31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძე პარლამენტს კომისიის დასკვნას აცნობს.
გივი მიქანაძე:
„გადათვლის შედეგად მიღებული შედეგები შევადარეთ იმ შედეგებს, რომელიც ცესკო-ს მიერ ატვირთული იყო საბოლოო შემაჯამებელი ოქმების სახით. მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რაც კომისიამ დაადგინა. განსხვავებები იყო იმდენად მიზერული, რომ არანაირი გავლენა არ შეიძლება მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.
გასული ორთვე-ნახევრის განმავლობაში, საგამოძიებო კომისიის მიერ ჩატარდა 16 სამუშაო შეხვედრა. კომისიამ სხვადასხვა უწყებას მიმართა 22 წერილით და მათგან მიიღო შესაბამისი პასუხები. თავიდანვე განისაზღვრა კონკრეტული მეთოდოლოგია, რომლითაც უნდა განხორციელებულიყო საგამოძიებო კომისიის საქმიანობა. ამ კუთხით, საგამოძიებო კომისიამ მაქსიმალური აქცენტი გაამახვილა ყველაზე პრობლემურ უბნებზე. ანუ უბნებზე, სადაც დაფიქსირდა ყველაზე დიდი დისბალანსი ნაკლებობით და მეტობით. ყველა პროცესი, რომელიც წარიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ, იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ყველა უბნის შერჩევა, სადაც განხორციელდა გადათვლის პროცესი, მოხდა საჯაროდ, მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა წარმოადგინა ბრალდებები, რომ არჩევნების შედეგები არ შეესაბამებოდა კონკრეტული ნების გამოხატულებას.
მმართველი პარტიის მიერ მყისიერად გამოითქვა პოზიცია და ოპოზიციას შესთავაზეს ასობით საარჩევნო უბნის გადათვლა, საარჩევნო უბნებში არსებული ჩანაწერების ამოღება და მათი გაშიფვრა, სატელევიზიო ტელედებატები, საპარლამენტო ფორმატში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სიღრმისეულად შეისწავლიდა და გამოიკვლევდა ყველა იმ საკითხს, რომელსაც შესაძლოა, გავლენა ჰქონოდა არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
მმართველმა გუნდმა საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, რათა არჩევნებთან დაკავშირებით არ დარჩენილიყო კითხვის ნიშანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე დაინიცირდა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.
ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, ყველა შეთავაზება, მათ შორის, საარჩევნო კომისიის შექმნისა და მასში მონაწილეობის თაობაზე, არ გაიზიარა.
მათი მხრიდან მთავარ პრობლემად წარმოჩნდა შესწორების ოქმების შედგენის დიდი რაოდენობა, რომელიც ფიქსირდებოდა კონკრეტული საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმებთან მიმართებაში. დროებით კომისიასთან გასაუბრების შემდეგ, ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ აღნიშნული შესწორებები განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით“
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ განსაკუთრებით გამოყო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგები და მათი გავლენა იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის ფონზე წარიმართა და თქვა: “პარალელური დათვლის შედეგებმა დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ სანდოობასთან დაკავშირებით.”
გივი მიქანაძე:
„საგამოძიებო კომისიამ სხვადასხვა მიმართულებით მოიპოვა საკმაოდ მნიშნელოვანი ინფორმაციები და პარალელურად მოხდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების შესწავლა, რომელთა საჩივრებზე დაყრდნობითაც შეირჩა გადასათვლელი უბნები. წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებულ გარკვეულ გარემოებებზე, რომლებიც ეხებოდა შესაძლო მოსყიდვის ფაქტებს, შესაძლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, შესაძლო ზეწოლას, მუქარას და სხვა მიმდინარე ფაქტებს, ეს ყველაფერი წარმოდგენილია სავარაუდოდ, ეჭვის დონეზე. ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაადასტურეს, როდესაც ისინი ჩვენ მოვიწვიეთ კომისიაზე და მათგან ახსნა-განმარტებები მივიღეთ. მათ განაცხადეს, რომ მტკიცებით რეჟიმში არ შეუძლიათ მსჯელობა და ეს არის მათი ეჭვი, ვარაუდი, რომ შესაძლოა, ამ მიმართულებით გარკვეული დარღვევები მომხდარიყო.
წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, ძალოვანი სტრუქტურების მიერ 180 შემთხვევაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეაგირება იმ ქმედებებზე, რომლებშიც შესაძლოა, ყოფილიყო დანაშაულის შემცველი ნიშნები, სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან იყო მყისიერი. 61 შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა შინაგან საქმეთა სამინისტროს და 119 შემთხვევაში პროკურატურის მიერ“
კომენტარები