხედრო პირია”. – წერია განცხადებაში.
უკრაინამ ჯამში ეროვნული გვარდიის 59 ჯარისკაცი, საზღვაო ძალების 30 პირი, უკრაინის შეიარაღებული ძალების 28 მებრძოლი, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის 17 წევრი გაათავისუფლა.
გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულ უკრაინელთა უმეტესობას მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევათ.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო. ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს.
კომენტარები