ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“განსაკუთრებით რთული და ემოციურია სამედიცინო სფეროში ჩადენილი დანაშაული. ადამიანს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ექიმს ღმერთივით უყურებს და ეს ექიმი, რომ გაწირავს, საკუთარი ამბიციების და ანგარების განო, განსაკუთრებით მძიმეა. ეს საქმე ალბათ ბევრს გახსოვთ. ადამიანის უფლებათა ცენტრის 2016 წლის 22 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება კლინიკა „ლანცეტში“ სავარაუდო დანაშულის ჩადენის ფაქტზე.
არასოდეს დამავიწყდება კლინიკა “ლანცეტში “ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედეგად გარდაცვლილი კარლო კეკელიძისა და გიორგი ჩუბინიძის ოჯახის წევრები. განადგურებულები მაცნობდნენ საქმის დეტალებს. სწორედ იმ დღეს ვთქვი, რომ ამ საქმეს რა დროც არ უნდა დასჭირვებოდა ბოლომდე მივყვებოდით.
ამჯერად მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაც ბოლომდე მივიყვანეთ. ჩვენს მიერ დასახელებულ თანხას დაეთანხმნენ მოპასუხეები პაექრობის ეტაპზე, დაზარალებული ოჯახები მიიღებენ მატერიალურ და მორალურ ანაზღაურებას, სამწუხაროდ იმ ზიანს რაც მათ მიადგათ ვერაფერი აანაზღაურებს.”
შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ცენტრი განცხადებას ავრცელებს და წერს:
28 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე საქმეზე, მხარეებს შორის მორიგებით, გადაწყდა, რომ მოპასუხეები – ფარმან ჯეირანლი და კლინიკა „ვივამედი“ მოსარჩელეებს გადაუხდიან 150 000 (ასორმოცდაათი ათას) ლარს, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.
ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლინიკა „ლანცეტში“ (ამჟამად – „ვივამედი“), ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის შედეგად გარდაცვლილი გიორგი ჩუბინიძისა და კარლო კეკელიძის ოჯახის წევრებს.
2021 წელს ცენტრმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
უფრო ადრე, ადამიანის უფლებათა ცენტრის 2016 წლის 22 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება კლინიკა „ლანცეტში“ სავარაუდო დანაშულის ჩადენის ფაქტზე.
სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტის” დირექტორი ფარმან ჯეირანლი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 1 აგვისტოს დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტის (ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტის ნაწილში და სასჯელის სახედ და ზომად მას 6 ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლოს განაჩენამდე, ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადების საფუძველზე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით, კლინიკა „ლანცეტს“ ადამიანის ორგანოთა გადანერგვის ოპერაციები აეკრძალა.
კომენტარები