შემსუბუქების პარალელურად, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ გამოვიწვიოთ შეზღუდვების შემსუბუქებით ვირუსის ინტენსიური გავრცელება, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
„შრომის ინსპექციის, ჯანდაცვის სამინისტროს, ეპიდემიოლოგების და ბიზნესსექტორის აქტიური მუშაობის შედეგად დადგინდა ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით თითოეული დარგისთვის ტესტირების პროტოკოლები. კერძოდ დადგინდა მოთხოვნები თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობების და პერიოდულ ტესტირებასთან დაკავშირებით. შესაბამისად:
ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები ვალდებულები იქნებიან ორ კვირაში ერთხელ უზრუნველყონ თანამშრომელთა არანაკლებ 20 %-ის ტესტირება.
კვების ობიექტებთან ეს მოთხოვნა არის ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 50 %-ის ტესტირება.
ბუნებრივია, სკოლების გახსნასთან ერთად პარალელურად სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებელთა სისტემურ ტესტირებას ორ კვირაში ერთხელ.
უკვე დღეიდან, ბიზნესს ექნება საშუალება დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში ერთ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს მისი თანამშრომლები.
ეს მიდგომა ჩვენ საშუალებას მოგვცემს ბიზნესმა დაიცვას მისი თანამშრომელი და მომხმარებელი და ზოგადად, ქვეყანას აგვაცილოს ვირუსის უკონტროლო გავრცელება.
ბუნებრივია, სახელმწიფო დაფინანსებით ჩვენ გავაგრძელებთ სიმპტომიანი პაციენტების და სისტემური ჯგუფების მუდმივ ტესტირებას.
ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. დაახლოებით 15 თებერვლისთვის ჩვენ კვლავ შევაფასებთ არსებული შეზღუდვების შემსუბუქებიდან გამომდინარე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და თუ გვექნება სახეზე გაუმჯობესება, კერძოდ, როგორც აჭარაში თუ 7 დღის ვირუსის მაჩვენებელი აღარ იქნება 4 %-ზე მეტი გვექნება საშუალება გავაგრძელოთ შემსუბუქების წერტილოვანი სტრატეგია“
კომენტარები